გადაწყვეტილება №19704/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19704/2/2023
09 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "------" (პ/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 16.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19704/2/2023).
დავის საგანი:
შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული საქონლის რეალიზებულად მიჩნევა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის განსაზღვრის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2023 წლის №071-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9823 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 31 573,8 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 22 078
დღგ - 3 103
საშემოსავლო გადასახადი - 18 975
ჯარიმა - 6 175
საურავი - 3 320,8
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 22.02.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 10.11.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მომჩივნის მიერ ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მასალებით დგინდება, რომ მომჩივანს სახერხი საამქროების მიერ გაცემული ცნობები გამოყენებული აქვს ხის მასალის შიდა გადაზიდვის და რეალიზაციის ამსახველ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში. გარკვეულ პირებს, მომჩივნისთვის ხის მასალის მიწოდება რეალურად არ განუხორციელებიათ და მეწარმეებს, მათ წარმომადგენლებს, შორის ადგილი ჰქონდა ფიქტიურ ოპერაციებს, რის შედეგადაც შესყიდული იქნა შესყიდვის/რეალიზაციის ამსახველი ხე-ტყის ყალბი სასაქონლო ზედნადებები. ასევე დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ ზემოხსენებული ყალბი სასაქონლო ზედნადებები და მასში მითითებული სახერხი საამქროების მიერ გაცემული ცნობის ნომრები გამოყენებულია არაერთ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში, რომლითაც "------" -ის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან სხვადასხვა ქალაქებში/სოფლებში განახორციელეს ხის მასალის შიდა გადაზიდვა და მისი უსაბუთოდ, ზედნადების გარეშე რეალიზაცია, შემდგომ აკორექტირებდნენ შიდა გადაზიდვის ზედნადებებს, უცვლიდნენ ტრანსპორტირების დასრულების ადგილს და უთითებდნენ პირველადი სასაქონლო ზედნადების საწყის ადგილს, საიდანაც იგივე ცნობის ნომრით არაერთხელ განახორციელეს ხის მასალის გადაზიდვა და რეალიზაცია. შემოწმებით ირკვევა, რომ მომჩივანი, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მიხედვით, რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად და მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი. პირის საქმიანობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის ტექნიკაზე (ტრაქტორზე) მექანიზატორის საქმიანობა. მომჩივანს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს ერთობლივი შემოსავალი გაეზარდა 117 048 ლარით. გადასახადის გადამხდელს მიღებული შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლების შესაბამისად უნდა დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით მომჩივანს გაეზარდა 2021 წლის ერთობლივი შემოსავალი. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმებით ირკვევა, რომ მომჩივანი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შესამოწმებელ პერიოდზე შედგენილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ბრუნვის ცხრილი, ნებისმიერი 12 უწყვეტი კალენდარული თვის პერიოდზე. მომჩივანს გაეზარდა შემოსავლები და 12.12.2021 წლიდან უწევს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შემოწმების პერიოდში გაიზარდა 17 244 ლარით დღგ-ის გარეშე. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდამ გამოიწვია დღგ-ის დარიცხვა, გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2023 წლის №071-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9823 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4, მე-5 ნაწილებზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/მასალებით დადგენილია, რომ ფ/პ "------"-ის ყალბი სასაქონლო ზედნადებები და მასში მითითებული სახერხი საამქროების მიერ გაცემული ცნობის ნომრები გამოყენებული აქვს არაერთ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში, რომლითაც "-------" -ის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან სხვადასხვა ქალაქებში/სოფლებში ახორციელებდა ხის მასალის შიდა გადაზიდვას და დოკუმენტების გარეშე რეალიზაციას. შემდგომ, ხდებოდა აღნიშნული შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებების კორექტირება, უცვლიდა ტრანსპორტირების დასრულების ადგილს და დასრულების მისამართში.
