გადაწყვეტილება №23604/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.09.2024
№ დოკუმენტი 23604/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23604/2/2024

25 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------------“ 31.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23604/2/2024)

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №002-309 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16824 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 172 447 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 110 517

დღგ- 53 665

საშემოსავლო გადასახადი - 56 852

ჯარიმა - 55 573

საურავი - 6 357

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კაფე-ბარით მომსახურება დავით აღმაშენებლის გამზირზე, ხუთ ლოკაციაზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 დეკემბრის №30357 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 18 მაისიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია გაანგარიშებები საქონლის და ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელმა ითანამშრომლა შემოწმებასთან, წარდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები და საქმიანობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება. ვინაიდან საწარმო აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საქონელი ჩაითვალა სრულად რეალიზებულად. მსგავსი აუდირებული კომპანიის მარჟის გამოყენებით და გაწეული ხარჯისა და შემოსავლის თანაფარდობით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი, რამაც შეადგინა 436 045 ლარი. მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ხარჯების სალდირებულად გამოქვითვის შემდგომ, დადგინდა განკარგვადი ფულის სხვაობა 227 411 ლარი (გათვალისწინებულია გადახდილი ხელფასები, გადახდილი იჯარა, საქონლის შეძენის ხარჯი და ა.შ), რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №33049 ბრძანება და №002-309 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 172 447 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 5 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 26 თებერვლის №4079 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 19.03.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 27.06.2024 წლის №22621/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 თებერვლის №4079 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 16 ივლისის №16824 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, რეალიზებულად განხილულ ძირითად საშუალებებზე არ გაავრცელოს მსგავსი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟა და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16824 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო მიღებული შემოსავლის დადგენა, მიიჩნევს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახდო ვალდებულებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში მითითებულ და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ საკითხის ზეპირი განხილვისას წარდგენილ არგუმენტაციაზე, რომ შემოწმების ფარგლებში აუდიტორს არ შეუსწავლია კომპანიაში არსებული საქონლის ნაშთის შესახებ ინფორმაცია, ხოლო ვინაიდან საწარმოს შეჩერებული ჰქონდა ეკონომიკური საქმიანობა, მის მიერ შეძენილი ყველა აქტივი (მათ შორის, ლეპტოპი, ჩილიმები, სმფ და ყველა სხვა აქტივი) ჩათვალა რეალიზებულად. თუმცა, საწარმოს არ აქვს სრულად რეალიზებული აქტივები და დღეის მდგომარეობით უფიქსირდება ნაშთად. ამასთან, კომპანიამ ეკონომიკური საქმიანობა შეაჩერა არა ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის გამო, არამედ მერიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მერიასთან არსებული პრობლემები უკავშირდება მერიის ინიციატივას, რომ აღმაშენებლის გამზირზე არსებულ კაფე-ბარებს არსებითად უნდა შეემცირებინათ გარე სივრცეებში განთავსებული მაგიდები. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ართულებდა ბიზნესის საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიის მოგებაზე გასვლის პერსპექტივას. ასევე, აღნიშნავს, რომ სარეალიზაციო პროდუქციის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდება აქტივების, მაგალითად, კომპიუტერის და სხვა აქტივების ფასნამატისგან.

შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და საკითხის ზეპირი განხილვისას დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2024 წლის 18 ივნისის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ფაქტის კონსტატაციის ოქმი, რომლითაც გადამხდელი ცდილობს დაადასტუროს, რომ დღეის მდგომარეობით უფიქსირდება მარაგები და ძირითადი საშუალებები. აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია რამოდენიმე მაცივარი, ინვენტარი, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები და კომპიუტერული ტექნიკა. ეს ყოველივე წარმოდგენილია დასურათებული სახით. თუმცა, კონსტატაციას არ ახლავს აღნიშნული საქონლის შეძენის დოკუმენტები, თითოეული საქონლის შეძენის ღირებულება, დასახელება, რაოდენობა, ხარისხი და გამყიდველი პირი. ზემოაღნიშნულ ოქმში ასევე არ არის მითითებული ვის ეკუთვნის პროდუქცია და ინვენტარი. ასევე აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ ფოტოებზე დაფიქსირებულ ტექნიკასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არ აქვს (შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით არ ფიქსირდება) შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, აღნიშნულ ძირითად საშუალებებს არ მიუღია მონაწილეობა შემოსავლის ფორმირებაში (არ არის დაკავშირებული მარჟასთან). ხოლო, ვინაიდან საწარმო აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საქონელი, მათ შორის, ძირითადი საშუალებები, რომელთა შეძენაც ფიქსირდებოდა გადამხდელის მიერ, ჩაითვალა სრულად რეალიზებულად მსგავსი აუდირებული კომპანიის მარჟის გამოყენებით.

ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებებით ვერ დასტურდება საქონლის ნაშთად არსებობის ფაქტი, აღნიშნული საქონლის რეალიზებულად განხილვა მართლზომიერია, თუმცა შემოწმების მიერ რეალიზებულად განხილულ ძირითად საშუალებებზე მსგავსი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟის გამოყენება დაუსაბუთებელია.

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, რეალიზებულად განხილულ ძირითად საშუალებებზე არ გაავრცელოს მსგავსი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟა და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა სრულად არ დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა. ასევე, დაკმაყოფილებულ ნაწილში ბუნდოვანია შემოსავლების სამსახურის დავალება. შესაბამისად, ითხოვს გასაჩივრებული აქტების გაუქმებას.

1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და სხვა აქტივების ნაშთი

შემოწმების ფარგლებში აუდიტორს არ შეუსწავლია კომპანიაში არსებული საქონლის ნაშთის შესახებ ინფორმაცია. არამედ, რახან კომპანიას შეჩერებული ჰქონდა ეკონომიკური საქმიანობა, მის მიერ ნაყიდი საქონელი სრულად ჩათვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აღნიშნულ მიდგომას. შემოწმებამ პრაქტიკულად ყველა აქტივი (მათ შორის, ლეპტოპი, ჩილიმები, სმფ და ყველა სხვა აქტივი) ჩათვალა რეალიზებულად.

კომპანიამ ეკონომიკური საქმიანობა შეაჩერა არა ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის გამო, არამედ, მერიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მერიასთან არსებული პრობლემები უკავშირდება მერიის ინიციატივას, რომ აღმაშენებლის გამზირზე არსებულ კაფე-ბარებს არსებითად უნდა შეემცირებინათ გარე სივრცეებში განთავსებული მაგიდები. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ართულებდა ბიზნესის საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიის მოგებაზე გასვლის პერსპექტივებს.

დავის განმხილველ ორგანოებში გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი ჰქონდა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2024 წლის 18 ივნისის ფაქტის კონსტანტაციის ოქმი, რომლითაც დასურათებული იყო კომპანიის ობიექტში არსებული ძირითადი საშუალებები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

დავების განხილვის საბჭომ სწორედ მითითებული დოკუმენტის და ზოგადად ამ ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევა დაავალა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა კი, ნაცვლად იმისა, რომ სათანადოდ გამოეკვლია გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული არგუმენტები, პრაქტიკულად უგულებელყო მომჩივნის მიერ მითითებული პრეტენზიები და მტკიცებულებები.

საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების (ბრძანების) დასაბუთებაში შემოსავლების სამსახური უთითებს, რომ „მართალია გადასახადის გადამხდელს საქმეში წარმოდგენილი აქვს 2024 წლის 18 ივნისს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ფაქტის კონსტანტაციის ოქმი, რომელიც აფიქსირებს, რომ გადასახადის გადამხდელის ობიექტში არსებობს გარკვეული მარაგები და ძირითადი საშუალებები, თუმცა გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი საქონლის შეძენის დოკუმენტები, თითოეული საქონლის შეძენის ღირებულება, დასახელება, რაოდენობა, ხარისხი და გამყიდველი პირის ვინაობა; ოქმში ასევე არ არის მითითებული ვის ეკუთვნის დასურათებული საქონელი“. შემოსავლების სამსახური ასევე უთითებს, რომ „ფოტოებზე აღბეჭდილ ტექნიკასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არ აქვს შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.“

სწორედ ზემოთაღნიშნული არგუმენტის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა უგულებელყო მომჩივანის არგუმენტი, რომ კომპანიას დღეის მდგომარეობით საკუთრებაში ჰქონდა სმფები და ძირითადი საშუალებები, რომელიც აუდიტის დეპარტამენტს ჩათვლილი ჰქონდა სრულად რეალიზებულად.

