ბრძანება N 26500
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26500
17 დეკემბერი 2024
ბრძანება
შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“)
(მის.: „---------“)
2024 წლის 7 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №128) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ „---------“) 2024 წლის 7 აგვისტოს №91272/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №085-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული ვალდებულებების განულებას, კომპანიის მიერ ვალდებულებების გასასტუმრებლად გაცემული თანხების ხელფასის სახით განაცემებად დაკვალიფიცირებას და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 თებერვლის №2984 და 28 მარტის №6780 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ „---------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2024 წლის 13 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 8 ივლისის №16182 ბრძანება და 9 ივლისის №085-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 217 267 ლარი, მათ შორის გადასახადი 137 580 ლარი, ჯარიმა 69 932 ლარი და საურავი 9 755 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 17 სექტემბრის №20389 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 29 ნოემბრის №24075/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №20389 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 ნოემბრის №24075/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 6 მარტს, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად 2020 წლის 13 ივლისს. პირი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამა ფინაში. საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის (2021 წლის პირველი იანვრისთვის) ფიქსირდება შემდეგი სახის ბუღალტრული ნაშთები: ვალდებულებები საწარმოს პერსონალის წინაშე 66 000 ლარი (აღნიშნულ ივალდებულება სრულად იფარება საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში) და აკუმულირებული ზარალი 65 137 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას საანგარიშო პერიოდის საწყის ნაშთად დაფიქსირებული თანხების რეალურობის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა 2021 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდში ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, 2021 წლის პირველი იანვრისთვის დაფიქსირებული საწარმოს ვალდებულება ჩაითვალა ნულად, ხოლო საწარმოს მიერ ვალდებულების გასასტუმრებლად გაცემული თანხები - ხელფასის სახით განაცემებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, საწარმოს დაუკორექტირდა (გაეზარდა) საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილია, რომ საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის (2021 წლის პირველი იანვრისთვის) ფიქსირდება შემდეგი სახის ბუღალტრული ნაშთები: ვალდებულებები საწარმოს პერსონალის წინაშე 66 000 ლარი (აღნიშნული ვალდებულება სრულად იფარება საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში) და აკუმულირებული ზარალი 65 137 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას საანგარიშო პერიოდის საწყის ნაშთად დაფიქსირებული თანხების რეალურობის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა 2021 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდში ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, 2021 წლის პირველი იანვრისთვის დაფიქსირებული საწარმოს ვალდებულება ჩათვლილ იქნა ნულად, ხოლო საწარმოს მიერ ვალდებულების დასაფარად გაცემული თანხები - ხელფასის სახით განაცემებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული ვალდებულებების განულებას, კომპანიის მიერ ვალდებულებების გასასტუმრებლად გაცემული თანხების ხელფასის სახით განაცემებად დაკვალიფიცირებას და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ გააჩნია 2020 წლის დამუშავებული ფინანსური მონაცემები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“-ის (ს/ნ „---------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული ვალდებულებების განულებას, კომპანიის მიერ ვალდებულებების გასასტუმრებლად გაცემული თანხების ხელფასის სახით განაცემებად დაკვალიფიცირებას და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მომსახურების გაწევა.მომჩივანი გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 6 მარტს, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად 2020 წლის 13 ივლისს.ვალდებულებები საწარმოს პერსონალის წინაშე 66 000 ლარი და აკუმულირებული ზარალი 65 137 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას საანგარიშო პერიოდის საწყის ნაშთად დაფიქსირებული თანხების რეალურობის დადგენის მიზნით, გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა 2021 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდში ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, 2021 წლის პირველი იანვრისთვის დაფიქსირებული საწარმოს ვალდებულება ჩაითვალა ნულად, ხოლო საწარმოს მიერ ვალდებულების გასასტუმრებლად გაცემული თანხები - ხელფასის სახით განაცემებად.სსკ-ის154-ე მუხლის მიხედვით,საწარმოს დაუკორექტირდა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154.