გადაწყვეტილება №20728/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.12.2023
№ დოკუმენტი 20728/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20728/2/2023

07 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 31.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20728/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სალაროს ნაშთის და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების არაგონივრული ოდენობის დირექტორზე გაცემულ სესხად ჩათვლა;

2. საწარმოს მისამართისგან განსხვავებულ ადგილებზე ტრანსპორტირებული საქონლის რეალიზებულად განხილვა;

3. საწვავის რეალიზატორ კომპანიებთან გადახდილი თანხის ხელფასად განხილვის საფუძველზე დარიცხვის ნაწილში ჯარიმისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №077-33 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19886 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 307 189,92 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 151 617

დღგ - 57 191

საშემოსავლო გადასახადი - 93 906

ქონების გადასახადი - 520

ჯარიმა - 95 154

საურავი - 60 418,92

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №077-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19886 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს ნაშთის და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების არაგონივრული ოდენობის დირექტორზე გაცემულ სესხად ჩათვლა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს სააღრიცხვო მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ სალაროში (ანგარიშვალდებულ პირზე რიცხული თანხები) ფიქსირდება არაგონივრული ნაშთები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არაგონივრული ნაშთი შესაბამის პერიოდში უნდა ჩაითვალოს დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის, 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 154-ე მუხლის საფუძველზე გაცემული სესხი და დაქირავებული პირის მიერ მიღებული სარგებელი უნდა დაიბეგროს მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას. დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის საწარმო ექვემდებარება დაჯარიმებას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო აქტების შედგენისას არასწორად იქნა მოყვანილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები: საგადასახადო ორგანოს მიერ თანხების დარიცხვის საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული ამავე აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მიერ.

საწარმოსთვის ძირითადი ნედლეულის მომწოდებელი კომპანია არის შპს ------. აღნიშნული კომპანიიდან საქონლის შესაძენად თანხები გამოტანილია საქვეანგარიშოდ ბანკიდან და იმავე დღეს ხდებოდა საქონლის შეძენა ნაღდი ანგარიშსწორებით. ანუ საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების გადახდა ხდებოდა სისტემატიურად თითქმის იმავე დღეს. ამასთან, კომპანიის ბუღალტერიაში შპს „------“-ზე ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები საქვეანგარიშო თანხებიდან ჩამოწერილია ყოველი წლის ბოლოს ჯამურად და არა ყოველდღიურად, რის გამოც შემმოწმებელმა ჩათვალა, რომ კომპანიის დირექტორზე ყოველთვიურად ირიცხება საქვეანგარიშო თანხის ანგარიშში დებიტორული დავალიანება, რაც ფაქტობრივად არ შეესაბამება რეალობას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბანკიდან გამოტანილი თანხა თითქმის იმავე დღეს გახარჯულია მასალის შესაძენად. ამ კუთხით შემმოწმებელს ახსნა-განმარტება არ მიუღია და არც შპს „-----“-ზე გადახდილი ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხების ქვითრები უნახია, რის გამოც ჩათვალა, რომ საწარმოს დირექტორს თანხები დიდხანს ერიცხება საქვეანგარიშოდ. ასე მაგალითად, საბუღალტრო პროგრამაში ჩანს, რომ შპს „-------“-ზე 31.12.2019 წელს გადახდილია 137 018,9 ლარი და 2 649,97 ლარი, რაც სინამდვილეში მართლა ამ ერთ დღეს გადახდილი თანხა კი არ არის, არამედ მთელი წლის მანძილზე იქნა გადახდილი, რის დასადასტურებლადაც წარმოგიდგენთ შპს „-----“-სთან წარმოებული ოპერაციების შესახებ სრულ ინფორმაციას ამ კომპანიის დასტურით. ასევე წარმოგიდგენთ 2019 წელში გადახდილი თანხების (სალაროს ჩეკების) ასლებს, რომლითაც დასტურდება აღნიშნული ფაქტი. გარდა ამისა, 2019 წლის ბოლოს შპს „-----“-ზე გადახდილი თანხების ანგარიშში კომპანიის მიმართ კი არ გააჩნდა საქვეანგარიშო დავალიანება საწარმოს, არამედ თავად საწარმოს გააჩნდა გადახდილი თანხების ანგარიშში დავალიანება საწარმოს დირექტორის მიმართ 48 839 ლარის ოდენობით და ეს დასტურდება საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით და გადახდის ქვითრებით.

