გადაწყვეტილება №20286/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20286/2/2023
17 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 17.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20286/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;
2. გამოვლენილი ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №042-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14644 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 552 938 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 332 088
დღგ - 258 340
საშემოსავლო გადასახადი - 73 748
ჯარიმა - 164 197
საურავი - 56 653
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა თამბაქოს ნაწარმის - ძირითადად სიგარეტების საბითუმო რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 29.07.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №042-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14644 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, საწარმოს უფიქსირდებოდა 1 სალარო აპარატი. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით, საწარმოს არ გააჩნდა ბუღალტრული პროგრამა, არ აწარმოებდა საქონლის რაოდენობრივ აღრიცხვას. დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ნაშთები და სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ბოლოს არ გააჩნდა. საწარმოს მიერ არ ხორციელდებოდა საქონლის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდებოდა კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. საწარმოს მიერ არ იყო დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნები და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული შესყიდვები და დოკუმენტური რეალიზაციები. შედეგად, შეძენილი სმფ-ები დაიყო 29 ჯგუფად (65 ქვეკატეგორიად) და თითოეული ჯგუფის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი წლის იდენტიფიცირებული დოკუმენტური ფასნამატი (დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული შემოსავლის 68%-ია, ხოლო 2020 წლის სიგარეტების საშუალო ფასნამატია 1,28%, 2021 წლის-1,62%, 2022 წლის-3,3%).
სმფ-ების საწყის და საბოლოო მარაგებში საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განისაზღვრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენაში. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთი შეადგენდა 94 500 ლარს, ხოლო 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოს - 35 690 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით ფიქსირდებოდა დოკუმენტური შესყიდვები სულ - 5 178 847 ლარის ოდენობით (2020 წელს დღგ-ის გარეშე - 806 457 ლარი, 2021 წელს -3 881 420 ლარი, 2022 წელს - 490 970 ლარი).
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის №1480 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ფასით 50 726 ლარის, ხოლო თვითღირებულებით 41 681 ლარის ოდენობით (ინვენტარიზაციით გამოვლენილი ფასნამატი 3,13%) და ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით, დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის იანვრის თვეში დაადეკლარირა 455 600 ლარის დღგით დასაბეგრი ბრუნვა (სმფ-ების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღის შემდგომ პერიოდში). აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის ბოლოს სმფ-ების თვითღირებულების განსასაზღვრად გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა მხედველობაში არ იქნა მიღებული, გათვალისწინებულ იქნა საკონტროლო-სალარო აპარატში 2023 წლის იანვრის თვეში დაფიქსირებული თანხები. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის და 161-ე მუხლის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციის საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, 2020 წლის პერიოდზე არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლები შეუპირისპირდა საკონტროლო-სალარო აპარატზე დაფიქსირებულ მონაცემებს 24.09.2020 წლამდე, ხოლო შემდგომ პერიოდში დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებს და საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციის საფუძველზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 17.09.2020 წელი, ნაცვლად 24.09.2020 წლისა. საწარმოს 17.09.2020 წლიდან 24.09.2020 წლამდე გამოუვლინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 46 172 ლარის ოდენობით. შესაბამისად, დაერიცხა დღგ 8 310 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნაგანმარტებით, საწარმოს არ გააჩნდა ბუღალტრული პროგრამა, არ აწარმოებდა საქონლის რაოდენობრივ აღრიცხვას. დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ნაშთები და სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ბოლოს არ გააჩნდა. საწარმოს მიერ არ ხორციელდებოდა საქონლის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდებოდა კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. საწარმოს მიერ არ იყო დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნები და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, 31.01.2023 წლის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ სმფ-ების ინვენტარიზაცია, შემოწმების მიერ დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ფასით 50 726 ლარი, ხოლო თვითღირებულებით 41 681 ლარის ოდენობით (ინვენტარიზაციით გამოვლენილი ფასნამატი 3,13%).
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, შეძენილი სმფ-ების ჯგუფებად დაყოფა და თითოეული ჯგუფის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე შესაბამისი წლის იდენტიფიცირებული დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება მართლზომიერია. ასევე, 2023 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტობრივი ნაშთის თვითღირებულებიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა კანონმდებლობის შესაბამისია.
ამასთან, 2020 წელს არაპირდაპირით დათვლილი შემოსავლების 24.09.2020 წლამდე სსა-ში დაფიქსირებულ მონაცემებთან, ხოლო შემდგომ პერიოდში დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებთან შეპირისპირებით, გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად 2020 წლის 17 სექტემბერი განისაზღვრა ნაცვლად 24 სექტემბრისა, რამაც გამოიწვია 17.09.2020 წლიდან 24.09.2020 წლამდე განხორციელებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის დარიცხვა მართლზომიერია.