საჩივრის განხილვის არც ერთ ეტაპზე, შემოსავლების სამსახურს არ დაუვალებია და არ უთხოვია გადასახადის გადამხდელისთვის, რომ დავის განხილვის ორგანოსთვის ან აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა იმ აქტივების სრული სია, რომელიც დღეის მდგომარეობაში საკუთრებაში ჰქონდა გადასახადის გადამხდელს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული, რომ გადასახადის დარიცხვამდე და შემოწმების აქტში არასწორი ფაქტების ასახვის ნაცვლად, სათანადოდ გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები. გადასახადის გადამხდელი არ არის ვალდებული დამატებითი ხარჯები გაიღოს შემოწმების ფარგლებში ინვენტარიზაციის ჩასატარებლად. საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ჰქონდა სრული უფლებამოსილება, რომ თავად ჩაეტარებინა გადასახადის გადამხდელის ობიექტში მაგალითად დათვალიერების პროცედურა, რის ფარგლებშიც შემოსავლების სამსახური დაადგენდა, რომ კომპანიას დღეის მდგომარეობით საკუთრებაში აქვს გარკვეული ღირებულების აქტივები. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, თუკი დავების განხილვის ორგანოს მიაჩნია, რომ იმ ფაქტის დასადგენად, რომ გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში აქვს გარკვეული ტიპის საქონელი, საჭიროა ცხრილის სახით ამ საქონელზე ინფორმაციის წარდგენა, გამოთქვამენ მზაობას, რომ აღწერონ კომპანიის ბალანსზე არსებული აქტივების სრული ჩამონათვალი და წარუდგინონ შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებული არგუმენტის საპასუხოდ აღსანიშნავია, რომ სამწუხაროდ აღსრულების ეროვნული ბიურო არ ახდენს კონკრეტული აქტივების დასახელების, რაოდენობის და სახეობების აღწერას ფაქტის კონსტანტაციის ოქმში. ასევე, აღსრულების ეროვნული ბიურო ოქმში არ აღნიშნავს ამა თუ იმ აქტივის მესაკუთრეზე ინფორმაციას. სწორედ აღნიშნულის გამო (და არა გადასახადის გადამხდელის ბრალით) არ არის ასახული ფაქტის კონსტანტაციის ოქმში დასურათებული აქტივების რეკვიზიტები.

რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულ გარემოებას, თითქოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით არ ფიქსირდება, რომ გადასახადის გადამხდელს შეეძინა ფოტოზე აღბეჭდილი ტექნიკა, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. ამის საილუსტრაციოდ მაგალითად იხილეთ სურათზე დაფიქსირებული POS ტერმინალის სისტემა და მინი პრინტერის აპარატები (მე-10, მე-13 და მე-14 სურათები), რაზეც მაგალითად არსებობს N---------- ანგარიშ-ფაქტურა.

ასევე, წარმოადგენს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს 2024 წლის 15 ივნისის ჩხრეკის ოქმს, რომლის მიხედვითაც, კომპანიის დირექტორის, --------- ბინიდან ამოღებულ იქნა შპს „---------“ კუთვნილი ლეპტოპი - ----------, რომელიც კომპანიას შეძენილი ჰქონდა N----------------- ანგარიშ-ფაქტურით.

ამდენად ნათელია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ აქვს გამოკვლეული საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, ისე აქვს ნათქვამი უარი ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2. მოგების მარჟის გამოყენება

შემოწმების აქტში აუდიტის დეპარტამენტი უთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავლების გასაანგარიშებლად გამოიყენა სხვა მსგავსი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟა, თუმცა შემოწმების აქტში არ უთითებს რომელი კომპანიის მოგების მარჟა იქნა გამოყენებული. აუდიტორის მიერ მომჩივნისთვის მიწოდებული გაანგარიშების ფაილში მითითებულია ერთადერთი კომპანია, შპს „----------“, ხოლო მის მოგების მარჟად მითითებულია 2.09 (მიღებული შემოსავლების და ხარჯების თანაფარდობა).

