ბრძანება N 14197
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14197
26 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------ის“ (ს/ნ --------------)
(ფაქტ. მის.: ------------------------;
იურ. მის.: --------------------------)
2026 წლის 30 იანვრის, 20 თებერვლის, 5 და 22 მაისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 მარტის, პირველი აპრილის, 7 მაისის, 4 და 11 ივნისის სხდომებზე (ოქმები №24; №28;, №37; №47; №50) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) 2026 წლის 30 იანვრის №---/1/2026, 20 თებერვლის №---/1/2026, 5 მაისის №-----/1/2026 და 22 მაისის №----/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 დეკემბრის №086-58 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ ბინების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:
. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში აქვს ერთი მიმდინარე პროექტი - ხუთსართულიანი სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მშენებლობა. შპს „----ს“ 2026 წლის 13 მაისს მიენიჭა ტურისტული საწარმოს სტატუსი. საწარმო სასტუმრო აპარტამენტების მყიდველებს სთავაზობს დამატებით მომსახურებას - ნომრის იჯარა/მართვა (და სხვა), აღნიშნული პუნქტი გაწერილია ხელშეკრულებებში. კომპანიას ტურისტული საწარმოს სტატუსის მიღებამდე გაფორმებული აქვს წინარე, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მიღებული და დაბეგრილი აქვს ავანსები. აღნიშნული ნასყიდობის გარკვეული ხელშეკრულებების საფუძველზე, განსახილველი სასტუმროს ნომრები მყიდველის სახელზე რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში, თუმცა ფართები მყიდველებისთვის ფაქტობრივად არ გადაცემულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს შესწავლილ იქნას თითოეული ხელშეკრულების პირობა და ტურისტული საწარმოს სტატუსის გავლენა განსახილველ ოპერაციებზე.
. აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების ფაქტობრივი ექსპლუატაციის მომენტი ჯერ არ დამდგარა. შემოწმების პროცესში, კონკრეტულად კი 2025 წლის დეკემბრის თვეში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ადგილზე დათვალიერების პროცედურა. აღნიშნული პროცედურით დაიდენტიფიცირდა რამოდენიმე ფართი, სადაც მიმდინარეობდა სამუშაოები. აღნიშნული განპირობებული გახლდათ იმით, რომ აღნიშნული ფართების მეპატრონეებმა მიმართეს თხოვნით და გამონაკლისის სახით მოხდა მათზე რემონტის დაწყების ნებართვის მიცემა 2025 წლის სექტემბერის შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის განზოგადება უსამართლოა.
. მშენებარე ობიექტის ბინებისთვის კარების შეძენა მოხდა იმპორტის სახით 2025 წლის მარტის თვეში და მათი მონტაჟი შემოწმების დასრულების თარიღისთვისაც კი არ იყო დასრულებული. შიდა კარის მონტაჟზე ხელშეკრულება გაფორმდა -----თან 2025 წლის აგვისტოს თვეში და ეტაპობრივად მიმდინარეობს მიმდინარე მდგომარეობითაც. კორპუსში არ არის ლიფტი ჩასმული, კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების მიზნით ჩასმულია მხოლოდ ლიფტის კარი. გარდა ამისა, არ არის წყალი, არ მომხდარა ელექტრო ენერგიის გამრიცხველიანება და არ აქვთ ინდივიდუალური მრიცხველები ბინებს, რასთან დაკავშირებითაც გადამხდელი წარმოადგენს წერილს ენერგოპრო ჯორჯიადან და წყლის კომპანიიდან.
. კორპუსის პროექტის ცვლილება მე-6 და მე-7 სართულის დამატებაზე, კომპანიამ მოითხოვა 2024 წლის დეკემბერში, რაზეც მიღებულ იქნა დასტური. კორპუსზე ორი სართულის დამატების ცვლილების მოლოდინის გამო ვერ მონტაჟდება ლიფტი და ვერ სრულდება კორპუსი თავისი გამრიცხველიანებით, წყლის შეყვანითა და სხვა ძირითადი სამუშაოებით.
. ყველა ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ მყიდველს დაურეგისტირდება სასტუმრო ნომერი საკუთრებაში, ხოლო კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგ ფაქტობრივად გადაეცემა ნასყიდობის საგნები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ერთერთი პირობაა თანხის სრულად გადახდა, რათა მოხდეს ფართების ფაქტობრივი გადაცემა, ასევე, კორპუსი უნდა იყოს დასრულებული და საცხოვრებლად ვარგისი.
. სრულ შესამოწმებელ პერიოდში შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე და ასევე შემდგომ პერიოშიც დღეის ჩათვლით, კომპანია ყოველთვიურად გასწევს დიდი ოდენობით ხარჯებს სამშენებლო მასალებსა და მომსხურებებზე, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კორპუსის სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა.
