გადაწყვეტილება №27444/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.07.2026
№ დოკუმენტი 27444/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27444/2/2026

07 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 28.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27444/2/2026).

 

დავის საგანი:

1.ხორცის და ძვლის მიწოდების ნაწილში, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ობიექტის, სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას დაშვებული უზუსტობები;

2. სასაკლაოს მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2025 წლის №081-329 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.05.2026 წლის №10708 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 230 192.69 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 141 421.84

ჯარიმა - 70 711.00

საურავი - 18 059.85

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით. კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 7 დეკემბრიდან.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 7.12.2021 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 დეკემბრის №27189 ბრძანება და №081-329 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.05.2026 წლის №10708 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინოს დავის განხილვის პროცესში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ხორცისა და ძვლის გამოსავლიანობის შესახებ და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.05.2026 წლის №10708 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1.ხორცის და ძვლის მიწოდების ნაწილში, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ობიექტის, სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას დაშვებული უზუსტობები

ფაქტების აღწერა

კომპანიამ, შემოწმების პროცესში, წარადგინა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები, როგორც დოკუმენტური რეალიზაციის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლებიც გაფორმებულია 2024 წლის სრული პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა თარიღით. პირველი ოთხი თვის განმავლობაში, გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა უშუალოდ საქონელს, კლავდა საკუთარ სასაკლაოზე და აწვდიდა ტენდერის შემსყიდველებს მოთხოვნილ პროდუქციას, ასევე, 2024 წლის მაისის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებში, კომპანია ფიზიკური პირებისაგან ყიდულობდა უშუალოდ საქონლის ხორცს და შემდეგ აწვდიდა შემსყიდველს, ხოლო 2024 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში, კომპანია ფიზიკური პირებისაგან ყიდულობდა საქონლის ტანხორცს. ამასთან, 2024 წლის პირველი ოთხი თვის შესყიდვის აქტებში მითითებულია ერთი კილოგრამი გასაყიდი (გამოსუფთავებული ძვლისგან, ტყავისა და ქონისგან) ხორცის სრული ღირებულების ოდენობა, რომლითაც დადგინდა საქონლიდან სუფთა ხორცის გამოსავლიანობა საშუალოდ 43%-ის ოდენობით. დანარჩენ თვეებზე, გადასახადის გადამხდელმა სატელეფონო კომუნიკაციის გზით განმარტა, რომ შესყიდვის აქტებში ჩაწერილი სიტყვები „საქონლის ხორცი“ იგივეა, რაც ზოგიერთ შესყიდვის აქტში ჩაწერილი „ტანხორცი“. აღნიშნული ინფორმაცია გათვალისწინებული იქნა შემოწმების მიერ, რადგან შესყიდვის აქტებში ჩაწერილი ერთი კილოგრამი საქონლის ხორცისა და ერთი კილოგრამი საქონლის ტანხორცის ფასი ედრება ერთმანეთს და ორივე შემთხვევაში განხილულ იქნა ერთი კილოგრამი საქონლის ტანხორცის ღირებულებად, ვინაიდან, მითითებული ფასები შეუსაბამოდ დაბალია საქონლის ხორცის ღირებულებისთვის. გადასახადის გადამხდელისგან, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებითა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მოთხოვნილი იქნა ახსნაგანმარტება საქონლის ხორცის რა გამოსავლიანობა უნდა ყოფილიყო აღებული შესყიდვის აქტებში მითითებულ ტანხორცებში, რაზეც გადასახადის გადამხდელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განმარტა, რომ გამოსავლიანობის პროცენტულობა შეადგენს 50%-დან 65%-მდე. მოწოდებული პროცენტულობის დიაპაზონი დიდია იმისათვის, რომ შემოწმების ეტაპზე მიზანშეწონილად მიჩნეულიყო მისი გამოყენება და ამავდროულად, აღნიშნული პროცენტი ნაკლებია შემოწმების ანალიზის შედეგად მიღებულზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმებამ გამოიყენა ტანხორციდან საქონლის ხორცის