ბრძანება N 5194
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5194
11 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 5 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს ,,-------“ (ს/ნ -------) №87461/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №005-231 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. პირი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმებით ერთი ლიტრი შამპუნი გახარჯულად ჩაითვალა 28 მომხმარებელზე, ხოლო ერთ მომხმარებელზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 13 ლარით. გადამხდელის განმარტებით კი ერთი ლიტრი შამპუნი იხარჯება 14-15 მომხმარებელზე, ხოლო, შესამოწმებელ პერიოდში, რომელიც მოიცავს პანდემიის პერიოდს, ერთი მომხმარებლის მომსახურების ღირებულება შედგენდა 5 ლარს. გადასახადის გადამხდელი ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული გადასახადის კორექტირებას.
2. პირი არ ეთანხმება სესხზე გადახდილი თანხის ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. აცხადებს, რომ კომპანიას საბანკო დაწესებულებისგან აღებული აქვს სესხი, ამ თანხით შეძენილია უძრავი ქონება, რომელიც გადაფორმდა საწარმოს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე (დირექტორებზე). განმარტავს, რომ აღნიშნული ოპერაცია შინაარსობრივად წარმოადგენს სესხს, რადგან, დამფუძნებლები კომპანიის ანგარიშზე რიცხავენ სესხის თანხას და შემდეგ ამ ანგარიშიდან ხდება სესხის დაფარვა საბანკო დაწესებულებისთვის. მომჩივანი ითხოვს აღნიშნული ოპერაციის სესხად დაკვალიფიცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ოქტომბრის №26517 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33059 ბრძანება და ამავე თარიღის №005-231 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 248 328 ლარი, მათ შორის გადასახადი 144 070 ლარი, ჯარიმა 62 588 ლარი, საურავი 41 670 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს ,,-------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 5 აგვისტოს. გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საპარიკმახეროების და სილამაზის სალონების მომსახურება. მის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც არ არის სრულყოფილი, ბუღალტრულ პროგრამაში სრულად არ არის აღრიცხული მომსახურებასთან დაკავშირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სახეობრივ/რაოდენობრივ ჭრილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებისა და დოკუმენტურად მიღებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით. შემოწმების შედეგად, გამოვლენილი გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1601 და 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში (სალარო აპარატის ბრუნვების ხვედრითი წილის გათვალისწინებით). შედეგად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი.
ამასთან, გადამხდელი არ ყოფილა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული. შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2020 წლის 4 დეკემბერს, შესაბამისად, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაუდგინდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შედეგად, შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
2. გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის და შესაბამისი პროცენტის დაფარვა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების და ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული სესხი, ბანკიდან აღებულია შპს ,,-------“ სახელით და გამოყენებულ იქნა ქონების შესაძენად, რომელიც რეგისტირებულია კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმების მიერ, სესხზე გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორებზე (დამფუძნებლებზე) გაცემულ ხელფასად. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა სრულყოფილად, კერძოდ, ბუღალტრულ პროგრამაში სრულად არ არის აღრიცხული მომსახურებასთან დაკავშირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სახეობრივ/რაოდენობრივ ჭრილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების და დოკუმენტურად მიღებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით, რის საფუძველზეც გამოვლენილმა გაწეული მომსახურების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გამოიწვია პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და შემოწმებით, საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვების ხვედრითი წილის გათვალისწინებით, დადგენილი ბრუნვა დაიბეგრა დღგ-ით.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა სრულყოფილად, კერძოდ, ბუღალტრულ პროგრამაში სრულად არ არის აღრიცხული მომსახურებასთან დაკავშირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სახეობრივ/რაოდენობრივ ჭრილში, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია.
გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ერთი ლიტრი შამპუნით ხდება 75 მომხმარებლის მომსახურება, მაგრამ, ხშირად, შამპუნი არის თხელი და უხარისხო, ამიტომ, პრაქტიკაში ერთი ლიტრი შამპუნით ემსახურებიან 28 მომხმარებელს. შემოწმების მიერ მოხდა წარდგენილი ახსნა-განმარტების გათვალისწინება. ასევე, გადამხდელის არგუმენტი, რომ მომხმარებელს სალონური მომსახურებისთვის სჭირდება თავის დაბანა, მინიმუმ 2-ჯერ, საფუძველს მოკლებულია, რადგან, აღნიშნულ გადამხდელთან, მომსახურება, რომელიც 2-ჯერ საჭიროებს თავის დაბანას, შემოწმების მიერ არ იქნა გამოვლენილი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის და შესაბამისი პროცენტის დაფარვა. გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით ირკვევა, რომ აღნიშნული სესხი, ბანკიდან აღებულია შპს ,,-------“ სახელით და გამოყენებულ იქნა ქონების შესაძენად, რომელიც რეგისტირებულია კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე. შემოწმების მიერ, სესხზე გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორებზე (დამფუძნებლებზე) გაცემულ ხელფასად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ, საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
პირი არ ეთანხმება
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. სესხზე გადახდილი თანხის ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საპარიკმახეროების და სილამაზის სალონების მომსახურება. მის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც არ არის სრულყოფილი, ბუღალტრულ პროგრამაში სრულად არ არის აღრიცხული მომსახურებასთან დაკავშირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სახეობრივ/რაოდენობრივ ჭრილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
ამასთან, გადამხდელი არ ყოფილა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული. შემოწმების შედეგად პირს დაუდგინდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2020 წლის 4 დეკემბერს. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
2. გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის და შესაბამისი პროცენტის დაფარვა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების და ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული სესხი ბანკიდან აღებულია შპს სახელით ქონების შესაძენად, ხოლო ქონება რეგისტირებულია კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმების მიერ, სესხზე გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორებზე (დამფუძნებლებზე) გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 1601; 282; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 157; 160; 161