გადაწყვეტილება №23577/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.11.2024
№ დოკუმენტი 23577/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23577/2/2024

27 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 26.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23577/2/2024).

 

დავის საგანი:

1. შემოწმების ფარგლებში დადგენილი საქონლის დამატებითი რეალიზაცია და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშების შედეგად გამოვლენილი ფაქტიური ნაშთის, დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 1 მაისის №005-64 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16091 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 37 763,3 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 23 990

დღგ - 10 380

საშემოსავლო გადასახადი - 13 610

ჯარიმა - 11 995

საურავი - 1 778,30

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა დახერხილი ხე-ტყის მასალის იმპორტი ---------- და აღნიშნული მასალის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 12 აპრილიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის პირველი თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 22 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2024 წლის პირველი მაისის №10229 ბრძანება და ამავე თარიღის №005-64 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16091 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმების ფარგლებში დადგენილი საქონლის დამატებითი რეალიზაცია და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

კომპანიას შემოსავალი ძირითადად მიღებული აქვს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით და მცირე ნაწილის საცალოდ რეალიზებით. გადასახადის გადამხდელთან 2024 წლის 9 თებერვალს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვა, რომლითაც გამოვლინდა საქონლის ნაშთი 196მ3 -ის ოდენობით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოთვლისას სმფ-ების დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლინდა. საწარმომ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას სრულად არ წარმოადგინა საბუღალტრო პროგრამა და დოკუმენტაცია, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.

გამომდინარე იქედან, რომ შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდი, ჩატარებული სმფ-ების ნაშთის დადგენის შედეგები გამოყენებულ იქნა 2023 წლის პირველი ნოემბრის თარიღით არსებული ნაშთის გაანგარიშებისთვის. აღნიშნულის შედეგად დადგინდა საქონლის დამატებით რეალიზაცია 98მ3 -ის ოდენობით, რომელზეც გამოყენებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული საშუალო დოკუმენტური სარეალიზაციო ფასი 691 ლარი კუბურ მეტრზე გაანგარიშებული ფასნამატის გამოყენებით. აღნიშნული ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორმა არასწორად გამოიყვანა ინვენტარიზაციის შედეგები რამაც გამოიწვია დამატებით დღგის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვა. გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება. კონკრეტულად არ დაადგინა როგორ იმოქმედა ინვენტარიზაციის შედეგების არასწორად გამოყვანამ.

საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ) წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება, აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა.

დავის ეტაპზე გამოთხოვილია ინვენტარიზაციის მასალები და ფიქრობს, რომ ინვენტარიზაციით გამოვლენილია დანაკლისი, რომელიც საერთოდ არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ობიექტი, არამედ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთან, თუ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლინება ცვლის ჯარიმების დარიცხვის რეგლამენტს, დანაკლისის ფარგლებში გამოვლენილი დამატებითი საგადასახადო ვალდებულება, აღარ არის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით ჯარიმის დაკისრების საფუძველი. რეალურად ინვენტარიზაციის შედეგები ასახული იქნა კომპანიის მიერ დანაკლისის აღმოჩენის პერიოდის მიხედვით დეკლარაციაში, რაზეც განმეორებით დარიცხვების განხორციელება აშკარად საგადასახადო კოდექსის დარღვევაა. ასეთ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო მხოლოდ ჯარიმის 10%-ის დარიცხვა.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლსა და საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილზე და ითხოვს საჩივრის განხილვა მოხდეს მისი მონაწილეობით და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და დარიცხული თანხების შემცირება.

 

2. ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშების შედეგად გამოვლენილი ფაქტიური ნაშთის, დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმებით დადგენილი შემოსავალი გამოყენებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში. იმპორტირებული საქონლის ძირითადი ნაწილის ანგარიშსწორება მოხდა ნაღდი ფულით, რომელზეც გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შედარების აქტები უცხოელი (----------) მომწოდებლებისგან, შედეგად, იმპორტირებულ საქონელზე, ფულის მოძრაობისას, გათვალისწინებულ იქნა ნაღდი ფულის ანგარიშსწორებით ნაჩვენები თანხის 75%.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლინდა ფაქტიური ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტორმა არასწორად გამოიყვანა ინვენტარიზაციის შედეგები. კერძოდ, არასწორად დაითვალა საბაჟო დეკლარაციებში და ინვოისებში მითითებული დახერხილი ხის მასალის რაოდენობები. მაგალითისთვის საბაჟო დეკლარაცია A 43233 -ის ინვოისში მითითებული რაოდენობა 85,023 მეტრ. კუბი, ხოლო აუდიტორს აღრიცხული აქვს 91.06 მ. კუბი.

ანალოგიურად აქვს დათვლილი სხვა საბაჟო დეკლარაციებიდან რაოდენობა. როდესაც ხორციელდება ხის მასალის იმპორტი თანმხლებ დოკუმენტებში ეთითება ნომინალური რაოდენობა ანუ ინვოისის შესაბამისად კომერციული რაოდენობა რაშიც კომპანია იხდის ღირებულებას რასაც განბაჟების დროსაც ეყრდნობა მებაჟე, ხოლო სხვა დოკუმენტებში მითითებული სხვა რაოდენობაში იგულისხმება გაბარიტებში რაოდენობა ცდომილების გათვალისწინებით. რაც რეალურ რაოდენობას არ ასახავს. ამდენად საკითხი დამატებით საჭიროებს შესწავლას. ასევე აღნიშნავს, რომ დავის ეტაპზე გამოთხოვილია ინვენტარიზაციის მასალები და ფიქრობს, რომ ინვენტარიზაციით გამოვლენილია დანაკლისი, რომელიც საერთოდ არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ობიექტი, არამედ საგადასახადო კოდექსის 286- ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისი №16091 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შემოწმების ფარგლებში დადგენილი საქონლის დამატებითი რეალიზაცია და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშების შედეგად გამოვლენილი ფაქტიური ნაშთის, დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმებით დადგენილი შემოსავალი გამოყენებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში. იმპორტირებული საქონლის ძირითადი ნაწილის ანგარიშსწორება მოხდა ნაღდი ფულით, რომელზეც გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შედარების აქტები უცხოელი მომწოდებლებისგან, შედეგად, იმპორტირებულ საქონელზე, ფულის მოძრაობისას, გათვალისწინებულ იქნა ნაღდი ფულის ანგარიშსწორებით ნაჩვენები თანხის 75%. აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლინდა ფაქტიური ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტორმა არასწორად გამოიყვანა ინვენტარიზაციის შედეგები. კერძოდ, არასწორად დაითვალა საბაჟო დეკლარაციებში და ინვოისებში მითითებული მასალის რაოდენობები.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5,9);158(1);159(1);101(1):154(1)