ბრძანება N 16000
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16000
15 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----)
2025 წლის 17 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 52) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 17 ივნისის N 96282/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივნისის N 081-115 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება მიღებული კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირებას და დღგ-ის დარიცხვას. აცხადებს, რომ 2022 წლის 3 ივნისს შპს „-----“ და შპს „-----“ შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით N GLC-----. ხელშეკრულების საფუძველზე შპს „-----“ აიღო ვალდებულება ლიზინგის ობიექტებზე გადახდის შესახებ. ლიზინგის ობიექტების ღირებულება შეადგენდა 2 191 292.48 ლარს, თუმცა ლიზინგის მიმწოდებელ კომპანიასთან არსებული დავის შედეგად, თანხა დაკორექტირდა 727 978.66 ლარზე. დავა ამ დრომდე განიხილება სასამართლოში, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დავა არ იყო დასრულებული, გადამხდელს არ ჰქონდა ვალდებულება დაეკორექტირებინა დეკლარაცია. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მხრიდან დამატებითი გადასახადისა და ჯარიმის დარიცხვა არის დაუსაბუთებელი და არღვევს გადამხდელის კანონიერი ინტერესების პრინციპს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მარტის N 5019 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ნოემბრისა და 2023 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 3 ივნისის N 11332 ბრძანება და ამავე 15 ივლისი 2025 N 16000 თარიღის N 081-115 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 382 499 ლარი, მათ შორის, გადასახადი 217 065 ლარი, ჯარიმა 108 272 ლარი და საურავი 57 161 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-----“ შესამოწმებელ პერიოდში საქონელი შეძენილი აქვს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე და მიღებული აქვს ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები, ანგარიშ-ფაქტურების სახით, რის საფუძველზეც წარმოეშვა დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა ნაკლებია დეკლარირებულზე. აღნიშნული გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზე უნდა მოეხდინა ჩასათვლელი თანხის ოდენობის შემცირება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, 2022 წლის ნოემბრის თვეში კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურით (ეკ - -----) დაკორექტირდა 2022 წლის თებერვლის თვეში შპს „-----“ მიღებული და ჩათვლილი ანგარიშ - ფაქტურა (ეა ----), ხოლო 2023 წლის ნოემბრის თვეში კორექტირებული ანგარიშ - ფაქტურებით (ეკ - -----; -----; -----.) დაკორექტირდა 2022 წლის ივნისის თვეში შპს „-----“ მიღებული და ჩათვლილი ანგარიშ - ფაქტურები (ეა - -----; ეა - -----; ეა - -----). კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებით შემცირდა შპს „-----“ ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა, თუმცა გადამხდელს შესაბამის საგადასახადო პერიოდში წარდგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში ჩათვლის კორექტირება არ მოუხდენია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ს და 179-ე მუხლების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა ჩასათვლელი თანხის შემცირება. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);
გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს სადავო საკითხთან დაკავშირებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, 2022 წლის ნოემბრის თვეში კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურით (ეკ - -----) დაკორექტირდა 2022 წლის თებერვლის თვეში შპს „-----“ მიღებული და ჩათვლილი ანგარიშ - ფაქტურა (ეა----), ხოლო 2023 წლის ნოემბრის თვეში კორექტირებული ანგარიშ - ფაქტურებით (ეკ - -----; -----; -----) დაკორექტირდა 2022 წლის ივნისის თვეში შპს „-----“ მიღებული და ჩათვლილი ანგარიშფაქტურები (ეა - -----; ეა - -----; ეა - -----). კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებით შემცირდა შპს „------“ ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა, თუმცა გადამხდელს შესაბამის საგადასახადო პერიოდში წარდგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში ჩათვლის კორექტირება არ მოუხდენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განხორციელდა ჩასათვლელი თანხის შემცირება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება მიღებული კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირებას და დღგ-ის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს-ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ნოემბრისა და 2023 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 382 499 ლარი, მათ შორის, გადასახადი 217 065 ლარი, ჯარიმა 108 272 ლარი და საურავი 57 161 ლარი.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 175; 176; 178; 179;.