ბრძანება N 21823
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21823
06 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------“-ის (ს/ნ "-------")
(ფაქტ. მის.:"-------")
2023 წლის 21 და 22 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ "-------") 2023 წლის 21 იანვრის №78288/1/2023 და 22 იანვრის №78309/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №001-241 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანს საეჭვოდ მიაჩნია 26%-იანი ფასნამატის გამოყენება და აღნიშნავს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ძირითადი ნაწილი მოიცავს პანდემიის პერიოდს, რა დროსაც შემცირებული იყო მოთხოვნა/რეალიზაცია. მომჩივანი ასევე აცხადებს, რომ 2022 წლის ივნისის საანგარიშო თვეში კომპანიას 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შემმოწმებლის მიერ დაანგარიშებულზე 96 058 ლარით მეტი ჰქონდა დეკლარირებული, ამიტომ აღნიშნულ ნაწილში ჯარიმის დარიცხვა უნდა მომხდარიყო საქათველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით ნაცვლად მეორე ნაწილისა.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის განულებას, შემოწმებით დადგენილ კაპიტალის საწყის ნაშთსა და შემცირებულ კაპიტალს შორის სხვაობის, ასევე ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
3. გადამხდელი ითხოვს 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებით დეკლარირებული დივიდენდის თანხის შემცირებას. მიუთითებს, რომ აღნიშნულ პერიოდში დოკუმენტურად არ დასტურდება დივიდენდის გაცემა და ითხოვს მის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 სექტემბრის №23375 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 21 დეკემბრის №32167 ბრძანება და ამავე თარიღის №001-241 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 91 344 ლარი, მათ შორის, გადასახადი 46 880 ლარი, ჯარიმა 31 822 ლარი, საურავი 12 642 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 15 მაისის №10712 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 28 ივლისის №19834/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10712 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის №19834/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმებული პერიოდი მოიცავს პანდემიურ პერიოდს, შესაბამისად ამ პერიოდში მოთხოვნა შემცირდა და ფასნამატი 26% ვერ იქნებოდა, რადგან კომპანიის მთავარი მიზანი იყო თავის გადარჩენა.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის მართლზომიერი გადაწყვეტისთვის დამატებით შესწავლას მოითხოვს საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10712 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით შემოწმებისას კაპიტალის მოძრაობა არ იქნა დეტალურად გამოკვლეული. კაპიტალის შემცირებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან 2019 წლის დასაწყისში საწესდებო კაპიტალის ნაშთი შეადგენდა 142 925.34 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში საწესდებო კაპიტალი გაზრდილია 346 997.94 ლარით და შემცირებულია 188 860.71 ლარით, ანუ ზრდა იყო 158 137.23 ლარით. ბუღალტრის მიერ გახარჯული მასალის ჩამოწერა ხდებოდა 7200 ანგარიშზე, მაგრამ რამდენიმე ჩამოწერის დროს მექანიკური შეცდომით მარაგები ჩამოწერილია საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე საერთო თანხით 234 659.07 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით საწესდებო კაპიტალის დებეტური ბრუნვა მცირდება და შესამოწმებელ პერიოდში საწესდებო კაპიტალის ზრდა გამოდის 158 137,23 ლარი. დანართის სახით წარმოდგენილია კაპიტალის მოძრაობის უწყისი №1, რაც ადასტურებს აღნიშნულ მსჯელობას. იგივეს ადასტურებს შემოწმების პროცესში კომპანიის მიერ გაგზავნილი სალაროს და ბანკის ამონაწერები. შემოწმების მიერ გავრცელებული ფასნამატი არ და ვერ ყოფნის იჯარის გადახდილ ხარჯებს 78 361 ლარს, რაზეც გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურები, გადახდილ საპროცენტო ხარჯებს თანხით 27 920,50 ლარი, რომელიც ბანკის ამონაწერებით დასტურდება, აგრეთვე გადახდილ სახელფასო ხარჯებს, რომელიც საგადასახადო ორგანოს განაცემთა ბაზით შეადგენს 149 411,88 ლარს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, 2022 წლის ივნისის თვეში დოკუმენტურად არ დასტურდება დივიდენდის გაცემა, კერძოდ არ არის პარტნიორთა კრების ოქმი, არ არის სალაროს დოკუმენტებში და არ არის ბანკის ამონაწერებში, შესაბამისად შემმოწმებელს უნდა შეემცირებინა მოგების გადასახადის დეკლარაციით დარიცხული მოგების გადასახადის თანხა 5 724,94 ლარი და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში ასახული 4 502,15 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია დეკლარირებული დივიდენდის თანხა, ხოლო გადამხდელის მიერ დეკლარირებული ვალდებულებების შემცირება, საბოლოო ჯამში არ გამოიწვევს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების შემცირებას, ვინაიდან მისი შემცირების შემთხვევაში აღნიშნული თანხით გაიზრდება ფულადი სახსრების ნაშთი, რაც თავის მხრივ გამოიწვევს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემული თანხის გაზრდას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. საგადასახადო შემოწმებით აღნიშნულ საკითხზე დარიცხვა არ განხორციელებულა და გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები დარჩა უცვლელი.
დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხების მართლზომიერი გადაწყვეტისთვის დამატებით შესწავლას მოითხოვს საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10712 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1.გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს მინის დამუშავება და რეალიზაცია. გადამხდელი ადგილობრივად ახდენს სხვადასხვა ზომისა და სისქის მინების შესყიდვას მათ დაჭრას და მინა-პაკეტების, მინის თაროების და სხვადასხვა მინის კონსტრუქციების დამზადება. კომპანია დაფუძნებულია 2013 წლის 5 აპრილს, ხოლო დამატებული ღირებულების გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 21 მარტს. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 520 132 ლარს, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადი შეადგენს 41 960 ლარს, ხოლო ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხების ჯამი 15 411.21. შემოწმების პროცესში გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა შემოწმების დასრულებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, მათ შორის ბუღალტრული პროგრამა, კალკულაციები, თუმცა გადამხდელის მიერ მათი წარდგენა სრულად ვერ მოხერხდა. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 8%- ს. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავებით ვერ გაიშიფრა დოკუმენტური რეალიზაციები, რის გამოც გამოყენებულ იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (26%).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არსებული მასალების, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მულის შესაბამისად.
2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშდა საწარმოში ფულადი სახსრების მოძრაობა. შესწავლისას გათავლისწინებულია 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდში საწარმოში შემომავალი და გამავალი ფულადი სახსრები. ფულის მოძრაობის შესწავლისას გათვალისწინებულია როგორც საოპერაციო (გაყიდვებთან დაკავშირებული შემოსავალები/ხარჯები და ადმინისტრაციული ხარჯები), ასევე საფინანსო საქმიანობასთან (სესხები აღება/დაფარვა, საპროცენტო შემოსავალი და ა.შ.) დაკავშირებული ფულადი სახსრების შემოსავლები და გასავლები. ზემოხსენებული გაანგარიშების მიხედვით პირს უნდა ჰქონოდა ფულადი სახსრების ნაშთი, თუმცა გადასახადის გადამხდელის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ფულადი სახსრების ნაშთი არ გააჩნდა.
შემოწმებამ პირის ხარჯებისა და შემოსავლების განსაზღვრისათვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული განკარგვადი შემოსავალი არსებითად აღემატეოდა საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ შემოსავალს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები ან/და ახსნაგანმარტება, ასევე არ არსებობს რაიმე სხვა ინფორმაცია სხვაობის თანხის განკარგვის თაობაზე. გამოვლენილი შემოსავლის სხვაობა, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითების“ შესაბამისად ჩაითვალა დირექტორზე, "------" ზე გაცემულ ხელფასად.
