ბრძანება N 15328

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.07.2026
№ დოკუმენტი 15328
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15328

08 ივლისი 2026

ბრძანება

ი/მ "-------" (ს/ნ "-------" )

(ფაქტ. მის.:"-------")

2026 წლის 13 ივნისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 ივნისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა ი/მ "-------" (ს/ნ "-------" ) 2026 წლის 13 ივნისის №102840/1/2026, №102841/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 მაისის №001-87 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და დღგ-ის დარიცხვას. მიაჩნია, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა უსაფუძვლოდ არის გაზრდილი და მასში ჩათვლილია პირადი ხასიათის ჩარიცხვებიც. ითხოვს საბანკო ჩარიცხვების ხელახლა შესწავლას.

2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, 2025 წლის იანვარში, მიღებული აქვს 45 000 ლარის ოდენობის 2 სასაქონლო ზედნადები, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნულ ოპერაციებზე გამოწერილია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა მის პირად გვერდზე აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არ არის ასახული. მიაჩნია რომ აღნიშნული თანხა გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის N4557 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 13 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 14 მაისის №10693 ბრძანება და ამავე თარიღის №001-87 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 105 961 ლარი, მათ შორის, გადასახადი 70 954 ლარი, ჯარიმა 20 468 ლარი და საურავი 14 539 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

ინდივიდუალური მეწარმე "-------"-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა, კერძოდ, ქალის და მამაკაცის თეთრეული, პარფიუმერია და ოთახის ჩუსტები. მეწარმეს იჯარით აღებული აქვს ფართი ქ. "-------", "-------". მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 17 თებერვალს. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის სახელზე რეგისტრირებულია ორი სალარო აპარატი - №"-------", 20.05.2025 და სალარო აპარატი №"-------", 02.12.2021 წლის თარიღით.ასევე მეწარმის სახელზე რეგისტრირებულია პოს-ტერმინალები-"-------", "-------", "-------".

შემოწმების დროს დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები, რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 17 დეკემბერს. მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, ასევე საგადასახადო დოკუმენტები. გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, არ აქვს დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება.

01.01.2023 წლიდან 01.02.2026 წლამდე პერიოდის მიღებული შემოსავალი გაანგარიშებული იქნა პოს-ტერმინალების, სალარო აპარატებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე. ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------"), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შედეგად 17.12.2023 - 01.02.2026 წლების საანგარიშო პერიოდში დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 409 378 ლარი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, განესაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადი 70 954 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხის 5 პროცენტის ოდენობით, შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 20 468 ლარით.

შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 17 დეკემბრის შემდეგ მიღებული აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც მის მიერ არ არის ჩათვლილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების მიხედვით, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ზემოაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები ჩასათვლელი თანხის გაანგარიშებაში. შედეგად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხა განისაზღვრა 2 721 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმებით შესწავლილ იქნა საბანკო ამონაწერების, საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოს-ტერმინალების მიხედვით მიღებული შემოსავალი, რის საფუძველზეც გადამხდელმა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ 100 000 ლარიან ზღვარს გადააჭარბა 2023 წლის 17 დეკემბერს. შედეგად, შემოწმებით დადგენილმა დღგის ბრუნვამ 17.12.2023 წლიდან 01.02.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდში შეადგინა 409 378 ლარი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ის შემოსავალი, რაც დაიდენტიფიცირდა ჩარიცხვებით და გადამხდელის მიერ მოწოდებული ახსნა-განმარტებით. ისეთი ჩარიცხვებით, რომელზედაც გადამხდელს არ დაუდასტურებია როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, შემოწმებით არ გაზრდილა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, მის სახელზე გამოწერილია 2 სასაქონლო ზედნადები, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნულ ოპერაციებზე გამოწერილია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებით დადგენილია, რომ შპს ,,------’’ - ის (ს/ნ "-------") მიერ მომჩივანის სახელზე გამოწერილია ორი სასაქონლო ზედნადები, თუმცა არ არის გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ანგარიშ-ფაქტურების სტატუსია შენახული (ნომრიანი), შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში აღნიშნული ოპერაციები არ იქნა გათვალისწინებული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ"-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და დღგ-ის დარიცხვას.ითხოვს საბანკო ჩარიცხვების ხელახლა შესწავლას.

2.გადამხდელი განმარტავს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, 2025 წლის იანვარში, მიღებული აქვს 45 000 ლარის ოდენობის 2 სასაქონლო ზედნადები, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნულ ოპერაციებზე გამოწერილია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა მის პირად გვერდზე აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არ არის ასახული. მიაჩნია რომ აღნიშნული თანხა გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში.

3. გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა.მეწარმეს იჯარით აღებული აქვს ფართი.მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 17 თებერვალს. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის სახელზე რეგისტრირებულია ორი სალარო აპარატი.ასევე მეწარმის სახელზე რეგისტრირებულია პოს-ტერმინალები.გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა.მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, ასევე საგადასახადო დოკუმენტები. გადამხდელის განმარტებით არ აქვს დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება. 01.01.2023 წლიდან 01.02.2026 წლამდე პერიოდის მიღებული შემოსავალი გაანგარიშებული იქნა პოს-ტერმინალების, სალარო აპარატებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე.მომჩივანს სსკ-ის 165-ე მუხლის თანახმად, განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.სსკ-ის 159-ე მუხლის თანახმად, განესაზღვრა დღგ 70 954 ლარის ოდენობით.სსკ-ის 282-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხის 5 პროცენტის ოდენობით, შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა.

შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადამხდელს მიღებული აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც მის მიერ არ არის ჩათვლილი. სსკ-ის 174-ე და 175-ე მუხლების მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხა განისაზღვრა 2 721 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

163,165,174,175,282.