ბრძანება N 12566

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.06.2025
№ დოკუმენტი 12566
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12566

17 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.:-----)

2025 წლის 27 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 ივნისის სხდომაზე (ოქმი N 49) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 81343/21-10-18 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მარილი რამდენჯერმე ირეცხება წყლით, შემდეგ ხდება იოდიზირება. მის ტრანსპორტირებას კი სჭირდება დაახლოებით 4-5 დღე, რა დროსაც შრება და ორთქლდება იოდი, რაც იწვევს წონის დაკარგვას.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 29 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით ----- რესპუბლიკიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2 სატრანსპორტო საშუალებით (სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრები: ----- და -----) შემოტანილ იქნა შპს „-----“ (ს/ნ -----) კუთვნილი საქონელი – 50 000 კგ იოდიზირებული მარილი. საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ შევსებული N ----- და N ----- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით, შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორციელებისა და საქონლის გაფორმების მიზნით, საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები გაშვებულ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ დანიშნულებით.

იმავე დღეს, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-----“ დეკლარანტის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, შპს „-----“ (ს/ნ -----) სახელზე რეგისტრირებული N -----/C----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულ იქნა ზემოთ დასახელებულ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონელი (50 000 კგ იოდიზირებული მარილი, სეს ესნ-ის კოდი 2501 00 919 00).

მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების დამუშავებისას საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „წითელი დერეფანი“. საქონელი დაექვემდებარა დათვალიერებას (მათ შორის, საქონლის რაოდენობის დასადგენად), დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების შემოწმებით.

საქონლის საერთო წონის დადგენა განხორციელდა ფაქტობრივი აწონვით. აწონვის შედეგად კი გამოირკვა, რომ საქონლის ფაქტობრივი წონა შეადგენდა დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულზე (48 727 კგ) 1 273 კილოგრამით ნაკლებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 6 მაისს შედგენილი იქნა N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 80.37 ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე, 64-ე მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, იმავე დღეს გამოცემული N EL----- /334 საგადასახადო მოთხოვნით დეკლარანტს დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი (80.37 ლარი) უკანონოდ განკარგულ, დაკარგულ ან განადგურებულ საქონელთან მიმართებაში.

ამასთან, გაფორმების საბაჟო ორგანოში წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებებში შესაძლებელი იყო საბაჟო იდენტიფიკაციის (ლუქის) დაზიანების გარეშე შეღწევა, კერძოდ, დასალუქი ზონარი გაჭრილი იყო არათვალსაჩინო ადგილას და გადაბმული იყო ერთ შემთხვევაში პლ. თვითწებვადი ლენტით, ხოლო მეორე შემთხვევაში პლ. მომჭერით), რაზეც საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა იქნა დაკისრებული სამართალდამრღვევი პირებისთვის.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლი მიუთითებს, როპმ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება;

ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ (დანართი N 2) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი აზუსტებს, რომ საქონლის საერთო წონის დადგენა შესაძლებელია ფაქტობრივი აწონვით ან/და საშუალო წონის დადგენით – შეკვრის (ყუთის, ტომრის და სხვ.) აწონვით ან/და გადათვლით ან გაზომვით(თხევადიან საყარი ტვირთების შემთხვევაში).

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ საქონლის საერთო წონის დადგენა განხორციელდა ფაქტობრივი აწონვით, რის შედეგად გამოირკვა, რომ საქონლის ფაქტობრივი წონა შეადგენდა დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულზე (48 727 კგ) 1 273 კილოგრამით ნაკლებს. შესაბამისად მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საგულისხმოა ასევე ის ფაქტიც, რომ გაფორმების საბაჟო ორგანოში წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებებში შესაძლებელი იყო საბაჟო იდენტიფიკაციის (ლუქის) დაზიანების გარეშე შეღწევა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული საქონლის მონაცემების დამუშავებისას საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „წითელი დერეფანი“. საქონელი დაექვემდებარა დათვალიერებას, საქონლის საერთო წონის დადგენა განხორციელდა ფაქტობრივი აწონვით. აწონვის შედეგად კი გამოირკვა, რომ საქონლის ფაქტობრივი წონა შეადგენდა დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ წონაზე ნაკლებს.

 

გადაწყვეტილება:

მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 172; 166;.