გადაწყვეტილება №19892/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19892/2/2023
10 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 6.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19892/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით;
2. სალაროს ნაშთისა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის დაქირავებული პირის სარგებლად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2015 წლის №005-202 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10724 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 164 371 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 20 701 (გადასახადი - 12 089, ჯარიმა - 7 058, საურავი - 1 554).
მოგების გადასახადი - (- 18 810) (გადასახადი - (- 26 685), ჯარიმა - 7 545, საურავი - 329).
საშემოსავლო გადასახადი - 64 955 ლარი (გადასახადი - 39 984, ჯარიმა - 20 745, საურავი - 4 226).
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი - 112 083 ლარი (გადასახადი - 65 838. ჯარიმა - 32 919, საურავი - 13 326).
ქონების გადასახადი - (- 7 197) (გადასახადი - (- 8 229), ჯარიმა - 956, საურავი - 75).
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - (- 7 361)
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა ძირითადი საშუალებების, არასაცხოვრებელი ფართების იჯარა. სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 31.08.2015 წლის აქტით, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2015 წლის №005-202 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.12.2015 წლის №48901 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სალაროში არსებული ფულადი ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება და სარგებლის განსაზღვრის შესაბამისობა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №1817 სიტუაციურ სახელმძღვანელოსთან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 18.12.2015 წლის №48901 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 4.05.2016 წლის №11823/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის კორექტირების ნაწილში დარჩა განუხილველი. დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელმა საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2015 წლის №005-202 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა, შემოსავლების სამსახურის 18.12.2015 წლის №48901 ბრძანების ბათილად ცნობა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.05.2016 წლის გადაწყვეტილების (საჩივარი №11823/2/16) ბათილად ცნობა.
თბილისი საქალაქო სასამართლოს 27.02.2017 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.11.2018 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2017 წლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება:
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.05.2016 წლის გადაწყვეტილება, სალაროს ნაშთისა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის დაქირავებული პირის სარგებლად განხილვის შესახებ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში და დაევალა დავების განხილვის საბჭოს, ამ ნაწილში გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში;
სარჩელი, აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2015 წლის №005-202 საგადასახადო მოთხოვნის, 3.09.2015 წლის №33258 ბრძანების და შემოსავლების სამსახურის 18.12.2015 წლის №48901 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ განიხილა სასამართლოს მიერ ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი. საბჭოს 27.10.2022 წლის №17972/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.12.2015 წლის №48901 ბრძანება. საჩივარი, სადავო საკითხის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10724 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის მიერ საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი მომწოდებლებიდან შეძენილ მატერიალურ ფასეულობებზე და მომსახურეობაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლები საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა შემოსავლებში დასაბეგრი და დაუბეგრავი ბრუნვების ხვედრითი წონის პროპორციულად. საზოგადოებას დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს. საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში მომჩივნის მიერ 5.01.2016 წელს წარმოდგენილი იქნა საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2015 წლის №005-202 საგადასახადო მოთხოვნასა და შემოსავლების სამსახურის 18.12.2015 წლის №48901 ბრძანებაზე. სადავო საკითხიდან ერთ-ერთი მითითებული იყო დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით. აღნიშნულ ნაწილში საბჭოს 4.05.2016 წლის №11823/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2015 წლის №005-202 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა, შემოსავლების სამსახურის 18.12.2015 წლის №48901 ბრძანების ბათილად ცნობა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.05.2016 წლის გადაწყვეტილების (საჩივარი №11823/2/16) ბათილად ცნობა.
