ბრძანება N 24630

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.11.2024
№ დოკუმენტი 24630
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24630

21 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 2 აგვისტოს საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 აგვისტოს, 19 სექტემბრის და 7 ნოემბრის სხდომებზე (ოქმი №92, ოქმი №101; ოქმი №119) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ----) 2024 წლის 2 აგვისტოს №129777/01 და №129791/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ივლისის №006-376 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, მოგების გადასახდისგან გათავისუფლებული და სპეციალური წესით დაბეგვრას დაქვემდებარებული ოპერაციებიდან მიღებული მოგების თანხის ჩვეულებრივი წესით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტად განხილვას და მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დადგენილ ვადაში შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ინფორმაცია, რომელიც სრულად წარმოადგენდა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს, თუმცა მისი გათვალისწინება არ მომხდარა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5228 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--- ის“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--- ის“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ინების შესახებ);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5228 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 11 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 16 ივლისის №006-376 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ განხორციელდა სადავო საკითხის დამატებითი შესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გათვალისწინებით. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ინფორმაცია ე.წ. „ინ“-ების შესახებ არ არის სრულყოფილი და არ წარმოადგენს სათანადო საფუძველს განხორციელდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მათ მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა) განაწილება.

ამავე კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, ტოტალიზატორის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, რომელიც იბეგრება 7%-იანი განაკვეთით.

ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით წარადგინოს დეკლარაცია და იმავე ვადაში გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მოგების გადასახადის მიზნებისათვის კომპანიის შემოსავალი იყოფა კატეგორიად: შემოსავალი, რომელიც იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლით განსაზღვრული 15%-იანი განაკვეთით; შემოსავალი, რომელიც იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-16 ნაწილით განსაზღვრული 7%-იანი განაკვეთით; შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99- ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ს’’ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან.

რაც შეეხება კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის პროცესში გაწეულ ხარჯებს, ისინი იყოფა 2 კატეგორიად: პირდაპირი ხარჯები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება კონკრეტული ტიპის შემოსავალს და საერთო ხარჯები, რომლებიც გარკვეულწილად კავშირშია ყველა ტიპის შემოსავალთან და რომელთა იდეალური სიზუსტით მიკუთვნება ცალკეულ შემოსავალთან შეუძლებელია.

გადამხდელი პირველ რიგში ახდენდა კონკრეტული სახის შემოსავლების და ამ შემოსავლებთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯების შეპირისპირებას, ხოლო მეორე ეტაპზე საერთო ხარჯების შეპირისპირებას თითოეული ტიპის შემოსავალთან, მთლიან შემოსავალში, ცალკეული სახეობის შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად. მიუთითებს, რომ აღნიშნული მეთოდით ხდებოდა წმინდა მოგების გაანგარიშება და დივიდენდების გაცემა. კომპანიისთვის გაურკვეველი რჩება, რატომ შეფასდა ზემოთაღნიშნული მოგების გაანგარიშების მეთოდი უარყოფითად, რა გზით მოხერხდა ტოტალიზატორიდან მიღებული მოგების (3 892 729 ლარი) ნულ ლარამდე შემცირება და რატომ ჩაითვალა აღნიშნული მოგება 15% განაკვეთით დასაბეგრად.