უთითებდა ტრანსპორტირების საწყის ადგილს, საიდანაც იგივე ცნობის ნომრით არაერთხელ განახორციელა ხის მასალის გადაზიდვა და რეალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საგამოძიებო მასალებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, გაიზარდა ფ/პ "------"-ის 2021 წლის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯიც. კერძოდ, ისეთი სახეობის საქონელზე, რომელთა შეძენაც დასტურდებოდა დოკუმენტით (დოკუმენტში არსებული ფირნიშის ნომრები არის ყალბი), აღებული იქნა დოკუმენტურად დაფიქსირებული ხარჯის 75%, ხოლო შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებების მიხედვით მიღებული შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად დაფიქსირდა საგამოძიებო მასალებში, გამოკითხვის ოქმის მიხედვით დაფიქსირებული შეძენის ღირებულებები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით და არსებული ინფორმაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია, რომ გარკვეული პირებისთვის ხის მასალის მიწოდება რეალურად არ განუხორციელებია და მეწარმეებს და მათ წარმომადგენლებს შორის ადგილი ჰქონდა ფიქტიურ ოპერაციებს. ბრძანებაში მითითებულია, რომ სასაქონლო ზედნადებები და მათში მითითებული სახერხი საამქროების მიერ გაცემული ცნობის ნორმები გამოყენებულია არაერთ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში. თუმცა ეს არაერთგზისობა კონკრეტული მტკიცებულებებით, რაც რეალიზაციად იქნებოდა განხილული და მიჩნეული, არანაირი სახის მტკიცებულებით არ არის დადასტურებული.
აუდიტის მიერ კონკრეტული გარემოებების შესწავლით უნდა დადგენილიყო მომჩივნის მიერ რა რაოდენობის მასალის რეალიზაცია მოხდა და შემოწმების აქტი უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტებს, რითაც დადასტურდებოდა მასალის რეალიზაციის ფაქტები და შემოსავლის მიღება. შემოწმების აქტი არ შეიძლება ეფუძნებოდეს ვარაუდს ან ზოგად ინფორმაციას, ვინაიდან საგადასახადო დარიცხვა და ანგარიშგება ითვალისწინებს რეალიზაციის ამსახველი კონკრეტული ინფორმაციების შესწავლას და გაანალიზებას, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა, შესაბამისად შემოწმების აქტში ასახული მასალები, საიდანაც დაერიცხა გადასახდელი თანხა საერთო ჯამში არის უარგუმენტო და უსაფუძვლო. შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრის მიზანი იყო ის, რომ სწორედ ეს საკითხი შეესწავლათ და დაედგინათ კონკრეტული მტკიცებულებები გააჩნდა თუ არა შემოწმების აქტის გამომცემ ორგანოს იმ თანხების დარიცხვისას, რაც მან ამ აქტით დაარიცხა, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა გვერდი აუარა ამ გარემოებას და საჩივარი და მის საფუძვლად არსებული მასალები არ შეისწავლა, რის შედეგადაც მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო ბრძანება.
მართალია საგადასახადო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლებით დაბეგვრას ექვემდებარება რეზიდენტი ფიზიკური პირი, მაგრამ ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ იბეგრება ის შემოსავალი, რომელიც მან მიიღო ანუ შემოწმებისას უნდა დადგენილიყო შემოსავალი, რომელიც მომჩივანმა მიიღო მასალის რეალიზაციით. რეალიზაციის კონკრეტული ფაქტი კი დგინდება არა კონკრეტული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, არამედ წერილობითი მტკიცებულებებით. აღნიშნული მტკიცებულებები კი არ არსებობს, ვინაიდან მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორცილდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა. მის მიერ შესრულებული განხორციელებული საქმიანობა არ იყო ეკონომიკური საქმიანობა, რადგან მასალის უმეტესი ნაწილი ტრანსპორტირებული აქვს პირადი საჭიროებისთვის, რითაც მას არანაირი შემოსავალი არ მიუღია. ამდენად, ამ ოპერაციების შემოსავალში ჩათვლა და ეკონომიკურ საქმიანობად აღიარება ეწინააღმდეგება ზემოთ ხსენებული მუხლით დადგენილ წესს.