№3ბ/1535-17 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.11.2018 წლის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.05.2016 წლის გადაწყვეტილება, სალაროს ნაშთისა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის დაქირავებული პირის სარგებლად განხილვის შესახებ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში და დაევალა დავების განხილვის საბჭოს, ამ ნაწილში გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი საბჭოს ხელახლა განსახილველად არ დაბრუნებია, ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. სალაროს ნაშთისა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის დაქირავებული პირის სარგებლად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმო სალაროში აფიქსირებს დიდი ოდენობით ფულად სახსრებს, რომელზედაც არსებობს შესაბამისი ბუღალტრული გატარებები. ამავე დროს აღნიშნულ პერიოდში კერძო კომერციული ბანკიდან ხდება სესხის აღება, ასევე ფიქსირდება საბანკო ანგარიშებიდან სალაროში თანხების შემოტანა. თვეების მიხედვით გაანგარიშებულ უძრავ ნაშთსა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის თანხა განხილულია დაქირავებული პირის მიერ საწარმოსაგან მიღებულ სარგებლად (ხელფასის სახით განაცემად), რაც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ შემოსავლების სამსახურის 18.12.2015 წლის №48901 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 27.01.2016 წლის დასკვნის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტმა დეტალურად გაიარა სალაროში არსებული ფულადი ნაშთის ოდენობა და მისი საჭიროების საკითხი და მიიჩნია, რომ აღნიშნულ საკითხში განხორციელებული დარიცხვა უნდა გაუქმდეს შპს „---ის“ შემთხვევაში, ხოლო შპს „---ის“ შემთხვევაში (შეერწყა შპს „---ს“ 22.12.2014 წელს) განხორციელებული დარიცხვა არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მიუთითა როგორც გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.11.2018 წლის გადაწყვეტილებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.11.2018 წლის №3ბ/1535-17 გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, ოპერაციის შინაარსის შეცვლის საფუძველი გახდა სალაროში ნაშთის არსებობის პარალელურად სესხის აღების ფაქტი. სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კანონმდებლობა სალაროში არსებული თანხების ოდენობას არ განსაზღვრავს და გადამხდელს ვერ შეეზღუდება სესხის გატანის უფლება. აღნიშნულის განხორციელება მხოლოდ მის გადაწყვეტილებას წარმოადგენს, გადასახადის გადამხდელს, კანონმდებლობით არ ეკრძალება სესხის აღება იმ პირობებში, როდესაც მას გააჩნია ფულადი ნაშთი სალაროში. თუმცა პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც საწარმოს აქვს უძრავი ნაშთი და მაინც ხდება სესხის აღება, აღებული სესხის მიზნობრიობის დადგენასთან და სალაროს სამეურნეო დანიშნულებისათვის საჭირო თანხების მოძრაობასთან მიმართებაში, სწორედ მოსარჩელეა ის პირი, რომელიც ვალდებულია და რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, დაადასტუროს უძრავი ნაშთის არსებობა და მიუთითოს სესხის მიზნობრიობაზე.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენება საგადასახადო ორგანოს მხრიდან საჭიროებს სათანადო მტკიცებულებებისა და დასაბუთების მაღალ სტანდარტს, ვინაიდან ამ მუხლის გამოყენების შედეგად, არსებობს ალბათობა, გადასახადის გადამხდელის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებული ოპერაციები შედეგობრივად შეფასდეს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებულად. ამდენად, შეფასება არ უნდა ემყარებოდეს მხოლოდ შემმოწმებელთა მოსაზრებას, იმ კონკრეტულ ნორმაზე მითითების გარეშე, რომელიც სავარაუდოდ დარღვეულია. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სალაროს ნაშთის არსებობის პირობებში აღებულია სესხი, არ უნდა იქნეს საკმარისად მიჩნეული, იმისთვის, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული ოპერაციები შეფასდეს კანონსაწინააღმდეგოდ და მის მიმართ წარმოიშვას საგადასახადო ვალდებულება, ვინაიდან აღნიშნული სახის ოპერაციები ეფუძნება ცალკეული კომპანიის ეკონომიკურ გათვლას, მათ რისკს, ამასთანავე, ამ ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა კანონი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.10.2022 წლის №17972/2/2022 გადაწყვეტილების მიხედვით, დამატებით შეისწავლოს სალაროს ნაშთისა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის დაქირავებული პირის სარგებლად განხილვის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს გააჩნია საკმაოდ მაღალი თანხის ბრუნვა სალაროში, შესაბამისად სალაროში მუდმივად არსებობს გარკვეული მოცულობის ნაღდი ფული. მისი არც მაქსიმალური და არც მინიმალური ოდენობა საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული და შეზღუდული. გაუგებარია შემოწმების აქტში გამოყენებული ტერმინი „სალაროს გონივრული ფულადი ნაშთი“, ასევე არ არის ცნობილი ამ მიდგომის შემოღების იურიდიული საფუძველი. ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების საფუძველზე, ამ საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა მოსახსნელია სრულად ყველა გადასახადის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმის გარემოებებით დგინდება, რომ №3ბ/1535-17 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.11.2018 წლის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.05.2016 წლის გადაწყვეტილება, სალაროს ნაშთისა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის დაქირავებული პირის სარგებლად განხილვის შესახებ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში და დაევალა დავების განხილვის საბჭოს, ამ ნაწილში გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ განიხილა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული საჩივარი. საბჭოს 27.10.2022 წლის №17972/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.12.2015 წლის №48901 ბრძანება. საჩივარი, სადავო საკითხის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10724 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.10.2022 წლის №17972/2/2022 გადაწყვეტილების მიხედვით, დამატებით შეისწავლოს სალაროს ნაშთისა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის დაქირავებული პირის სარგებლად განხილვის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10724 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში (დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება) დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით;
2. სალაროს ნაშთისა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის დაქირავებული პირის სარგებლად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ განიხილა სასამართლოს მიერ ხელახლა განსახილველად დაბრუნებული გადამხდელის საჩივარი. საბჭოს 27.10.2022 წლის №17972/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.12.2015 წლის №48901 ბრძანება. საჩივარი, სადავო საკითხის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10724 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
პირველი სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.
მეორე სადავო საკითხის ნაწილში, შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10724 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ი); 101; 154.