ბრძანება N 2861
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2861
18 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ -----------)
(ფაქტ. მის.:--------------------;
იურ. მის.: ---------------------)
2024 წლის 11 ივლისისა და 5 სექტემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 დეკემბრის №24235/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------ის“ (ს/ნ -----------) 2024 წლის 11 ივლისის №90671/1/2024 და 5 სექტემბრის №91811/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ივნისის №006-285 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით შპს „-----ის“ მიერ არარეზიდენტ სათამაშო ბიზნესის ოპერატორისთვის გაწეული მომსახურების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად (აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად) განხილვას და აღნიშნულის შედეგად დარიცხულ თანხებს. აცხადებს, რომ ------ს გაფორმებული აქვს მომხმარებელთა მომსახურების აუთსორსინგის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც იგი მომსახურებას უწევს სხვადასხვა არარეზიდენტ სათამაშო ბიზნესის ოპერატორს. სხვა საკითხების გადაჭრასთან ერთად, მომხმარებელთა განცხადებების ერთ-ერთი ფორმაა სათამაშო ბიზნესის ოპერატორისაგან ბონუსის მოთხოვნა. ასეთი მოთხოვნის დამუშავების პროცესში -----ის თანამშრომელი მთლიანად ხელმძღვანელობს სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მიერ წინასწარ დადგენილი გზამკვლევით/პროგრამით და არ იღებს ინდივიდუალურ ან/და დისკრეციულ გადაწყვეტილებებს. -----ის თანამშრომელი სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად ადგენს შეიძლება თუ არა კონკრეტულ მომხმარებელზე ბონუსის გაცემა. თუ დადგინდა, რომ ბონუსის გაცემა დასაშვებია, ----ის თანამშრომელი გადადის მეორე ეტაპზე და სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორის მიერ წინასწარ მომზადებულ პროგრამაში (ე.წ. კალკულატორში) შეჰყავს კონკრეტული მომხმარებლის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი. პროგრამა (კალკულატორი) ავტომატურად აგენერირებს გასაცემი ბონუსის თანხას. თუ ბონუსის თანხა დადებითია, ----ის თანამშრომელს ხელით შეჰყავს ეს თანხას პროგრამაში და ღილაკზე თითის დაჭერით ადასტურებს სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მიერ მოთამაშისათვის ბონუსის დარიცხვას. არც ე.წ. კალკულატორი და არც მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სისტემა, რომელშიც ტექნიკურად ხდება ბონუსის დადასტურება არ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის საკუთრებას. აღსანიშნავია ისიც, რომ შპს „----ი“ თავად არ ურიცხავს ბონუსს მოთამაშეებს და ეს ბონუსი ირიცხება სათამაშო ბიზნესის უშუალოდ იმ არარეზიდენტი ოპერატორის მიერ, რომლის მომხმარებლის განცხადებაც განიხილა შპს „-----ის“ თანამშრომელმა.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საჭიროების შესაფასებლად, კანონი ითვალისწინებს ორწვერიან ტესტს, რომელიც კუმულატიურად უნდა დაკმაყოფილდეს: წარმოადგენს თუ არა განსახილველი მომსახურება კანონით ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ მომსახურებას და ახდენს თუ არა აღნიშნული მომსახურება გავლენას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არსებითი პროდუქცია/მომსახურება არის ისეთი მომსახურება, რომელიც ერთი მხრივ განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის მიერ, მეორე მხრივ კი მოიცავს იმ პროდუქციას/მომსახურებას, რომელიც პირდაპირაა მითითებული/ჩამოთვლილი ამ კანონში.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცხადია, რომ შპს „-----ის“ მიერ თავისი არარეზიდენტი კლიენტებისათვის გაწეული მომსახურება (მომხმარებელთა მომსახურების აუთსორსინგი) არ შეესაბამება კანონში ამომწურავად ჩამოთვლილ არც ერთ მომსახურებას/პროდუქციას. კერძოდ, ----ი კლიენტებს არ აწვდის თამაშობებს, RNG-ს, ჯეკპოტის ან სათამაშო პლატფორმას, სერვერს, მონაცემთა ბაზას თუ მენეჯმენტის სისტემას. როგორც ზემოთ აღინიშნა, შპს „----ის“ ფუნქციები შემოიფარგლება მხოლოდ სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორების მომხმარებელთა ტექნიკური მომსახურებით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს უშუალოდ თამაშობებთან. შპს „------ის“ როლის მხოლოდ რუტინული, ტექნიკური შინაარსი ცხადყოფს, რომ იგი სათამაშო ბიზნესის არარეზიდენტ ორგანიზატორებს არ აწვდის არსებითი ხასიათის მომსახურებას და შესაბამისად, მისი საქმიანობა არ წარმოადგენს ,,არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №69 დადგენილების პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ არსებითი მომსახურების თანმდევ, დამხმარე მომსახურებას.