შემოსავლების სამსახური ბრძანებაში არასრულად განმარტავს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლს. ამავე მუხლით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელისგან და მისი წარმომადგენლისგან მიიღონ გადასახადების გამოანგარიშებასა და გადასახადთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საგადასახადო შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე. გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსოები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტის რაოდენობა, დასაბეგრი ობიექტის სრულად შესწავლის მიზნით განახორციელონ გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა. გადასახადების ადმინისტრირების მიზნით მოიწვიონ სპეციალისტები ან ექსპერტები.
ყველა ეს ჩამოთვლილი მოქმედება შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაში შედის და ამ ღონისძიებებს კანონმდებელი განსაზღვრავს იმ მიზნით, რომ ზუსტად დადგინდეს გადასახადის გადამხდელის ქმედებები და ზუსტად განისაზღვროს დასაბეგრი ობიექტის მოცულობა და რაოდენობა. ზემოთხსენებული კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, მიმართულია მეწარმის საქმიანობის შემოწმებისკენ, რომელიც უნდა ჩატარებულიყო.
საჩივარი სწორედ ამ მიზნით იყო წარდგენილი შემოსავლების სამსახურში, რომ არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები დასაბეგრი ობიექტის მოცულობასთან დაკავშირებით და შემოსავლების სამსახური ისე, რომ მან არ გამოიკვლია საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლით შესასწავლი გარემოებები, ამის უგულვებელყოფით განსაზღვრავს დასაბეგრი ობიექტის მოცულობას და რაოდენობას, რაც უკანონო და უსაფუძვლო ქმედებაა. სწორედ ამის გამო ჰქონდა საჩივარი შეტანილი შემოსავლების სამსახურში, მაგრამ ის არ დაკმაყოფილდა და იმედი აქვს დავების განხილვის საბჭო მის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებებს გაითვალისწინებს და მოთხოვნებს დააკმაყოფილებს სრულად.
შემოსავლების სამსახურმა ზემოთხსენებული გარემოებების შესწავლის გარეშე არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით მოახდინა მისი დაბეგვრა და უსამართლოდ აღნიშნავს, რომ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამ გარემოებას ხდის სადავოდ, ვინაიდან დავის საგნის განუსაზღვრელად, მისი მოცულობის დაუდგენლად, შეუძლებელია პირის მიმართ მოთხოვნის წარდგენა და მასზე რაიმე თანხის დაკისრება, ვინაიდან ეს პროცესი წარმოადგენს ადმინისტრაციულ პროცესს და ამ შემოწმების დროს ყველა საკითხი და დეტალი უნდა ყოფილიყო შესწავლილი და გამოკვლეული. შემოსავლების სამსახურს გააჩნდა შესაძლებლობა გამოეკითხა გარკვეული პირები და მათგან მიეღო განმარტებები, ასევე მოწვეული ყოფილიყო მომჩივანი და დაედგინა მის მიერ რეალიზებული და რეალიზაციის განხორციელებული ქმედებები. არაპირდაპირი სახით დაბეგვრა ამიტომაა საფუძველს მოკლებული, ვინაიდან ზუსტად და სრულად იქნებოდა შესაძლებელი მოცემულ შემთხვევაში რეალური რაოდენობების დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლით დადგენილია დღგ-ის კონკრეტული რაოდენობა, ანუ პირის მიერ მიღებული შემოსავალი უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს 12 კალენდარული თვის განმავლობაში. მის მიერ განხორციელებული საქმიანობა დაკავშირებული იყო პირადად იმ პროდუქციის