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს აქვს არაერთი პრეტენზია. კერძოდ, შემოწმების დოკუმენტებიდან არ ირკვევა:

ეწევა თუ არა შესადარისი კომპანია იდენტურ ბიზნეს საქმიანობას

აქვს თუ არა შესადარის კომპანიას მსგავსი ხარჯები, რაც გადასახადის გადამხდელს

იმყოფება თუ არა შესადარისი კომპანია ბიზნესის განვითარების იმ სტადიაზე, რა სტადიაზეც არის გადასახადის გადამხდელი

შესადარისი კომპანიის საქმიანობის ადგილი (რეგიონი და ტერიტორია)

რა პერიოდიდან არის აღებული შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა

შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა დეკლარირებული მონაცემია, თუ აუდიტის პროცესში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას გამოყვანილი მოგების მარჟა

რამდენად საკმარისია მხოლოდ ერთი შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა ასევე, გაუგებარია, რატომ აირჩია აუდიტის დეპარტამენტმა მოგების მარჟის მეთოდი გადასახადის გადამხდელის მიერ მისაღები შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით დასათვლელად, და რატომ არ გამოიყენა მაგალითად ფასნამატის მეთოდი.

ეწევა თუ არა შესადარისი კომპანია იდენტურ ბიზნეს საქმიანობას

ბიზნეს საქმიანობის იდენტურობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოგების მარჟის მაჩვენებელზე. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ სხვადასხვა ტიპის ბიზნესს ახასიათებს სხვადასხვა ტიპის მომგებიანობა. მაგალითად, სამშენებლო ბიზნესში მოქმედი კომპანიის მოგების მარჟა არის არსებითად განსხვავებული კაფე-ბარების მოგების მარჟისგან. კაფეების მოგების მარჟა ხშირ შემთხვევაში განსხვავდება ბარების მოგების მარჟისგანაც. კაფე-ბარების მოგების მარჟა კი განსხვავდება ღამის კლუბების მოგების მარჟისგან.

მოგების მარჟებს შორის სხვაობა შესაძლოა გამოწვეული იყოს განსხვავებული ხარჯების არსებობით, მომხმარებლების მხრიდან შედარებით მაღალი ან დაბალი მოთხოვნით და სხვა მრავალი ისეთი ფაქტორით, რომელიც ყველა ბიზნესის ტიპს აქვს ინდივიდუალური. ამდენად, შესადარისი კომპანიის შერჩევისას უმნიშვნელოვანესია, რომ აირჩეს ისეთი კომპანია, რომელიც ახორციელებს იდენტური (ან უმეტესწილად მსგავსი) ტიპის ბიზნეს საქმიანობას, რომელსაც აქვს იგივე (ან მეტწილად იდენტური) ტიპის ბიზნეს რისკები და დანახარჯები. აღნიშნული ზრდის იმის ალბათობას, რომ შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა იყოს გადასახადის გადამხდელის მოგების მარჟის მსგავსი.

შედეგად, თავშივე არასწორია არაიდენტური ბიზნეს საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის მოგების მარჟის გამოყენება გადასახადის გადამხდელის მიმართ. რადგან, მაღალია ალბათობა, რომ ასეთი კომპანიის მოგების მარჟა არ იქნება შესადარისი გადასახადის გადამხდელის მოგების მარჟასთან.

როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეში შემმოწმებელმა გამოიყენა შპს „------------“-ის მოგების მარჟა. აღნიშნული ინფორმაცია აქვთ მხოლოდ აუდიტორის მიერ მიწოდებული გაანგარიშების ფაილიდან, სადაც აუდიტორს მითითებული აქვს მხოლოდ ორი მონაცემი - „---------“ და „2.09“ (სრული შემოსავლების და სრული ხარჯების თანაფარდობა). შემოწმების აქტში აუდიტორი საერთოდ არ ახსენებს რომელი კომპანიის მოგების მარჟა გამოიყენა. შემოწმების აქტში აუდიტორი უთითებს, რომ შესადარისი კომპანია ახორციელებს მსგავს (და არა იდენტურ) ბიზნეს საქმიანობას, თუმცა საერთოდ არ განმარტავს კონკრეტულად რა სახის ბიზნეს საქმიანობას ახორციელებს ეს კომპანია. ასევე, არსად არის მითითებული კომპანიის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

ამდენად, ამ ეტაპზე მომჩივნისთვის გაურკვეველია კონკრეტულად რომელი კომპანია გამოიყენა შემოწმებამ შესადარისად და შედეგად, არ შეუძლია გადაამოწმოს, რა სახის ბიზნეს საქმიანობას ახორციელებს აღნიშნული კომპანია, აქვს თუ არა იმდენად იდენტური ბიზნეს საქმიანობა, რომ ჩაითვალოს სანდო შესადარის ბიზნესად.