პირი არ ეთანხმება წმინდა მოგების გაანგარიშებისას შემოსავლის ნაწილის კორექტირებას, სლოტ თამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული შემოსავლების სიდიდის შეცვლას და მოთამაშეების მიერ ძირითადი ბალანსიდან სლოტ თამაშების ბალანსზე გადატანილი თანხების შემოსავლად აღიარებას. ამასთან, გადამხდელი აღნიშნავს, რომ ტოტალიზატორის და სლოტ თამაშობის პრინციპი შინაარსობრივად იდენტურია და განსხვავება მხოლოდ თამაშის დაწყებისა და დასრულების ხანგრძლივობაში შეიძლება იყოს. ხოლო, თუ ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში შემოსავლად ითვლება დადებული ფსონი, არ შეიძლება სლოტ თამაშების შემთხვევაში ჯამური ფსონების ნაცვლად შემოსავლად მხოლოდ ძირითადი ბალანსიდან სლოტის ბალანსზე გადატანილი ე.წ „ინ“-ები განიხილებოდეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ასევე ფაქტობრივი გარემოებით დგინდება, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით შესაძლებელია შემოსავლების აღრიცხვა კონკრეტული საქმიანობების მიხედვით გამიჯნულად, თუმცა შეუძლებელია გაუმიჯნავი ხარჯების კონკრეტული საქმიანობებისთვის მიკუთვნება, გაუმიჯნავი ხარჯების კონკრეტულ საქმიანობებზე მიკუთვნებას საწარმო ახდენს ჯამურ შემოსავლებში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი და სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილის პროპორციულად და აღნიშნული მეთოდის შესაბამისად აქვს დადგენილი გაუნაწილებელი მოგების ოდენობა, კონკრეტული საქმიანობების მიხედვით, კერძოდ: ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან (სლოტის ნაწილი) მიღებულ შემოსავლად განიხილავს ე.წ. მთლიან ჯამური ოდენობის სპინებს.

შედეგად, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან (სლოტის ნაწილი) მიღებული შემოსავლის წილი გაზრდილია, გაზრდილია გაუმიჯნავი ხარჯების ნაწილიც, რომლიც მიკუთვნებულია სათამაშო აპარატებიდან მიღებულ შემოსავალზე (ამცირებს ამ ნაწილში მოგებას) და პირიქით სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების (ტოტალიზატორის ნაწილი) წილი არის შემცირებული და შესაბამისად, გაუმიჯნავი ხარჯების ნაკლები ოდენობა მიეკუთვნება ტოტალიზატორის ნაწილს, შედეგად იზრდება ტოტალიზატორის ნაწილში მიღებული მოგება.

შემოწმების მიერ, რისკის მიმოხილვის დასკვნით გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია, რომ ცალკეული საქმიანობაში შემოსავლის ცნების განსაზღვრასთან დაკავშირებით, კერძოდ, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებულ შემოსავლებად აღებულ უნდა იქნას დადებული ფსონები, ე.წ. „რეიკ თამაშებზე“ შემოსავლად განხილულ უნდა იქნას წმინდა საკომისიო შემოსავლები, ხოლო სათამაშო აპარატებიდან მიღებულ შემოსავლად აღიარებულ უნდა იქნას მოთამაშეების მიერ დადებული თანხები ე.წ. „ინ“ და აღნიშნულის მიხედვით მოხდეს გაუმიჯნავი ხარჯების გადანაწილება და მიკუთვნება შესაბამის საქმიანობასთან. თუმცა, საწარმო არ დაეთანხმა მსხვილ გადამხდელთა ოფისის რეკომენდაციას. დამატებით არ წარმოადგინა რეკომენდაციის ნაწილში მოთხოვნილი ინფორმაცია (სათამაშო აპარატებიდან მიღებული შემოსავლების ე.წ. „ინ“-ის და „აუთებ“-ის შესახებ ინფორმაცია, ცალკეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია) და არ განახორციელა დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადახედვა/დაზუსტება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვაობის თანხა 3 892 729 ლარის ოდენობით, სრულად ჩათვლილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტად და დაექვემდებარა მოგების გადასახადის 15% განაკვეთით დაბეგვრას, მისი განაწილების საანგარიშო პერიოდის/პერიოდების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს გაწეული აქვს მოგების გადასახადით ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი, მოგების გადასახადის სპეციალური წესით დასაბეგრი და ასევე მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები და მათი მიკუთვნება კონკრეტული საქმიანობისათვის შეუძლებელია, გამოსაქვითი ხარჯები უნდა განისაზღვროს საერთო შემოსავალში მოგების გადასახადის ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი, მოგების გადასახადის სპეციალური წესით დასაბეგრი და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან დადგენილია, რომ პირს საქმიანობის პროცესში გააჩნია ისეთი ხარჯები, რომელთა მიკუთვნება კონკრეტულ ოპერაციაზე შეუძლებელია (ე.წ. გაუმიჯნავი ხარჯები“, რეკლამის ხარჯი, სერვერის ხარჯი, ოფისის ხარჯი, ბანკის საკომისიო ხარჯი და სხვა), შემოსავლების სამსახური არ იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ და სპეციალური წესით დაბეგვრას დაქვემდებარებული ოპერაციებიდან მიღებული მოგების (3 892 729 ლარი) სრულად ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან მიღებულ მოგებად განხილვა და მოგების 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრა არამართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 28 მაისის №14142 და 21 ივლისის №20303 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,----ის’’ (ს/ნ ---) 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ივლისამდე საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 25 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც, ვინაიდან, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შესაძლებელია შემოსავლების აღრიცხვა კონკრეტული საქმიანობების მიხედვით გამიჯნულად, თუმცა შეუძლებელია გაუმიჯნავი ხარჯების კონკრეტული საქმიანობებისთვის მიკუთვნება, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად და გაუმიჯნავი ხარჯების კონკრეტულ საქმიანობებზე მიკუთვნება განხორციელდა საწარმოს ჯამურ შემოსავლებში მოგების გადასახადისგან განთავისუფლებული, საერთო წესით დასაბეგრი და სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილის პროპორციულად, დადგენილ იქნა გაუნაწილებელი მოგების ოდენობა კონკრეტული საქმიანობების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განსაზღვრა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.

გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა შემოწმების მიერ გამოყენებულ მეთოდს, ხოლო შემოსავლების სამსახურმა 2021 წლის 14 აპრილის №11037 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა გადამხდელის საჩივარი და მიიჩნია, რომ წმინდა მოგების გაანგარიშებისას შემოსავლების კორექტირების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რასთან დაკავშირებითაც დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა/გამოეკვლია სადავო საკითხი, მ.შ. საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის გათვალისწინებით განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

აღნიშნულზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2021 წლის 21 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის შედეგების გადაანგარიშების შესახებ, რომლის თანახმადაც, შემოწმების მიერ, წმინდა მოგების გაანგარიშებისას შემოსავლების კორექტირებასთან დაკავშირებულ საკითხთან მიმართებით, განხორციელდა საკითხის დამატებით შესწავლა (გადასახადის გადამხდელს დამატებითი ინფორმაცია/არგუმენტაცია არ წარმოუდგენია) მათ შორის №2553 სიტუაციურ სახელმძღვანელოსთან მიმართებაში და 2020 წლის 25 სექტემბერს შედგენილი საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ წინა საგადასახადო შემოწმებით გაუმიჯნავი ხარჯების კონკრეტულ საქმიანობებზე მიკუთვნება განხორციელდა საწარმოს ჯამურ შემოსავლებში მოგების გადასახადისგან განთავისუფლებული, საერთო წესით დასაბეგრი და სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილის პროპორციულად და დადგენილ იქნა გაუნაწილებელი მოგების ოდენობა კონკრეტული საქმიანობების მიხედვით, ხოლო მიმდინარე შემოწმებით არ იქნა გამოყენებული პროპორცია (მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ და სპეციალური წესით დაბეგვრას დაქვემდებარებული ოპერაციებიდან მიღებული მოგება (3 892 729 ლარი) სრულად იქნა განხილული საერთო წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან მიღებულ მოგებად), შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოგების გადასახადის საერთო წესით დასაბეგრი, სპეციალური წესით დასაბეგრი და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავლები განსაზღვროს წინა საგადასახადო შემოწმებით დადგენილი პროპორციის მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოგების გადასახადის საერთო წესით დასაბეგრი, სპეციალური წესით დასაბეგრი და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავლები განსაზღვროს წინა საგადასახადო შემოწმებით დადგენილი პროპორციის მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ განხორციელდა სადავო საკითხის დამატებითი შესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გათვალისწინებით. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ინფორმაცია ე.წ. „ინ“-ების შესახებ არ არის სრულყოფილი და არ წარმოადგენს სათანადო საფუძველს განხორციელდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მოგების გადასახადის საერთო წესით დასაბეგრი, სპეციალური წესით დასაბეგრი და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავლები განსაზღვროს წინა საგადასახადო შემოწმებით დადგენილი პროპორციის მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 99 (1,ს); 97 (1,ა); 309 (16).