ბრძანება N 9646

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.05.2023
№ დოკუმენტი 9646
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9646

03.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------’’ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, სოფ. ----------)

2022 წლის 14 და 16 ნოემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 აპრილის სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა შპს „----------’’ (ს/ნ ----------) №76430/1/2022 და №76501/1/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის №086-41 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრას და დღგ-ის დარიცხვას.

2. არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ შეუძლია წარმოადგინოს შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით, მიღებული მომსახურებისთვის გადამხდელ ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სრულიად შეცვლის სურათს და ფულადი ნაშთი არსებითად შემცირდება. ითხოვს საკითხის უფრო დეტალურად შესწავლას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივლისის №20225 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------’ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 13 ოქტომბრის №26127 ბრძანება და ამავე თარიღის №086-41 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 245 490 ლარი, მათ შორის: გადასახადი 157 586 ლარი, ჯარიმა 58 396 ლარი, საურავი 29 508 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ საწარმო არ არის დღგ-ის გადამხდელი. საწარმო 2006 წლიდან ---------- მუნიციპალიტეტის სოფლებში სამარშრუტო ხაზების მოსაკრებელს იღებს ამ მარშრუტებზე დასაქმებული მძღოლებისგან, ამასთანავე 2018 წლიდან ა.(ა)ი.პ. ---------- სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში უწევს სატრანსპორტო მომსახურებას ქვეკონტრაქტორების, კერძოდ მეწარმეების საშუალებით. საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში საწარმო არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, ტენდერისა და გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარებები, საბანკო ამონაწერები, ქვეკონტრაქტორის ხელშეკრულებები, რის მიხედვითაც გადამხდელის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურებების ღირებულებამ შესამოწმებელ პერიოდში უწყვეტ 12 კალენდარულ თვეში გადააჭარბა 100 000 ლარს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2019 წლის 1 იანვარი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს 2020 წლის 1 დეკემბრიდან შემოწმებით გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, რადგან რეგისტრაციის თარიღიდან 1 წლის განმავლობაში მისი დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა დღგ-ის გარეშე არ აღემატებოდა 100 000 ლარს. 2021 წლის 2 ივლისს გადამხდელს კვლავ მოუწია დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის (2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის) გათვალისწინებით, საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება 522 270 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე) შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველად დოკუმენტებზე (ბანკის ამონაწერები, მიღებული და გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაცია) დაყრდნობით შესწავლილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. შედეგად გამოვლინდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 235 000 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ივლისის N19996 ბრძანების საფუძველზე 2022 წლის 28 ივლისს საწარმოში ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადმოგზავნილი მასალების მიხედვით საწარმოს 2022 წლის 28 ივლისის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია, ასევე საწარმოს დირექტორის განმარტებით საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა არც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. საწარმოს სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის (235 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე)) საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია. აღნიშნული გარემოებებისა და საქართველოს საგდასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი 235 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა) საერთო თანხა დღგ-ის გარეშე არ აღემატება 100 000 ლარს და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 1 წელი:

ა) გადასახადის გადამხდელს შეუძლია მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით;

ბ) საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს დღგ-ის გადამხდელს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და მისი თანხმობის შემთხვევაში გაუუქმოს რეგისტრაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმებით საწარმოს სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2019 წლის 1 იანვარი, თუმცა შემმოწმებელს ამ ნაწილში არ აქვს მითითებული 2018 წლის საანგარიშო პერიოდის შემოსავლები. განმარტავს, რომ 2018 წელს გადამხდელი ახორციელებდა მხოლოდ მგზავრების გადაყვანის მომსახურებას და მისი ერთობლივი შემოსავალი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში 2019 წლის სექტემბრამდე არ აღემატებოდა 100 000 ლარს. შესაბამისად მიაჩნია, რომ შემოწმებას დღგ-ის გადამხდელად უნდა დაერეგისრტრირებინა 2019 წლის ოქტომბრიდან. 2019 წლის ოქტომბრის თვეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე მომსახურების თანხა შეადგენდა 21 583 ლარს, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი თანხა შეადგენდა 4311.02 ლარს. ასევე, შემოწმებით საწარმოს 2020 წლის 1 დეკემბრიდან გააუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტაცია, რადგან რეგისტრაციის თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში მისი დასაბეგრი ოპერაციების თანხა არ აღემატებოდა 100 000 ლარს, ხოლო 2021 წლის 2 ივლისს კვლავ მოუწია დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია. მიუთითებს, რომ თუკი კომპანიას ექნებოდა ამ პერიოდის შემდეგ ბრუნვა უწყვეტად 100 000 ლარის ოდენობით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო თავიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე, 1651 და 1652 მუხლების საფუძველზე. მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელად ხელახალი რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო 2021 წლის დეკემბრიდან. 2021 წლის დეკემბერში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე მომსახურების თანხა შეადგენდა 31 999 ლარს, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი თანხა 8850.85 ლარს. საჩივარზე თანდართული აქვს 2019 წლის იანვრიდან საწარმოს შემოსავლების შესახებ ინფორმაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველად დოკუმენტებზე დაყრდნობით შესწავლილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა, რის შედეგად გამოვლინდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 235 000 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ივლისის N19996 ბრძნანების საფუძველზე 2022 წლის 28 ივლისს საწარმოში ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადმოგზავნილი მასალების მიხედვით საწარმოს 2022 წლის 28 ივლისის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია, ასევე საწარმოს დირექტორის განმარტებით საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა არც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. საწარმოს სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, ამასთან შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია. აღნიშნული ფატობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და საწარმოს განესაზრვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე, ,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1.შპს „----------’’ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრას, დღგ-ის დარიცხვას; შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში საწარმო არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, გადამხდელის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურებების ღირებულებამ შესამოწმებელ პერიოდში უწყვეტ 12 კალენდარულ თვეში გადააჭარბა 100 000 ლარს. საწარმოს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი; წარმოდგენილ პირველად დოკუმენტებზე დაყრდნობით შესწავლილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. შედეგად გამოვლინდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო მეორე სადავო საკითხთან მიმართებით, შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 165; 101; 154; 275; 282;