აღნიშნული მომსახურების სწორი განმარტებისათვის და კანონმდებლის მიზნის დასადგენად, გადასახადის გადამხდელი ეყრდნობა სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2021 წლის დეკემბრის ცვლილებების საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს გაკეთებულ განმარტებებს და სადავო მომსახურებიდან GGR-ის დათვლის შეუძლებლობას. აცხადებს, რომ კანონშემოქმედებით ეტაპზე გაკეთებული განმარტებების მიხედვით, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი არის პირი, რომელიც არსებითად ჩართულია სათამაშო ბიზნესის ორგანიზებაში და ორგანიზატორს აწვდის სისტემურად მნიშვნელოვან პროგრამასა თუ მომსახურებას.
ხოლო, საწარმოს მიერ გენერირებული GGR-ის ნაწილში, აცხადებს, რომ აზარტული/მომგებიანი თამაშობის მიმწოდებელი არის ისეთი პირი, რომლის მიმართაც აღნიშნული GGR-ის დათვლა შესაძლებელია. კერძოდ, თამაშების მიმწოდებლის საქმიანობა ისეთ კავშირში უნდა იყოს უშუალოდ თამაშების ორგანიზატორის საქმიანობასთან, რომ თამაშების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება შემოსავლის გენერირების (GGR-ის) შესაძლებლობას აძლევდეს თავად ორგანიზატორს. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს ამ GGR-ის მიკუთვნება უშუალოდ თამაშების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან. შპს „-----ის“ მიერ გაწეული მომსახურება არანაირ მონაწილეობას არ იღებს ორგანიზატორის მიერ შემოსავლის (GGR-ის) გენერირებაში. გარდა ამისა, თუკი შპს „-----ის“ თანამშრომლების მიერ ტექნიკურად დადასტურებული ბონუსებით მომხმარებელი ითამაშებს ოპერატორის პლატფორმაზე, ამ თამაშის შედეგად ეს ორგანიზატორი ვერ მიიღებს ვერანაირ მოგებას, რადგან მოთამაშეები თამაშობენ არა თავიანთი ნამდვილი ფულით, არამედ თავად ორგანიზატორის მიერ შექმნილი ვირტუალური სათამაშო ქულებით, რომელთა წაგების (ანუ ორგანიზატორისათვის გადაცემის) შემთხვევაში ორგანიზატორის ქონება არ იზრდება, არ გენერირდება შემოსავალი (GGR). მეტიც, ბონუსებით თამაშის შედეგი ორგანიზატორისათვის ვერასოდეს იქნება მოგების (GGR-ის) მიღება, თუმცა შესაძლებელია იყოს წაგება, რადგან გარკვეულ შემთხვევებში მოთამაშემ ხანგრძლივი თამაშის შემდეგ შესაძლოა დარიცხული ბონუსით მიიღოს მოგება, რაც კომპანიისათვის ზარალს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, -----ის მომსახურება არ წარმოადგენს სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორთათვის გაწეულ ისეთ მომსახურებას, რომელიც მას ხელს უწყობს შემოსავლის (GGR-ის) გენერირებაში და შედეგად, ის ვერ იქნება ის არსებითი ხასიათის მომსახურება, რომლის რეგულირებაც კანონმდებლის მიზანია.