გამოსავლიანობის აუდირებული პროცენტული მაჩვენებელი 77%-ის ოდენობით. აღნიშნული პროცენტი გამოყენებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2024 წლის ბოლო რვა თვის შესყიდვის აქტებიდან, ტანხორციდან გამოსავლიანობის გასაანგარიშებლად. შესაბამისად, შესყიდვის აქტებით სუფთა (ტენდერის მოთხოვნებისათვის დამაკმაყოფილებელი) საქონლის ხორცის ოდენობამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შეადგინა 94 935 კილოგრამი, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციით დადგენილი საქონლის ოდენობა შეადგენს 83 643 კილოგრამს. შემოწმების ეტაპზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელის სასაკლაოზე, შესამოწმებელ პერიოდში დაკლული ცხოველების რაოდენობის შესახებ. შედეგად, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებულია, თვეების მიხედვით ჩაშლილი, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლისა და ღორის დაკვლის ოდენობის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულ ოდენობას გამოაკლდა შესყიდვის აქტებითა და სასაქონლო ზედნადებით განსაზღვრული საქონლის ოდენობა და დარჩენილი რაოდენობა დაკვალიფიცირდა მესამე პირებისთვის გაწეული დაკვლის მომსახურებად. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად, მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლის მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 100 ლარი, ხოლო წვრილფეხა პირუტყვის 40 ლარი. დაკვლის მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა, სრულ შესამოწმებელ პერიოდზე, შეადგინა 278 600 ლარი. გადასახადის გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდება საქონლის ხორცისა და ძვლის გაყიდვა. შესყიდვის აქტების მონაცემებიდან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გაანგარიშდა საქონლის ძვლის გამოსავლიანობა, როგორც საქონლიდან ასევე, საქონლის ტანხორციდან და რადგან მიღებული ოდენობა აღემატებოდა დოკუმენტურ რეალიზაციას, აღნიშნული მიჩნეულ იქნა ნაშთად/დანაკლისად. შესაბამისად, საქონლის ხორცისა და ძვლის დანაკლისი შემოწმების მიერ გაიყიდა დოკუმენტური რეალიზაციიდან გამოყვანილი ფასნამატით და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი პერიოდების მიხედვით, დირექტორების შესაბამისად და 556 863 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარდგენილ არგუმენტზე, რომ შემოწმების მიერ დადგენილი ხორცისა და ძვლის გამოსავლიანობის ოდენობა არასწორია. განმარტავს, რომ ტენდერის მოთხოვნების დაცვით ხორციელდება საქონლის დამუშავება და საბავშვო ბაგა-ბაღებზე საქონლის ხორცის მიწოდება. აცხადებს, რომ ტენდერით საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები იყო დადგენილი და შესასრულებელი, შესაბამისად, აღნიშნულ პირობებში ხორცის 77%-იან გამოსავლიანობის დადგენა არამართლზომიერია. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ დადგენილი გამოსავლიანობის შედეგად გაიზარდა მიწოდებული პროდუქციის რაოდენობა/ღირებულება და შესაბამისად, სალაროს ნაშთიც.გადასახადის გადამხდელმა დავის განხილვის პროცესში წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ხორცისა და ძვლის გამოსავლიანობის შესახებ, რომლითაც დგინდება საქონლის დამუშავებით რა ოდენობის ხორცი/ძვალი იქნა მიღებული და მიწოდებული შემსყიდველებზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინოს დავის განხილვის პროცესში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ხორცისა და ძვლის გამოსავლიანობის შესახებ და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოცემულ შემთხვევაში, სადავო დარიცხვები ტენდერის პირობებში ხორცის და ძვლის გამოსავლიანობის ცვლილების (გაზრდის), მიღებული შემოსავლების არასწორად დათვლის შედეგია, რაც მდგომარეობს შემდეგში:

შემმოწმებელი აცხადებს, რომ გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ხორცის გამოსავლიანობის მონაცემები არის დაბალი და მათ მიერ აუდირებული შემთხვევა იქნა გამოყენებული, შემმოწმებლის განმარტებით ხორცის გამოსავლიანობა შეადგენს 77%-ს და ამ მიდგომით, შეცვალა შესყიდვის აქტებით, შესამოწმებელ პერიოდში, შეძენილი საქონლის ხორციდან მიღებული მზა პროდუქციის ოდენობა, რომელიც შემდგომში შემსყიდველზე იქნა მიწოდებული. ამ გზით, გაზრდილი იქნა მიწოდებული საქონლის რაოდენობა/ღირებულება და შესაბამისად, გაზრდილი იქნა სალაროს ნაშთი (დაბეგვრის ობიექტი), რამაც საბოლოოდ დამატებით სადავო დარიცხვები გამოიწვია.