გადასახადის გადამხდელის პრეტენზია, რომლითაც აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის დეკლარაცია, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადამხდელმა 2023 წლის იანვრის თვეში, სმფ-ების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღის შემდგომ პერიოდში, დაადეკლარირა 455 600 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ 2022 წლის ბოლოს სმფ-ების თვითღირებულების განსასაზღვრად გადამხდელის მიერ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა მხედველობაში არ მიიღო და გაითვალისწინა საკონტროლო-სალარო აპარატში 2023 წლის იანვრის თვეში დაფიქსირებული თანხები. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების დადგენა მოხდა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატით, 2021-2022 წლების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აუდიტორებს რიგ საქონელზე მიღებული აქვთ 21%-იანი ფასნამატი. მაგალითად, 2021 წელს 507 400 ლარის საქონელზე გავრცელებულია 6,4% ფასნამატი, 2022 წელსაც რიგ სიგარეტებზე აღებული აქვთ 23%-იანი ფასნამატი. ჯამში 378 500 საქონელზე გამოყენებულია 6%-იანი ფასნამატი. ეს მხოლოდ ნაწილი ფაქტებია, რაც თვალშისაცემია. ასევე, თუ ჩავშლით კიდევ თითო დასახელების საქონელი წელიწადში დაახლოებით 3-ჯერ იცვლება (იზრდება) ფასი და ბლოკზე მოგება შეადგენს 50 თეთრს, მაქსიმუმ ერთ ლარს. ასეთ სიგარეტების საბითუმო რეალიზაციაში ფასნამატი შეადგენს 1,2%-დან მაქსიმუმ 2%-მდე, ვინაიდან შეუძლებელია სხვანაირად მუშაობა, 10 თეთრით რომ გააძვირო საქონელი მომხმარებელი უბრალოდ წავა და სხვაგან აიღებს პროდუქციას (ვინაიდან სპეციფიური საქონელია და თანაც საბითუმო). ბოლო წლებში სულ იზრდება ფასები, შესაბამისად თითოეული სახეობა უნდა ჩაიშალოს რამდენჯერმე წლის განმავლობაში რათა საწყის პერიოდში თუ დააფიქსირებს აუდიტორი ფასნამატს ერთ კონკრეტულ სიგარეტზე, უკვე გაძვირებულზე იმ ფასნამატის გავრცელება არასწორია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში იდენტიფიცირებულია მომჩივნის დოკუმენტური ფასნამატი. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის №1480 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სმფ-ების ინვენტარიზაცია. შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით, დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, 2023 წლის იანვრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულია სმფ-ების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღის შემდგომ პერიოდში. საბჭო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. გამოვლენილი ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმებამ შეისწავლა ფულადი სახსრების მოძრაობა, რომელშიც გაითვალისწინა შემოწმების მიერ განსაზღვრული შემოსავალი. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდების ბოლოს საწარმოს არ გააჩნდა დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები. ასევე, არ მომხდარა საწარმოში კაპიტალის შეტანა/გატანა. ამასთან, შემოწმებამ გაითვალისწინა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, საბანკო ანგარიშების ამონაწერში არსებული საწყისი და საბოლოო ფულის ნაშთები, შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი/დაბრუნებული გადასახადები. 31.01.2023 წლის ბრძანების საფუძველზე 1.02.2023 წელს კომპანიის კუთვნილ ობიექტში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი გამოვლინდა 3 000 ლარის ოდენობით, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა გონივრულ ნაშთად და აღნიშნული შემოწმებამ გაითვალისწინა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის დროს. საგადასახადო შემოწმებით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულადი ნაშთის ოდენობამ შეადგინა 2021 წლის ბოლოს 247 472 ლარი, ხოლო 2022 წლის ბოლოს 47 521 ლარი, რომელიც შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. საგადასახადო შემოწმებით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლინდა ფულადი ნაშთის ოდენობა 2021 წლის ბოლოს 247 472 ლარი, ხოლო 2022 წლის ბოლოს 47 521 ლარი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომლითაც ითხოვს დებიტორული დავალიანების და გონივრული ნაშთის გათვალისწინებას ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად შესამოწმებელ პერიოდების ბოლოს არ გააჩნდა დებიტორული დავალიანებები. ამასთან, 2023 წლის პირველ თებერვალს შპს „---ის“ კუთვნილ ობიექტში ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი 3 000 ლარის ოდენობით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გონივრულ ნაშთად იქნა მიჩნეული და შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის დროს. ასევე, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულადი ნაშთი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ არის გათვალისწინებული დებიტორები, რომელიც შეამცირებდა ფულის ნაშთს, ქეშის ნაშთს ზრდის ასევე დაფიქსირებული მაღალი ფასნამატი და ასევე არ არის გათვალისწინებული გონივრული ნაშთი. 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილია დღგ-ის დეკლარაცია, სადაც გადასახდელმა დღგ-მა შეადგინა 72 652 ლარი, შემოწმება მოიცავდა 1.01.2023 წლამდე პერიოდს (ინვენტარიზაციის ჩასატარებელი პერიოდი მოიცავდა იანვრის თვეს). აღნიშნული დღგ-ის თანხა არ არის გათვალისწინებული შემოწმებისას და შემდეგ ვერც დააზუსტა. ვინაიდან აღნიშნული თანხა 2-ჯერ მონაწილეობს, გატარებულია ბარათზე და ზის დავალიანებაში, უნდა მიეცეს დეკლარაციის დაზუსტების უფლება, რომ გაანულოს ან საგადასახადო/დავის განმხილველმა ორგანომ მოახდინოს რეაგირება. ფასნამატი და ფულის ნაშთი უნდა დაკორექტირდეს, უნდა შემცირდეს ჯარიმები და საურავები და კომპანიას მიეცეს იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტების უფლება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდების ბოლოს საწარმოს არ გააჩნდა დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები, ასევე, არ მომხდარა საწარმოში კაპიტალის შეტანა/გატანა. 1.02.2023 წელს კომპანიის კუთვნილ ობიექტში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი გამოვლინდა 3 000 ლარის ოდენობით. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულადი ნაშთის ოდენობამ შეადგინა 2021 წლის ბოლოს 247 472 ლარი, ხოლო 2022 წლის ბოლოს 47 521 ლარი.
საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;
2. გამოვლენილი ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 29.07.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №042-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14644 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 73 (5,9); 159; 101; 154; 269 (7).
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.