ბრძანება N 18307

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.08.2025
№ დოკუმენტი 18307
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18307

13 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----- (ს/ნ -----) (მის.: --------)

2025 წლის 27 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N 66) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ -----) 2025 წლის 27 ივლისის N 97124/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის N 024-38 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმებას არ ჰქონდა საფუძველი პირისთვის შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდანვე გაეუქმებინა მცირე ბიზნესის სტატუსი, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილება N 32 ძალაში შევიდა 2024 წლის 21 მაისიდან, შესაბამისად, შემოწმებას არ ჰქონდა უფლება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, კერძოდ, 2022 წლის 21 მარტიდან გაეუქმებინა პირისთვის მინიჭებული მცირე ბიზნესის სტატუსი. მიაჩნია, რომ 2024 წლის 21 მაისამდე დარიცხული თანხები სრულად ექვემდებარება გაუქმებას.

ასევე, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ხარჯებს. აცხადებს, მისთვის გაუგებარია თუ რის საფუძველზე მიიჩნია შემოწმებამ, რომ 100 კილომეტრზე ტრანსპორტის გადაადგილებისას საკმარისია 45 ლიტრი საწვავი, აღნიშნულთან დაკავშირებით შეუძლია წარმოადგინოს ექპერტიზის დასკვნა. ასევე, განმარტავს, რომ ვინაიდან სახეზეა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი ხარჯის გაწევა და შემოწმებითვე დადგენილია, რომ პირს არ გააჩნდა საწვავის ხარჯის პირველადი დოკუმენტები, შემოწმებას უნდა გამოეყენებინა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და დასაბეგრი შემოსავალი უნდა განესაზღვრა 25%-იანი რენტაბელურობიდან გამომდინარე, ხოლო 75% უნდა მიჩნეულიყო გაწეულ ხარჯად.

2. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 მაისის N 8758 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ----- (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 31 მარტიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 30 ივნისის N 14251 ბრძანება და ამავე თარიღის N 024-38 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 113 518 ლარი, მათ შორის, გადასახადი 68 833 ლარი, ჯარიმა 34 383 ლარი, საურავი 10 302 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვა, ფლობს რამდენიმე როგორც გამწევს, ისე მისაბმელის ტიპის სატვირთო ავტომობილს. საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე პირს უფიქსირდება სატრანსპორტო მომსახურების გაწევა, კერძოდ ტვირთის გადაზიდვა ისეთი საბაჟო რეჟიმებით, როგორიცაა იმპორტის რეჟიმი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საწყობი და სხვა. გადასახადის გადამხდელი სარგებლობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, წარმოადგენდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს და საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში განხორციელებული მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს წარადგენდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც პირს, 2022 წლის 3 მარტიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდზე, უფიქსირდება შემოსავალი 968 403 ლარის ოდენობით. შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები და ექსელის ცხრილები, რომელიც მოიცავდა განხორციელებული საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ მონაცემებს, კერძოდ, რეისის რაოდენობებს, განვლილ მანძილსა და საწვავის გახარჯვის მონაცემებს.

გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, სრულად არ უფიქსირდება პირველადი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი/ქვითრები და არც მატერიალური ფორმით არ წარმოდგენილა შემოწმების მიმდინარეობისას. ასევე პირს, ძირითად საშუალებად აღრიცხული სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი აქვს იმპორტის გზით, რაზედაც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73--ე, 88-ე, 111-ე მუხლების, ასევე „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N 415 დადგენილების და ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის N 32 დადგენილების გათვალისწინებით, საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დეკლარირებას. პირის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს შეადგინა 58 694 ლარი, 2023 წელს 309 090 ლარი, ხოლო 2024 წელს 495 017 ლარი. ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან განხორციელდა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის გამოყენებით. ამასთან, ვინაიდან საწვავის ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოდგენილა, შემოწმება საწვავის ხარჯის ნაწილში დაეყრდნო როგორც აუდირებულ მონაცემებს, ისე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ ცხრილებს, ხოლო არსებითი სხვაობა ამ ორ შორის არ გამოვლენილა. შესაბამისად, ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ საწვავის ხარჯმა 100 კმ-ზე საშუალოდ შეადგინა 45 ლიტრი. ამასთან, პირის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი საშუალების ხარჯის ნაწილში საამორტიზაციო ანარიცხებმა, ჯგუფი 1-ის შესაბამისად, შეადგინა 20%. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემცირებულ იქნა მცირე ბიზნესის ნაწილში წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, რაც შეადგენს 9 684 ლარს, ხოლო შემოწმებით განისაზღვრა წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის ოდენობა და გადასახადი.

