ბრძანება N 6421

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.04.2025
№ დოკუმენტი 6421
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6421

04 აპრილი 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2025 წლის 15 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 მარტის №24761/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 15 იანვრის №93681/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 დეკემბრის №161-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას პროგრამა „ორისში“. აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული პროგრამის მიხედვით, ჩამოწერები გატარებული იყო ყოველი დღის ბოლოს ჯამურად, პროდუქციის დასახელებების მიხედვით. მომჩივნის განმარტებით, კომპანიას წაეშალა პროგრამის ასლი, თავიდან გაატარა 3 წლის ბუღალტრული გატარებები, საცალო რეალიზაციების დროს კი თითოეული რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერა გატარდა დღის/თვის ჭრილში, რაც საერთო სურათს არ ცვლიდა. მითუმეტეს რომ ძირითადად ერთი დასახელების პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა. გარდა ამისა, კომპანიამ აუდიტორებს შესთავაზა, რომ თუ საჭირო იქნებოდა შეძლებდა თითოეული რეალიზებული ოპერაციის ჩამოწერის გატარების ჩაშლას თითოეული რეალიზაციის ჭრილში. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თუ აუდიტის დეპარტამენტი მაინც გამოიყენებდა არაპირდაპირ მეთოდს, მას უნდა გაევრცელებინა დოკუმენტური ფასნამატი, ვინაიდან კომპანიის დოკუმენტური გაყიდვები შესამოწმებელი პერიოდისთვის არსებითია (7%-ზე მეტი). ამასთან, 2023 წლის სექტემბრის თვეში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, სადაც არ გამოვლინდა სამართალდარღვევა, ხოლო აღნიშნული საცალო შესყიდვის დრო დაფიქსირებული ფასები ედრებოდა ამავე პერიოდში დოკუმენტური რეალიზაციის დროს დაფიქსირებულ ფასებს. ფასნამატის მერყეობასთან დაკავშირებით, გადამხდელი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო პროდუქციის სპეციფიკურობიდან (მალფუჭებადი, სეზონური) გამომდინარე. რაც შეეხება შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას, გადამხდელი განმარტავს, რომ არ არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 აპრილის №7535 და 19 ივნისის №14313 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 3 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები, ხოლო სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2024 წლის 5 აპრილის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 20 დეკემბრის №26780 ბრძანება და ამავე თარიღის №161–12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 279 907 ლარი, მათ შორის გადასახადი 164 291 ლარი, ჯარიმა 83 824 ლარი და საურავი 31 792 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 30 იანვრის №916 ბრძანებით შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 14 მარტის №24761/2/2025 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 იანვრის №916 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 მარტის №24761/2/2025 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

საწარმოს საქმიანობაა ძირითადად იმპორტირებული ხახვის საცალო და საბითუმო რეალიზაცია. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 899 228 ლარს. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილმა პირმა წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორის", ასევე, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები. წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 16%-ს, ბუღალტრულ ჩანაწერებში საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდებოდა დღის/თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის შესაბამისად, თვეების მიხედვით საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და მერყეობდა 2%-42%-ის ფარგლებში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლის თვითღირებულება კი არაარსებითი, შემოსავლის გაანგარიშება საცალო რეალიზაციის ნაწილში საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ: საცალოდ (დოკუმენტების გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (მხოლოდ ხახვის რეალიზაციის ნაწილში) გავრცელდა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატი 64%. შესაბამისად, გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 355 004 ლარით (დღგ-ის გარეშე), რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე დამატებით დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე, შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი 418 904 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე, 291- ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს უფლებამოსილმა პირმა წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი", ასევე, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები. წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 16%-ს, ბუღალტრულ ჩანაწერებში საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდებოდა დღის/თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის შესაბამისად, თვეების მიხედვით, საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და მერყეობდა 2%-42%-ის ფარგლებში. ამასთან, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლის თვითღირებულება იყო არაარსებითი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საცალო რეალიზაციის ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლის გაანგარიშება მართლზომიერია. ამასთან, საცალოდ რეალიზებულ ხახვის თვითღირებულებაზე ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება (64%), რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი შემოსავალი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ძირითადად იმპორტირებული ხახვის საცალო და საბითუმო რეალიზაცია. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 899 228 ლარს. რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 16%-ს, ბუღალტრულ ჩანაწერებში საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდებოდა დღის/თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის შესაბამისად, თვეების მიხედვით საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და მერყეობდა 2%-42%-ის ფარგლებში.შემოსავლის გაანგარიშება საცალო რეალიზაციის ნაწილში საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე განხორციელდა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატი 64%. შესაბამისად, გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა,რაც სსკ-ის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე დამატებით დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, საწარმოს დაერიცხა ჯარიმა. ასევე, შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,163,164.