გადაწყვეტილება №26340/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26340/2/2025
16 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
აქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 16.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26340/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის №----- საგადასახადო მოთხოვნა;
2. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 დეკემბრის №26598 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 314 960 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 1 000 (საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლი)
საურავი - 313 960
ფაქტების აღწერა
2025 წლის 23 ოქტომბერს მომჩივანმა ელექტრონული განცხადებით (ID:-----) მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა ---- ტიპის ძრავიანი სამგზავრო გემის (------) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირება.
აღნიშნული განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტების, მათ შორის, სსიპ – ----- №----- (15.08.2025) წერილის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული საზღვაო ტრანსპორტის ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2024 წლის 20 აპრილს და დეკლარირების ვადად განესაზღვრა არაუგვიანეს 2024 წლის 20 მაისი.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა საქონლის დეკლარირება, 2025 წლის 23 ოქტომბერს შედგა №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
ასევე, გამოიცა №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა საურავი – 313 960 ლარი.
---- ტიპის ძრავიანი სამგზავრო გემი (-----) 2025 წლის 23 ოქტომბერს მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (საქონლის საბაჟო დეკლარაცია №------).
საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და №---- საგადასახდო მოთხოვნა 2025 წლის 13 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.12.2025 წლის №26598 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-11 ნაწილებზე, 165-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 270–ე მუხლზე, 272–ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
მომჩივნის მოთხოვნაზე, სადავო აქტებით დაკისრებული თანხის პატიებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილსა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სადავო აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მიერ საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა საბორნე გადაზიდვებისათვის განკუთვნილი გემის „----” (-----) შეძენა და მისი შემოყვანა საქართველოში 2024 წლის აპრილის თვეში, ხოლო შემდეგ მოხდა ამ გემის საზღვაო რეგისტრში გატარება და საქართველოს დროშის აღება, რის შემდეგაც დაიწყეს ოპერირება, თუმცა აღნიშნული ბორანი დაზიანდა, რის გამოც იგი 6 თვეზე მეტი ხნის მანძილზე იყო თურქეთში დოკზე აყვანილი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად.
აღნიშნული ბორანის შეძენა განხორციელდა დიდი ოდენობის სესხით. ბორანის მეშვეობით ხდებოდა საზღვაო გადაზიდვების განხორციელება -----საზღვაო ნავსადგურიდან ----- პორტ ----- და პირიქით, ----- ------ ნავსადგურის მიმართულებით, შესაბამისად მიღებული შემოსავლები აისახება მისი კომპანიის შემოსავლებში, ხოლო სათანადო საბიუჯეტო გადასახადების გადახდა ასევე სრულად საქართველოს ბიუჯეტში ხორციელდება.
სამწუხაროდ, მომჩივნისთვის უცნობი იყო ის გარემოება, რომ უნდა მოეხდინა აღნიშნული საზღვაო მცურავი საშუალების იმპორტის რეჟიმში მოქცევა, მისი განბაჟება და შესაბამისი იმპორტის დღგ-ს სათანადო ნესით დეკლარირება, ვინაიდან ასეთი სახის საზღვაო მცურავი საშუალების (ბორანი) ქართული კომპანიის მხრიდან შეძენის ფაქტს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მომჩივნისთვის უცნობი იყო ის ფაქტი, რომ ბორანის საქართველოში შემოყვანის, მისი საზღვაო რეგისტრში გატარებისა და ქართული დროშის აღების შემდეგ უნდა მომხდარიყო ამ გემის განბაჟების პროცედურებში მოქცევა და მის ანგარიშში, შესაბამისი იმპორტის დღგ-ის დადეკლარირება, რის გამოც ამ გემის განბაჟების პროცედურების დადგენილ ვადაში დარღვევისათვის დაერიცხა საურავი, ასევე მათზე გავრცელებული იქნა 1000 ლარიანი ჯარიმა. უფრო მეტიც, უფრო გვიან შემოყვანილი ბორანის ნაწილში არსებული საგადასახადო დავის გათვალისწინებით, მათ 2025 წლის ივნისიდან მოყოლებული არაერთხელ მიმართეს ----- საბაჟოს, რათა ამ კონკრეტული გემის განბაჟების საბაჟო დეკლარაციის გაფორმება მაინც მომხდარიყო მისი რეალური სავადოთი და არა დეკლარაციის ფიზიკურად დაბეჭდვის თარიღით, რაზეც უარი ეთქვა, რის გამოც იძულებული გახდნენ 2025 წლის ოქტომბერში მიემართა ------საბაჟოსთვის, რათა ამ ბორანის განბაჟებაც წინა ბორანის განბაჟების პროცედურების ანალოგიურად მომხდარიყო, ანუ არა რეალური სავადო რიცხვით, არამედ დეკლარაციის დაბეჭდვის თარიღით.
ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო და დადგენილი წესით იმპორტით განბაჟების პროცედურების ჩატარების პირობებში ამ კონკრეტულ ოპერაციაზე იმპორტის დღგ-ს გადახდის ვადად განსაზღვრულია 45 დღიანი ვადა, რაც თავის მხრივ შესაბამისი თვის დღგ-ს დეკლარაციაში ასახვის გზით ჯერ წინსწრებით იძლევა იმპორტის დღგ-ის ჩათვლის უფლებას, ხოლო 45 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ კომპანიის ბარათზე მოხდებოდა შესაბამისი იმპორტის დღგ-ის თანხის დარიცხვა, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მის კომპანიას მისცემდა დამატებითი ფულადი სახსრების გადახდის გარეშე მოეხდინა განბაჟების პროცედურების გავლა და ჩატარება. ანუ სახეზეა, ის გარემოება, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია განბაჟების პროცედურებისაგან შეგნებულად თავის არიდებას, ვინაიდან მისი სრულყოფილად და დროულად ჩატარების პირობებში ამ გემის განბაჟების ანგარიშში დამატებით გადასახდელი თანხა არ ექნებოდა (თითქმის ერთი და იგივე სავადოთი მოხდებოდა როგორც იმპორტის დღგ-ს ჩათვლა და ასევე მისი დარიცხვაც).
აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ბორან „-----“-ს დაზიანების გამო 2025 წლის იანვრის ბოლოს ოპერირებისათვის შემოყვანილი იქნა მეორე ბორანი „-----“, რომელიც პირველი ბორანის ანალოგიურად არ ყოფილა განბაჟებული და რომლის დაგვიანებით განბაჟებისთვის ასევე დაერიცხა საურავი, ხოლო განბაჟების პროცედურების ჩატარება და საურავის დარიცხვა მოხდა 2025 წლის ივნისის თვეში. ამასთან, საბაჟო ორგანოსათვის ცნობილი იყო ის ფაქტიც, რომ 2025 წლის იანვრის ბოლოს მომჩივნის მიერ შემოყვანილი ბორან „-------“-ს პარალელურად, მანამდე 2024 წლის აპრილის თვეში იქნა შემოყვანილი ბორანი „------“-ც. ანუ საბაჟო ორგანომ არათუ 2024 წლის აპრილის თვეში, არამედ მინიმუმ 2025 წლის ივნისის თვეში უკვე იცოდა, რომ იმპორტის რეჟიმში მოსაქცევი იყო მანამდე შემოყვანილი ბორანი „-------“-ც.