შემოსავლების სამსახურის 14.05.2026 წლის №10708 ბრძანებით კომპანიის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინოს დავის განხილვის პროცესში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ხორცისა და ძვლის გამოსავლიანობის შესახებ და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მოცემულ შემთხვევაში, ხსენებული ექსპერტიზის დასკვნით, გადაანგარიშების ეტაპზე მოხდება გამოსავლიანობის გადამოწმება და ამ გზით დადგინდება ტანხორცის დამუშავების შედეგად, რეალურად რა რაოდენობის ხორცი იქნა მიღებული/დამზადებული, რომელიც შემდეგ ობიექტებზე იქნა მიწოდებული, რომელსაც შემდეგში უნდა გამოაკლდეს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები.

თუმცა, ამ მიდგომით გაანგარიშება შეიძლება არ იყოს საკმარისი, რადგან თვლის, რომ ადგილი აქვს გაანგარიშებების უზუსტობებს, სალაროს ნაშთის შეუსაბამოდ გაზრდის სხვა შემთხვევებს. ამიტომ თვლის, რომ გარდა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გადაანგარიშებისა, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სრულად შეისწავლოს სადავო საკითხი ამ ნაწილში (დასადგენია ამ ნაწილში სალაროს ნაშთის გაანგარიშებების სისწორე), თუ რამ გამოიწვია ხორცის და ძვლის მიწოდების ნაწილში სალაროს ნაშთის (696 079-278 600) 417 479 ლარის ოდენობით დადგენა.

ამ ნაწილში სალაროს ნაშთის გაანგარიშების უზუსტობასთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:

საგადასახადო შემოწმების აქტის (№------- 8.12.2025) თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთი შეადგენს 696 079 ლარს, სადაც შედის სასაკლაოს მომსახურებიდან შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავალი 278 600 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა, გადასახადის გადამხდელის მიერ ტანხორცის დამუშავების შედეგად მიღებული ხორცის/ძვლის რეალიზაციით მიღებული/არადეკლარირებული შემოსავლებია და იგი შემმოწმებლის განმარტებით შეადგენს (696 079- 278 600)= 417 479 ლარს.

საყურადღებოა შემდეგი:

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, „შესყიდვის აქტებით სუფთა (ტენდერის მოთხოვნებისათვის დამაკმაყოფილებელი) საქონლის ხორცის ოდენობამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შეადგინა 94 935 კილოგრამი, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციით დადგენილი საქონლის ოდენობა შეადგენს 83 643 კგ-ს“.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ სულ შეძენილი/მიღებული იქნა ტანხროცი (34 152 კგ + 77 456 კგ) 111 608 კგ (რომელიც არ წარმოადგენს დავის საგანს). საიდანაც, შემოწმების მოსაზრებით, ტენდერის პირობებში ხორცის გამოსავლიანობა შეადგენდა 77%-ს, რაც არის (111 608*77%) 85 938 კგ, გადასახადის გადამხდელის მიერ, ობიექტებზე ხორცის სახით მიწოდებული/დეკლარირებული იქნა სულ 83 643 კგ ხორცი, ასეთ შემთხვევაში, დარჩებოდა (111 608-83 643)= 27 965 კგ ძვალი. ასეთი მოცემულობის არსებობისას მივიღებთ, რომ (85 938-83 643) 2 295 კგ ხორცის და 27 965 კგ ძვალის რეალიზაციით დამატებით მიღებული სალაროს ნაშთი შეადგენს 417 479 ლარს, რაც აშკარად არასწორია და ამ შემთხვევაშიც რამოდენიმეჯერ, ხელოვნურად არის გაზრდილი სალაროს ნაშთი (საშემოსავლო გადასახადით დამატებით დაბეგვრის ობიექტი).

გამოსავლიანობის ცვლილების საფუძვლით შემოწმების მიერ, თავის დროზე შეუსაბამოდ მეტად/დაუსაბუთებლად იქნა სალაროს ნაშთი გაზრდილი და ამ ნაწილში სალაროს ნაშთი (საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი) არც ერთ შემთხვევაში არ შეადგენს (696 079-278 600) 417 479 ლარს, როგორც ეს სადავო აქტებში არის მოცემული.

