ბრძანება N 19267
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19267
07 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
---------- (პ/ნ --------)
(მის.: ----------)
2023 წლის 13 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა -------- (პ/ნ -------) №120046/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივლისის №EL216198 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL69050/2433 (№061-2433) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2023 წლის 28 თებერვალს გამოცხადდა მომსახურების სააგენტოში საწყობის პროცედურაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების მიზნით. წარადგინა შესაბამისის საბუთები, გადაიხადა შესაბამისი თანხა და დოკუმენტები წარუდგინა მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს. კომპიუტერში რეგისტრაციის შემდეგ დაუბრუნეს საბუთები და უთხრეს, რომ თავისუფალი იყო. მოგვიანებით შეიტყო, რომ პროცედურა არ იყო დასრულებული.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და სადავო აქტებით დარიცხული თანხის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემობები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 2 სექტემბერს ------- მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების (შასის №--------) ზოგადი დეკლარირება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2022 წლის პირველი ნოემბერი, რომელიც საფასურის გადახდით გაგრძელებულ იქნა 2022 წლის პირველი დეკემბრის ჩათვლით.
2022 წლის პირველ დეკემბერს ------- მიერ სატრანსპორტო საშუალება საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე ან რეექსპორტამდე დროებით შენახვის მიზნით შეყვანილ იქნა საბაჟო საწყობში და საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის პირველი მარტი.
2023 წლის 28 თებერვალს ---------- სატრანსპორტო საშუალების (შასის №--------) საწყობის საბაჟო პროცედურაში მოქცევის მიზნით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, სადაც განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და აქტის გაცემა. აქტში მითითებული საფასური მის მიერ გადახდილ იქნა იმავე დღეს, თუმცა ------- არ მიუმართავს რუსთავის გაფორმების განყოფილებისთვის დეკლარაციის რეგისტრირებისთვის და საბაჟო პროცედურა არ დაუსრულებია.
ვინაიდან -------- მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, 2023 წლის 12 ივლისს შედგენილი №EL216198 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით -------- სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. ამასთან, გამოიცა №EL69050/2433 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი 200 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 60-დღიანი ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, დროებით შენახვის შემთხვევაში დეკლარირების 60-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის დროებითი შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის დროებით შენახვის ვადა აითვლება სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის ადგენს, რომ საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში დროებით შენახული უცხოური საქონელი საბაჟო პროცედურაში უნდა მოექცეს ან მისი რეექსპორტი უნდა განხორციელდეს 180 დღეში.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 165-ე მუხლის მიხედვით კი, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა და იმპორტის გადასახდელებზე დარიცხული საურავი მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ან განახორციელოს რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა. ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევის ან რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. -------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ან განახორციელოს რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა;
3. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 12 ივლისის №EL216198 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივლისის №EL216198 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL69050/2433 (№061-2433) საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2022 წლის პირველი ნოემბერი, რომელიც საფასურის გადახდით გაგრძელებულ იქნა 2022 წლის პირველი დეკემბრის ჩათვლით. 2022 წლის პირველ დეკემბერს მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალება საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე ან რეექსპორტამდე დროებით შენახვის მიზნით შეყვანილ იქნა საბაჟო საწყობში და საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის პირველი მარტი. 2023 წლის 28 თებერვალს მომჩივანმა სატრანსპორტო საშუალების საწყობის საბაჟო პროცედურაში მოქცევის მიზნით მიმართა შსს-ს მომსახურების სააგენტოს, სადაც განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და აქტის გაცემა. აქტში მითითებული საფასური მის მიერ გადახდილ იქნა იმავე დღეს, თუმცა არ მიუმართავს გაფორმების განყოფილებისთვის დეკლარაციის რეგისტრირებისთვის და საბაჟო პროცედურა არ დაუსრულებია.
ვინაიდან მომჩივნის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. ამასთან, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი 200 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ან განახორციელოს რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა. ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევის ან რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 78(3), 163(1)(11), 165.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 272.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.