საბაჟო დეპარტამენტთან არაერთი შეხვედრის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ამ გემი იმპორტის პროცედურების განხორციელება საბაჟო დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის აწ ძველი სავადო თარიღით დაბეჭდილი დეკლარაციის საფუძველზე, რაც კომპანიას საშუალებას მისცემდა იმპორტის დღგის ჩათვლა მოეხდინა შესაბამისი სავადოთი, ანუ 2024 წლის აპრილის თვის დღგ-ს დაზუსტებული დეკლარაციით მომხდარიყო ამ იმპორტის დღგ-ს ჩათვლა 2024 წლის 15 მაისის მდგომარეობით, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა იმპორტის დღგ-ს ანგარიშში რაიმე საურავის დარიცხვას. ვინაიდან, ჯერ მოხდებოდა ჩათვლა, ხოლო საურავის დარიცხვა კი არ მოხდებოდა, იმ მარტივი მიზეზით, რომ იმპორტის დღგ-ის დარიცხვა ბარათზე მოხდებოდა გაცილებით გვიან, 2024 წლის 4 ივნისს. ანუ ეს ფაქტობრივი გარემოებაც ნათლად მიუთითებს, რომ საბაჟო ორგანოს მხრიდან სათანადო საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის პირობებში მასზე საურავის დარიცხვა არ მოხდებოდა. თუმცა სამწუხაროდ, საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ 2025 წლის ოქტომბრის თარიღით შეევსო საბაჟო დეკლარაცია და ისე მომხდარიყო ამ ბორანის განბაჟება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ამ ოდენობის საურავის დარიცხვა. ამასთან, ასეთი სახით იმპორტის განხორციელების გამო №------ საბაჟო შეტყობინებით თანხის გადახდის სავადოდ მითითებულია 2025 წლის 7 დეკემბერი, ჩათვლის პერიოდი 2025 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ს დეკლარაციის წარდგენის გზით 2025 წლის 15 ნოემბერი, მაშინ როდესაც რეალურად ამ იმპორტის დღგ-ს ჩათვლის პერიოდი იყო 2024 წლის აპრილის თვის დღგ-ს დეკლარაციის წარდგენის სავადო 2025 წლის 15 მაისი, ხოლო თანხის გადახდის სავადო იყო 2024 წლის 4 ივნისი.
იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ბორანის იმპორტის დღგ-ის გადახდის ვადად 45 დღის ნაცვლად, უფრო ნაკლები დრო იქნებოდა, მაშინაც კი იმპორტის დეკლარაციის თავისი სავადოთი გაფორმების პირობებში ჩვენ ჩათვლას მოახდენდა მაქსიმუმ 25 დღის ვადაში, აწ 2024 წლის 15 მაისს და შესაბამისად, საურავიც დაერიცხებოდა მაქსიმუმ 25 დღის მანძილზე და არა მთელი 18 თვის პერიოდზე, აწუ 548 დღეზე. შესაბამისად, საურავის ოდენობაც იქნებოდა არა 313 960 ლარი, არამედ გაცილებით ნაკლები 25/548*313960=14 322 ლარი, რაც ამ ეტაპზე მოთხოვნილი საურავის მხოლოდ 4,6%-ია, თუმცა ეს ფაქტობრივი გარემოება შემოსავლების სამსახურს დავის განხილვისას და თავის ბრძანების დაშვებისას გამორჩა, მიუხედავად იმისა, რომ დავისას შემოსავლების სამსახურს მათ ეს არგუმენტაციაც წაუყენეს.
უფრო მეტიც, მის მიერ 2025 წლის იანვარში შემოყვანილი ბორანი „-------“-ს იმპორტის პროცედურებიც საბაჟო ორგანომ ამავე წესით განახორციელა, რის გამოც ასევე დაერიცხა საურავი და გამოცემული იქნა ამ დეპარტამენტის 2025 წლის 13 ივნისის #------- საგადასახადო მოთხოვნა იმპორტის დღგ-ზე დარიცხული საურავის სახით, რომელიც მის მიერ დადგენილი წესით იქნა გასაჩივრებული ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. აღნიშნულ საჩივარზე დაშვებული იქნა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ნოემბრის №25787/2/2025 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც კომპანია გათავისუფლდა დარიცხული საურავისგან, ამასთან ამავე გადაწყვეტილების მე-4 გვერდზე დავების საბჭო პირდაპირ უთითებს, რომ საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან საგადასახადო ვალდებულების თავისი სავადოთი დარიცხვისა და შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, საქონლის იმპორტთან დაკავშირებული ჩათვლის მიღების პირობებში, საურავის დარიცხვის საფუძველი არ იარსებებდა, რაც ამ კუთხით საბაჟო ორგანოსთვის ამ კონკრეტული ბორანის განბაჟებისათვის მოთხოვნილი და არ შესრულებული პროცედურის იდენტურია.
აქვე დამატებით გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შემოსავლების სამსახურმა დავის განხილვისას, ასევე საერთოდ მხედველობაში არ მიიღო ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ამ გადაწყვეტილებაში არსებული შესაბამისი ჩანაწერიც.