ანალოგიურად, საბუღალტრო პროგრამაში გატარებულია, რომ შპს „------“-ზე 31.12.2020 წელს გადახდილია 214 1232,16 ლარი და 3 748,37 ლარი, რაც სინამდვილეში მართლა ამ ერთ დღეს გადახდილი თანხა კი არ არის, არამედ მთელი წლის მანძილზე იქნა გადახდილი, რის დასადასტურებლადაც წარმოგიდგენთ შპს „-----“-სთან წარმოებული ოპერაციების შესახებ სრულ ინფორმაციას ამ კომპანიის დასტურით, ასევე წარმოგიდგენთ 2020 წელში გადახდილი თანხების (სალაროს ჩეკების) ასლებს, რომლითაც დასტურდება აღნიშნული ფაქტი. გარდა ამისა, 2020 წლის ბოლოს შპს „-----“-ზე გადახდილი თანხების ანგარიშში კომპანიის მიმართ კი არ გააჩნდა საქვეანგარიშო დავალიანება საწარმოს, არამედ თავად საწარმოს გააჩნდა გადახდილი თანხების ანგარიშში დავალიანება საწარმოს დირექტორის მიმართ 179 224 ლარის ოდენობით და ეს დასტურდება საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით და გადახდის ქვითრებით, მხოლოდ ამ მარტივი მიზეზით, შემმოწმებელს ჯერ უნდა მოეხდინა ამ თანხის ანგარიშში არსებული დავალიანების გაქვითვა და მერე თუ რამე თანხა დარჩებოდა საქვეანგარიშოდ, მასზე მოეხდინა ე.წ. სარგებლის გათვლა.

ანალოგიურად, საბუღალტრო პროგრამაში გატარებულია, რომ შპს „-----“-ზე 31.12.2021 წელს გადახდილია 124 405,68 ლარი, რაც სინამდვილეში მართლა ამ ერთ დღეს გადახდილი თანხა კი არ არის, არამედ მთელი წლის მანძილზე იქნა გადახდილი, რის დასადასტურებლადაც წარმოგიდგენთ შპს „------“-სთან წარმოებული ოპერაციების შესახებ სრულ ინფორმაციას ამ კომპანიის დასტურით, ასევე წარმოგიდგენთ, 2021 წელში გადახდილი თანხების (სალაროს ჩეკების) ასლებს, რომლითაც დასტურდება აღნიშნული ფაქტი. გარდა ამისა, 2021 წლის ბოლოს შპს „-----“-ზე გადახდილი თანხების ანგარიშში კომპანიის მიმართ კი არ გააჩნდა საქვეანგარიშო დავალიანება საწარმოს, არამედ თავად საწარმოს გააჩნდა გადახდილი თანხების ანგარიშში დავალიანება საწარმოს დირექტორის მიმართ 100 ათას ლარზე მეტი ოდენობით და ეს დასტურდება საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით და გადახდის ქვითრებით. მხოლოდ ამ მარტივი მიზეზით, შემმოწმებელს ჯერ უნდა მოეხდინა ამ თანხის ანგარიშში არსებული დავალიანების გამოქვითვა და მერე თუ რამე თანხა დარჩებოდა საქვეანგარიშოდ, მასზე მოეხდინა ე.წ. სარგებლის გათვლა.

რაც შეეხება 2022 წლის საანგარიშო პერიოდს, აქ საბუღალტრო პროგრამაში გადახდილი თანხები ასახული ყოველი თვის ბოლოს ჯამური მონაცემებით და არა ყოველდღიური გადახდებით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში არსებული დოკუმენტების, მათ შორის გადახდის ქვითრების და შპს „------“-ს მიერ წარმოდგენილი ურთიერთშედარების ბარათის შესწავლით ნათლად დგინდება, რომ ამ ნაწილში სრულიად უსაფუძვლოდ დარიცხულია მოგების გადასახადში ჯარიმის სახით 19 241 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადში ძირითადი გადასახადი 2 692 ლარის ოდენობით და მასთან დაკავშირებული ჯარიმა 1 348 ლარის ოდენობით, ანუ ამ ნაწილში უსაფუძვლოდ დარიცხული გადასახადის და ჯარიმების თანხა საურავების გარეშე შეადგენს 23 281 ლარს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ სალაროდან ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხების ნაწილში ფიქსირდება არაგონივრული ნაშთები.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19886 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19886 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. საწარმოს მისამართისგან განსხვავებულ ადგილებზე ტრანსპორტირებული საქონლის რეალიზებულად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

