ბრძანება N 12417
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12417
28 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.:---) 2023 წლის 3 და 6 ნოემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 აპრილის №22015/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 3 ნოემბრის №84653/1/2023 და 6 ნოემბრის №84706/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №007-262 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, დირექტორისაგან აღებულ სესხზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვას. მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებისას არ გამოვლენილა არანაირი სამართალდარღვევა, რადგან კომპანიას დანერგილი აქვს საცალო გაყიდვების პროგრამა და აღრიცხავს თითოეულ ტრანზაქციას. აღნიშნავს, რომ საწარმოს დამფუძნებლისგან/დირექტორისგან აღებული ჰქონდა სესხი საქმიანობისათვის 2010 წლიდან და მასზე დარიცხული იყო საპროცენტო დავალიანებაც. მიუთითებს, რომ შემმოწმებელთა ვარაუდი კომპანია არ საჭიროებდა სესხს ეყრდნობა ხანდაზმული პერიოდის ინფორმაციას და შემოწმებას არ გააჩნდა შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, აღნიშნული სესხი წინა საგადასახადო შემოწმებით სადავო არ გამხდარა. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ პარტნიორის სესხი ჩაანაცვლა ბანკიდან მიღებულმა სესხმა შემოწმების პერიოდშივე, რადგან კომპანია სესხის გარეშე საქონლის ღირებულებას ვერ გადარიცხავდა და ამას ადასტურებს ბუღალტრული აღრიცხვაც. დამატებით აღნიშნავს, რომ ყველა ზემოაღნიშნული დასტურდება კომპანიის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებითაც. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6517 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--- ს“ (ს/ნ --- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24582 ბრძანება და ამავე თარიღის №007-262 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 360 996 ლარი, მათ შორის გადასახადი 225 550 ლარი, ჯარიმა 112 775 ლარი და საურავი 22 671 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 28 დეკემბრის №33428 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 29 აპრილის №22015/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33428 ბრძანება და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 აპრილის №22015/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიას 2010 წლიდან საქმიანობისთვის მიღებული ჰქონდა დამფუძნებლის სესხი და აღრიცხული მასზე რიცხული საპროცენტო დავალიანება. საგადასახადო ორგანოს მიერ 2010 წლიდან 2015 წლამდე პერიოდი შემოწმებულია, სადაც წარდგენილია მონაცემები მიღებული სესხის შესახებ, რომელიც შემოწმებამ დაადასტურა, აუდიტორს ასევე გაუგზავნა საკურსო სხვაობების გაანგარიშება, რითაც შემცირდა ერთობლივი შემოსავალი 2010-2015 წწ., ხოლო, 2017 წლიდან ყოველწლიურად წარადგენს ანგარიშგებას, 2017 წლის წარდგენილ ანგარიშგებაში ასახულია სესხი 899 417 ლარის ოდენობით და დარიცხული პროცენტი 549 119 ლარის ოდენობით, 2018, 2019, 2020 წლის ანგარიშგებაში მითითებულია პარტნიორის სესხი სახელობითად შესაბამისი მოძრაობის მითითებით, ასევე დარიცხული პროცენტი.
2020-2023 წლის მონაცემები ადასტურებს, რომ კომპანიას სესხი გარდაუვლად სჭირდება საქმიანობისთვის და ყოველი მიღებული ტრანშით არის მხოლოდ შესაძლებელი საქონლის ღირებულების დაფარვა. კომპანიამ პარტნიორის სესხი ჩაანაცვლა ბანკის სესხით 350 000 აშშ დოლარის ოდენობით.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტაციიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში საწყის ნაშთად დაფიქსირებული სასესხო ვალდებულების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძველი, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა რკინა-კავეულით, საღებავებით და მინით სპეციალიზებულ მაღაზიებში. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა დირექტორისთვის სასესხო ვალდებულების გადახდა, რომელიც საწყის ნაშთად მოჰყვებოდა შესამოწმებელ პერიოდზე. აღნიშნული სესხი შესამოწმებელ პერიოდში სრულად იყო დაფარული. შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოს დაარსების მომენტიდან დეკლარირებული მონაცემების შესწავლა/ანალიზი, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დამფუძნებლისგან/დირექტორისგან სესხის აღების საჭიროება. შემოწმების მიერ აღნიშნული დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლზე, რომლის თანახმად: 1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს დამფუძნებლისგან/დირექტორისგან აღებული ჰქონდა სესხი საქმიანობისათვის 2010 წლიდან და მასზე დარიცხული იყო საპროცენტო დავალიანებაც. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ პარტნიორის სესხი ჩაანაცვლა ბანკიდან მიღებულმა სესხმა შემოწმების პერიოდშივე, რადგან კომპანია სესხის გარეშე საქონლის ღირებულებას ვერ გადარიცხავდა და ამას ადასტურებს ბუღალტრული აღრიცხვაც. ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ 2010 წლიდან 2015 წლამდე საანგარიშო პერიოდი შემოწმებულია და აღნიშნული სესხი სადავო არ გამხდარა. დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე, დასტურდება კომპანიის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებითაც, რომელიც ასევე ახლავს საჩივარს დანართად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული), ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული), ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, დირექტორისაგან აღებულ სესხზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიას 2010 წლიდან საქმიანობისთვის მიღებული ჰქონდა დამფუძნებლის სესხი და აღრიცხული მასზე რიცხული საპროცენტო დავალიანება. საგადასახადო ორგანოს მიერ 2010 წლიდან 2015 წლამდე პერიოდი შემოწმებულია, სადაც წარდგენილია მონაცემები მიღებული სესხის შესახებ, რომელიც შემოწმებამ დაადასტურა, აუდიტორს ასევე გაუგზავნა საკურსო სხვაობების გაანგარიშება, რითაც შემცირდა ერთობლივი შემოსავალი 2010-2015 წწ., ხოლო, 2017 წლიდან ყოველწლიურად წარადგენს ანგარიშგებას, 2017 წლის წარდგენილ ანგარიშგებაში ასახულია სესხი 899 417 ლარის ოდენობით და დარიცხული პროცენტი 549 119 ლარის ოდენობით, 2018, 2019, 2020 წლის ანგარიშგებაში მითითებულია პარტნიორის სესხი სახელობითად შესაბამისი მოძრაობის მითითებით, ასევე დარიცხული პროცენტი.
2020-2023 წლის მონაცემები ადასტურებს, რომ კომპანიას სესხი გარდაუვლად სჭირდება საქმიანობისთვის და ყოველი მიღებული ტრანშით არის მხოლოდ შესაძლებელი საქონლის ღირებულების დაფარვა. კომპანიამ პარტნიორის სესხი ჩაანაცვლა ბანკის სესხით 350 000 აშშ დოლარის ოდენობით.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტაციიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში საწყის ნაშთად დაფიქსირებული სასესხო ვალდებულების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძველი, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154.