გადაწყვეტილება № 99701/1/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 99701/1/2025
04 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:ი/მ „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----- 30.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №99701/1/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი;
2. ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაუთვალისწინებლობა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ნოემბრის №002-160 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №28094 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 54 519.16 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 31 155.82
ჯარიმა - 14 893.86
საურავი - 8 469.48
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის №22202 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 6 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ნოემბრის №24614 ბრძანება და №002-160 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 54 519.16 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 6 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 23 დეკემბრის №28094 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი
ფაქტების აღწერა
მომჩივანი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით (სასაქონლო ზედნადებები) დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს. მომჩივნის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან. საგადასახადო კოდექსის 165-ე, 159-ე მუხლების საფუძველზე, მეწარმეს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2023 წლის 10 აპრილი. შედეგად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან მიღებული შემოსავალი - 297 877 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 158-ე, 165-ე, 159-ე, 163-ე, 164- ე, 43-ე მუხლებზე და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მართლზომიერად განხორციელდა მეწარმის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და შესაბამისად დაბეგვრა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არასწორად არის გაანგარიშებული დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 13.01.2026 წლის №----- წერილი, სადაც მითითებულია, რომ მომჩივანი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში წარდგენილი მონაცემები (სასაქონლო ზედნადებები), რის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს. მომჩივნის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან. საგადასახადო კოდექსის 165-ე და 159-ე მუხლების საფუძველზე, მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2023 წლის 10 აპრილი. შედეგად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან მის მიერ მიღებული შემოსავალი - 297 877 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტირებული დასაბუთება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში ჩასათვლელი დღგ-ის თანხა რეგისტრაციის შემდგომ შეძენილ საქონელზე, რაზეც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე, განხორციელდა დღგ-ის თანხის ჩათვლა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე, 43-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შემოწმების პროცესში დღგის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ შეძენილ საქონელზე, რომლებზეც გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შემოწმებით განხორციელდა დღგ-ის თანხის ჩათვლა.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ-ის თანხა სრულად იქნა ჩათვლილი საგადასახადო ორგანოს მიერ, ხოლო დღეის მდგომარეობით (11.12.2025 წელი) გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება შესამოწმებელ პერიოდზე დამატებით მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცი
არ არის გათვალისწინებული ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
მოპასუხის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ-ის თანხა სრულად იქნა ჩათვლილი საგადასახადო ორგანოს მიერ.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეიძლება გამხდარიყო დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ნოემბრის №002-160 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 54 519.16 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 31 155.82 ლარი, ჯარიმა - 14 893.86 ლარი და საურავი - 8 469.48 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 282-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მეწარმე დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პერიოდს განსაზღვრავდა კალენდარული წლის განმავლობაში და არა ნებისმიერ 12 თვიან საანგარიშო პერიოდში, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰყავდა ბუღალტერი და მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე არ იცოდა საგადასახადო კანონმდებლობა. მეწარმე რეგისტრირებულია მცირე საწარმოდ და იხდიდა მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს 1%-იანი განაკვეთით. შესაბამისად, არ იცოდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის და გადასახადის გადახდის ვალდებულება. ასე რომ, სახეზეა სწორედ მეწარმის საგადასახადო კანონმდებლობის არცოდნა, რის გამოც მას დაერიცხა დამატებით დღგ სანქცია-საურავთან ერთად.
მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლდეს დამატებით დარიცხული სანქცია-საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისთვის მეწარმეს შეეფარდა სანქცია საურავის სახით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ რეგისტრირებულია მცირე საწარმოდ, არ ჰყავდა ბუღალტერი და არ იცოდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის და გადასახადის გადახდის ვალდებულების შესახებ. შესაბამისად, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში აქტიურად თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან. აუდიტორის მოსაზრებით, სამართალდარღვევა გამოწვეულია მეწარმის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
რაც შეეხება დაკისრებულ საურავს, საბჭო განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას, რაც მას განასხვავებს ფულადი ჯარიმის შინაარსისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი;
2. ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაუთვალისწინებლობა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს. მომჩივნის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან. მეწარმეს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2023 წლის 10 აპრილი. შედეგად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების პროცესში გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში ჩასათვლელი დღგ-ის თანხა რეგისტრაციის შემდგომ შეძენილ საქონელზე.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
მომჩივანი გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 159;163;164;175;176;282;