ბრძანება N 6396

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.04.2025
№ დოკუმენტი 6396
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6396

03 აპრილი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 16 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 მარტს გამართულ ხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №94588/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №072-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აუდიტორს მიაწოდა საბანკო ამონაწერები, სადაც თვალნათლივ ჩანდა კომპანიის მიერ საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები. დღგ-ით დაბეგვრისას აუდიტორმა გაითვალისწინა მის მიერ ხელფასად გაცემული თანხებიც. პროდუქციის შესასყიდად ხდებოდა თანხების გაცემა სანდო პირებზე საქვეანგარიშოდ. ამასთან, შემოწმებამ არ გაითვალისწინა „მეთოდური მითითება სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“. ბუნდოვანია, ფულის ნაშთი, რატომ დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და არა უპროცენტო სესხად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის №29298 და 2023 წლის 27 დეკემბრის №33202 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 30 დეკემბერს გამოსცა №27718 ბრძანება და ამავე თარიღის №072-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 277 651 ლარი, მათ შორის, გადასახადი 148 399 ლარი, ჯარიმა 63 264 ლარი და საურავი 65 988 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

● შპს „-------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 15 სექტემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2022 წლის 14 ივლისიდან. გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, ხოლო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით შეუძლებელია შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილებით და გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულებები განუსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების დადგენის მიზნით გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საბანკო ამონაწერები და სხვა ინფორმაცია. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

● შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა გააჩნდეს 58 831 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დარიცხული თანხა 73 539 ლარის ოდენობით, ფორმა შინაარსის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 105- ე და 154-ე მუხლებით და გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

● შესამოწმებელ პერიოდში, საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებული ბრუნვა განსხვავდება შემოწმებით დადგენილ ბრუნვისგან. შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გაანალიზებლ იქნა საბანკო ამონაწერები და გადახდის წყაროსთან დასაკავებელმა განაცემებმა შეადგინა დეკლარირებულზე 39 261 ლარით მეტი. აღნიშნული სხვაობით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში ჩაინიშნა 2025 წლის 20 მარტს 14:00 სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, არაერთი მცდელობის მიუხედავად გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა საგადასახადო შემოწმებასთან. არ წარმოადგინა შემოწმებისათვის საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საბუღალტრო პროგრამა, საბანკო ამონაწერები, შემოწმებისათვის საჭირო ცნობები და განმარტებები. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით გადამხდელს გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის N21-14/11536 და შემდგომში 2024 წლის 11 მარტის N21-14/19041 წერილები, თუმცა აღნიშნულ წერილებთან დაკავშირებითაც გადამხდელმა არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რის გამოც შედგენილი იქნა 2024 წლის 06 მარტის N188705 და 2024 წლის 21 მარტის N188707 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და გადამხდელი დაჯარიმდა პირველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 400 ლარის, ხოლო მეორე შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით 1000 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმების მიხედვით დადგინდა, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი აღემატებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაუდგინდა დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციები, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიღებულ სახელფასო სარგებლად. ამასთანავე, შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს არასრულად ჰქონდა ასახული გაცემული ხელფასები საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში.

შემოსავლების სამსახური ასევე ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციას, რომლითაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელისგან დამატებით იქნა გამოთხოვილი (როგორც სატელეფონო საუბრით, ასევე ელექტრონული მეილით) ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარკვეული სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის ამსახველი სრული ინფორმაცია და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების შესახებ მონაცემები, თუმცა მის მიერ აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა არ მომხდარა, ხოლო წარდგენილი „საქართველოს ბანკის“ ანგარიშის ამონაწერის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ გადამხდელის მიერ გაცემული შრომის ანაზღაურების ოდენობა აღემატება, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციებით დეკლარირებულ შრომის ანაზღაურების ოდენობას. ასევე, საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე ფიქსირდება რეგულარულად თანხების გადარიცხვა (მათ შორის, საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელზე), ხოლო აღნიშნულ გადარიცხვებთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი. ამასთან, შპს „-------“ მიერ მისაღები შემოსავლების გადარიცხვა მომხმარებლების მიერ ხდება არა საწარმოს კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, არამედ საწარმოს დირექტორის პირად საბანკო ანგარიშზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, ხოლო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით შეუძლებელია შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულებები განუსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების დადგენის მიზნით გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საბანკო ამონაწერები და სხვა ინფორმაცია. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, რაც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში, საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებული ბრუნვა განსხვავდება შემოწმებით დადგენილ ბრუნვისგან. აღნიშნული სხვაობით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 105; 154; 159