აქვს თუ არა შესადარის კომპანიას გადასახადის გადამხდელს რპთ-ს და საოპერაციო ხარჯების მსგავსი პროპორცია

როდესაც აუდიტის დეპარტამენტი იყენებს სხვა კომპანიის მოგების მარჟას გადასახადის გადამხდელის შემოსავლის არაპირდაპირი მეთოდით დათვლისთვის, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება შესადარისი კომპანიისა და გადასახადის გადამხდელის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების (რპთ) და სხვა საოპერაციო ხარჯების პროპორციის იდენტურობას.

სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სმფ-ების და საოპერაციო ხარჯების წილი (წილობრივი გაყოფა) ერთნაირი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელთან და შესადარის კომპანიაში. თუ აღნიშნული პროპორცია განსხვავებულია, მაშინ გამოვა, რომ გადასახადის გადამხდელი და შესადარისი კომპანია სხვადასხვა ფასნამატით ოპერირებდნენ, რაც ბუნებრივია არალოგიკურია. აღნიშნული არალოგიკურია იმიტომ, რომ შესადარისი კომპანია, რომელიც იგივე ტერიტორიაზე ვაჭრობს იგივე პროდუქციით არ შეიძლება იგივე პროდუქტს ყიდიდეს რადიკალურად განსხვავებული ფასნამატით. მაგალითად, თუკი შესადარისი კომპანია 10 ლარად ყიდის ლუდს, გადასახადის გადამხდელი იგივე ტერიტორიაზე ლუდს 20 ლარად ვერ გაყიდიდა.

იმყოფება თუ არა შესადარისი კომპანია ბიზნესის განვითარების იმ სტადიაზე, რა სტადიაზეც არის გადასახადის გადამხდელი ბიზნესის განვითარების სტადია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კომპანიის მოგების მარჟაზე. ამდენად, შესადარისი კომპანიის მოგების მარჟის გამოყენებისას მნიშვნელოვანია შეფასდეს, ბიზნესის განვითარების რა სტადიაზეა გადასახადის გადამხდელი და რა სტადიაზეა შესადარისი კომპანია. ბიზნეს გარემოში კარგად ადაპტირებული კომპანია, რომელსაც უკვე შექმნილი აქვს მუდმივი კლიენტების ბაზა, გაცილებით მაღალ მოგების მარჟაზე მუშაობს, ვიდრე კომპანია, რომელიც ახალია ბაზარზე და კლიენტების მოსაზიდად პროდუქციას ყიდის გაცილებით დაბალ ფასებში.

განსახილველ შემთხვევაში, შემოწმებას თავად აქვს დადგენილი, რომ გადასახადის გადამხდელი 2022 წლის განმავლობაში ოპერირებდა მხოლო 2 თვის განმავლობაში - 2022 წლის ივნისსა და ივლისში, ხოლო 2023 წლის განმავლობაში ოპერირებდა მხოლოდ 8 თვის განმავლობაში, იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით. ამასთან, კომპანიის დანახარჯები ცხადყოფს, რომ კომპანია იმყოფებოდა ბიზნესის ე.წ. start-up ფაზაში. გადასახადის გადამხდელის მხოლოდ იჯარის და ხელფასის ხარჯები ორჯერ აღემატებოდა სარეალიზაციოდ შეძენილი საქონლის თვითღირებულებას. ამდენად, ნათელია, რომ გადასახადის გადამხდელი ცდილობდა საქართველოში ისეთ ბაზარზე შესვლას, რომელიც საკმაოდ ათვისებული და კარგად გაჯერებულია ბიზნესის მიერ. კომპანიას უწევდა ზარალზე ოპერირება პირველი წლის განმავლობაში, რათა მოეზიდა და თავი გაეცნო კლიენტებისთვის.

ამდენად, თუკი შესადარისი კომპანია, შპს „---------“ ბიზნესის განვითარების მსგავს სტადიაში არ იმყოფებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, მისი მოგების მარჟის გამოყენება გადასახადის გადამხდელის მიმართ არ არის სწორი და ვერ მოგვცემს სათანადო შედეგს.