ცალკეული სასაქონლო ზედნადებებით შესყიდული სამშენებლო მასალის (314 909 ლარი) ტრანსპორტირების დასრულების ადგილები არ არის საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მისამართი. დირექტორის განმარტებით სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილები არასწორად არის მითითებული და მათი უყურადღებობის გამო არ დაკორექტირდა. საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ დგინდება დაბეგვრის კონკრეტული ობიექტები. შეუძლებელია კონტროლის განხორციელება სამეურნეო ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საწარმოს შემოსავლები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებებზე გავრცელდა ბუღალტრული აღრიცხვის ჯამურ მონაცემებზე დაყრდნობით წლების მიხედვით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატები და მიღებული შედეგი დაემატა დოკუმენტურად დადასტურებულ შემოსავლებს. შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავლებსა და დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობა საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე, 159-ე, 160-ე, 161-ე, 1601 , 1621 , 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით. დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის საწარმო ექვემდებარება დაჯარიმებას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, ცალკეული სასაქონლო ზედნადებებით შესყიდული სამშენებლო მასალის ტრანსპორტირების დასრულების ადგილები არ არის საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მისამართი. საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ დგინდება დაბეგვრის კონკრეტული ობიექტები. შეუძლებელია კონტროლის განხორციელება სამეურნეო ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს შემოსავლების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებებზე ბუღალტრული აღრიცხვის ჯამურ მონაცემებზე დაყრდნობით წლების მიხედვით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატების გავრცელება და შესაბამისად შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავლებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

23.12.2022 წლის აქტის მიხედვით, საწარმოს დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში თანხა და მასთან დაკავშირებული ჯარიმა დაერიცხა იმის გამო, რომ შეძენილი ნედლეულის ნაწილში 314 909 ლარის ოდენობით, ტრანსპორტირების დასრულების ადგილად არ იყო მითითებული კომპანიის ძირითადი საქმიანობის ადგილი.

ამ ნაწილში ნამდვილად ასეთი ფაქტები არსებობს და თითქმის სრულად მოდის შპს „------“-ზე შეძენილი საქონლის ნაწილზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ცნობილი გახდა შემმოწმებლებისგან შემოწმების დასრულებამდე და ასეთი შეცდომით გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები 2022 წლის ნოემბრის თვიდან მოყოლებული არაერთხელ იქნა დაკორექტირებული ტრანსპორტირების დასრულების ადგილის შეცდომით მითითების გამო.