ამ შემთხვევაში, საუბარია სხვა საფუძვლით დადგენილ სალაროს ნაშთზე (საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტზე (696 079-278 600)) 417 479 ლარზე, რომლის ნაცვლად, სალაროს ნაშთი უნდა იყოს ზემოთ ხსენებული 2 295 კგ ხორცის და 27 965 კგ. ძვალის რეალიზაციით მიღებული თანხები (როგორც დამატებით დაბეგვრის ობიექტი), რომელიც უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ უზუსტობაა დაშვებული სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში. მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, შემოსავლების სამსახურის 14.05.2026 წლის №10708 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დამატებით უნდა დავალებოდა სალაროს ნაშთის 417 479 ლარის გაანგარიშების სიზუსტის შემოწმება. რის გამოც თვლის, რომ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემოსავლების სამსახურის ბრძანება არ არის საკმარისი.

 

2. სასაკლაოს მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა

ფაქტების აღწერა

დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად, მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლის მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 100 ლარი, ხოლო წვრილფეხა პირუტყვის 40 ლარი. აღნიშნულს მოწმობს საბანკო ჩარიცხვები. ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული ღირებულების ზრდის სასაკლაოს გაქირავების შედეგად წარმოშობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების პროცესში და არც დავის განხილვის ეტაპზე არ წარუდგენია დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული ფასისგან განსხვავებული ფასი.

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართულ სააღრიცხვო ჟურნალს, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი კომპანიას შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია. ამასთან, საჩივრებზე თანდართული დოკუმენტის გაანალიზება შეუძლებელია, რადგან წარდგენილ სააღრიცხვო ჟურნალში შეუძლებელია მონაცემების იდენტიფიცირება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივნის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო დარიცხვები ასევე, სასაკლაოს მომსახურებით მიღებული შემოსავლების არასწორად დათვლის შედეგია, რაც მდგომარეობს შემდეგში:

სასაკლაოს მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით არასწორია შემმოწმებლის განმარტება მასზედ, რომ „მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლის მომსახურების ღირებულებად განსაზღვრული იქნა 100 ლარი, ხოლო წვრილფეხა პირუტყვის 40 ლარი. ჯამში დაკვლის მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა სრულ შესამოწმებელ პერიოდზე შეადგინა 278 600 ლარი“.

უნდა აღინიშნოს, რომ შემოწმების ეტაპზე, შემოწმების მხრიდან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია თუ რა რაოდენობის ცხოველი იყო დაკლული კომპანიის სასაკლაოზე შესამოწმებელ პერიოდში, რაზეც პასუხად იქნა მიღებული თვეების მიხედვით ჩაშლილი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლისა და ღორის დაკვლის ოდენობა თვის ჭრილში, რომლის მიხედვითაც სულ ჯამური ინფორმაცია არის შემდეგი: 2023 წელში: მრპ - 2 560; წრპ - 106; ღორი - 105; ხოლო 2024 წელში: მრპ - 427. მოცემულ შემთხვევაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ამ ინფორმაციაში არ არის ჩაშლილი საქონლის წონები, რაზეც დაკვლის მომსახურების საფასური იყო დამოკიდებული, შესაბამისად, ამ ნაწილში (სასაკლაოს მომსახურებიდან შემოსავლების მიღების გაანგარიშების მიზნებისათვის) ეს არის არასრული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ასევე გამოთხოვილი/გადამოწმებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში (სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 22.01.2026 წლის №09/457 წერილი დანართებთან ერთად).

