გადაწყვეტილება №22248/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22248/2/2024
13 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----------ი (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 13.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22248/2/2024).
დავის საგანი:
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2023 წლის №058-1 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26814 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 63 609,36 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 45 897
დღგ - 33 315
საშემოსავლო გადასახადი - 12 582
ჯარიმა - 13 948
საურავი - 3 764,36
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2023 წლის №058-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26814 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 12.12.2022 წელს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შესამოწმებელი პერიოდის (1.01.2020-01.06.2023) ჭრილში პირის მიერ პროექტების ფარგლებში შემდგარი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, სულ მიწოდებულია 308 917 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონელი/მომსახურება. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე არსებული დოკუმენტაციისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებულმა დღგ-ით დასაბეგრმა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს.
საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები. ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებულმა დღგ-ით დასაბეგრმა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციებით მიღებულმა ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 8.12.2022 წელს. ოპერაციის თანხა, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა შეადგენს 77 239,8 ლარს (დღგ-ის გარეშე).
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 107 844,9 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 282-ე მუხლზე და 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ პირი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალის ინფორმაციით ეკონომიკურ საქმიანობას ახორცილებდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციამდე, მონაწილეობა აქვს მიღებული ელექტრონულ ტენდერებში და დადებული აქვს გარიგებები. იმის გათვალისწინებით, რომ ----------ს 8.12.2022 წელს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა 167 756 ლარით. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა მიღებული შემოსავლის იდენტიფიცირება საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით (გათვალისწინებულ სამონტაჟო მომსახურებებთან ერთად), რომლის რეალიზაციითაც არის მიღებული შემოსავალი, შესაბამისად ხარჯად ჩაითვალა მიღებული შემოსავლის 75%-ის ოდენობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, შემოწმებით პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და შეფარდებული სანქციები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, პირის მიმართ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და სანქციის შეფარდება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხვისას არ გაუთვალისწინებიათ, რომ 100 000 ლარამდე ისადაც არ ეკუთვნოდა დღგ, დანარჩენ შემთხვევაში არ დარეგისტრირდა მცირე მეწარმედ უცოდინრობის გამო. ითხოვს დარიცხვიდან ამოღებულ იქნას პირველი 100 000 ლარის დღგ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე არსებული დოკუმენტაციისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებულმა დღგ-ით დასაბეგრმა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს, 8.12.2022 წელს. ოპერაციის თანხა, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა შეადგენს 77 239,8 ლარს (დღგ-ის გარეშე).
აღნიშნულიდან გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს აღნიშნავს, რომ მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრულია მართებულად და ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად 4 194 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად 9 254 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2023 წლის №058-1 საგადასახდო მოთხოვნაში ასახულია საურავი 3 764,36 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში სადავო საკითხი მითითებული არ არის.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ იცოდა დარიცხვების და ბუღალტრული აღრიცხვების სპეციფიკა და გულწრფელად ითხოვს პატიებას. ითხოვს დარიცხვიდან გაუუქმდეს ჯარიმა და საურავები, ხოლო ძირი გადასახადი გადაუნაწილდეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საქმიანობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე.
საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა არ არის გამოწვეული მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა.სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №058-1 საგადასახადო მოთხოვნა. საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად 4 194 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად 9 254 ლარის ოდენობით.აუდიტის დეპარტამენტის №058-1 საგადასახდო მოთხოვნაში ასახულია საურავი 3 764,36 ლარის ოდენობით.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №26814 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს აღნიშნავს, რომ მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრულია მართებულად და ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ამასთან,არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 275(2); 282(1);