ბრძანება N 5335

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.03.2026
№ დოკუმენტი 5335
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5335

11 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2025 წლის 6 ივნისის, 10 ივნისის, 2026 წლის 4 და 25 თებერვლის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 იანვრის და 26 თებერვლის სხდომებზე (ოქმი №4 და №18) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 დეკემბრის №25815/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2025 წლის 6 ივნისის №25275/2/2025 და 10 ივნისის №96148/1/2025 და შემოსავლების სამსახურში დამატებით წარმოდგენილი 2026 წლის 4 თებერვლის №100551/1/2026 და 25 თებერვლის №101009/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 აპრილის №007-28 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ აღსრულებულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება, კერძოდ, არ განხორციელდა კომპანიის მიერ წარდგენილი ელექტრონული საფულეებისა და საბანკო ამონაწერების დეტალური ანალიზი და გათვალისწინება. მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8480 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, მონაცემები/ამონაწერები შპს „----------“ და მამუკა მარღიშვილის მიერ გამოყენებული ელექტრონული საფულეებიდან (რომელთა იდენტიფიცირება უნდა უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელმა);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8480 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 17 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 3 აპრილის №007-28 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 2025 წლის 2 ივლისის №14613 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარმოდგენილი საჩივრების განხილვის შედეგად, საბოლოოდ მიღებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 დეკემბრის №25815/2/2025 გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის №14613 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 დეკემბრის №25815/2/2025 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8480 ბრძანების აღსრულების საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კორესპონდენციების შესწავლა თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად, თუმცა შესწავლის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა, ვინაიდან გადამხდელის მიერ სრულად არ იქნა წარმოდგენილი ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად წარსადგენი მტკიცებულებები და ასევე, არ იქნა უზრუნველყოფილი თუნდაც არასრულად წარდგენილი მონაცემების იდენტიფიცირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კორესპონდენციების შესწავლა თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად, მაგრამ გადამხდელის მიერ სრულად არ იქნა წარმოდგენილი ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად წარსადგენი მტკიცებულებები და ასევე, არ იქნა უზრუნველყოფილი თუნდაც არასრულად წარდგენილი მონაცემების იდენტიფიცირება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ საჩივრებზე, სადაც განმარტავს, რომ გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაეგზავნა გაანგარიშების ექსელის ცხრილი, ასევე, სს „----------“ და შპს „----------“ დეტალური ამონაწერები შესამოწმებელ პერიოდზე ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესწავლით დადგინდა, რომ შემმოწმებელმა გაანგარიშებისას არ გაითვალისწინა კრიპტო ტექნიკის (მაინერების) მიერ ელექტროენერგიის მოხმარება კილოვატსაათებში. აცხადებს, რომ ყველა საჯარო წყაროში არსებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ 254 ცალი მაინერის (რაც აღიწერა შემოწმების მიერ) საშუალო თვიური სრული ენერგომოხმარება კილოვატსაათებში შეადგენს მინიმუმ 236 000 კილოვატსაათს ან მეტს. განმარტავს, რომ თუ შემოწმება მაინერების თვიურ წვას კილოვატსაათებში გაითვალისწინებდა დადგინდებოდა, რომ ამავე თვეში კომპანიას მხოლოდ 1 968 კილოვატსაათის მოხმარება ჰქონდა, რაც სრული თვიური ენერგომოხმარების 1%-საც არ შეადგენს. ამასთან, 254 ცალი მაინერის აპარატიდან მხოლოდ 180 ცალი აწარმოებდა ბიტკოინს, ხოლო 74 ცალი სხვა გაცილებით დაბალფასიან კრიპტოვალუტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ ზემოაღნიშნული მაინერების მინიმუმ 29%-ის ღირებულება და სიმძლავრე გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე ბიტკოინის ფასი. საჩივრებზე დანართის სახით წარმოადგენს ცხრილს, სადაც დეტალურად არის მოცემული თვეების მიხედვით ახალი გადაანგარიშება კილოვატსაათების ფაქტორების გათვალისწინებით. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშება განხორციელდეს კილოვატსაათების ფაქტორების გათვალისწინებით, რომლითაც დადგინდება, რომ 29 თვიდან (რომლებიც მონაწილეობას იღებს გაანგარიშებაში) 23 თვეში ენერგომოხმარება მხოლოდ 0%-დან 19%-მდე დიაპაზონში მერყეობდა, ხოლო დარჩენილ 6 თვეში 36%-დან 82%-მდე, ასევე, 254 ცალი მაინერიდან ცალკე უნდა გამოიყოს 74 ცალი მაინერი, რომელიც გამოიმუშავებდა დაბალფასიან კრიპტოვალუტას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს მაინერების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებისა და გამომუშავებული კრიპტოაქტივების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს მაინერების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებისა და გამომუშავებული კრიპტოაქტივების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კორესპონდენციების შესწავლა თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად, მაგრამ გადამხდელის მიერ სრულად არ იქნა წარმოდგენილი ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად წარსადგენი მტკიცებულებები და ასევე, არ იქნა უზრუნველყოფილი თუნდაც არასრულად წარდგენილი მონაცემების იდენტიფიცირება. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ საჩივრებზე, სადაც განმარტავს, რომ გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაეგზავნა გაანგარიშების ექსელის ცხრილი, ასევე, კომპანიების დეტალური ამონაწერები შესამოწმებელ პერიოდზე ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესწავლით დადგინდა, რომ შემმოწმებელმა გაანგარიშებისას არ გაითვალისწინა კრიპტო ტექნიკის (მაინერების) მიერ ელექტროენერგიის მოხმარება კილოვატსაათებში. აცხადებს, რომ ყველა საჯარო წყაროში არსებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ 254 ცალი მაინერის (რაც აღიწერა შემოწმების მიერ) საშუალო თვიური სრული ენერგომოხმარება კილოვატსაათებში შეადგენს მინიმუმ 236 000 კილოვატსაათს ან მეტს. განმარტავს, რომ თუ შემოწმება მაინერების თვიურ წვას კილოვატსაათებში გაითვალისწინებდა დადგინდებოდა, რომ ამავე თვეში კომპანიას მხოლოდ 1 968 კილოვატსაათის მოხმარება ჰქონდა, რაც სრული თვიური ენერგომოხმარების 1%-საც არ შეადგენს. ამასთან, 254 ცალი მაინერის აპარატიდან მხოლოდ 180 ცალი აწარმოებდა ბიტკოინს, ხოლო 74 ცალი სხვა გაცილებით დაბალფასიან კრიპტოვალუტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ ზემოაღნიშნული მაინერების მინიმუმ 29%-ის ღირებულება და სიმძლავრე გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე ბიტკოინის ფასი. საჩივრებზე დანართის სახით წარმოადგენს ცხრილს, სადაც დეტალურად არის მოცემული თვეების მიხედვით ახალი გადაანგარიშება კილოვატსაათების ფაქტორების გათვალისწინებით. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშება განხორციელდეს კილოვატსაათების ფაქტორების გათვალისწინებით, რომლითაც დადგინდება, რომ 29 თვიდან (რომლებიც მონაწილეობას იღებს გაანგარიშებაში) 23 თვეში ენერგომოხმარება მხოლოდ 0%-დან 19%-მდე დიაპაზონში მერყეობდა, ხოლო დარჩენილ 6 თვეში 36%-დან 82%-მდე, ასევე, 254 ცალი მაინერიდან ცალკე უნდა გამოიყოს 74 ცალი მაინერი, რომელიც გამოიმუშავებდა დაბალფასიან კრიპტოვალუტას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს მაინერების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებისა და გამომუშავებული კრიპტოაქტივების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275