ბრძანება N 20181

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.09.2025
№ დოკუმენტი 20181
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20181

15 სექტემბერი 2025

ბრძანება

შპს „------“-ის (ს/ნ „------“)

(მის.:„------“)

2025 წლის 4 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „------“) 2025 წლის 4 აგვისტოს №122662/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივლისის №021-59 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1.გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემმოწმებელს გადაანგარიშების ეტაპზე უნდა შეესწავლა მხოლოდ 2019 წელს დარიცხული თანხების მართლზომიერება, თუმცა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდის ხელახლა გადაანგარიშება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, რაც ეწინააღმდეგება საკანონმდებლო მოთხოვნებს. შესაბამისად, ითხოვს აუდიტორმა გადაიანგარიშოს მხოლოდ 2019 წელს დარიცხული თანხების სისწორე. ამასთან, აუდიტორის მიერ განხორციელებულ გაანგარიშებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 2019 წლის ივნისის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა უნდა შემცირებულიყო 61 951 ლარით, ხოლო 2021 წლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არასწორად არის გაანგარიშებული.

2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო და მოგების გადასახადების დარიცხვას. განმარტავს, რომ განხორციელდა მცირე მეწარმეების მიერ კომპანიისთვის გაწეული მომსახურებებისა და ანაზღაურებების თანხის მოცულობის გაანგარიშება, რომლითაც დადგინდა, რომ შემმოწმებლის მიერ ასახული თანხის, კერძოდ, 33 510 ლარის ნაცვლად უნდა იყოს 122 876 ლარი. ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 ნოემბრის №24906 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №021-19 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები (მათ შორის, წარდგენილი მტკიცებულებები), დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 ნოემბრის №24906 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 30 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 2 ივლისის №021-59 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1.გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე და დადგინდა, რომ დღგ-ის ნაწილში დასარიცხი თანხა აღემატება წინა გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი დღგ-ის თანხას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის შესაბამისად, რადგან დაუშვებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

2.შემოწმების მიერ, გადაანგარიშების ეტაპზე, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობა და გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების მიღება-ჩაბარების აქტებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე. აღნიშნულ შემოსავალს გამოაკლდა გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები (შესყიდული მასალები, მიღებული მომსახურებები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, სესხის სახით დასაბეგრი ბაზა, მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხები) და გამოვლინდა სხვაობა/განკარგვადი თანხები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის შესაბამისად, რადგან დაუშვებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, შემმოწმებელს გადაანგარიშების ეტაპზე უნდა შეესწავლა 2019 წელს დარიცხული თანხების მართლზომიერება, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდის ხელახლა გადაანგარიშება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან, აუდიტორის მიერ განხორციელებულ გაანგარიშებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 2019 წლის ივნისის თვეში ბანკმა კომპანიას შეუწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა ავანსად ჩარიცხული თანხის (61 951 ლარის) უკან დაბრუნება, რომელიც დაიფარა სადაზღვევო კომპანიის მიერ, ხოლო აღნიშნული თანხა გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილ იქნა ნაწილ-ნაწილ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ 2019 წლის დღგ-ით დასაბეგრი თანხა უნდა შემცირებულიყო 61 951 ლარით. ასევე, განმარტავს, რომ არასწორად არის გაანგარიშებული 2021 წლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომლის დასადასტურებლად საჩივარზე წარმოადგენს ცხრილის სახით გაანგარიშებებს. ამასთან, მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა მცირე მეწარმეების მიერ კომპანიისთვის გაწეული მომსახურებებისა და ანაზღაურებების თანხის მოცულობის გაანგარიშება და დადგინდა, რომ შემმოწმებლის მიერ ასახული თანხის, კერძოდ, 33 510 ლარის ნაცვლად უნდა იყოს 122 876 ლარი.

საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 ნოემბრის №24906 ბრძანება, ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი მტკიცებულებები), დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი მტკიცებულებები), დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი ითხოვს აუდიტორმა გადაიანგარიშოს მხოლოდ 2019 წელს დარიცხული თანხების სისწორე. ამასთან, აცხადებს, რომ 2019 წლის ივნისის თვეში დღგ-ით დასაბეგრი თანხა უნდა შემცირებულიყო 61 951 ლარით, ხოლო 2021 წლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არასწორად არის გაანგარიშებული.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო და მოგების გადასახადების დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ დღგ-ის ნაწილში დასარიცხი თანხა აღემატება წინა გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი დღგ-ის თანხას. სსკ-ის 298-ე მუხლის შესაბამისად, რადგან დაუშვებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

2.სსკ-ის 298-ე მუხლის შესაბამისად, რადგან დაუშვებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 ნოემბრის №24906 ბრძანება, ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),982,101,154,163,164.