გარდა იმისა, რომ შემოწმების მიერ არ დადგენილა/არ შესწავლილა თუ რა წონის საქონლის დაკვლის (სასაკლაოს) მომსახურება იქნა გაწეული (მაშინ როცა საქონლის წონის მიხედვით იყო სასაკლაოს მომსახურების ფასი დადგენილი, ეს ინფორმაცია (თუ როგორი წონის საქონლის დაკვლის მომსახურების ფასი რამდენი იყო) შემმოწმებლისთვის მიწოდებული იყო), ამის მიუხედავად, სასაკლაოს მომსახურების თანხაც არასწორად იქნა დადგენილი შემოწმების მიერ, რის გამოც ამ ნაწილში შეუსაბამოდ მაღალი შემოსავლები და შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტი არასწორად იქნა დადგენილი. შემოწმებამ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია მხოლოდ საქონლის რაოდენობის შესახებ, თვეებში ჩაშლილი, მიღებული ინფორმაცია/საქონლის რაოდენობა გაამრავლა 100 ლარზე და ამ გზით მიიღო სასაკლაოს მომსახურების თანხა შესამოწმებელ პერიოდში 278 600 ლარი, რაც არასწორია. შემოწმებას ასევე უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია თუ, როგორი წონის საქონლის დაკვლის მომსახურება ხდებოდა და ამ ინფორმაციით და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული მომსახურების ფასებით უნდა ეხელმძღვანელა შემოწმებას. ასეთ შემთხვევაში, აშკარად განსხვავებული შედეგი დადგებოდა, ვიდრე ეს გასაჩივრებულ აქტებში არის მოცემული. ის, რომ თითქოს სასაკლაოს მომსახურების საფასური სასაქონლო ზედნადებებში გაიწერებოდა, არასწორია. შემოწმების ეტაპზე, შემმოწმებელი დაუკავშირდა გადასახადის გადამხდელს და ამ ნაწილში მომსახურების ფასები ჰკითხა, რაზეც გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ მსხვილფეხა საქონლის დაკვლის ფასი არის 100 კილოს ზემოთ 40 ლარი და ქვემოთ 20-25 ლარი (შემმოწმებელს და გადასახადის გადამხდელს შორის მეილზე (ელ. ფოსტაზე) არსებული მიმოწერა თან ერთვის), რაც არასწორად იქნა გაგებული/შეფასებული შემოწმების მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტიურად არსებული/შემოწმებისათვის მიწოდებული სასაკლაოს მომსახურების საფასურის და ასევე, სასაკლაოზე საქონლის წონის მიხედვით დაკვლის მომსახურების გათვალისწინებით, უნდა დაეთვალა შემოწმებას გადასახადის გადამხდელის შემოსავლები სასაკლაოს მომსახურებიდან.

აქვე ცნობისათვის დასძენს, რომ თუ რა წონის საქონლის დაკვლის მომსახურება ხდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ იჯარით აღებულ სასაკლაოზე, ამ ინფორმაციას სპეციალურ ჟურნალში აღრიცხავდა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ექიმი (სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვის ჟურნალი თან ერთვის), რომელიც წარდგენილი იქნა შემოწმებისათვის, ასევე საჩივრის განხილვის ეტაპზეც შემოსავლების სამსახურში, თუმცა უშედეგოდ.

კიდევ ერთხელ დასძენს, რომ სასაკლაოს მომსახურების ნაწილში, დაახლოებით 20-30%-ის ფარგლებში იყო საქონელი, რომლის წონაც აღემატებოდა 100 კგ-ს და ამ ნაწილში დაკვლის მომსახურების საფასური, როგორც აღნიშნა, შეადგენდა 40 ლარს, ხოლო სხვა დანარჩენი საქონლის დაკვლის მომსახურება შეადგენდა 20 ლარს, რადგან მათი წონა 100 კგ-ზე გაცილებით ნაკლები იყო. უხეში დათვლით, სასაკლაოს მომსახურებით მიღებული შემოსავალი, შესამოწმებელ პერიოდში, 40 000 ლარამდე შეადგენდა და არა სხვა თანხებს (278 600 ლარს), როგორც ეს შემოწმებას წარმოუდგენია. ამ ნაწილში, შემოწმების მიერ არასრულად იქნა საკითხი შესწავლილი/გამოკვლეული, არასწორი შეფასება მიეცა საქმეში არსებულ მასალებს/ინფორმაციებს, რის გამოც სადავო აქტებით გადასახადის გადამხდელზე კანონშეუსაბამო დარიცხვები მოხდა.

