გადაწყვეტილება №28035/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28035/2/2026
07 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ----- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 02.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 30.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 28035/2/2026).
დავის საგანი:
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა.
მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2026 წლის N 081-90 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.07.2026 წლის N 16119 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 37 803,65 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 25 495,00 ლარი;
ჯარიმა - 8 305,00 ლარი;
საურავი - 4 003,65 ლარი;.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
შპს „-----" (სნ ----- ) საქმიანობის სფეროა საცალო ვაჭრობა პურით, ნამცხვრებით, ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში.
აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 20.09.2023 წლიდან 01.02.2026 წლამდე პერიოდი.
მეწარმე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. საწარმოს ჩაუტარდა თემატური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 20 სექტემბრიდან 2026 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით.
საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ანალიზი ჩაუტარდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული სისტემების მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ამონაწერებს. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად საკონტროლო - სალარო აპარატით მიღებული შემოსავლებით, პოსტერმინალებითა და საბანკო ჩარიცხვებით, პირს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება წარმოექმნა 2024 წლის 14 ნოემბერს. აღნიშნული შემოსავლებით, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 166 117 ლარის ოდენობით. ამავე პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა ანგარიშ - ფაქტურები (ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 4 400 ლარს), რომლებიც საგადახადო კოდექსის 176-ე მუხლის მიხედვით შეუძლია ჩაითვალოს. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე 1601, 163-ე, 164-ე, 165-ე, 166-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2026 წლის N 081-90 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.07.2026 წლის N 16119 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა პურით, ნამცხვრებით, ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში. ამასთან, კომპანია არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და საბანკო ანგარიშის ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საკონტროლო - სალარო აპარატით, პოსტერმინალებითა და საბანკო ჩარიცხვების შედეგად მიღებული შემოსავლებით, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2024 წლის 14 ნოემბერს. აღნიშნული შემოსავლებით, საწარმოს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 166 117 ლარის ოდენობით. ამავე პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რომლითაც ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენდა 4 400 ლარს, რაც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას. შედეგად, პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, პირს არ უფიქსირდება დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
გაასაჩივრეს საგადასახადო აქტი შემოსავლების სამსახურში, თუმცა მათი პოზიცია არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად საჩივარს გვიგდებს უცვლელად. ფაქტობრივი გარემოება, აუდიტორის შეფასება და დარიცხვის სამართლებრივი შეფასება.
შპს „-----" (ს/ნ ----- ) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა პურით, ნამცხვრებით, ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში. აღნიშნული მეწარმე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. საწარმოს ჩაუტარდა თემატური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 20 სექტემბრიდან 2026 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით.
მომჩივნის პოზიცია:
საგადასახადო შემოწმების აქტს არ ეთანხმება შემდეგი გარემოებათა გამო:
აღსანიშნავია, რომ შემოწმების შემდეგ, შესაძლებლობების ფარგლებში გადაამოწმეს შემოსავლები, აღმოაჩინეს, რომ მათი თანამშრომელი რომელიც შემოსავალს ატარებდა ტერმინალში, შემდგომ კი რამდენიმე ასეთი ტრანზაქციის შემდეგ სალარო აპარატზეც ასახავდა იგივე შემოსავალს. ამის დადგენა ძნელია, თუმცა არა შეუძლებელი, ამ ვარაუდამდე იმ ანალიზის შემდეგ მივიდნენ რაც საცხობის ნედლეულის შესყიდვებსა და შემოსავლებს შორის სხვაობა გაცილებით დიდია, ვიდრე კალკულაციითა მარჟა განსაზღვრული, მუშაობენ იმაზე, რომ ამ ოპერაციებს შორის კავშირი დაადგინონ და საჩივრის განხილვის დროს წარმოადგენენ, ამ საკითხის მოგვარების შემდეგ როცა მოუწევთ დღგ-ზე დადგომა, გამოითხოვენ მომწოდებლებიდან დღგ-ის ფაქტურებს, რათა მოახდინონ ჩათვლების მიღება, ყოველივე ამისათვის ითხოვენ განხილვა გადაიდოს, რათა სრულად წარმოადგინონ მტკიცებულებები.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს: საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ, ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ და საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა და ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ანალიზი ჩაუტარდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული სისტემების მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ამონაწერებს. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად საკონტროლო სალარო აპარატით მიღებული შემოსავლებით, პოსტერმინალებითა და საბანკო ჩარიცხვებით, პირს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება წარმოექმნა 2024 წლის 14 ნოემბერს. აღნიშნული შემოსავლებით, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 166 117 ლარის ოდენობით. ამავე პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა ანგარიშ - ფაქტურები (ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 4 400 ლარს), რომლებიც საგადახადო კოდექსის 176-ე მუხლის მიხედვით შეუძლია ჩაითვალოს. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე 1601, 163-ე, 164-ე, 165-ე, 166-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, პირს დამატებით არ უფიქსირდება დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა.
2. მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინება.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ საწარმოს წარმოეშვა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, რის გამოც დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. მომჩივანი არ დაეთანხმა დარიცხვას და გადაწყვეტილება გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურსა და დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282; 165;.