გადაწყვეტილება №21473/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21473/2/2023
30 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ს 4.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21473/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;
2. ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.07.2023 წლის №007-204 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27757 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 175 555 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 110 750
დღგ - 12 673
საშემოსავლო გადასახადი - 98 077
ჯარიმა - 58 967
საურავი - 5 838
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.05.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 27.07.2023 წლის №18451 ბრძანება და №007-204 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27757 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27757 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, პირველად დოკუმენტებსა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე (საბანკო ანგარიშების ამონაწერები, შესყიდვების აქტები, მიღება-ჩაბარების აქტები) დაყრდნობით საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა ჯამში 71 233 ლარი, ნაცვლად 72 033 ლარისა, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 198 523 ლარი, ნაცვლად დეკლარირებული 1 132 653 ლარისა. გამოვლენილ სხვაობაზე პირს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი ნაწილით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელმა თანხებმა შეადგინა ჯამში 71 233 ლარი, ნაცვლად 72 033 ლარისა, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 198 523 ლარი, ნაცვლად დეკლარირებული 1 132 653 ლარისა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდისათვის არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა წინა პერიოდში დაბეგრილი ოპერაციების გამიჯვნა შესამოწმებელი პერიოდიდან. შემოწმებამ გააანალიზა როგორც გადამხდელის მიერ გამოწერილი დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), ასევე, საბანკო ამონაწერი. გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საერთო ბრუნვას (942 436 ლარი) დაემატა ის საბანკო ოპერაციები, რომლებზეც არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (95 678 ლარი), ასევე, ტერმინალით ჩარიცხული თანხები (160 409 ლარი) და აღნიშნულის შესაბამისად იქნა მიღებული დასაბეგრი ბრუნვა (1 198 523 ლარი).
საჩივრის განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წინა საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდს, ხოლო 2023 წლის 28 აპრილის №9252 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი მაისიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებს. წინა საგადასახადო შემოწმებით დაიბეგრა ავანსის სახით მიღებული თანხები, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი არ იყო და გამოწერილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში. შესაბამისად, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ერთსა და იმავე ოპერაციის დაბეგვრას როგორც წინა, ასევე, 2023 წლის 28 აპრილის №9252 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით.
ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხი შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
1. შემოწმების აქტში დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 198 523 ლარს, ხოლო შემოწმების პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული (საბანკო ანგარიშის ამონაწერის მიხედვით) შემოსავალი/დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 063 408 ლარს.
2. 2020 წლის დეკემბრის თვეში კომპანიის მიერ განხორციელდა 2017-2020 წლების აუდიტის შემოწმების ბრუნვების ერთიანი დაბეგვრა, რაც თავისთავად არ წარმოადგენს მოცემული შემოწმების პერიოდის (2020-2023) ბრუნვას. სავარაუდოა, რომ შემოწმების დროს აუდიტის სამსახურის მიერ გათვალისწინებული იქნა აღნიშნული ბრუნვა, როგორც კომპანიის მოცემულ შემოწმების პერიოდის ბრუნვა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27757 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27757 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) გათვალისწინებით დადგინდა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის) 2023 წლის მარტის თვის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 490 927.51 ლარს, ხოლო გონივრული ნაშთი - 541.45 ლარს. შემოწმებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთი 490 386 ლარის ოდენობით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მთლიანად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითა, რომ გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად.
ამასთან:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
1.ხარჯების კალკულაცია კი შემდეგია:
ანგარიშ-ფაქტურებს არ მიბმული ზედნადებები 78,349.71
ანგარიშ-ფაქტურები 339,656.89
ჯამი 418,006.60
შესყიდვის აქტები 157,186.65
ხელფასები (განაცემები) 159,748.09
სულ ჯამი 734,941.34
2.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაკორექტირებელია სალაროს ნაშთი, რადგანაც შემოწმების აქტში წარმოდგენილი სალაროს ნაშთი 490 386 ლარი არ შეესაბამება რეალურ სალაროს ნაშთს.
ამავდროულად დარიცხვა არასამართლიანია, რადგანაც აღნიშნული ნაშთი წარმოადგენს (შემოწმების აქტის შესაბამისად, რომელსაც ასევე არ ეთანხმება) სალაროს მთლიან ნაშთს, ე.წ Gross თანხას, შესაბამისად მოცემულ თანხაზე დამატებით 20%-ის დარიცხვა არ შეესაბამება სისწორეს.
3.კომპანიის მხრიდან წარმოსადგენია დამატებითი შესყიდვის აქტები, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიურ საქმიანობასთან და გასათვალისწინებელია ხარჯებში.
ითხოვს ზემოაღნიშნული ფაქტები მხედველობაში იქნას მიღებული და შესაბამისად მოხდეს კომპანიის წამომადგენლებისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების შეხვედრა აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27757 ბრძანებით, ამ ნაწილში საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27757 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხულ თანხებს
2.მომჩივანი თვლის,რომ დასაკორექტირებელია სალაროს ნაშთი.
ასევე,მომჩივანი ითხოვს მოხდეს კომპანიის წამომადგენლებისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების შეხვედრა აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 198 523 ლარი, ნაცვლად დეკლარირებული 1 132 653 ლარისა. გამოვლენილ სხვაობაზე პირს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ასევე, დაეკისრა ჯარიმა
2.შემოწმებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთი 490 386 ლარის ოდენობით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მთლიანად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
163,164,174,175,176,101,154.