. საჯარო რეესტრში გადაფორმებული ბინების მეპატრონეებს სრულად არ აქვთ გადახდილი ბინის საფასურები, მაგ. ერთ-ერთი პირია ----ძე, რომელსაც შეძენილი და საჯარო რეესტრში გაფორმებული აქვს ექვსი ბინა და საფასურის გადაუხდელობის გამო კომპანიის მხრიდან მოხდა სასამართლოში სარჩელის შეტანა მის წინააღმდეგ.
. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, კორპუსში არ არის ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურა მოწყობილი. კომპანია, ასევე ფლობს ----ის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემულ ცნობას იმის თაობაზე, რომ შენობანაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული.
. ამ ეტაპზე დაწყებულია ბინების მყიდველებთან ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტების დამზადება, აქტებში მითითებული იქნება ბინების მესაკუთრეების მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობა, კერძოდ, რა თანხები აქვს გადახდილი თითოეულს, გადაეცათ თუ არა ბინები და რა ფასად აქვთ შეძენილი. აღნიშნული დოკუმენტების მომზადება დაწყებულია და სრულად წარმოადგენს დავის დასრულების შემდეგ გონივრულ ვადაში.
. შემოწმების მიერ საბაზრო ფასების გამოყენებასთან დაკავშირებით გადამხდელი აღნიშნავს, რომ დათვალიერების თარიღისთვის ბინების ფასები მომატებულია და არ შეიძლება მიჩნეული იქნეს წინა პერიოდის ფასებად. ასევე, შეფასებისას არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები და მსგავსი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები. საჯარო განცხადებებში კომპანიის მიერ გამოცხადებული ფასი არის საწყისი ფასი, სადაც დატოვებულია სავაჭროდ ფასდაკლების შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საკითხის ხელახლა შესწავლას და მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებებზე დაყრდნობით განხორციელებული დარიცხვების გაუქმებას. ამასთან, გადამხდელს საჩივრებზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22423 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 30 დეკემბრის №28954 ბრძანება და ამავე თარიღის №086-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 5 290 494 ლარი, მათ შორის გადასახადი 3 096 748 ლარი, ჯარიმა 1 559 295 ლარი, საურავი 634 450 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
. შპს „----ის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი შენობების მშენებლობა-რეალიზაცია. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში აქვს ერთი მიმდინარე პროექტიხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა, --, ----ის ქ.--. შენობის ძირითადი ნაწილი მოიცავს სასტუმრო-აპარტამენტებს და კომერციულ ფართებს. შემოწმების პროცესში გამოვლინდა, რომ შპს „---ის“ მიერ სრულად არ არის დეკლარირებული ავანსის სახით მიღებული შემოსავლები. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, ბინის მფლობელისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის სრულად არ არის დაბეგრილი მისი ღირებულება. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, კერძოდ: კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%-ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ს ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითებას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დათვალიერების პროცედურა, რომლის დასკვნის საფუძველზეც დგინდება, რომ შპს „----ის“ ფართების მშნებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს გარე ფასადის სამუშაოები. 75 % ბინების მიყვანილია თეთრი კარკასის მდგომარეობამდე. შენობაში არის ლიფტის შახტერი, თუმცა ლიფტი მოწყობილი არ არის. შენობაში არ არის წყლის ბუნებრივი აირის და ელ. ენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ასევე საკონტროლო შეთავაზებაც, რომლის მიხედვითაც დადგენილია ფასები მერყეობს 1000$-დან 1500$-მდე. შემოწმების მიერ სარეალიზაციო ფასად გამოყენებულია საშუალოდ 1200$. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18, 49-ე, 73-ე, 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების აღრიცხვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმების აქტის პირველი საკითხის შესაბამისად დადგენილი შემოსავლის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გაანგარიშდა ფულის მოძრაობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 6 741 292 ლარი (8 426 615 აგროსილი). 2025 წლის 20 ოქტომბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც გადამხდელის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2025 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261 -ე მუხლის თანახმად:
1. ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდებას (გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ) და ამ ქონების შემძენთან გაფორმებული სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის, სარგებლობის უფლების, მართვის უფლების, საკუთრების მინდობის, საშუამავლო ან/და სხვა მსგავსი სახელშეკრულებო პირობით) საფუძველზე უზრუნველყოფს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენებას.
2. სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტული საწარმო ვალდებულია:
ა) დადგენილი ოდენობის ფართობი გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებლად;
ბ) უზრუნველყოს, რომ შენობის (სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული ობიექტიდან (სასტუმროდან) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ დეკლარირებული (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით შესაბამის პერიოდში დამატებით დარიცხული) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად (გარდა დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) არ იყოს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდების შედეგად ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებულ თანხაზე ნაკლები.
3. პირს ტურისტული საწარმოს სტატუსს კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით ანიჭებს შემოსავლების სამსახური, რომელიც უფლებამოსილია ტურისტულ საწარმოს მოსთხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა, რომელთა ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებული თანხის 18 პროცენტს.
