ბრძანება N 18003

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.08.2026
№ დოკუმენტი 18003
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18003

11 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 16 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 ივლისის სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2026 წლის 16 ივლისის №103488/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისის №007-160 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. მიიჩნევს, რომ არასწორად არის გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები და უნდა მოხდეს მისი გადაანგარიშება/შემცირება.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას დამატებული ღირებულების და მოგების გადასახადების ნაწილში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. კერძოდ:

● დღგ-ის ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გაანგარიშებულ ჯარიმასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას ჯარიმის თანხაში, კომპანიას დაშვებული აქვს შეცდომები თვეების მიხედვით, ზოგიერთ თვეში დღგ-ში დეკლარირებული აქვს შემცირებული გადასახადი, ხოლო ზოგიერთ თვეში ზედმეტად არის დეკლარირებული გადასახადის თანხა, მთლიანობაში გამოვლენიალია 2 154 ლარის დღგ-ს შემცირება, ხოლო ჯარიმის თანხა არის 7 784 ლარი, რომელიც აღემატება შემცირებულ გადასახადს. ითხოვს, დღგ-ის ნაწილში დარიცხული ჯარიმის თანხის შემცირებას ან/და პატიებას.

● გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლით მოგების გადასახადით დაბეგვრას (შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის ავანსის გადახდასთან დაკავშირებით) ეთანხმება. ითხოვს აღნიშნულ საკითხზე გაანგარიშებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ნოემბრის №24710 და 2026 წლის 6 აპრილის №7892 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 26 აპრილიდან 2026 წლის 11 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 19 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 22 ივნისის №13667 ბრძანება და ამავე თარიღის №007-160 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 263 771 ლარი, მათ შორის გადასახადი 165 061 ლარი, ჯარიმა 89 237ლარი და საურავი 9 473.ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

● შემოწმებისას გადამხდელმა წარმოადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა "FINA" , შედარების აქტები დებიტორ-კრედიტორებთან დაკავშირებით. აგრეთვე უცხოელ მომწოდებლზე გადახდილი თანხების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესაბამისი ინვოისები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული პროგრამის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდის ბოლოს სალაროში ფიქსირდება დიდი ნაშთი (428 996 ლარი). გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არ მომხდარა განკარგვადი თანხების გადახდის წყაროსთან სრულად დაბეგვრა და შესაბამის დეკლარაციაში ასახვა. შემოწმების პროცესში ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა დებიტორ-კრედიტორული დავალიანებები და ავანსად გადახდილი თანხები, რომლებზეც გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, აგრეთვე, მომდევნო საანგარიშო პერიოდებში ბანკში თანხის შეტანის და სამომავლო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, გაანგარიშდა სალაროს გონივრული ნაშთი კალენდარული თვის საკასო შემოსავლებისა და ხარჯების მიხედვით. არაგონივრული ნაშთი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 03 ივლისის N15615 ბრძანებით, "სალაროში ნაღდი ფულის შესახებ" მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე განსაზღვრული N9 დანართის შესაბამისად, განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე ------- გაცემულ ხელფასად. საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 101-ე, 154-ე და მე-12 მუხლების შესაბამისად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

● შპს „-------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2024 წლის 26 აპრილს და ამავე თარიღში მიენიჭა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის სტატუსი. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებითა და აქსესუარებით, რომელთა შეძენასაც ახდენს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე (18%), ისე იმპორტის გზით (82%). საქონლის იმპორტი ფიქსირდება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ლიტვიდან და თურქეთიდან. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა "FINA", ცნობა საბანკო ანგარიშების შესახებ და შესაბამისი ამონაწერები, შედარების აქტები და სხვა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 10 მარტის N5263 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 10 მარტის N5263 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ აღრიცხვაში წარმოდგენილ მონაცემთა შესწავლის შედეგად გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები საანგარიშო პერიოდების მიხედვით და გამოვლენილ იქნა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 164-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადის თანხა და შესაბამისი ჯარიმა, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ამასთან, საქართველოს საგადასახდო კოდექსი 174-ე და 175-ე მუხლების თანახმად, შემოწმების პროცესში მოხდა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების შესწავლა და დაანგარიშდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა, რაც გამოწვეული იყო კორექტირებული საგადასახადო ანგარიშფაქტურით, აღნიშნული სხვაობით შემცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