რაც შეეხება აღნიშნული 314 909 ლარის სატრანსპორტო ზედნადებებს, აღნიშნული ზედნადებების უმეტეს ნაწილში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია ტრანსპორტიორების განმახორციელებელი პირების საცხოვრებელი ადგილის მისამართი. საწარმოს არასოდეს შეუსრულებია დიდი მოცულობის სამუშაოები ქ. -----ში და არც რაიმე ობიექტი აუღია ამ ქალაქში, ანალოგიურად არც -----ში, -----ს და -----ს რაიონის სოფლებში, -----ში და სხვა ქ. -----დან დიდი მანძილით დაშორებულ დასახლებულ ობიექტებში აუღია სამუშაოები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარმოგიდგენთ ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირების ახსნა-განმარტებებს, რომ მან ქ. ------ში წაიღო მისი კუთვნილი ტვირთი, ხოლო ამის პარალელურად თავის ავტომანქანაზე დაიდო კომპანიის ტვირთიც, რომელიც მოიტანა ქ. ------ში, -----ს ქუჩაზე. ანალოგიური მდგომარეობაა მოქალაქე ------თან მიმართებაშიც, რომელმაც ტვირთი მოიტანა ------ს ქუჩაზე, ხოლო ყველა მის მიერ გადმოტანილ ტვირთში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი ადგილი, ქ. ------, ------. ასეთივე მდგომარეობაა სხვა ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირების ახსნა-განმარტებების მიხედვითაც.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს დღგ-ის გარეშე 684 ათას ლარს. აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის შეძენილი იქნა დღგ-ის გარეშე 644 ათასი ლარის მასალა და ნედლეული, საიდანაც აღნიშნული სამუშაოების შესრულებას მოხმარდა 548 ათასი ლარის მასალა, ანუ ნაშთში შემოწმების დასრულების მომენტისათვის ირიცხებოდა თითქმის 100 ათასი ლარის გაუხარჯავი ნედლეული. თუ შემოწმება თვლის, რომ ტრანსპორტირების დასრულების ადგილის შეცდომით მითითების გამო, 314 909 ლარის მასალა რეალიზაციაში უნდა იქნეს ასახული განმეორებით და მის ანგარიშში უნდა მოხდეს დღგის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა, მაში იკვეთება 2 მისი გამომრიცხავი ფაქტობრივი გარემოება: 1) თუ დღგ-ის ჩათვლით 314 909 ლარის მასალა რეალიზაციაში განმეორებით უნდა ეჩვენოს, მაშინ გამოდის, რომ კომპანიის მიერ დამკვეთებისათვის დღგ-ის გარეშე შესრულებული 684 ათასი ლარის დასაბეგრი ოპერაცია განხორციელებულა არა დღგ-ის გარეშე 548 ათასი ლარის ნედლეულით, არამედ 548 000-(314 900/1,18)=281 100 ლარის ნედლეულით, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია, იმიტომ, რომ შეუძლებელია დღგ-ის გარეშე 684 ათასი ლარის დასაბეგრი ოპერაციის განხორციელება მხოლოდ 281,1 ათასი ლარის ნედლეულით და ეს ფაქტობრივი გარემოება ადვილად დასტურდება კომპანიის და ანალოგიურ სფეროში დაკავებული ნებისმიერი კომპანიის კალკულაციით, რომლის მიხედვითაც ნედლეულის ღირებულება შეადგენს მომსახურების (სამუშაოების) ღირებულების მინიმუმ 65%-ს და არანაირად 281,1/684=41%-ს, ანუ შეუძლებელია, რომ საწარმოს სპეციფიკიდან გამომდინარე 684 ათასი ლარის დღგ-ის გარეშე დასაბეგრი ოპერაცია შესრულებას მოხმარდებოდა მხოლოდ 281,1 ათასი ლარის ნედლეული; 2) გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდში შეძენილი იქნა დღგ-ის გარეშე 644 ათასი ლარის მასალა და ნედლეული და ამ მასალის ნაშთი შემოწმებით მოცული პერიოდის ბოლო მომენტში იყო 100 ათასი ლარი და შეუძლებელია, რომ აღნიშნული დღგ-ის ჩათვლით 314 909 ლარის საქონლის ნაწილი ასევე არ ყოფილიყო ნაშთად საბოლოო მარაგის ნაშთში. შესაბამისად, მინიმუმ (314 900/1,1/644 000)100 000=41 400 ლარის ნედლეული მაინც არ უნდა ყოფილიყო ასახული რეალიზაციაში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული მიზეზით განხორციელებულ დარიცხვა არასწორია და უნდა განხორციელდეს კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ცალკეული სასაქონლო ზედნადებებით შესყიდული სამშენებლო მასალის ტრანსპორტირების დასრულების ადგილები არ არის მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მისამართი. დირექტორის განმარტებით სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილები არასწორად არის მითითებული და მათი უყურადღებობის გამო არ დაკორექტირდა. საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ დგინდება დაბეგვრის კონკრეტული ობიექტები. შეუძლებელია კონტროლის განხორციელება სამეურნეო ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის №96677-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საწარმო ახორციელებს ლითონის სამშენებლო კონსტრუქციების და ნაწილების წარმოებას (თუნუქის მილები, მუხლები, ძაბრები, ღარები), სავენტილაციო სისტემების სამონტაჟო, შენობის სახურავის გადახურვის, დაზიანებული სახურავის შეკეთების, გაზის და საქვაბე მილების შეფუთვის სამუშაოებს. შესაბამისად გადასახადის გადამხდელი მომსახურებას ეწევა დამკვეთის მისამართებზეც. მომსახურება ასევე გაწეულია დამკვეთის მასალებით (მხოლოდ ამ გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია 281 100 ლარის ღირებულების მასალით 684 000 ლარის შემოსავლის მიღება). შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით შესყიდული საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენს 775 060 ლარს, აქედან 314 909 ლარის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირების დასრულების მისამართი არ არის საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მისამართი. საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ დგინდება დაბეგვრის კონკრეტული ობიექტები. შეუძლებელია კონტროლის განხორციელება სამეურნეო ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა არ წარმოადგინა დამზადებული დეტალების და გაწეული მომსახურების მიხედვით სასაქონლო-მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტები. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემით უფიქსირდება 36 583 ლარის ოდენობით დოკუმენტურად დაუდასტურებელი შემოსავალი.