გადასახადის გადამხდელი, გაწეული მომსახურების მიერ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე გავლენის მოხდენის ნაწილში, მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში განვითარებულ მსჯელობაზე, რომ შპს „-----ის“ მიერ გაწეული მომსახურების კონკრეტული ნაწილი - ბონუსების გაცემა - გავლენას ახდენს თამაშების შედეგებზე, რომელი მსჯელობაც გადამხდელის პოზიციით ფაქტობრივად მცდარია და საგადასახადო ორგანო არასწორად განმარტავს თამაშობის შედეგებზე გავლენას. აცხადებს, რომ ----ის თანამშრომლების მიერ მექანიკურად (დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გარეშე) დადასტურებული ბონუსი არ წარმოადგენს მოთამაშეთა მიერ პირდაპირ განაღდებად ჯილდოს და მოთამაშეს შეუძლია ეს ბონუსი გამოიყენოს მხოლოდ სათამაშო ბიზნესის შესაბამისი ორგანიზატორის პლატფორმაზე სათამაშოდ. თუმცა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოთამაშე მიღებულ ბონუს იყენებს სათამაშოდ არ შეიძლება გაგებულ იქნეს ისე, რომ ეს გავლენას ახდენს თამაშის შედეგზე. კერძოდ, ბონუსის ჩარიცხვამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოთამაშის საშუალებაზე - შეძლებს თუ არა ის ითამაშოს რომელიმე თამაში. თუმცა, რეალურად ითამაშებს თუ არა, ან რომელ თამაშს ითამაშებს და მითუმეტეს ამ თამაშს რა შედეგით დაასრულებს (მოიგებს თუ წააგებს), აღნიშნულზე -----ს არანაირი გავლენა არ აქვს. არც შპს „-----ს“ და არც მის რომელიმე თანამშრომელს არ აქვს წვდომა/კავშირი სათამაშო ბიზნესის ოპერატორის არც ერთ კონკრეტულ თამაშობასთან და მას არ აქვს ინფორმაცია/კონტროლი იმაზე, საერთოდ გამოიყენებს თუ არა ამ ბონუსს მოთამაშე, თუ კი - რა ფორმით, რომელ თამაშზე მოხდება დარიცხული ბონუსის გამოყენება, ან რა შედეგით დასრულდება ეს თამაში. რა შედეგით დასრულდება მიღებული ბონუსით თამაში - ამაზე გავლენა აქვს მხოლოდ თამაშის ორგანიზატორს ან/და ამ თამაშის მიმწოდებელს (ანუ იმ პირს, რომლის რეგულირებასაც ისახავს მიზნად კანონი). თავად ბონუსის ტექნიკურად დამადასტურებელს კი თამაშის შედეგებზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. შპს „-----ის“ თანამშრომლის ქმედება - ბონუსის ტექნიკური დადასტურება არანაირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არ არის თამაშის შედეგებთან და მას არ შეუძლია ამ შედეგების არათუ კონტროლი/მანიპულაცია არამედ დანახვაც კი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი განმარტავს, რომ ბონუსის გამოყენება/არგამოყენების საკითხი, კონკრეტული თამაშის შერჩევა, ფსონის დადება/არ დადება და დადებული ფსონის ოდენობა მთლიანად დამოკიდებულია მოთამაშეზე, ხოლო კონკრეტული თამაშის შედეგი კი თამაშის ორგანიზატორზე ან/და თამაშის მიმწოდებელზე და აცხადებს, რომ საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება არანაირ გავლენას არ ახდენს თამაშის შედეგებზე, იგი არ წარმოადგენს იმ არსებით მომსახურებას, რომელიც საჭიროებს ნებართვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დაკისრებულ ჯარიმა/საურავებს და ითხოვს მათ გაუქმებას. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახური შპს „-------ს“ ედავება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებლის გადაუხდელობას. თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებელი არ არის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და არ არის გათვალისწინებული ასეთი მოსაკრებლის არცერთ ობიექტში. თამაშების მიმწოდებელზე არ გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშანი. შესაბამისად, საწარმოს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რომელიც პირს ჯარიმას აკისრებს მოსაკრებლის ნიშნის გარეშე საქმიანობისათვის, ვინაიდან თამაშების მიმწოდებლისათვის ასეთი ვალდებულება კანონით გათვალისწინებული არ არის. აცხადებს, რომ ამავე საკითხს ხაზი გაესვა სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2021 წლის დეკემბრის ცვლილებების საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროსაც, სადაც ნათლად ითქვა, რომ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი არ იხდის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს და ის იხდის მხოლოდ ამ კონკრეტული საქმიანობის სანებართვო მოსაკრებელს.
