გადაწყვეტილება №25848/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.11.2025
№ დოკუმენტი 25848/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25848/2/2025

07 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 12.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25848/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოწმებით განსაზღვრული განკარგვადი თანხის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №052-9 სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 25.08.2025 წლის №18863 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 241 347.9 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 150 157.55

დღგ - 72 396.30

საშემოსავლო გადასახადი - 77 761.25

ჯარიმა - 75 111.40

საურავი - 16 078.95

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება.

აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2025 წლის №9347 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 19.08.2022-1.05.2025 წლების საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 13.05.2025 წლის ჩათვლით. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 1.07.2025 წლის №14404 ბრძანება და ამავე თარიღის №052-9 საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.05.2025 წლის №8478 ბრძანების საფუძველზე, 13.05.2025 წელს, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის მონიტორინგი, რომლის შედეგად შედგენილ ოქმში დაფიქსირდა ნულოვანი ნაშთი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით 13.05.2025 წლის მდგომარეობით დებიტორული დავალიანება შეადგენდა ნულ ლარს, ხოლო კრედიტორული დავალიანება 421 ლარს. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადაანგარიშდა განკარგვადი თანხა, რომელიც განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.08.2025 წლის №18863 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დირექტორ ---------ზე (პ/ნ ----------) შესამოწმებელ პერიოდში საქვეანგარიშოდ გაცემული იყო 311 045 ლარი. მას მოცემული თანხა უნდა გამოეყენებინა ახალი პროექტის განსახორციელებლად. შესაბამისად გადაწყვეტილი იქნა ფულადი სახსრების გამოტანა საქვეანგარიშოდ. ახალი პროექტის განხორციელება დაწყებულია, საწარმოს დაწყებული აქვს სატენდერო მომსახურება. დაჯარიმება მოხდა ნაღდი ფულის არარსებობის გამო, რომელიც კომპანიის დირექტორს ჰქონდა საქვეანგარიშოდ გატანილი და მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა შემოსავლების სამსახურის აუდიტორებისათვის. აუთვისებელი თანხის დაბრუნება მოახდინა საწარმოს საბანკო ანგარიშზე და მოხდება ამ თანხის მიზნობრივი ხარჯვა სატენდერო ვალდებულებების შესასრულებლად კომპანიის ანგარიშიდან. შესაბამისად დირექტორზე გაცემული თანხა დაბრუნებული იქნება კომპანიის საბანკო ანგარიშზე.

შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვა მოხდა 7.08.2025 წელს მომჩივანის დაუსწრებლად. მომჩივანი შემოსავლების სამსახურიდან ინფორმირებული არ იყო მოცემული სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით. განხილვა ჩატარდა დისტანციურად.

ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად დამატებით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშებას. სხვა დანარჩენ ნაწილში ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხულ გადასახადებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად,დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე კერძოდ, - აუთვისებელი თანხის დაბრუნება მოახდინა საწარმოს საბანკო ანგარიშზე და მოხდება ამ თანხის მიზნობრივი ხარჯვა სატენდერო ვალდებულებების შესასრულებლად კომპანიის ანგარიშიდან. მომჩივანი ასევე აპელირებს, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მისი მონაწილეობის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დასკვნა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.08.2025 წლის №18863 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმებით განსაზღვრული განკარგვადი თანხის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №9347 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 19.08.2022-1.05.2025 წლების საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 13.05.2025 წლის ჩათვლით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა №14404 ბრძანება და №052-9 საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №8478 ბრძანების საფუძველზე, 13.05.2025 წელს, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის მონიტორინგი, რომლის შედეგად შედგენილ ოქმში დაფიქსირდა ნულოვანი ნაშთი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით 13.05.2025 წლის მდგომარეობით დებიტორული დავალიანება შეადგენდა ნულ ლარს, ხოლო კრედიტორული დავალიანება 421 ლარს. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადაანგარიშდა განკარგვადი თანხა, რომელიც განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №18863 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“ ); 101(1); 154(1 „ა“ 2 „ა“ და „ბ“);