● შესამოწმებელ პერიოდში (18.01.2026) გადამხდელს უფიქსირდებოდა ავანსად თანხის გადახდა არაბთა გაერთიანებული საემიროებში რეგისტრირებულ კომპანიაზე, რომელზედაც წარმოდგენილი აქვს შესაბამისი დოკუმენტი. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა ჩაითვალა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში გადახდილ ავანსად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადის ნაწილში. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის N615 დადგენილების თანახმად „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე”, შემოწმების მიერ არაარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილი ავანსი დაიბეგრა მოგების გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდში და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლზე, რომლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელი აცხადებს, რომ სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, ნაშთის გაანგარიშება განხორციელდა ბრძანებით დადგენილი შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თარიღით, აღებული იქნა საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა - 232 603,98 ლარი, რაზეც დამატებულია სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი - 196 936,05 ლარი, აღნიშნული თანხა მთლიანად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელი მიიჩნევს, რომ სალაროს ნაშთში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მაღაზიებში (სულ არის სამი მაღაზია) არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შეადგენდა 7 000 ლარს, ასევე, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, კონკრეტულად 2026 წლის 22 აპრილს მომწოდებელზე გადარიცხულია 39 746 აშშ დოლარი, აშშ დოლარის შეძენა განხორციელებულია შესაბამისი კურსით (1$= 2,68) ე.ი. ვალუტის შეძენაზე დახარჯული ლარი შეადგენს (39 746 X 2.68) = 106 520 ლარს, კომპანიის ფულადი შემოსავალი 2026 წლის 11 მარტიდან 2026 წლის 22 აპრილამდე შეადგენს - 120 034 ლარს, ამავე პერიოდის ხელფასის ხარჯი - 23 980 ლარს, საბაჟოზე გადახდილია დღგ- 31 185 ლარი, ხარჯები ადგილობრივ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე - 36 174 ლარი, სულ კომპანიის ხარჯი შეადგენს - 91 339,1 ლარს, ამავე პერიოდის შემოსავალს - 120 034 ლარს გამოაკლდება გაწეული ხარჯები - 91 339,1 ლარი, შედეგად, რჩება თანხა 28 694,3 ლარის ოდენობით. აღნიშნული 28 691,3 ლარით საწარმო ვერ შეიძენდა 39 746 აშშ დოლარს, ყველა შემთხვევაში ვალუტის შესაძენად გამოყენებული იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ხელფასად ჩათვლილი თანხა. აცხადებს, რომ სალაროს ნაშთის ნაწილი კომპანიამ გამოიყენა ვალუტის შესაძენად და მისი მთლიანად ხელფასად ჩათვლა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არასწორია. ასევე, კომპანია სალაროში აგროვებდა თანხებს, რომლითაც ხდებოდა აშშ დოლარის შეძენა და შემდეგ გადარიცხვა ვალდებულებების დასაფარად. დღეის მდგომარეობით აღნიშნული ვალდებულებები დაფარულია სწორედ სალაროში არსებული ნაღდი ფულით. მიიჩნევს, რომ არასწორად არის გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები და უნდა მოხდეს მისი გადაანგარიშება/შემცირება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შესაბამისი პერიოდის ბუღალტრული პროგრამა და უცხოური ვალუტის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დაკისრებული ჯარიმისგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შესაბამისი პერიოდის ბუღალტრული პროგრამა და უცხოური ვალუტის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შპს „-------“ (ს/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დაკისრებული ჯარიმისგან;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

2. ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას დამატებული ღირებულების და მოგების გადასახადების ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული პროგრამის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდის ბოლოს სალაროში ფიქსირდება დიდი ნაშთი. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არ მომხდარა განკარგვადი თანხების გადახდის წყაროსთან სრულად დაბეგვრა და შესაბამის დეკლარაციაში ასახვა. შემოწმების პროცესში ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა დებიტორ-კრედიტორული დავალიანებები და ავანსად გადახდილი თანხები, რომლებზეც გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, აგრეთვე, მომდევნო საანგარიშო პერიოდებში ბანკში თანხის შეტანის და სამომავლო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, გაანგარიშდა სალაროს გონივრული ნაშთი კალენდარული თვის საკასო შემოსავლებისა და ხარჯების მიხედვით. არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები საანგარიშო პერიოდების მიხედვით და გამოვლენილ იქნა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადის თანხა და შესაბამისი ჯარიმა. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდებოდა ავანსად თანხის გადახდა, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში გადახდილ ავანსად. შესაბამისად, შემოწმების მიერ არაარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილი ავანსი დაიბეგრა მოგების გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდში და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.

შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადის თანხა და შესაბამისი

 

გადაწყვეტილება

საშემოსავლო გადასახადის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. შესაბამისად, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დაკისრებული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 269(7)