გამოყენებასთან, რომელიც დაკავშირებულია ხე-ტყესთან. შესაბამისად, პირადი მოხმარებისთვის გამოყენებული საქონელი ვერანაირად ვერ იქნება ჩათვლილი ეკონომიკურ საქმიანობად. სწორედ ეს გარემოება იყო დასადგენი შემოსავლების სამსახურის მიერ, რითაც ზუსტად განისაზღვრებოდა მიღებული შემოსავლების მოცულობა და რაოდენობა, რაც არ იქნა გაკეთებული იმ ფაქტების და მტკიცებულებების გამოკვლევით, რომელიც ზუსტ სურათს წარმოაჩენდა. აღნიშნული სადავო გარემოებები კი აუცილებლად დადგება ამ საქმის სასამართლო წესით განხილვის დროს. შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული შემოწმების აქტით ვერ დგინდება, რის საფუძველზე იქნა გაანგარიშებული შემოსავლები, რომელმაც მათი განმარტებით გადააჭარბა 100 000 ლარს. ამ ფაქტის დასადგენად შემოსავლების სამსახურს არ გამოუკვლევია არანაირი სახის მტკიცებულება, არ მოუპოვებია ზეპირი თუ წერილობითი სახის მტკიცებულება, რაც მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში რეალურ სურათს წარმოაჩენდა, შესაბამისად მათ მიერ გაანგარიშებული თანხა, რომელიც იქნა დარიცხული არის უკანონო, უსაფუძვლო, ზეპირი და უარგუმენტო გარემოებებზე დამყარებული, რაც არ იქნა შეცვლილი საჩივრის წარდგენით შემოსავლების სამსახურის მიერ. იმედი აქვს, დავების განხილვის საბჭო აღნიშნულს გამოასწორებს, ვინაიდან დაბეგრეს თანხით, რომლის შემოსავლებში აღების მტკიცებულება არ არსებობს.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ერთობლივ შემოსავალს მიეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
აღნიშნული მუხლი აყალიბებს დათქმას, რომ ეკონომიკური საქმიანობით პირმა უნდა მიიღოს შემოსავალი. სწორედ ეს გარემოება უნდა დადგინდეს, რომ მიიღო თუ არა პირმა შემოსავალი მის მიერ განხორციელებული საქმიანობით. მოცემულ შემთხვევაში განხორციელებული საქმიანობა დაკავშირებული იყო პირად ხე-ტყის მოხმარებასთან, რომლითაც მას შემოსავალი არ მიუღია, შესაბამისად ეს გარემოება უნდა გამხდარიყო შემოსავლების სამსახურის კვლევის საგანი და ამ გარემოების ზუსტად დადგენა შესაძლებელი იყო, რის შემდეგაც არაპირდაპირი მეთოდების გამოყენება საჭირო არ გახდებოდა.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავალი. კანონის ეს ნორმა ადგენს, რომ საქონლის მიწოდებით უნდა მიიღოს პირმა შემოსავალი, ანუ მიწოდების ფაქტი უნდა დადგინდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალიზაციის ფაქტს ჰყავს ამ ურთიერთობის ორი მხარე, კერძოდ გამყიდველი და მყიდველი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მარეგულირებელი ნორმებით, რომელიც შეეხება ნარკოტიკულ დანაშაულს აღნიშნული საშუალების რეალიზაცი პირს ბრალად შეერაცხება, როცა უტყუარადაა დადგენილი ამ ურთიერთობის მეორე მხარე, რომელმაც ეს საშუალება მიიღო და გამყიდველი, რომელმაც ამ მიწოდებით შემოსავალი მიიღო. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ადასტურებს, რომ არ არსებობს საქონლის რეალიზაციისთვის მიწოდების კონკრეტული ფაქტები, არ არსებობს მყიდველი, რომელმაც მისგან მიწოდებული მასალა მიიღო (იყიდა) და მან, როგორც თითქოს ამ ურთიერთობის მეორე მხარემ რაიმე სარგებელი მიიღო. მის მიერ განხორციელებული ქმედებების უმეტესი ნაწილი იყო ტრანსპორტირება პირადი მოხმარებისთვის, რომლის რეალიზაციაში ჩათვლა უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედებაა.
შემოსავლების სამსახურის მიერ არაა დაკონკრეტებული რა რაოდენობის მიწოდება იქნა ჩათვლილი რეალიზაციად და შემოსავლის მიღებად. ის ეყრდნობა ზოგად მონაცემებს, რამაც დასაბეგრი თანხა უსაფუძვლოდ გაზარდა. არ უწარმოებია საქონლის იმ რაოდენობის რეალიზაცია, რაც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულებას წარმოშობდა, ადგილი ჰქონდა უმეტესად პირადი საჭიროებისთვის და მოხმარებისთვის მასალის რეალიზაციას, რაც არ უნდა ჩათვლილიყო შემოსავლის მიღებად, რადგან მას არანაირი სახის შემოსავალი არ მიუღია.
ასევე განსაკუთრებით უკანონო და უსამართლო ქმედებაა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, რადგან ის გარემოებები და ფაქტები, რაც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი ხდება, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს და შესაძლებელი იყო შემოსავლების სამსახურის მიერ კონკრეტული მაჩვენებლის და გარემოებების დადგენა, თუ ისინი საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილ და განსაზღვრულ უფლებამოსილებას გამოიყენებდნენ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის №"------"-ის წერილის თანახმად, შემოწმებით და საგამოძიებო მასალებიდან (მათ შორის თემატური რევიზიის აქტი) გამომდინარე 2021 წლის შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ "------"-ს (პ/ნ "------") ერთობლივი შემოსავალი გაეზარდა 117 048 ლარით. მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება განესაზღვრა 12.12.2021 წლიდან. შემოწმებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრასთან დაკავშირებით (შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებზე), აგრეთვე იმ შეძენის დოკუმენტებზე, რომლებზედაც გამოძიების მასალებით დგინდება, რომ დოკუმენტებში არსებული ფირნიშის ნომრები არის ყალბი, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებიდან (26.02.2019 წლის №4119 გადაწყვეტილება) გამომდინარე გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2.02.2012 წლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“. ისეთი სახეობის საქონელზე, რომელთა შეძენაც დასტურდებოდა დოკუმენტით (დოკუმენტში არსებული ფირნიშის ნომრები არის ყალბი), გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დაფიქსირებული ხარჯის 75%, ხოლო შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებების მიხედვით მიღებული შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად დაფიქსირდა საგამოძიებო მასალებში, გამოკითხვის ოქმის მიხედვით დაფიქსირებული შეძენის ღირებულებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით. კერძოდ, მომჩივნის მიერ შესყიდული იქნა შესყიდვის/რეალიზაციის ამსახველი ხე-ტყის ყალბი სასაქონლო ზედნადებები. ყალბი სასაქონლო ზედნადებები და მასში მითითებული სახერხი საამქროების მიერ გაცემული ცნობის ნომრები გამოყენებულია არაერთ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში, რომლითაც განახორციელეს ხის მასალის შიდა გადაზიდვა და მისი უსაბუთოდ, ზედნადების გარეშე რეალიზაცია, შემდგომ აკორექტირებდნენ შიდა გადაზიდვის ზედნადებებს, უცვლიდნენ ტრანსპორტირების დასრულების ადგილს და უთითებდნენ პირველადი სასაქონლო ზედნადების საწყის ადგილს, საიდანაც იგივე ცნობის ნომრით არაერთხელ განახორციელეს ხის მასალის გადაზიდვა და რეალიზაცია
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსის, ფაქტობრივი გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას,ასევე მომჩვიანი თვლის, რომ შემოსავლების სამსახურმა გარემოებების შესწავლის გარეშე არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით მოახდინა მისი დაბეგვრა და უსამართლოდ აღნიშნავს, რომ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მომჩივნის მიერ ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
მომჩივანს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი არ აქვს.
2021 წლის შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს ერთობლივი შემოსავალი გაეზარდა და მიღებული შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლების შესაბამისად უნდა დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმებით მომჩივანს გაეზარდა 2021 წლის ერთობლივი შემოსავალი. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმებით ირკვევა, რომ მომჩივანი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. მომჩივანს გაეზარდა შემოსავლები და უწევს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდამ გამოიწვია დღგ-ის დარიცხვა, გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),80,102,136,