შედეგად, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა;

ბ) პირმა ამ მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის დასრულებამდე მიმართა;

გ) პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას;

დ) პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის;

ე) პირი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N 415 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 952 მუხლის, 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე‑2 ნაწილისა და 955 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დამტკიცებულია აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი N4), კერძოდ, საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 261 პუნქტით გათვალისწინებული („საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა“) საქმიანობისა.

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ნებართვის სახეებია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა.

ასევე საქართველოს მთავრობის N 32 დადგენილებით დამტკიცებულია ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი”.

საქართველოს მთავრობის N 32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი ადგენს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის პირობებს, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის (შემდგომში − ნებართვა) პირობებს, ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, ნებართვის მოქმედების ვადას, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე გადაზიდვის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.

ხოლო, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თითოეული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ხორციელდება ცალკეული სპეციალური ნებართვის/სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის წარდგენით, თუ ამ წესით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს, განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა, ვალდებულია გააჩნდეს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პრველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. ხოლო, მე-3 ნაწილის მიხედვით, ძირითადი საშუალებები, რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ჯგუფდება ამორტიზაციის შემდეგი ნორმების მიხედვით: 1 ჯგუფი- 20 % ამორტიზაციის ნორმა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი სარგებლობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, წარმოადგენდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს და საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში ახორციელებდა მომსახურებას. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელის საქმიანობა, საერთაშორისო გადაზიდვა, წარმოადგენს ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას, მცირე ბიზნესის სტატუსისთვის აკრძალულ საქმანობას, რის საფუძველზეც აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება ჩვეულებრივი რეჟიმით, 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. წარდგენილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, 2022 წლის 3 მარტიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდზე, უფიქსირდება შემოსავალი 968 403 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები და ექსელის ცხრილები, რომელიც მოიცავდა განხორციელებული საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ მონაცემებს, კერძოდ რეისის რაოდენობებს, განვლილ მანძილსა და საწვავის გახარჯვის მონაცემებს. ასევე, გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, სრულად არ უფიქსირდებოდა პირველადი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (არც მატერიალური ფორმით არ წარდგენილა შემოწმების მიმდინარეობისას), კერძოდ, საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი/ქვითრები. შემოწმებით, განისაზღვრა პირის შემოსავლები 2022-2024 წლების განმავლობაში. ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან განხორციელდა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის გამოყენებით. ხოლო, ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო საწვავის დამადასტურებელი დოკუმენტები წარდგენილი, შემოწმება საწვავის ხარჯის ნაწილში დაეყრდნო როგორც აუდირებულ მონაცემებს, ისე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ ცხრილებს (არსებითი სხვაობა არ გამოვლენილა). შესაბამისად, ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ საწვავის ხარჯმა 100 კმ-ზე საშუალოდ შეადგინა 45 ლიტრი. ამასთან, პირის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი საშუალების ხარჯის ნაწილში საამორტიზაციო ანარიცხებმა, ჯგუფი 1-ის შესაბამისად, შეადგინა 20%. აგრეთვე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შემცირებულ იქნა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე საქართველოს მთავრობის N 32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისად წარმოადგენს ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N 415 დადგენილებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ექვემდებარება გაუქმებას საქმიანობის განხორციელების მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლების საერთო წესით, 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა, ასევე მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან განხორციელდა მართლზომიერად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმების მიერ დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშებისას შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული N 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოწმებისთვის არ წარდგენილა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ საწვავის ხარჯი გაანგარიშდა როგორც აუდირებული მონაცემების, ისე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ ცხრილებს მიხედვით, არსებითი სხვაობა კი ამ ორ შორის არ გამოვლინდა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ ტრანსპორტირებისთვის განსაზღვრული საწვავის ხარჯის გაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელი სარგებლობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, წარმოადგენდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს და საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში ახორციელებდა მომსახურებას. დადგენილია, რომ გადამხდელის საქმიანობა, საერთაშორისო გადაზიდვა, წარმოადგენს ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას, მცირე ბიზნესის სტატუსისთვის აკრძალულ საქმანობას, რის საფუძველზეც აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება ჩვეულებრივი რეჟიმით, 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი: 73; 269 (7); 275;.