შესადარისი კომპანიის საქმიანობის ადგილი (რეგიონი და ტერიტორია)

მოგების მარჟაზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქმიანობის ადგილი. მნიშვნელობა ენიჭება როგორც რეგიონს (ქალაქს), ასევე ამ რეგიონში (ქალაქში) არსებულ ტერიტორიასაც. მაგალითად, თბილისში, შარდენზე არსებული ბარი მუშაობს გაცილებით მაღალ მოგების მარჟაზე, ვიდრე მაგალითად გლდანში არსებული ბარი. ასევე, ------- არსებულ ბარს შესაძლოა ჰქონდეს უფრო მაღალი მოგების მარჟა, ვიდრე თბილისში არსებულ ბარს. აღნიშნულს განაპირობებს ის, რომ სხვადასხვა ადგილზე, განსხვავებულია მომხმარებელთა სეგმენტი და მათი მსყიდველუნარიანობა.

განსახილველ შემთხვევაში მომჩივნისთვის უცნობია, რომელ რეგიონში (ქალაქში) და რა ადგილზე ჰქონდა ობიექტი გახსნილი შპს „-----------“-ს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. თუკი ეს ობიექტი გადასახადის გადამხდელის ობიექტთან ახლოს არ მდებარეობდა, მისი მოგების მარჟა შესაძლოა არსებითად განსხვავებული იყოს გადასახადის გადამხდელის მოგების მარჟისგან.

რა პერიოდიდან არის აღებული შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა

პერიოდის იდენტურობა მნიშვნელოვანია, რათა გამოყენებული მოგების მარჟა იძლეოდეს რეალურ შედეგს. დროის სხვადასხვა პერიოდში კომპანიები საქმიანობენ განსხვავებული მოგების მარჟით, რაც გამოწვეულია სხვადასხვა გარე თუ შიდა სახელმწიფოებრივი, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე.

განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ოპერირებდა 2022 წელს 2 თვის განმავლობაში და 2023 წელს 8 თვის განმავლობაში. შემმოწმებელს გაანგარიშების ფაილში გამოყენებული აქვს შპს „------------“-ის მოგების მარჟის ერთი მონაცემი. საერთოდ გაურკვეველია რომელი პერიოდის მონაცემი აქვს აღებული აუდიტორს, ემთხვევა თუ არა ის გადასახადის გადამხდელის შესამოწმებელ პერიოდს და რატომ არის გამოყენებული შესადარისი კომპანიის მხოლოდ ერთი პერიოდის (სავარაუდოდ ერთი წლის) მოგების მარჟა.

შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა დეკლარირებული მონაცემია, თუ აუდიტის პროცესში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას გამოყვანილი მოგების მარჟა

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც აუდიტის დეპარტამენტი შესადარის მონაცემად იყენებს აუდირებული კომპანიის არა დეკლარირებულ, არამედ თავად აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს/მოგების მარჟას. სათანადო შესწავლის გარეშე დაუშვებელია ასეთი ფასნამატის/მოგების მარჟის პირდაპირ გამოყენება სხვა გადასახადის გადამხდელის მიმართ.

განსახილველ საქმეში მომჩივნისთვის უცნობია, თუ რა მონაცემს დაეყრდნო აუდიტის დეპარტამენტი შესადარისი კომპანიის, შპს „------------“-ის მოგების მარჟის დასადგენად. იყო ეს კომპანიის მიერ დეკლარირებული, თუ აუდიტორის მიერ განსაზღვრული მოგების მარჟა. ამდენად, ამ მონაცემების/დოკუმენტების გაცნობამდე გადასახადის გადამხდელი ვერ ახერხებს ამ ნაწილში უფრო სიღრმისეულ შედავებას.

რამდენად საკმარისია მხოლოდ ერთი შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა

როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ საქმეში აუდიტის დეპარტამენტს გამოყენებული აქვს მხოლოდ ერთი შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა გადასახადის გადამხდელის შემოსავლების დასათვლელად.

ზოგადად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საგადსახადო სამართალში მიღებული პრაქტიკაა რამდენიმე შესადარისი კომპანიის მონაცემების გამოყენება. განცალკევებულად აღებულ ერთ კომპანიას შესაძლოა ჰქონდეს ინდივიდუალური მიზეზები, რის გამოც მუშაობს მოგების ამა თუ იმ მარჟაზე (მაგალითად, ყიდიდეს უნიკალურ პროდუქტს, ჰქონდეს უნიკალური მუსიკა და ა.შ.). რამდენიმე შესადარისი კომპანიის მონაცემების მაჩვენებლის გამოყენება კი გარკვეულწილად უზრუნველყოფს, რომ გამოირიცხოს რეალური, საბაზრო მაჩვენებლიდან ინდივიდუალური მიზეზების გამო გადახრილი მოგების მარჟა.