ასევე ითხოვს იმ გარემოების გათვალისწინებას, რომ საქართველოს მიმართულებით საზღვაო საბორნე გადაზიდვები ხორციელდება როგორც -----, ასევე ------, ----- და ------ და არცერთი ასეთი ბორანის მფლობელი არაა ქართული კომპანია და ყველა ასეთი გადაზიდვიდან მიღებული შემოსავლების უმეტესი ნაწილი მიიმართება ამ ქვეყნების ბიუჯეტში და არა საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტში, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში კი შემოსავლების მიღება, ხელფასების გაცემა, საშემოსავლო, ქონების და ყველა სხვა გადასახადის დარიცხვა და გადახდა ხორციელდება უშუალოდ ქართული კომპანიის მიერ და ისიც მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
გარდა ამისა, აღნიშნული მცურავი საშუალებები შეძენილია აღებული დიდი ოდენობის კრედიტების მეშვეობით, ხოლო ამ ოდენობის საურავების დარიცხვის პირობებში ვერ შეძლებენ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების დროულად და სრულად დაფარვას, ასევე სbვა ვალდებულებების დროულად დაფარვას, რაც საქართველოში შესაბამისი პროფილის მქონე ერთადერთი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას ძალზედ დაამძიმებს.
ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერ გადამხდელს ეპატიოს უცოდინრობის გამო დარიცხული ჯარიმა- საურავის თანხები, თავის მხრივ კვლავ დასძენთ, რომ მის ინტერესებში არანაირად არ შედიოდა საბაჟო პროცედურების დარღვევა და განბაჟების პროცედურების დროულად ჩატარების, ან საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის გზით განხორციელების პირობებში კომპანიას არანაირი დამატებით გადასახდელი ფულადი თანხა, მ/შორის ჯარიმა-საურავების სახით, მითუმეტეს ამ ოდენობით არანაირად არ ექნებოდა, რაც ამ ნაწილში მისი მხრიდან არაშეგნებულად დაშვებული შეცდომის ნათელი გამოვლინებაა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 24.12.2025 წლის №---- წერილით დგინდება, რომ ---- ტიპის ძრავიანი სამგზავრო გემის ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2024 წლის 20 აპრილს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა მისი დეკლარირება. შესაბამისად, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად და საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის დაერიცხა საურავი.
ვინაიდან მომჩივნის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა საქონლის დეკლარირება, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს ქმედება, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივანი ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერ გადამხდელს ეპატიოს უცოდინრობის გამო დარიცხული ჯარიმა-საურავის თანხები, თავის მხრივ დასძენს, რომ მის ინტერესებში არანაირად არ შედიოდა საბაჟო პროცედურების დარღვევა და განბაჟების პროცედურების დროულად ჩატარების, ან საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის გზით განხორციელების პირობებში კომპანიას არანაირი დამატებით გადასახდელი ფულადი თანხა, მ/შორის ჯარიმა-საურავების სახით, მითუმეტეს ამ ოდენობით არანაირად არ ექნებოდა, რაც ამ ნაწილში მისი მხრიდან არაშეგნებულად დაშვებული შეცდომის ნათელი გამოვლინებაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მომჩივანმა 2025 წლის 23 ოქტომბერს განცხადებით (ID:-------) მიმართა საბაჟო ორგანოს ---- ტიპის ძრავიანი სამგზავრო გემის (------) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებისთვის, რაც განახორციელა კიდეც. საბჭო, ასევე მიუთითებს, რომ საგადასახადო ვალდებულების დარიცხვისა და შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, საქონლის იმპორტთან დაკავშირებული დღგ-ის ჩათვლის მიღების პირობებში, საურავის დარიცხვის საფუძველი არ იარსებებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2025 წლის 23 ოქტომბრის №----- საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
2025 წლის 23 ოქტომბერს მომჩივანმა ელექტრონული განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა სამგზავრო გემის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირება. აღნიშნული განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტების, წერილის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული საზღვაო ტრანსპორტის ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2024 წლის 20 აპრილს და დეკლარირების ვადად განესაზღვრა არაუგვიანეს 2024 წლის 20 მაისი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა საქონლის დეკლარირება, 2025 წლის 23 ოქტომბერს შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა. სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. ასევე, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საურავი. სამგზავრო გემი 2025 წლის 23 ოქტომბერს მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავისგან.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 270(1,2);169(7):
საბაჟო კოდექსის 165;