გადამხდელის მიერ წარდგენილი არასრულ საბუღალტრო მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში საწესდებო კაპიტალის საწყის ნაშთად დაფიქსირებული აქვს 142 925 ლარი. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა, ანგარიშგების პორტალზე და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის (სრული პერიოდის საბანკო ამონაწერები და სხვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები) ანალიზის საფუძველზე აღნიშნული საწყისი კაპიტალის წარმომავლობა ვერ დადგინდა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მონაცემებზე დაყრდნობით, შემოწმებით გადამხდელის საწყის საწესდებო კაპიტალად 142 925 ლარის ნაცვლად განესაზღვრა 0 ლარი, ხოლო სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ კაპიტალის საწყის ნაშთსა და გადამხდელის მიერ შემცირებულ კაპიტალს შორის დაიბეგრა საშემოსვლო გადასახადით, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 136-ე მუხლის მე3 ნაწილის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. საგადასახადო შემოწმების აქტი არ მოიცავს ინფორმაციას მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოწმებით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. შემოწმების პროცესში გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა შემოწმებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, თუმცა გადამხდელის მიერ მათი წარდგენა სრულად არ მომხდარა. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავებით ვერ გაიშიფრა დოკუმენტური რეალიზაციები. ამასთან, დეკლარაციების კონტროლის სამმართველოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირის შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 8 %-ს. აუდიტორის მითითების შედეგად გადამხდელმა მოახდინა აღნიშნული ფასნამატის ცვლილება, თუმცა მხოლოდ 4 %-ით. გადამხდელი აღნიშნავდა, რომ მისი ფასნამატი იყო 12 %, თუმცა მის მიერ ვერ მოხერხდა საქონლის გაშიფვრა და ერთმანეთისგან გამიჯვნა. შესაბამისად, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 26 %. შემოწმებით აღნიშნული ფასნამატის გამოყენებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა მართლზომიერია.
გადამხდელის არგუმენტთან, 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებულ ჯარიმასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური საგადასახადო შემოწმების აქტზე (დღგ-ის გაანგარიშების დანართი) დაყრდნობით განმარტავს, რომ 2022 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის დარიცხვა არ უფიქსირდება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, როლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანმება საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის განულებას, შემოწმებით დადგენილ კაპიტალის საწყის ნაშთსა და შემცირებულ კაპიტალს შორის სხვაობის, ასევე ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემოწმებისას კაპიტალის მოძრაობა არ იქნა დეტალურად გამოკვლეული. გაურკვეველია რა სახის ანალიზი ჩაატარა შემმოწმებელმა საწესდებო კაპიტალის დასადგენად და რის საფუძველზე გაანულა ის, როცა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში საწესდებო კაპიტლის ნაშთი შეადგენდა 142 925 ლარს და შესამოწმებელ პერიოდში საწესდებო კაპიტალი გაზრდილია 158 137,23 ლარით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი ფულადი ნაკადით უნდა შემცირებულიყო კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელის და დირექტორის ვალდებულება.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ითხოვს 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებით დეკლარირებული დივიდენდის თანხის შემცირებას. მიუთითებს, რომ აღნიშნულ პერიოდში დოკუმენტურად არ დასტურდება დივიდენდის გაცემა და ითხოვს მის შემცირებას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“-ის (ს/ნ "-------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ)დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. არ ეთანხმება საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის განულებას, შემოწმებით დადგენილ კაპიტალის საწყის ნაშთსა და შემცირებულ კაპიტალს შორის სხვაობის, ასევე ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
3. მომჩივანი ითხოვს 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებით დეკლარირებული დივიდენდის თანხის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 8%- ს. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავებით ვერ გაიშიფრა დოკუმენტური რეალიზაციები, რის გამოც გამოყენებულ იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (26%). გაანგარიშდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა.
2. გაანგარიშების მიხედვით პირს უნდა ჰქონოდა ფულადი სახსრების ნაშთი, თუმცა გადასახადის გადამხდელის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ფულადი სახსრების ნაშთი არ გააჩნდა.
არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული განკარგვადი შემოსავალი არსებითად აღემატეოდა საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ შემოსავალს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები ან/და ახსნაგანმარტება.გამოვლენილი შემოსავლის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოწმებით გადამხდელის საწყის საწესდებო კაპიტალად განესაზღვრა 0 ლარი, ხოლო სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ კაპიტალის საწყის ნაშთსა და გადამხდელის მიერ შემცირებულ კაპიტალს შორის დაიბეგრა საშემოსვლო გადასახადით, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
3. საგადასახადო შემოწმების აქტი არ მოიცავს ინფორმაციას მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მეორე და მესამე სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),97,981,101,130,136,159,160,161,275.