გადაწყვეტილება №23779/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23779/2/2024
15 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ -ის “ 22.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23779/2/2024).
დავის საგანი:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივლისის №024-49 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 7 აგვისტოს №18231 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 119 955 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 83 228
დღგ - 2 935
საშემოსავლო გადასახადი - 49 439
ქონების გადასახადი - 30 854
ჯარიმა - 32 739
საურავი - 3 988
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო, საცალო ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერის ნაწილებით, სხვადასხვა ტექნიკით, ასევე, პრინტერების შეკეთება და კარტრიჯების დამუხტვა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აპრილის №8329 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 მარტამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 21 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №15724 ბრძანება და 4 ივლისის №024-49 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 119 955 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 19 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 7 აგვისტოს №18231 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება ფაქტების აღწერა შემოწმების პროცესში გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საცალო რეალიზაციის გაშიფვრის ცხრილები. აღნიშნული მონაცემების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები საწარმოს მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დასაბეგრ ბრუნვებს შორის. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 158-ე, 159-ე, 160-ე, 1601 , 163-ე, 164-ე, 168-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2-21 ნაწილების მიხედვით, ხოლო მომჩივნის მოთხოვნა გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული ჯარიმა გამოიყენება საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ჯარიმისგან გათავისუფლებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად დღგ-ში დაერიცხათ 2 935 ლარი, ხოლო ჯარიმა - 8 014 ლარი. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ჯარიმის ოდენობა არ არის ადეკვატური. მომჩივნის არგუმენტი კარგად ჩანს დარიცხვის ბრძანებაზე თანდართული ამონაკრებიდანაც, სადაც მითითებულია დღგ-ის ნაწილში დარიცხული და შემცირებული თანხები პერიოდის მითითებით.
ჯარიმა დაეკისრათ იმ შემთხვევაშიც, როცა ის პერიოდი, როცა ზედმეტად აქვთ დეკლარირებული თანხა, წინ უსწრებს პერიოდს, როცა დეკლარირებული თანხა ნაკლებია შემოწმებით დადგენილ მონაცემზე. ასეთ დროს ჯარიმის დაკისრება არ არის სამართლიანი, მაგრამ თუ აუდიტის დეპარტამენტს მიზეზად მოჰყავს კანონი, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლი, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ თუ გადასახადის დარიცხვა გამოწვეულია პერიოდის ცვლილებით, დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის 10%-ს. აქაც ცხადია ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ შემთხვევაზე, როცა პერიოდის ცვლილებით დაზარალდა ბიუჯეტი და არა პირიქით, ადრე იქნა გადახდილი გადასახადი ბიუჯეტის სასარგებლოდ. კანონი იმ მიზნით არ შექმნილა, რომ გადამხდელი დაზარალდეს. ამის მიუხედავად, როცა იანვარში დეკლარირებულია 208 ლარით მეტი გადასახადი, ხოლო თებერვალში 202 ლარით ნაკლები, აუდიტორი ჯარიმის სახით თებერვლის თვეზე არიცხავთ გადასახადის 50%-ს, მაშინ როცა ცხადია, რომ ბიუჯეტი ასარგებლეს და არ აზარალეს. მხოლოდ მსგავს შემთხვევებში ითხოვენ დაკისრებული ჯარიმის შემცირებას.
გაუგებარია რა მიზნით ამტკიცებს შემოსავლების სამსახური, რომ თებერვალში დეკლარაციაში შემცირებული გადასახადი არ აქვთ იანვარში დეკლარირებული. მიზანი ის არის, რომ მეტი ჯარიმა დაეკისროთ? დეტალურად აღწერენ არსებულ გარემოებას:
2021 წლის თებერვლის დეკლარაციაში დასადეკლარირებელი 202 ლარი ზედმეტად არის დეკლარირებული ერთი თვით ადრე, 2021 წლის იანვრის დეკლარაციაში;
2021 წლის მაისში დარიცხული 1 403 ლარიდან, 977 ლარი დეკლარირებულია 1 თვით ადრე, 2021 წლის აპრილის დეკლარაციაში;
2021 წლის სექტემბრის პერიოდზე დარიცხული 3 070 ლარი დეკლარირებულია 1 თვით ადრე, 2021 წლის აგვისტოს დეკლარაციაში;
2022 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდებში დამატებით დარიცხული 5 700 ლარიდან 4 275 ლარი დეკლარირებულია აღნიშნულ პერიოდამდე, 2022 წლის თებერვლის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს დეკლარაციებში;
2023 წლის მაისის, ივნისისა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებზე დამატებით დარიცხული 4 767 ლარი დეკლარირებულია აღნიშნულ პერიოდამდე, 2023 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და ივლისის დეკლარაციებში; 2023 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში დარიცხული 732 ლარი დეკლარირებული აქვთ 2023 წლის აგვისტოს თვეში.