4. ტურისტული საწარმოს სტატუსის პირისათვის მინიჭების, ტურისტული საწარმოს ფუნქციონირებისა და გაუქმების წესს, აგრეთვე შენობის მთლიანი ფართობიდან სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებელი მინიმალური ფართობის ოდენობას მუნიციპალიტეტების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ტურისტული საწარმოს სტატუსის მოქმედების ვადის გასვლა ან ვადაზე ადრე შეწყვეტა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;
დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის სხვაობა ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებულ თანხასა და ტურისტული საწარმოს ან/და სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს (ობიექტის/მისი ნაწილის) ფუნქციონირების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) დეკლარირებულ (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით დამატებით დარიცხულ) თანხას შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი. ამ შემთხვევაში ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261 -ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდებას (გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ) და ამ ქონების შემძენთან გაფორმებული სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის, სარგებლობის უფლების, მართვის უფლების, საკუთრების მინდობის, საშუამავლო ან/და სხვა მსგავსი სახელშეკრულებო პირობით) საფუძველზე უზრუნველყოფს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენებას.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში აქვს ერთი მიმდინარე პროექტი-ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა, შენობის ძირითადი ნაწილი მოიცავს სასტუმრო-აპარტამენტებს და კომერციულ ფართებს. შემოწმების პროცესში გამოვლინდა, რომ შპს „-----ის“ მიერ სრულად არ არის დეკლარირებული ავანსის სახით მიღებული შემოსავლები. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, ბინის მფლობელისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის სრულად არ ბეგრავს მის ღირებულებას. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დათვალიერების პროცედურა, რომლის დასკვნის საფუძველზეც დგინდება, რომ შპს „---ის“ ფართების მშნებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს გარე ფასადის სამუშაოები, 75 % ბინების მიყვანილია თეთრი კარკასის მდგომარეობამდე, ფასები მერყეობს 1000$-დან 1500$-მდე. შემოწმების მიერ სარეალიზაციო ფასად გამოყენებულია საშუალოდ 1200 $.
ამასთან, 2025 წლის 20 ოქტომბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც გადამხდელის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2025 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდში.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ, ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭებასა და აღნიშნული სტატუსის შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებზე დარიცხული გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „----ის“ 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში განხორციელებული ოპერაციების საგადასახადო შემოწმება. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „----ს“ ტურისტული საწარმოს სტატუსი მიენიჭა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 მაისის №-- ბრძანების საფუძველზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სწორედ აღნიშნული პერიოდიდან მოიპოვა, როგორც ტურისტულმა საწარმომ შესაბამისი საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება. ამასთან, თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე გათავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და აღნიშნული წარმოადგენს დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით საწარმოს მიერ რეალიზებულ ქონებაზე საბაზრო ფასის გავრცელება და დღგ-ის დარიცხვა, ასევე გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე ხელფასად განხილვა მართლზომიერია, შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ ბინების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს .ითხოვს საკითხის ხელახლა შესწავლას და მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებებზე დაყრდნობით განხორციელებული დარიცხვების გაუქმებას.ასევე,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22423 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №28954 ბრძანება და №086-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 5 290 494 ლარი, მათ შორის გადასახადი 3 096 748 ლარი, ჯარიმა 1 559 295 ლარი, საურავი 634 450 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ მომჩივანის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი შენობების მშენებლობა-რეალიზაცია. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში აქვს ერთი მიმდინარე პროექტი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა. შენობის ძირითადი ნაწილი მოიცავს სასტუმრო-აპარტამენტებს და კომერციულ ფართებს. შემოწმების პროცესში გამოვლინდა, რომ მომჩივანის მიერ სრულად არ არის დეკლარირებული ავანსის სახით მიღებული შემოსავლები. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, ბინის მფლობელისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის სრულად არ არის დაბეგრილი მისი ღირებულება. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ს ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითებას. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დათვალიერების პროცედურა, რომლის დასკვნის საფუძველზეც დგინდება, რომ მომჩივანის ფართების მშნებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს გარე ფასადის სამუშაოები, 75 % ბინების მიყვანილია თეთრი კარკასის მდგომარეობამდე, ფასები მერყეობს 1000$-დან 1500$-მდე. შემოწმების მიერ სარეალიზაციო ფასად გამოყენებულია საშუალოდ 1200 $. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18, 49-ე, 73-ე, 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების აღრიცხვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გაანგარიშდა ფულის მოძრაობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 6 741 292 ლარი (8 426 615 აგროსილი). 2025 წლის 20 ოქტომბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც გადამხდელის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2025 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით საწარმოს მიერ რეალიზებულ ქონებაზე საბაზრო ფასის გავრცელება და დღგ-ის დარიცხვა, ასევე გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე ხელფასად განხილვა მართლზომიერია, შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(2.3.7.11 „ბ“); 261(1.2.3.4); 73(5.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2„ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 160(1.3 „ზ“); 163(1.2.6 „ბ“ და „დ“ ); 164(1.2 „გ“); 172(4 „ქ“); 269(7); 275(1.2.21.22);