შესამოწმებელ პერიოდში, სასაკლაოს მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტავს შემდეგს:

მოცემულ შემთხვევაში, შემმოწმებლის მიერ გადასახადის გადამხდელისაგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სასაკლაოს მომსახურების ფასებთან დაკავშირებით, რაზედაც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია, თუმცა, როგორც საჩივრის განხილვის დღეს აღმოჩნდა, შემმოწმებლის მიერ მოძიებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ გაწერილი ერთადერთი სასაქონლო ზედნადები (ელ. №„-------“ 8.06.23), სადაც მითითებულია, რომ ერთი ერთეული ბუღას დაკვლის ფასი არის 100 ლარი, რაც საფუძვლად დაედო სასაკლაოს მომსახურებიდან შემოსავლის გაანგარიშებას. კერძოდ, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად „გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად, მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლის მომსახურების ღირებულებად განსაზღვრული იქნა 100 ლარი, ხოლო წვრილფეხა პირუტყვის 40 ლარი. ჯამში დაკვლის მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა სრულ შესამოწმებელ პერიოდზე შეადგინა 278 600 ლარი“.

უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 6 სექტემბერს ებრაელებმა (შპს „-------“ - ს/ნ „-------“) შეუკვეთეს, რომ სამი დღის განმავლობაში უნდა ესარგებლათ გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაკლაოთი მასში შემავალი ინვენტარით, აღჭურვილობით, ხარჯებით და ასევე, მომსახურე პერსონალით, სადაც დაკლეს 18 მსხვილფეხა ბუღა და 30 ცხვარი. სამი დღით დაიხურა სასაკლაო და ამ მომსახურებაში, მთლიანობაში გადაიხადეს 3 000 ლარი. სასაქონლო ზედნადებში ფასი გაწერილია სიმბოლურად, თუმცა ფასი 3 000 ლარი, ჯამში სამი დღის განმავლობაში მოიცავდა სასაკლაოს ყველა ინვენტარით/აღჭურვილობით, ხარჯებით და მომსახურე პერსონალით მომსახურებას.

კიდევ ერთხელ დასძენს, რომ ეს იყო მთელი სამი დღის განმავლობაში, სასაკლაოს მომსახურების ფასი და არა მასში მითითებული საქონლის დაკვლის ფასი, როგორც ეს შემოწმებას წარმოუდგენია. ეს საკითხი არც შემოწმებას თავის დროზე და არც შემდეგში, შემოსავლების სამსახურს საჩივრის განხილვის ეტაპზე არ გამოუკვლევია.

საქონლის დაკვლის მომსახურების ფასი მთელი საქართველოს მასშტაბით არის 100 კგ-ზე მეტი წონის საქონლის შემთხვევაში 40 ლარი, ხოლო 100 კგ-ზე ნაკლები წონის საქონლის შემთხვევაში (წვრილფეხა საქონლის. ხბო-ცხვარი) არის 20-25 ლარი, რა ინფორმაციაც მიწოდებული იქნა შემმოწმებელზე თავის დროზე მეილის სახით.

სასაკლაოს მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებით, მთელ შესამოწმებელ პერიოდში, ზემოხსენებულის გარდა, სხვა რაიმე დოკუმენტი არ არსებობს, შემმოწმებელმა კი ხსენებული ერთადერთი შემთხვევა, სადაც 18 ბუღის დაკვლის მომსახურებად მითითებული (18*100) 1 800 ლარი გამოიყენა 278 600 ლარი შემოსავლის მიღების გაანგარიშების საფუძვლად, რაც არასწორია. მაშინ, როცა გადასახადის გადამხდელისაგან გამოთხოვილი იყო ინფორმაცია სასაკლაოს მომსახურების ფასებზე და შედარების მიზნით, შემოწმებას სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე გადამხდელებისაგან ინფორმაცია არ გამოუთხოვია (საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი), ხოლო 1 800 ლარის დოკუმენტის 278 600 ლარის შემოსავლის გაანგარიშების საფუძვლად გამოყენების შესახებ რაიმე მენუალი/პრაქტიკა/აუდირებული ფასები არ არსებობს. შემოწმებას ამ ნაწილში არც სასაკლაოს დოკუმენტებით (ჟურნალის ჩანაწერებით) არ უსარგებლია, სადაც საქონლის წონები იყო მითითებული, რომლის გათვალისწინებითაც უნდა დაეთვალა შემოწმებას ამ ნაწილში სასაკლაოს მომსახურებით მიღებული შემოსავლები.

