გადაწყვეტილება №18342/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 18342/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18342/2/2022

2.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 1.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18342/2/2022).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2022 წლის №001-123 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27942 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

170 114,43 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 105 089

დღგ - 66 105

საშემოსავლო გადასახადი - 38 984

ჯარიმა - 49 793

საურავი - 15 232,43

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით, სასურსათო და საყოფაცხოვრებო საშუალებებით, მეტრო --------- მიმდებარედ განლაგებულ ჯიხურსა და მაღაზიაში. აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გამო: მომჩივანი დღგ-ის გადამხდელია 21.10.2019 წლიდან. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დღგ-ის ჩათვლით შეძენილი აქვს 1 929 603 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ხოლო დეკლარირებულ შემოსავალს დამატებული საკონტროლო სალარო აპარატით და ბანკით (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე) მიღებული შემოსავალი შეადგენდა 1 286 754 ლარს. გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 1.01.2022 წლის მდგომარეობით, სავაჭრო ობიექტებში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენდა 80 000 ლარს, ხოლო ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში 3 000 ლარს. ამასთან, მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად. მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, საკონტროლოსალარო აპარატის წესის დარღვევაზე დაჯარიმებულია 12-ჯერ და არ აქვს ხელფასის სახით განაცემი ან დივიდენდი დეკლარირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავალი გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით, საკონტროლო შესყიდვების და ფასების ფიქსაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატების გამოყენებით. ასევე, რეალიზებული პროდუქციის სახეობათა შესაბამისი წილების გამოსავლენად გამოყენებულ იქნა შეძენილი საქონლის მონაცემები. დადგენილმა შემოსავალმა შეადგინა 2 007 689 ლარი დღგ-ის ჩათვლით, ნაცვლად 1 286 754 ლარისა. ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად მიღებული სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად. პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა 282-ე და 275-ე მუხლების მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2022 წლის №001-123 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27942 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტებზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგები არ არის სწორი, რადგან შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდით. საწარმოს დოკუმენტებზე დაყრდნობით საშუალო შეწონილი ფასნამატი 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. საბუღალტრო აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ორისის პროგრამაში, სადაც ფასნამატი განსხვავებულია და არ ედრება საგადასახადო ორგანოს მიერ მიყენებულ ფასნამატს, პროდუქციის 90% პროცენტი უკავია ისეთ პროდუქტებს, რომელთა ფასნამატი თითქმის უმნიშვნელოა (სიგარეტებს რომელთა ხვედრითი წილი 99%-ია, და უალკოჰოლო სასმელებს 10%). ასევე, მიმდინარე პერიოდში საწარმო გაიქურდა რამოდენიმეჯერ, 93 ჯერ და წაღებული და დაზიანებულია გარკვეული რაოდენობის საქონელი, რომელიც მიწოდებულადაა ცნობილი საგადასახადო შემოსავლებისათვის. ამასთან, ხელმძღვანელის ოჯახური უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის (ფასნამატის), ასევე სანქცია-საურავის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საბჭო მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი. ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საგადასახადო კოდექსის რედაქციის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საწარმო მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, საკონტროლო-სალარო აპარატის წესის დარღვევაზე დაჯარიმებულია 12-ჯერ, ასევე არ უფიქსირდება ხელფასის სახით განაცემი ან/და დეკლარირებული დივიდენდი.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმებით გათვალისწინებულია გაქურდვის შედეგად დაკარგული პროდუქციის ღირებულება. რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაანგარიშებულ ფასნამატს, გამოყენებულია საკონტროლო შესყიდვების და ფასების ფიქსაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატის ოდენობა კატეგორიების მიხედვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საწარმო მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, საკონტროლო-სალარო აპარატის წესის დარღვევაზე დაჯარიმებულია 12-ჯერ, ასევე არ უფიქსირდება ხელფასის სახით განაცემი ან/და დეკლარირებული დივიდენდი.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101 (1).