გადაწყვეტილება №18227/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.12.2022
№ დოკუმენტი 18227/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18227/2/2022

08.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --------- (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ ს 17.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18227/2/2022).

 

დავის საგანი:

1. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

2. ნაშთად არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დღგ-ის ჩათვლა და გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინება;

3. საურავის გადაანგარიშება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2020 წლის №007-202 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27402 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 726 529, 78 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 394 168

დღგ - 122 328

საშემოსავლო გადასახადი - 271 840

ჯარიმა - 163 104

საურავი - 169 257, 78

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2020 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 17.07.2020 წლის №007-202 საგადსახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.01.2022 წლის №802 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 7.04.2022 წლის №15570/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.01.2022 წლის №802 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27402 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი. აღნიშნულზე მომჩივანს 11.07.2017 წლის №776195 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ნულოვანი ფორმით. შემოწმების შედეგად ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი დანაკლისი ჩართულ იქნა 2017 წლის ერთობლივ შემოსავალში. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და გამოვლენილ დანაკლისი არ აქვს ასახული 2017 წლის ივლისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში. შემოწმებით, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე და 161-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 64- ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-4 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ ი/მ ----------ს მიმართ აუდიტის დეპარტამენტის მიერ 17.07.2020 წლის №007-202 საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გამოქვეყნებულია კანონმდებლობის შესაბამისად და მისი ხანდაზმულობის საფუძვლით გაუქმება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია, რომელსაც შემოსავლების სამსახურის წარმოადგენს, რომ 17.07.2020 წლის №007-202 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ (30.07.2020 წელს და 10.09.2020 წელს) გაგზავნილ იქნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, იურიდიულ მისამართზე. არ შეესაბამება რეალობას, რადგანაც მომჩივანს ინდმეწარმედ რეგისტრაციის თარიღიდან მოყოლებული გააჩნდა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ დარღვეულია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების წესი, ამიტომაც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი და დაწესებული ვადების დარღვევით ჩაბარებული საგადასახადო მოთხოვნა ექვემდებარება გაუქმებას, რადგანაც გასულია თანხის დარიცხვის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:

ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.

შემოსავლების სამსახურის 4.02.2022 წლის №-----21-14 წერილის თანახმად „---------“ არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებულ მომხმარებელს, ამიტომ მის მიმართ 15.07.2020 წელს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 17.07.2020 წლის №20003 ბრძანება და 17.07.2020 წლის №007-202 საგადასახადო მოთხოვნა პირს გაეგზავნა ორჯერ საფოსტო დაწესებულების საშუალებით, პირველ ჯერზე 30.07.2020 წელს, მისამართზე: -------------- და დაუბრუნდა გამგზავნს ვინაიდან სახლში არ იმყოფებოდა არავინ. 29.09.2020 წელს კორესპონდენცია კვლავ გაიგზავნა იგივე მისამართზე და კვლავ დაუბრუნდა გამგზავნს მიზეზად მიეთითა ------ მე-8 ქუჩა არ არის მე-7 ქუჩაა ჩიხებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად, განხორციელდა აღნიშნული ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 12.10.2020 წელს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის შინაარსზე, რომლის თანახმად, სადავო აქტის საჯაროდ გავრცელებისთვის საკმარისია საფოსტო დაწესებულებით მეშვეობით ორჯერ გაგზავნილი საგადასახადო მოთხოვნის ჩაუბარებლობა.

საბჭოს 7.04.2022 წლის №15570/2/2022 გადაწყვეტილებით, სადავო ადმინისტრაციული აქტების გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტების ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, უშუალოდ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა მიერ გადამხდელისთვის დოკუმენტების ჩაბარების მცდელობა. შესაბამისად, საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. ნაშთად არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დღგ-ის ჩათვლა და გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინება

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების აქტში სადაო საკითხთან დაკავშრებით არსებული ფაქტი გამოკვეთილი არ არის.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2017 წლის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას გამოქვითვებში უნდა გათვალისწინებულიყო 2017 წელს შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები, რომელიც შეადგენს 328 234 ლარს, ასვე იჯარის თანხები და ა.შ. შემოწმების აქტით მხოლოდ ერთობლივ შემოსავალში ჩართული იქნა დანაკლისის თანხა, ხოლო ხარჯები არ იქნა გათვალისწინებული, რაც არასწორია. რაც შეეხება დღგ-ის გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას მხედველობაშია მისაღები, რომ დღგ-ის სავალდებულო წესით რეგისტრაციის მომენტში გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს მიიღოს დღგში ჩათვლა (საგადასახადო კოდექსის შესაბამისად) ნაშთად არსებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე, რაც წარმოადგენს 15 834 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლას. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს შემოწმების შესახებ ბრძანებას, არამედ ყურადღება არის გასამახვილებელი, შემდეგ არსებით გარემოებაზე: ვინაიდან 2017 წლის საანგარიშო პერიოდს უკვე გასული აქვს ხანდაზმულობის ვადა, და ასევე არ შეიძლება შემოწმებულ პერიოდზე დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენა, ამიტომ შემოსავლების სამსახურს გამოსაქვით ხარჯებში უნდა გაეთვალისწინებინათ დოკუმენტალურად დადასტურებული ხარჯები, შესაბამისად საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა 69 000 ლარზე მეტად შემცირდებოდა.

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის, მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში. საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

მომჩივანი საჩივარში უთითებს, რომ 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას გამოქვითვებში უნდა გათვალისწინებულიყო 2017 წელს შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები, რომელიც შეადგენს 328 234 ლარს, ასვე იჯარის თანხები და ა.შ. შემოწმების აქტით, ერთობლივ შემოსავალში ჩართული იქნა დანაკლისის თანხა, ხოლო, ხარჯები არ იქნა გათვალისწინებული. რაც შეეხება დღგ-ის გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას მხედველობაშია მისაღები, რომ დღგ-ის სავალდებულო წესით რეგისტრაციის მომენტში გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს მიიღოს დღგ-ში ჩათვლა ნაშთად არსებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე, რაც წარმოადგენს 15 834 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლას.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ნაშთად არსებულ სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე დღგ-ის ჩათვლის საკითხი შესწავლილი არ არის. მხარეთა არგუმენტების, ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების და სადავო საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ნაშთად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებზე დღგ-ის ჩათვლის და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული სადავო საკითხების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

3. საურავის გადაანგარიშება

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს საურავის სახით დაერიცხა 169 257, 78 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს 269-ე მუხლის 21 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მომჩივნის არგუმენტაცია მომჩივანი არგუმენტებს არ წარმოადგენს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 27.12.2018 წლის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილების (ამოქმედდა 1.01.2019 წლიდან) შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან“.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დაანგარიშება ხდება პროგრამულად. 27.12.2018 წლის კანონით საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით 10.05.2019 წლის შემოსავლების სამსახურის უფროსის №14597 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებაში და განისაზღვრა თუ როგორ უნდა მოხდეს საურავის დარიცხვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27402 ბრძანება;

3. მე-2 დავის საგნის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს ნაშთად არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დღგ-ის ჩათვლის და გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის საკითხი;

4. ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

2. ნაშთად არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დღგ-ის ჩათვლა და გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინება;

3. საურავის გადაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოება

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი. შემოწმების შედეგად ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი დანაკლისი ჩართულ იქნა 2017 წლის ერთობლივ შემოსავალში. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი და არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და გამოვლენილ დანაკლისი არ აქვს ასახული 2017 წლის ივლისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში. შემოწმებით, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე და 161-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების და სადავო საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ნაშთად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებზე დღგ-ის ჩათვლის და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული სადავო საკითხების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272(2); 286 (9)