საჩივარს ახლავს მხოლოდ შპს -----ს (ს/ნ ----) მიერ გამოწერილ სადავო სასაქონლო ზედნადებებში მძღოლის ველში ასახულ პირთა ნაწილის განმარტებები (სულ 14 პირი). აღნიშნული სასაქონლო ზედნადებების თანხების ჯამი შეადგენს 101 929,17 ლარს. განმარტებებში ასახული ფიზიკური პირების ნაწილს შპს ------გან (ს/ნ -----) უფიქსირდება ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. ეს პირები არიან - -----, ------, -----, -----, -----, -----, -----, ----, -------. ------, რომელმაც გადაზიდა 36 545 ლარის ღირებულების მასალა, არის შპს ------ს (ს/ნ ----) დირექტორის და პარტნიორის -------ს ძმა. შპს -----ს (ს/ნ ------) წარმომადგენლის მოთხოვნით ტრანსპორტირების განხორციელების დღეს სასაქონლო ზედნადებების ნაწილში კორექტირებულ იქნა ტრანსპორტირების დასრულების მისამართები. ასეთი ზედნადების რაოდენობა შეადგენს 103 ერთეულს, ამასთან კორექტირებები განხორციელებულია შესამოწმებელი პერიოდის თითქმის ყველა თვეში. შვიდ სასაქონლო ზედნადებში, რომლებშიც მძღოლის ველში ასახულია განმარტების გამცემი პირების პირადი ნომრები (------, ------, ------, ------, ------), შპს -----ს (ს/ნ -----) წარმომადგენლის მოთხოვნით ასევე დაკორექტირდა ტრანსპორტირების დასრულების მისამართი, შესაბამისად განმარტებები არ არის სარწმუნო. შპს ------ში (ს/ნ -----) ინვოისი მზადდება წინასწარ და ივსება კლიენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თუმცა უშუალოდ რეალიზაციის დროს მისამართის დაზუსტება ხორციელდება მძღოლთან და შესაძლებელია განსხვავებული მისამართი მიეთითოს ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში, სადაც არასწორი მისამართის გაწერის შემთხვევაში, კლიენტები აუცილებლად მიმართავენ შპს ------ს (ს/ნ ------) იმავე დღეს სატელეფონო კომუნიკაციის გზით ან მომდევნო დღეებში ელ. ფოსტის საშუალებით, რის საფუძველზეც ხორციელდება კორექტირება, რაც ძირითადად არ განხორციელდა შპს ------ს (ს/ნ ------) მიერ. აღნიშული პირების განმარტებები სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე არ არის სარწმუნო. ახსნა-განმარტებები გავლენას ვერ მოახდენს კონკრეტულ მისამართებზე საქონლის გადაზიდვის დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებზე.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით დაფიქსირებული საქონელის საშუალო შეწონილი ფასნამატით რეალიზებულად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. საწვავის რეალიზატორ კომპანიებთან გადახდილი თანხის ხელფასად განხილვის საფუძველზე დარიცხვის ნაწილში ჯარიმისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საბანკო ანგარიშის ამონაწერის შესწავლით დგინდება, რომ დირექტორის მიერ განხორციელებულია საწარმოს საბანკო პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორებები საწვავის რეალიზატორ კომპანიებთან. საწარმოს არ უფიქსირდება დოკუმენტურად საწვავის შესყიდვა. ამასთან, საწარმოს სახელზე სატრანსპორტო საშუალებები არ არის რეგისტრირებული.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული თანხები უნდა ჩაითვალოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154- ე მუხლების საფუძველზე უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით. დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის საწარმო ექვემდებარება დაჯარიმებას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

