გადაწყვეტილება №22546/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22546/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 12.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22546/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. სესხზე გადახდილი თანხის ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №005-231 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5194 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 248 328 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 144 070
დღგ - 49 450
საშემოსავლო გადასახადი - 94 620
ჯარიმა - 62 588
საურავი - 41 670
პროცედურული გარემოებები
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 5 აგვისტოს. საწარმოს საქმიანობაა საპარიკმახეროების და სილამაზის სალონების მომსახურება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ოქტომბრის №26517 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №33059 ბრძანება და №005-231 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 248 328 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 5 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 11 მარტის №5194 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც არ არის სრულყოფილი, ბუღალტრულ პროგრამაში სრულად არ არის აღრიცხული მომსახურებასთან დაკავშირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სახეობრივ/რაოდენობრივ ჭრილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებებისა და დოკუმენტურად მიღებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით. შემოწმების შედეგად, გამოვლენილი გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1601 და 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში (სალარო აპარატის ბრუნვების ხვედრითი წილის გათვალისწინებით). შედეგად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი.
ამასთან, მომჩივანი არ ყოფილა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2020 წლის 4 დეკემბერს. შესაბამისად, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის გათვალისწინებით, კომპანიას დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შედეგად, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა სრულყოფილად, კერძოდ, ბუღალტრულ პროგრამაში სრულად არ არის აღრიცხული მომსახურებასთან დაკავშირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სახეობრივ/რაოდენობრივ ჭრილში, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, განმარტავს, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია.
გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ერთი ლიტრი შამპუნით ხდება 75 მომხმარებლის მომსახურება, მაგრამ ხშირად შამპუნი არის თხელი და უხარისხო, ამიტომ პრაქტიკაში ერთი ლიტრი შამპუნით ემსახურებიან 28 მომხმარებელს. შემოწმების მიერ მოხდა წარდგენილი ახსნა-განმარტების გათვალისწინება. ასევე, გადამხდელის არგუმენტი, რომ მომხმარებელს სალონური მომსახურებისთვის სჭირდება თავის დაბანა მინიმუმ 2-ჯერ, საფუძველს მოკლებულია, რადგან აღნიშნულ გადამხდელთან მომსახურება, რომელიც 2-ჯერ საჭიროებს თავის დაბანას, შემოწმების მიერ არ იქნა გამოვლენილი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას გააჩნია სამი ობიექტი. საწარმოს სულ შეძენილი აქვს 60 000 ლარამდე ღირებულების პროდუქცია. აქედან მიღებული შამპუნების ღირებულება განისაზღვრა 5 122 ლარით. შემოწმებამ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი და გახარჯული შამპუნების მიხედვით დაითვალა მიღებული შემოსავალი. 1 ლიტრი შამპუნი გახარჯა 28 მომხმარებელზე და თითოეული მომხმარებლიდან მომსახურების თანხა თმის შეჭრაზე განსაზღვრა 13 ლარის ოდენობით და შესაბამისად დაითვალა შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების შამპუნი და მომხმარებელს სრულფასოვანი მომსახურებისთვის სჭირდება მინიმუმ 2-ჯერ თავის დაბანა (თმის სიგრძიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე) და ნაცვლად 28 მომხმარებლისა, 1 ლიტრი შამპუნის რაოდენობა გაიხარჯება 14-15 ადამიანზე. აგრეთვე, შესამოწმებელი პერიოდი ემთხვევა პანდემიის პერიოდს, როდესაც ყველაზე ნაკლებად იყო მომხმარებელთა რაოდენობა და ძირითადად სალონი ამ პერიოდში მუშაობდა „პრაქტიკანტების“ ჩართულობით. მომსახურებაც 2020-2021 წლებში განისაზღვრებოდა ნაცვლად 13 ლარისა 5 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს რეალიზაციის დათვლა მოხდეს მომჩივნის მიერ წარდგენილი მონაცემების მიხედვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2024 წლის №31154-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა არ არის სრულყოფილი. ბუღალტრულ პროგრამაში სრულად არ არის აღრიცხული მომსახურებასთან დაკავშირებული სახეობრივ/რაოდენობრივი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა მომჩივნის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებებით და დოკუმენტურად მიღებული პროდუქციის რაოდენობით. შემოწმებით დადგენილი გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში (სალარო აპარატის ბრუნვების ხვედრითი წილის შეპირისპირებით). ამასთან, კომპანია არ ყოფილა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2020 წლის 4 დეკემბერს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნულ თარიღში წარმოიშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შემოწმების პროცესში მომჩივნის მიერ წარდგენილია ახსნა-განმარტება, რომელშიც მითითებული აქვს, რომ 1 ლიტრი შამპუნით ხდება 75 მომხმარებლის მიღება, მაგრამ ვინაიდან ხშირად შამპუნი არის თხელი და უხარისხო, პრაქტიკაში 1 ლიტრი შამპუნით ემსახურებიან 28 მომხმარებელს. შემოწმების მიერ მოხდა წარდგენილი ახსნა-განმარტების გათვალისწინება და მათ მიერ მიღებული შემოსავალი განისაზღვრა გახარჯული შამპუნის რაოდენობის მიხედვით, 1 ლიტრზე 28 მომხმარებლის რაოდენობით. გადასახადის გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, რომ მომხმარებელს სალონური მომსახურებისთვის სჭირდება მინიმუმ 2-ჯერ თავის დაბანა. მომჩივნის ეს მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია, რადგან პრაქტიკულად ისეთი მომსახურება, რომელიც თავის დაბანას 2-ჯერ საჭიროებს, შემოწმების მიერ აღნიშნულ გადასახადის გადამხდელთან არ იქნა გამოვლენილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სესხზე გადახდილი თანხის ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის და შესაბამისი პროცენტის დაფარვა. მომჩივნის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების და ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული სესხი, ბანკიდან აღებულია შპს „-------“ სახელით და გამოყენებულ იქნა ქონების შესაძენად, რომელიც რეგისტრირებულია კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმების მიერ, სესხზე გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორებზე (დამფუძნებლებზე) გაცემულ ხელფასად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და მიაჩნევს, რომ შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სესხი გამოტანილ იქნა ბანკიდან კომპანიის სახელით და შეძენილ იქნა ქონება, რომელიც შემდგომ გადაფორმებული იქნა საწარმოს დამფუძნებელ პირებზე. აღნიშნული ოპერაცია შინაარსობრივად არის სესხი, რადგან ორივე დამფუძნებელს შეაქვს კომპანიის ანგარიშზე სესხის თანხა და საწარმოს ანგარიშიდან ხდება ბანკის თანხის დაფარვა. მომჩივანი ითხოვს აღნიშნული ოპერაცია განხილულ იქნას როგორც სესხი და არა დირექტორებზე გაცემული ხელფასი.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება ყოველთვიური სესხის ძირი თანხის და შესაბამისი პროცენტის დაფარვა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების და ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული სესხი ბანკიდან აღებულია საწარმოს სახელით და გამოყენებულ იქნა იმ ქონების შესაძენად, რომელიც რეგისტრირებულია კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში სესხზე გადახდილი თანხა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. სესხზე გადახდილი თანხის ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა არ არის სრულყოფილი, ბუღალტრულ პროგრამაში სრულად არ არის აღრიცხული მომსახურებასთან დაკავშირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სახეობრივ/რაოდენობრივ ჭრილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების შედეგად, გამოვლენილი გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. შედეგად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი.
ამასთან, კომპანიას დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შედეგად, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის და შესაბამისი პროცენტის დაფარვა. მომჩივნის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების და ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული სესხი, ბანკიდან აღებულია შპს სახელით და გამოყენებულ იქნა ქონების შესაძენად, რომელიც რეგისტრირებულია კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმების მიერ, სესხზე გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორებზე (დამფუძნებლებზე) გაცემულ ხელფასად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 282; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 157; 160; 161