ამდენად, მხოლოდ ერთი შესადარისი კომპანიის მოგების მარჟის მონაცემი ვერ იქნება სანდო და სათანადო მონაცემი არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშებისთვის.

რომ შევაჯამოთ, გადასახადის გადამხდელის შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით დათვლისთვის აუდიტორს გამოყენებული აქვს სხვა კომპანიის მოგების მარჟა. გადასახადის გადამხდელისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი კომპანიის მოგების მარჟა გამოიყენა აუდიტორმა, რა მონაცემებზე დაყრდნობით გამოიანგარიშა აუდიტორმა შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა, იყო ეს მონაცემები დეკლარირებული თუ აუდიტორის მიერ განსაზღვრული მონაცემები, რა პერიოდიდან არის აღებული შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა, რომელ ქალაქში და რა ადგილას საქმიანობს შესადარისი კომპანია, რა სახის და რა მოცულობის ხარჯები აქვს, ბიზნესის განვითარების რა სტადიაზეა აღნიშნული კომპანია და საერთოდ, რა ტიპის ბიზნეს საქმიანობას ეწევა შესადარისი ობიექტი. ასევე გაუგებარია, რატომ აქვს გამოყენებული აუდიტორს მხოლოდ ერთი კომპანიის მოგების მარჟა და არა რამდენიმე კომპანიის საშუალო ან მედიანური მონაცემი.

საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, საკანონმდებლო მოთხოვნა, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სათანადოდ გაეცნოს ადმინისტრაციული აქტის შინაარსს. შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა კი თავის მხრივ გულისხმობს გადასახადის გადამხდელისთვის გამოყენებული მეთოდების და გამოყენებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის თაობაზე სრული ინფორმაციის მიწოდებას. როგორც აღინიშნა, საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების მიუხედავად, შემოწმების აქტში საერთოდ არ არის მითითებული რელევანტური ინფორმაცია შესადარის კომპანიასთან დაკავშირებით. ამდენად, გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ამ ნაწილში იმდენად დაუსაბუთებელია, რომ პრაქტიკულად ვერ ახერხებენ სათანადო შედავებას და დავის წარმოება უწევთ მხოლოდ თეორიული დაშვებების დონეზე.

3. ერთი და იგივე მარჟის გამოყენება ყველა აქტივზე

წარმოდგენილ საჩივრებში გადასახადის გადამხდელი მიუთითებდა, რომ აუდიტორმა მიიჩნია, რომ კომპანიას სრულად ჰქონდა რეალიზებული შეძენილი აქტივები. რეალიზებულად განხილულ აქტივებში შესული იყო ისეთი ძირითადი საშუალებებიც, როგორიცაა მაგალითად კომპიუტერი, POS ტერმინალი, პრინტერები, ჩილიმები და ა.შ. ასევე, ისეთი აქტივები როგორიცაა ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდები და ა.შ

წინამდებარე საქმეში აუდიტორს გავრცელებული აქვს 759%-იანი ფასნამატი. კერძოდ, აუდიტორს განსაზღვრული აქვს, რომ კომპანიამ მიიღო

436 045.58 ლარის შემოსავალი. კომპანიის მიერ ზედნადებით შეძენილი საქონლის (მათ შორის, ძირითადი საშუალებების) ღირებულება არის 57 451 ლარი. შესაბამისად, 759% მიიღება შემდეგნაირად = 436 045.58 / 57 451 * 100%. ~

თუნდაც ჩავთვალოთ, რომ კომპანიას გაყიდული ჰქონდა ყველა აქტივი (მათ შორის, ძირითადი საშუალებები), ბუნებრივია ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული ისეთ ძირითად საშუალებებზე, როგორიცაა კომპიუტერი, POS ტერმინალი, პრინტერები, ჩილიმები და ა.შ. 759%-იანი ფასნამატის გამოყენება.

ამ ლოგიკით გამოვა, რომ მაგალითად POS ტერმინალი, რომელიც კომპანიას შეძენილი ჰქონდა 2210 ლარად და რომელიც მოიხმარა საქმიანობის პერიოდში, საბოლოო ჯამში უნდა გაეყიდა 18 983.9 ლარად.