როგორც აღინიშნა, შემოწმების შედეგად თანხის დარიცხვის პერიოდს მუდმივად წინ უსწრებს ზედმეტად დეკლარირებული გადასახადის საანგარიშო პერიოდი. ცხადია, კომპანიას ზემოაღნიშნული დარიცხული თანხების ნაწილში ბიუჯეტისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აღნიშნულ ნაწილში დაკისრებული ჯარიმისგან, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გარდა სალდირებულად დამატებით დარიცხული 2 935 ლარისა, იმ დარიცხულ თანხებზე, რომლის შემცირებაც განხორციელდა, შესამოწმებელ პერიოდში ჯარიმის განსაზღვრა მოახდინონ საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო
21დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოწმების პროცესში გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საცალო რეალიზაციის გაშიფვრის ცხრილები, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობები საწარმოს მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2-21 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანიას ამ ნაწილში ბიუჯეტისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია და ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად დღგ დაერიცხა 2 935 ლარი, ხოლო ჯარიმა - 8 014 ლარი. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ჯარიმის ოდენობა არ არის ადეკვატური. დარიცხვის ბრძანებაზე თანდართულ ამონაკრებში მითითებულია დღგ-ის ნაწილში დარიცხული და შემცირებული თანხები პერიოდის მითითებით. სხვაობა არის მცირე თანხებში. რეალურად ადგილი აქვს პერიოდის ცვლილებას. როდესაც საწარმოს ბუღალტერი აზუსტებს საბუღალტრო მონაცემებს და იცის რომ წინა პერიოდში ზედმეტად აქვს დეკლარირებული, თავს არიდებს დეკლარაციის დაზუსტებას და აღარ ზრდის გადასახადს შემდეგ პერიოდში.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ვერ დადგინდა რომელი ოპერაციის პერიოდის ცვლილებას ჰქონდა ადგილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით). ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და თუ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ადგილი აქვს პერიოდის ცვლილებას, დღგის ნაწილში ჯარიმა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
2. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განისაზღვრა სალაროს ნაშთი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ფულადი ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. კომპანიაში ჩატარებული ფულადი სახსრების განსაზღვრის პროცედურით, 2024 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 370.5 ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-100, 101-ე მუხლების და „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №9) საფუძველზე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. შემოწმების მიერ აღნიშნული დაკვალიფიცირდა როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 49-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის იმგვარი მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გაანგარიშებული საწარმოს განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა მოახდინა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი შემმოწმებელთათვის გადაგზავნის მიზნით. შესწავლის პროცესში გამოვლინდა თანხების გადახარჯვა, რაც რიგ შემთხვევებში გამოწვეულია დოკუმენტის გარეშე განხორციელებული შესყიდვებით (მათ შორის, უძრავი ქონების რემონტის პროცესში). ფულადი სახსრების კონტროლი და გაწეული ხარჯების დოკუმენტურად დასაბუთება სრულად ევალებოდა დირექტორს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის დირექტორი ვალდებულია დააბრუნოს თანხა, რომლის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გახარჯვის დასაბუთებაც ვერ მოახდინა შემოწმების პროცესში. საწარმოსა და კომპანიის დირექტორს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (იხილეთ დანართი), რომლის თანახმადაც ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზისას გამოვლენილი ფულადი სხვაობა 197 757 ლარის ოდენობით ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სესხად, რომლის დაფარვაც მოხდება 1 წლის ვადაში, 2025 წლის 31 მაისამდე. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, დირექტორი ვალდებულია ზიანის ანაზღაურების მიზნით კომპანიას გადაუხადოს წლიური საპროცენტო სარგებელი 20%-ის ოდენობით. მომჩივანი ითხოვს ფულის მოძრაობისას გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდეს კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სესხად და არა ხელფასად, რადგან ხელფასად განხილვის შემთხვევაში კომპანიას გაუჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის მიცემა დირექტორის მიერ თანხის დაბრუნებისას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2024 წლის №"-------" წერილი, სადაც მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განისაზღვრა სალაროს ნაშთი. მომჩივნის ახსნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთი შეადგენს 0 ლარს. საწარმოში ჩატარებული ფულადი სახსრების განსაზღვრის პროცედურით, 2024 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 370.5 ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-100, 101-ე მუხლების და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. შემოწმებით, აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი. შედეგად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა-საურავი.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საწარმოსა და კომპანიის დირექტორს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზისას გამოვლენილი ფულადი სხვაობა 197 757 ლარის ოდენობით ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სესხად, რომლის დაფარვაც მოხდება 1 წლის განმავლობაში, 2025 წლის 31 მაისამდე. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, დირექტორი ვალდებულია ზიანის ანაზღაურების მიზნით კომპანიას გადაუხადოს წლიური საპროცენტო სარგებელი 20%-ის ოდენობით. მომჩივანი ითხოვს ფულის მოძრაობისას გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდეს კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სესხად და არა ხელფასად, რადგან ხელფასად განხილვის შემთხვევაში საწარმოს გაუჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის მიცემა დირექტორის მიერ თანხის დაბრუნებისას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ მეთოდური მითითების შესაბამისად, ფულის ნაშთი განხილულია საწარმოს დირექტორის ხელფასად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, დადგინდა, რომ კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა ორ უძრავ ქონებას ქ. "------"-ში . საწარმოს არასწორად ჰქონდა განსაზღვრული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა (შენობა-ნაგებობების ღირებულება). კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ 2021, 2022 და 2023 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემი არ შეესაბამებოდა აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულებას. შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომელიც დაუკვეთა შპს „------- -ს “. დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ქონების ღირებულება შეფასდა 2024 წლის 15 ივნისის მდგომარეობით და ღირებულებამ შეადგინა 1 242 191 ლარი. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე, 205-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა უძრავი ქონების ნაწილში განისაზღვრა საბაზრო ფასით. შემოწმების პროცესში საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით გააფორმეს ხელშეკრულება ლიცენზირებულ კომპანიასთან და შემფასებლის დასკვნა წარადგინეს აუდიტის დეპარტამენტში. შესაბამისად, აუდიტორთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადი დაკორექტირდა მომჩივნის მიერ წარდგენილი საშემფასებლო დასკვნების საფუძველზე. სულ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 1 242 191 ლარი. ეს არის ბაზრის შესწავლის შედეგად დადგენილი ფასი, რაც მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს.
საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის თანახმად, დღგ არის საქონლის/მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი. შესაბამისად, ეს გადასახადი არ წარმოადგენს კომპანიის ქონებას. ეს არის თანხა, რომელიც უნდა გადაუხადოს მყიდველმა აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში და რომელიც ავტომატურად უნდა დაადეკლარირონ და გადარიცხონ ბიუჯეტში. ამასთან, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით დაბრუნებადი გადასახადი არ ემატება აქტივის ღირებულებას. აქედან გამომდინარე, ბალანსზე აქტივი არ უნდა აღირიცხოს დღგ-ის ჩათვლით და შესაბამისად, ვერ იქნება სამართლიანი დღგ-ის თანხაზე ქონების გადასახადის დარიცხვა და გადახდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ „გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს“.
რა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების მითითებაზეა საუბარი გაუგებარია. მომჩივანს უნდა იცოდეს საგადასახადო ორგანოს პოზიცია საკითხზე, ქონების გადასახადით უნდა დაიბეგროს სარეალიზაციო საბაზრო ფასი, რომელიც მოიცავს დღგ-ს, თუ საბაზრო ფასი დღგ-ის გარეშე? ხომ არ უარყოფს შემმოწმებელი, რომ ქონების გადასახადით დაბეგრა საბაზრო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით? ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება ასახულია საჩივარში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:
ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
მომჩივანს ითხოვს განემარტოს საგადასახადო ორგანოს პოზიცია საკითხზე, ქონების გადასახადით უნდა დაიბეგროს სარეალიზაციო საბაზრო ფასი, რომელიც მოიცავს დღგ-ს, თუ საბაზრო ფასი დღგ-ის გარეშე.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, შემოწმების პროცესში, საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, დადგინდა, რომ კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ფლობს ორ უძრავ ქონებას ქ. "------"ში(1. ს.კ "-------" ქ. "-------", "-------". შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 577.6 კვ.მ. 2. ს.კ"-------" ქ. "--------", მე-16 მ/რ, უნივერსამის მიმდებარე ტერიტორია, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 193 კვ.მ.). საწარმოს არასწორად აქვს განსაზღვრული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა (შენობა-ნაგებობების ღირებულება). კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 (226 674 ლარი), 2022 (215 341 ლარი) და 2023 (210 203 ლარი) წლების ქონების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემი არ შეესაბამება აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულებას. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილს შესაბამისად, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა მომჩივნის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომელიც დაუკვეთა შპს „----- -ს“ (ს/ნ "-------"). დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ქონების ღირებულება შეფასდა 2024 წლის 15 ივნისის მდგომარეობით და საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 1) 809 002 ლარი და 2) 433 189 ლარი. საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 7 აგვისტოს №18231 ბრძანება;
3. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და თუ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ადგილი აქვს პერიოდის ცვლილებას, დღგ-ის ნაწილში ჯარიმა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად;
გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აღნიშნულ ნაწილში დაკისრებული ჯარიმისგან.
2.მომჩივანი ითხოვს ფულის მოძრაობისას გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდეს კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სესხად და არა ხელფასად.
3.მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმების პროცესში გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საცალო რეალიზაციის გაშიფვრის ცხრილები. აღნიშნული მონაცემების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები საწარმოს მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დასაბეგრ ბრუნვებს შორის. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
2.შემოწმების მიერ გაანგარიშდა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. შემოწმების მიერ აღნიშნული დაკვალიფიცირდა როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3.შემოწმების პროცესში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, დადგინდა, რომ კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა ორ უძრავ ქონება.საწარმოს არასწორად ჰქონდა განსაზღვრული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ 2021, 2022 და 2023 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემი არ შეესაბამებოდა აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულებას. შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების შეფასების დასკვნა.შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
გადაწყვეტილება
1.ელი ოპერაციის პერიოდის ცვლილებას ჰქონდა ადგილი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და თუ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ადგილი აქვს პერიოდის ცვლილებას, დღგის ნაწილში ჯარიმა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
2.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154,158,159,168,201,202,205,269(7).