რაც შეეხება საწვავის ანგარიშში გახარჯულ თანხებს, მართალია ეს თანხები სრულად გაიხარჯა საწარმოს მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიშში შეძენილი მასალების და ნედლეულის ტრანსპორტირებისათვის შეძენილი საწვავისთვის, იმის გამო, რომ არ მომხდარა ამ ნაწილში დისტილატების ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის მოთხოვნა და სატრანსპორტო საშუალებებზე დადგენილი წესით ხარჯვის დოკუმენტაციის შედგენა, ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა სადავო არ არის, თუმცა ჩადენილია უცოდინარობის გამო და ამ ნაწილში დარიცხული ჯარიმა უნდა ეპატიოს კომპანიას.

მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება (მოცემულ შემთხვევაში გადასახადების დარიცხვის შესახებ) შეიძლება მიიღოს ყველა ფაქტისა და გარემოებების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ასევე დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ან შესწავლილი. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომელიც დასაბუთებულია წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტაციით და რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს დირექტორის მიერ განხორციელებულია საწარმოს საბანკო პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორებები საწვავის რეალიზატორ კომპანიებთან. საწარმოს არ უფიქსირდება დოკუმენტურად საწვავის შესყიდვა და საწარმოს სახელზე სატრანსპორტო საშუალებები არ არის რეგისტრირებული.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. სალაროს ნაშთის და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების არაგონივრული ოდენობის დირექტორზე გაცემულ სესხად ჩათვლა;

2. საწარმოს მისამართისგან განსხვავებულ ადგილებზე ტრანსპორტირებული საქონლის რეალიზებულად განხილვა;

3. საწვავის რეალიზატორ კომპანიებთან გადახდილი თანხის ხელფასად განხილვის საფუძველზე დარიცხვის ნაწილში ჯარიმისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საწარმოს სააღრიცხვო მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ სალაროში (ანგარიშვალდებულ პირზე რიცხული თანხები) ფიქსირდება არაგონივრული ნაშთები. არაგონივრული ნაშთი შესაბამის პერიოდში უნდა ჩაითვალოს დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხად. გაცემული სესხი და დაქირავებული პირის მიერ მიღებული სარგებელი უნდა დაიბეგროს მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას. დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის საწარმო ექვემდებარება დაჯარიმებას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

2. ცალკეული სასაქონლო ზედნადებებით შესყიდული სამშენებლო მასალის (314 909 ლარი) ტრანსპორტირების დასრულების ადგილები არ არის საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მისამართი. დირექტორის განმარტებით სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილები არასწორად არის მითითებული და მათი უყურადღებობის გამო არ დაკორექტირდა. საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ დგინდება დაბეგვრის კონკრეტული ობიექტები. შეუძლებელია კონტროლის განხორციელება სამეურნეო ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საწარმოს შემოსავლები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებებზე გავრცელდა ბუღალტრული აღრიცხვის ჯამურ მონაცემებზე დაყრდნობით წლების მიხედვით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატები და მიღებული შედეგი დაემატა დოკუმენტურად დადასტურებულ შემოსავლებს. შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავლებსა და დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობა უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით. დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის საწარმო ექვემდებარება დაჯარიმებას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

3. საწარმოს საბანკო ანგარიშის ამონაწერის შესწავლით დგინდება, რომ დირექტორის მიერ განხორციელებულია საწარმოს საბანკო პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორებები საწვავის რეალიზატორ კომპანიებთან. საწარმოს არ უფიქსირდება დოკუმენტურად საწვავის შესყიდვა. ამასთან, საწარმოს სახელზე სატრანსპორტო საშუალებები არ არის რეგისტრირებული. აღნიშნული თანხები უნდა ჩაითვალოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით. დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის საწარმო ექვემდებარება დაჯარიმებას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა")(9"ა""ბ"), 982(3"ზ")(8), 159(1"ა""ბ"), 101(1)(2"ბ"), 154(1"ა"), 269(7).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა").