ბრძანება N 13601
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13601
10 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----------“-ის (ს/ნ-------------)
(მის.: ---------------------------------)
2024 წლის 28 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივნისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა შპს „-----------“-ის (ს/ნ-------------) 2024 წლის 28 მაისის №89900/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 მაისის №056-22 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საწარმოს მიერ დეკლარირება ხდება ფაქტობრივად გამოწერილი და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით. აცხადებს, რომ ყველა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შესაძლოა არ იყო შესაბამის პერიოდში დაბეგრილი, მარამ სრულად არის დაბეგრილი. ითხოვს, საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №10507 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------“-ის (ს/ნ-------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის სექტემბრის, 2022 წლის ივნისის, 2023 წლის თებერვლის, აპრილის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 23 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 27 მაისის №12174 ბრძანება და ამავე თარიღის №056-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 22 058 ლარი, მათ შორის, გადასახადი 15 639 ლარი, ჯარიმა 1 700 ლარი და საურავი 4 719 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: შპს „-----------“-ი (ს/ნ-------------) დაფუძნებულია 2019 წლის 3 სექტემბერს, ამავე თარიღიდან ფიქსირდება დღგ-ის გადამხდელად. საქმიანობას წარმოადგენს ცალკე გადაზიდვის მომსახურება, ასევე სხვადასხვა სამშენებლო და ----- მასალების მიწოდება-ტრანსპორტირება, საძირკვლის გაჭრის და მიწის გატანის სამუშაოები. მის სახელზე საკონტროლო-სალარო აპარატი რეგისტრირებული არ არის. გატანილი აქვს ჩგდ-ები ----- დიაპაზონში. გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი 2021 წლის სექტემბრის, 2022 წლის ივნისის, 2023 წლის თებერვლის, აპრილის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის პერიოდების დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვები ასახული აქვს ჯამში 261 827 ლარი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ადგილობრივი ჩათვლა - 29 197 ლარის ოდენობით. გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ დეკლარირებული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მონაცემებს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს განხორციელებული აქვს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე განხორციელებული ეკონომიკური ოპერაციები, რაზედაც გამოწერილია და მიღებულია ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადამხდელის მიერ შეძენილი საქონელი და მომსახურება განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას. კერძოდ, შეძენილი აქვს ------ მასალები, საწვავი და გაწეული აქვს ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციისთვის საჭირო დანახარჯები.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 175- ე და 176-ე მუხლების მიხედვით, დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი და ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. შემოწმებით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 348 982 ლარი, ჩასათვლელი დღგ 29 246 ლარი. დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით სხვაობები არის ტექნიკური ხასიათის. კერძოდ, რიგ შემთხვევაში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიბმა ხდებოდა ოპერაციის განხორციელების პერიოდებისგან განსხვავებულ პერიოდზე და ამავე (არაშესამოწმებელი) პერიოდის დეკლარაციებში აისახებოდა ბრუნვაში (ასეთი გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებია: ეა------, ეა-------, ეა------, ეა--------, ეა----, ეა-----, ეა-------, ეა-------). თუმცა, გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არც მიბმული პერიოდის დეკლარაციის ბრუნვაში არ აისახებოდა და არც ოპერაციის განხორციელების შესაბამის პერიოდში (ასეთი ფაქტურებია: ეა------, ეა-------, ეა------, ). შედეგად, შემოწმებით, გადასახდელი დღგ გაიზარდა 15 639 ლარით, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება შემოწმებით დადგენილი ბრუნვისგან, კერძოდ, გამოვლინდა შემთხვევაში, როცა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიბმა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ასახვა ხდებოდა არაშესამოწმებელი პერიოდის დეკლარაციებში, თუმცა გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არც მიბმული პერიოდის დეკლარაციის ბრუნვაში არ აისახებოდა და არც ოპერაციის განხორციელების შესაბამის პერიოდში. შედეგად, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობაზე საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი არგუმენტი/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს, საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №10507 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის სექტემბრის, 2022 წლის ივნისის, 2023 წლის თებერვლის, აპრილის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №12174 ბრძანება და №056-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 22 058 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით მომჩივანი დაფუძნებულია 2019 წლის 3 სექტემბერს, ამავე თარიღიდან ფიქსირდება დღგ-ის გადამხდელად. . მის სახელზე საკონტროლო-სალარო აპარატი რეგისტრირებული არ არის. გატანილი აქვს ჩგდ-ები .
ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება შემოწმებით დადგენილი ბრუნვისგან, კერძოდ, გამოვლინდა შემთხვევაში, როცა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიბმა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ასახვა ხდებოდა არაშესამოწმებელი პერიოდის დეკლარაციებში, თუმცა გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არც მიბმული პერიოდის დეკლარაციის ბრუნვაში არ აისახებოდა და არც ოპერაციის განხორციელების შესაბამის პერიოდში. შედეგად, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 175- ე და 176-ე მუხლების მიხედვით, დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი და ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. გადასახდელი დღგ გაიზარდა 15 639 ლარით, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1) ; 174-(1); 175(1 „ა“); 176(1 ,,ა“);