ამასთან, აცხადებს, რომ საურავი არის საგადასახადო სანქცია, გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. ტერმინი გადასახადი არ მოიცავს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსაკრებლებს. ამასთან, არც საგადასახადო კოდექსით და არც სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის პირისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი საურავის დაკისრება თამაშების მიწოდების სანებართვო მოსაკრებლის ვადაში გადაუხდელობისათვის. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, აცხადებს, რომ საურავის დაკისრება სრულიად უსაფუძვლოა და დარიცხული საურავი უნდა გაუქმდეს. ასევე, გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 იანვრის №277 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ის“(ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 8 ივლისიდან 2024 წლის 11 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 10 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ივნისის №13806 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-285 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 461 950 ლარის ოდენობით, მათ შორის, მოსაკრებელი 200 000 ლარი, ჯარიმა 200 000 ლარი და საურავი 61 950 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 15 ოქტომბრის №22226 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 25 დეკემბრის №24235/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ოქტომბრის №22226 ბრძანება და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 დეკემბრის №24235/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-----ის“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს სატელეფონო ცენტრის (Call center) ოპერირება. სატელეფონო ცენტრის ძირითადი დანიშნულებაა ჩათის, სატელეფონო ზარების და ელექტრონული ფოსტის საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ლიცენზირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორთა მომხმარებლებისათვის მომსახურების უზრუნველყოფა. მომხმარებელთა მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ტიპის საკითხებს, მათ შორის, მომხმარებლების ტექნიკური პრობლემის გადაჭრას და კლიენტთა ვებგვერდების გამოყენების შესახებ რჩევების გაცემას. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „------ის“ წარმომადგენლებს შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, როგორც ოპერატორს/აგენტს, უფლება აქვს გასცეს ბონუსი, თუ კლიენტი აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. საქმის მასალებიდანვე დგინდება აგენტის/ოპერატორის მიერ ბონუსების გაცემის ფაქტი. 2021 წლის 14 დეკემბერს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების თანახმად, პირებს რომლებიც ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისათვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას, არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა განესაზღვრათ ვალდებულება უზრუნველეყოთ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის აღება. როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებიდან დგინდება, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება მოიცავს უშუალოდ ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვას, მიუხედავად იმისა, რომ ფულადი თანხის დარიცხვას/განაღდებას აქვს საკუთარი დადგენილი წესი, საბოლოო ჯამში დარიცხული ბონუსები წარმოადგენს მოთამაშისათვის აზარტულ მომგებიან თამაშობაში ჩართვის/მონაწილეობის უფლებას, შესაბამისად, აღნიშნული ქმედების საბოლოო წერტილი წარმოადგენს დარიცხული ბონუსის მეშვეობით მოგების ან წაგების საშუალებას. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ც“ და „წ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №69 დადგენილებით დამტკიცებული „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის“ პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „-----ის“ საქმიანობა/გაწეული მომსახურება წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას, რადგან ბონუსის გაცემა გავლენას ახდებს თამაშის საბოლოო შედეგზე და ასევე აღნიშნული წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზების თანმდევ დამხმარე მომსახურებას. კერძოდ: აღნიშნული საქმიანობა საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 372 პუნქტით განსაზღვრულ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვას. შედეგად, შემოწმებით, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1011 ნაწილისა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, პირს დაერიცხა წლიური სანებართვო მოსაკრებელი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევისათვის 100%-ის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2021 წლის 14 დეკემბრის საქართველოს კანონზე ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირებმა, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას, არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა უნდა უზრუნველყონ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის აღება.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე თამაშობის ორგანიზატორისთვის ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირდაპირი ფორმით ან/და არაპირდაპირი ფორმით მიწოდება, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რაც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე.
ამავე მუხლის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებითი პროდუქცია/მომსახურება არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №69 დადგენილებით დამტკიცებული „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის“ პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებით პროდუქციას/მომსახურებას წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან/და არსებითი პროდუქციის მომსახურების ორგანიზების ან/და მიწოდების მომსახურების თანმდევი, დამხმარე მომსახურება, მათ შორის, სერვერებისა და მოწყობილობების ოპერირება.
ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, არსებით პროდუქციას/მომსახურებას ასევე წარმოადგენს ამ ნუსხის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი არსებითი პროდუქციის/მომსახურების აღწერილი იდენტური შინაარსისა და ფუნქციური დანიშნულების მქონე მოწყობილობა/დანადგარი/მომსახურება, მიუხედავად მწარმოებლის ან/და ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ მითითებული დასახელებისა/ინფორმაციისა.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 372 პუნქტის მიხედვით, ნებართვის სახეა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა.
სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები განსაზღვრულია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1011 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა − წელიწადში 100 000 ლარი.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემას, მათში ცვლილებების შეტანას, მათ გაუქმებას და შესაბამისი მონაცემების უწყებრივ სანებართვო რეესტრში შეტანას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების სამსახური.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „-----ის“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს სატელეფონო ცენტრის (Call center) ოპერირება. სატელეფონო ცენტრის ძირითადი დანიშნულებაა ჩათის, სატელეფონო ზარების და ელექტრონული ფოსტის საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ლიცენზირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორთა მომხმარებლებისათვის მომსახურების უზრუნველყოფა. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „---ის“ წარმომადგენლებს, შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, როგორც ოპერატორს/აგენტს, უფლება აქვს გასცეს ბონუსი, თუ კლიენტი აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. საქმის მასალებიდანვე დგინდება აგენტის/ოპერატორის მიერ ბონუსების გაცემის ფაქტი. როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებიდან დგინდება, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება მოიცავს უშუალოდ ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვას, მიუხედავად იმისა, რომ ფულადი თანხის დარიცხვას/განაღდებას აქვს საკუთარი დადგენილი წესი, საბოლოო ჯამში დარიცხული ბონუსები წარმოადგენს მოთამაშისათვის აზარტულ მომგებიან თამაშობაში ჩართვის/მონაწილეობის უფლებას, შესაბამისად, აღნიშნული ქმედების საბოლოო წერტილი წარმოადგენს დარიცხული ბონუსის მეშვეობით მოგების ან წაგების საშუალებას.
შემოწმებით „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ც“ და „წ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №69 დადგენილებით დამტკიცებული „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის“ პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „----ის“ საქმიანობა/გაწეული მომსახურება (ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვა) წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას, რადგან ბონუსის გაცემა გავლენას ახდებს თამაშის საბოლოო შედეგზე და ასევე აღნიშნული წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზების თანმდევ დამხმარე მომსახურებას. კერძოდ, აღნიშნული საქმიანობა საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვას.
ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება (ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვა) გავლენას ახდენს თამაშის საბოლოო შედეგებზე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს ,,----ის“ მიერ გაწეული მომსახურება არის არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდება და შესაბამისად, წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ შემოწმებით, შპს „-----ის“ მიერ არარეზიდენტი სათამაშო ბიზნესის ოპერატორისთვის გაწეული მომსახურების, კერძოდ, გაწეული საქმიანობის ფარგლებში არარეზიდენტი სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მომხმარებელთათვის ბონუსის გაცემის მომსახურების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად განხილვა და აღნიშნულის შესაბამისად თანხის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ თანხის დარიცხვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი ;
გ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
დ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;
ე) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.
ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობებისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობებისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროსთვის ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვის, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეული სალაროს მოწყობის უფლებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომელთა თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე საქმიანობისთვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს ნებართვის მოსაკრებლის გადახდა დაეკისრა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისთვის, თუმცა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლი განსაზღვრავს ჯარიმას სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე საქმიანობისთვის და არა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1011 პუნქტით განსაზღვრული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებლის გადაუხდელობისთვის. ასევე, არც საგადასახადო კოდექსით და არც სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის პირისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი საურავის დაკისრება თამაშების მიწოდების სანებართვო მოსაკრებლის ვადაში გადაუხდელობისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, შემოწმებით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა თანხის გადახდა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1011 პუნქტით განსაზღვრული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებლის გადაუხდელობისთვის, შემოსავლების სამსახური იზიარებს მომჩივნის არგუმენტაციას და არამართლზომიერად მიაჩნია აღნიშნულ მოსაკრებელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 276-ე მუხლებით განსაზღვრული სანქციის შეფარდება. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გააუქმოს შპს „-----ის“(ს/ნ -------)მიმართ, შემოწმების მიერ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებლის გადაუხდელობისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272- ე და 276-ე მუხლებით განსაზღვრული სანქცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----ის“(ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გააუქმოს შპს „-----ის“(ს/ნ -------) მიმართ, შემოწმების მიერ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებლის გადაუხდელობისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 276-ე მუხლებით განსაზღვრული სანქცია;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად განხილვა და აღნიშნულის შედეგად დარიცხული თანხები (სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი);
2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დაკისრებულ ჯარიმა/საურავებს და ითხოვს მათ გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №277 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 8 ივლისიდან 2024 წლის 11 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13806 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №006-285 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 461 950 ლარის ოდენობით, მათ შორის, მოსაკრებელი 200 000 ლარი, ჯარიმა 200 000 ლარი და საურავი 61 950 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №22226 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №24235/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №22226 ბრძანება და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს,რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ თანხის დარიცხვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ხოლო,მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გააუქმოს მომჩივანის მიმართ, შემოწმების მიერ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებლის გადაუხდელობისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272- ე და 276-ე მუხლებით განსაზღვრული სანქცია.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272(1); 276;