გადაწყვეტილება №19719/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19719/2/2023
17 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 19.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19719/2/2023).
დავის საგანი:
საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 10.03.2023 წლის №041-7 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.05.2023 წლის №9687 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 49 487 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 20 969
დღგ -3 199
იმპორტის გადასახადი - 17 770
ჯარიმა - 20 969
საურავი - 7 549
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანმა №---------- 10.03.2021 და №---------- 30.03.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციებით, თავისუფალ მიმოქცევაში გაუშვა 148 085.77 ლარის საბაჟო ღირებულების და 49 105 კგ. ნეტო წონის შავი ლითონის ნაწარმი.
ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციების თანმხლები №---------- 4.03.2021 და №---------- 27.03.2021 პრეფერენციული წარმოშობის (გადაადგილების) EUR.1 სერტიფიკატების ექსპორტიორ ქვეყანაში (----------) გადამოწმების შედეგად, ---------- საბაჟო ორგანოსაგან 2022 წლის 10 იანვარს მიღებული №----------/21 წერილიდან გაირკვა, რომ წარმოშობის სერტიფიკატებში მითითებულ ---------- ექსპორტის დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემები შეუსაბამობაში მოდიოდა ამავე წარმოშობის სერტიფიკატებში დაფიქსირებული საქონლის აღწერილობით ნაწილთან. №---------- 4.03.2021 და №---------- 27.03.2021 პრეფერენციული წარმოშობის (გადაადგილების) EUR.1 სერტიფიკატების უკანა გვერდებზე, გადამოწმების შედეგების გრაფები მონიშნულია უარყოფითად. ამავდროულად, მითითებული EUR.1 სერტიფიკატები ---------- სავაჭრო და მრეწველობის პალატისადმი არ ყოფილა დასამოწმებლად წარდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ გადასახადს გადამხდელის მიერ №---------- 4.03.2021 და №---------- 27.03.2021 პრეფერენციული წარმოშობის (გადაადგილების) EUR.1 სერტიფიკატები არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მე-2 დანართის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს მიერ შედგა 2023 წლის 9 მარტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა 34-21-10 აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 მარტის №4578 ბრძანება გადასახადის გადამხდელისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და 2023 წლის 10 მარტის №041-7 საგადასახადო მოთხოვნა.
შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 20 968.95 ლარი (მათ შორის იმპორტის გადასახადი 17 770.3 ლარი, დღგ 3 198.65 ლარი) და ჯარიმა 20 968.95 ლარი საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამასთან, შემოწმების მასალები ქვემდებარეობის მიხედვით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
გადასახადის გადამხდელის საჩივარი შემოსავლების სამსახურის 3.05.2023 წლის №9687 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველ ნაწილზე, დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა (იმპორტის გადასახდელის დარიცხვა) მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის ჩაბარების შემდეგ დაუკავშირდა მომწოდებელ კომპანიას (----------), რომელსაც მოსთხოვა პრეფერენციული წარმოშობის (გადაადგილების) EUR.1 სერტიფიკატების ორიგინალის მოწოდება უმოკლეს ვადაში, დარიცხული ძირითადი გადასახადების შემცირების მოხდენის მიზნით. ვინაიდან, ---------- მიწისძვრის შედეგად არის რთული ვითარება, დღეის მდგომარეობით მომწოდებელმა ვერ შეძლო EUR.1 სერტიფიკატების მოწოდება, თუმცა უმოკლეს ვადაში შეპირდა გამოგზავნას (შესაძლოა დავის განხილვამდეც მივაწოდოთ საბაჟო დეპარტამენტს).
მომჩივანი ითხოვს, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას და გონივრული ვადის მიცემას დაზუსტებული (კანონმდებლობის შესაბამისი) EUR.1 სერტიფიკატების წარმოსადგენად, ხოლო საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და შესაბამისი კორექტირების (შემცირების) განხორციელება.
მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ 2023 წლის პირველ მაისს, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 მაისის №9687 ბრძანების (გადაწყვეტილების) მიღებამდე, კომპანიის მიერ გადახდილია 2023 წლის 10 მარტის №041-7 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადის თანხა 20 968.95 ლარი. საჩივარს თან ერთვის გადარიცხვის დამადასტურებელი საგადახდო დავალება. ვინაიდან, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში დაფიქსირებული სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი (გადახდილია ძირი თანხა) ითხოვს №041-7 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლებას საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო შეღავათის სარგებლობისათვის წარდგენილ უნდა იქნეს საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი.
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.
საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა.
ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილების თანახმად:
9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში გაშვებულ საქონელზე მომჩივანმა ისარგებლა პრეფერენციული წარმოშობის (გადაადგილების) EUR.1 სერტიფიკატებით, რომელთა ნამდვილობა არ დაადასტურა ექსპორტიორი ქვეყნის (----------) საბაჟო ორგანომ. ამდენად, ჩაითვალა, რომ გადასახადს გადამხდელის მიერ პრეფერენციული წარმოშობის (გადაადგილების) EUR.1 სერტიფიკატები არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
მომჩივნის განმარტებით, ის დაუკავშირდა მომწოდებელ კომპანიას (----------), მოსთხოვა პრეფერენციული წარმოშობის (გადაადგილების) EUR.1 სერტიფიკატების ორიგინალის მოწოდება უმოკლეს ვადაში, მაგრამ, ---------- მიწისძვრის შედეგად შექმნილი რთული ვითარების გამო, ვერ მოხდა მოწოდება, თუმცა უმოკლეს ვადაში შეპირდა გამოგზავნას. ამასთან, აღნიშნავს, რომ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა გადახდილია, სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით და როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ითხოვს, დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე.
საჩივრის განხილვის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დადგენილია გადასახადის გადამხდელის მხრიდან საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტი, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში გაშვებულ საქონელზე მომჩივანმა ისარგებლა პრეფერენციული წარმოშობის (გადაადგილების) EUR.1 სერტიფიკატებით, რომელთა ნამდვილობა არ დაადასტურა ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანომ. ამდენად, ჩაითვალა, რომ გადასახადს გადამხდელის მიერ პრეფერენციული წარმოშობის (გადაადგილების) EUR.1 სერტიფიკატები არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. მომჩივნის განმარტებით, ის დაუკავშირდა მომწოდებელ კომპანიას, მოსთხოვა პრეფერენციული წარმოშობის (გადაადგილების) EUR.1 სერტიფიკატების ორიგინალის მოწოდება უმოკლეს ვადაში, მაგრამ, მიწისძვრის შედეგად შექმნილი რთული ვითარების გამო, ვერ მოხდა მოწოდება, თუმცა უმოკლეს ვადაში შეპირდა გამოგზავნას. ამასთან, აღნიშნავს, რომ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა გადახდილია, სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით და როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ითხოვს, დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დადგენილია გადასახადის გადამხდელის მხრიდან საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტი, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1)