ბრძანება N 12958
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12958
12 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------------ს (ს/ნ ---------------)
(მის.: -------------------------------)
2026 წლის 3 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 ივნისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა ი/მ ------------ს (ს/ნ ---------------) 2026 წლის 3 ივნისის №-----/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 მაისის №064-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ გააჩნია შესყიდვის დამადასტურებელი ინვოისები და აღნიშნულის საფუძველზე ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლას.
2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით და მიზნად არ ისახავდა გადასახადებისგან თავის არიდებას. მიუთითებს, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის №3610 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------------ს (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 8 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 8 მაისის №10720 ბრძანება და 14 მაისის №064-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 57 030 ლარი, მათ შორის, გადასახადი 35 122 ლარი, ჯარიმა 12 007 ლარი და საურავი 9 901 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 25 თებერვალს, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2019 წლის პირველ მაისს. მეწარმე არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მეორადი ელექტრო ძრავით, წყლის ტუმბით, კონვეირული ლენტით, რედუქტორით და სხვა მსგავსი საგნებით ელექტრო ძრავების აწყობა და რეალიზაცია ქალაქ ----ში საკუთარი სახლიდან. მეწარმეს არ გააჩნია სალარო და პოსტერმინალი, შესაბამისად, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, განისაზღვრა გადამხდელის შემოსავლები. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ჯამურად შეადგენს 369 092 ლარს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა უწყვეტი თორმეტი კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 11 დეკემბერს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე და 165-ე მუხლების მხედვით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის 5%-ის ოდენობით.
. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან განხორციელდა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხის შესაბამის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 11 დეკემბერი, შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან განხორციელდა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხის შესაბამის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, დღგ-ის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადამხდელს დამატებით მიეცა დრო გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე მიეღო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც სრულად იქნა გათვალისწინებული დღგ-ის ჩათვლებში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო ოპერაციები, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა დღგ-ის ჩათვლა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მომჩივნის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით, კანონის არცოდნით, მისი მიზანი არ ყოფილა გადასახადების დამალვა, მუშაობს კვალიფიციური ბუღალტრის მომსახურების გარეშე და ასევე აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, ი/მ ------------ (ს/ნ ---------------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 მაისის №064-6 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------------ს (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ი/მ ------------ (ს/ნ ---------------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 მაისის №064-6 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმისაგან;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ გააჩნია შესყიდვის დამადასტურებელი ინვოისები და აღნიშნულის საფუძველზე ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №3610 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №10720 ბრძანება და №064-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 57 030 ლარი, მათ შორის, გადასახადი 35 122 ლარი, ჯარიმა 12 007 ლარი და საურავი 9 901 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, განისაზღვრა გადამხდელის შემოსავლები. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ჯამურად შეადგენს 369 092 ლარს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა უწყვეტი თორმეტი კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა . შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე და 165-ე მუხლების მხედვით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის 5%-ის ოდენობით.
ამასთან,შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან განხორციელდა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხის შესაბამის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის №064-6 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმისაგან.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174(1.2.3); 175(1 „ა“, „ბ“ და ,,გ“); 176(1 ,,ა“ და „ბ“); 180(1); 269(7); 282(1);