შემოსავლების სამსახურმა საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებით განმარტა, რომ არასწორი იყო აუდიტის დეპარტამენტის მიდგომა, რომლითაც კომპანიის მიერ შეძენილ ძირითად საშუალებებზე იგივე მარჟა (და შესაბამისად ფასნამატი) გაავრცელა, რაც გამოყენებული იყო სმფ-ებისთვის. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს დაავალა ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულების შემცირება.

გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ბრძანებას ამ ნაწილში ასაჩივრებს იმის გამო, რომ გადაწყვეტილებიდან არ დგინდება ძირითადი საშუალებების ნაწილში რა ფასნამატი/მარჟა უნდა გამოიყენოს აუდიტის დეპარტამენტმა (თუ უნდა გამოიყენოს რაიმე ფასნამატი/მარჟა საერთოდ) და არ დგინდება, როგორ უნდა აღასრულოს აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება (ბრძანება).

4. აუდიტორის მიერ განსაზღვრული ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირება

მას შემდეგ, რაც შემმოწმებელმა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა (გაზარდა) კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი, გამოთვალა კომპანიაში არსებული ვირტუალური ფულის ნაშთი (რომელიც არის სხვაობა არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ შემოსავლებსა და კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებს შორის) და აღნიშნული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2023 წლის ოქტომბრის თვეში) ჩათვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

არ ეთანხმებიან აუდიტორის მიერ გაანგარიშებულ ფულადი ნაშთის ოდენობას. აღნიშნული ნაშთი ექვემდებარება დაკორექტირებას პირველ და მეორე სადავო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

ამასთან, არასწორად მიაჩნიათ აუდიტორის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ვირტუალური ფულადი ნაშთის სახელფასო ანაზღაურებად განხილვასთან დაკავშირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია გაანგარიშებები საქონლის და ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ვინაიდან საწარმო აღარ ფუნქციონირებს შესამოწმებელი პერიოდში, მიღებული საქონელი სრულად ჩაითვალა რეალიზებულად, აუდირებული კომპანიის მარჟის გამოყენებით. გაწეული ხარჯისა და მიღებული შემოსავლის თანაფარდობით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის დასაბეგრი შემოსავალი. ასევე, კომპანიის გაწეული ხარჯის გათვალისწინებით დადგინდა სალაროში განკარგვადი ფულის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2024 წლის 18 ივნისის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ფაქტის კონსტატაციის ოქმი, რომლითაც მომჩივანი ცდილობს დაადასტუროს, რომ დღეის მდგომარეობით უფიქსირდება მარაგები და ძირითადი საშუალებები. აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია რამდენიმე მაცივარი, ინვენტარი, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები და კომპიუტერული ტექნიკა. ეს ყოველივე წარმოდგენილია დასურათებული სახით. თუმცა, კონსტატაციას არ ახლავს აღნიშნული საქონლის შეძენის დოკუმენტები, თითოეული საქონლის შეძენის ღირებულება, დასახელება, რაოდენობა, ხარისხი და გამყიდველი პირი. ზემოთ აღნიშნულ ოქმში ასევე არ არის მითითებული ვის ეკუთვნის პროდუქცია და ინვენტარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ ფოტოებზე დაფიქსირებულ ტექნიკასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არ აქვს (ორაკლის მონაცემებით არ ფიქსირდება) შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, აღნიშნულ ძირითად საშუალებებს არ მიუღია მონაწილეობა შემოსავლის ფორმირებაში (არ არის დაკავშირებული მარჟასთან). საგადახადო შემოწმებით გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების მარჟა.

მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, რეალიზებულად განხილულ ძირითად საშუალებებზე არ გაავრცელოს მსგავსი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟა და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16824 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია გაანგარიშებები საქონლის და ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ვინაიდან საწარმო აღარ ფუნქციონირებს შესამოწმებელი პერიოდში, მიღებული საქონელი სრულად ჩაითვალა რეალიზებულად, აუდირებული კომპანიის მარჟის გამოყენებით. გაწეული ხარჯისა და მიღებული შემოსავლის თანაფარდობით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის დასაბეგრი შემოსავალი. ასევე, კომპანიის გაწეული ხარჯის გათვალისწინებით დადგინდა სალაროში განკარგვადი ფულის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16824 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5,9);101(1);154(1)