გასათვალისწინებელია ის, რომ ტენდერის საქმიანობის დასრულებამდე, გადასახადის გადამხდელმა სასაკლაოს ფუნქციონირება შეწყვიტა მისი დაბალი შემოსავლების/ზარალის გამო. ამ ნაწილში, სადავო აქტების მიღების დროს, არასრულად იქნა საკითხი შესწავლილი/გამოკვლეული, არასწორი შეფასება მიეცა საქმეში არსებულ მასალებს/ინფორმაციებს, რის გამოც სადავო აქტებით გადასახადის გადამხდელზე კანონშეუსაბამო დარიცხვები მოხდა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ გავიზიარებთ შემმოწმებლის მოსაზრებას სასაკლაოს მომსახურების ფასებთან (100 კგ-ზე მეტი წონის საქონლის დაკვლის მომსახურება 100 ლარი და 100 კგ-ზე ნაკლები წონის საქონლის დაკვლის მომსახურება 40 ლარი) დაკავშირებით, საყურადღებოა შემდეგი:

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, მთელ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ სასაკლაოს მომსახურება გაწეული იქნა სულ (2 560+106+105+427) 3 198 შემთხვევაში (საჩივარზე თანდართული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვის ჟურნალი), საიდანაც, დაახლოებით 20% არის 100 კგ-ზე მეტი წონის საქონელი. ე.ი. ამ შემთხვევაში სასაკლაოს მომსახურებით მიღებული შემოსავალი შეადგენს (3 198*20%)*100= 63 960 ლარს, დაახლოებით 80% არის 100 კგ-ზე ნაკლები წონის საქონელი, ე.ი. ამ შემთხვევაში, სასაკლაოს მომსახურებით მიღებული შემოსავალი შეადგენს (3 198*80%)*40= 102 336 ლარს, ჯამში ეს თანხა უხეში დათვლით შეადგენს დაახლოებით 166 000 ლარს და არა 278 600 ლარს, როგორც ეს გასაჩივრებულ აქტებში არის მითითებული. ამ ნაწილშიც გაანგარიშებების უზუსტობას აქვს ადგილი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად (რამოდენიმეჯერ) უნდა შემცირდეს შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ სასაკლაოს მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისად უნდა შემცირდეს სალაროს ნაშთი (დაბეგვრის ობიექტი), სადავო დარიცხვები ამ ნაწილში. შესაბამისად თვლის, რომ გასაჩივრებულ ნაწილში სადავო აქტები არ არის სწორი და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი პირველ სადავო საკითხის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მე-2 სადავო საკითხის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანი აღნიშნავს, რომ სადავო დარიცხვები ხორცის და ძვლის გამოსავლიანობის ცვლილების (გაზრდის), მიღებული შემოსავლების არასწორად დათვლის შედეგია. შემმოწმებლის მიერ, გადასახადის გადამხდელისგან მიღებული ხორცის გამოსავლიანობის მონაცემები მიიჩნია, რომ დაბალია და გამოიყენა ხორცის გამოსავლიანობის აუდირებული მონაცემი 77%- ის ოდენობით, შედეგად, გაიზარდა საქონლის რაოდენობა/ღირებულება და შესაბამისად, სალაროს ნაშთი. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პირველი სადავო საკითხი, მაგრამ მიიჩნევს, რომ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით გადაანგარიშების ეტაპზე მოხდება გამოსავლიანობის გადამოწმება და ამ გზით დადგინდება ტანხორცის დამუშავების შედეგად, რეალურად რა რაოდენობის ხორცი იქნა მიღებული/დამზადებული, რომელსაც უნდა გამოაკლდეს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები, თუმცა გაანგარიშება შეიძლება არ იყოს საკმარისი, რადგან თვლის, რომ ადგილი აქვს გაანგარიშებების უზუსტობებს, სალაროს ნაშთის შეუსაბამოდ გაზრდის სხვა შემთხვევებს. ამიტომ, გარდა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გადაანგარიშებისა, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სრულად შეისწავლოს სადავო საკითხი ამ ნაწილში (სალაროს ნაშთის გაანგარიშებების სისწორე), თუ რამ გამოიწვია ხორცის და ძვლის მიწოდების ნაწილში სალაროს ნაშთის 417 479 ლარის ოდენობით დადგენა. მიიჩნევს, რომ გამოსავლიანობის ცვლილების საფუძვლით შემოწმების მიერ, თავის დროზე შეუსაბამოდ მეტად/დაუსაბუთებლად იქნა სალაროს ნაშთი გაზრდილი და ამ ნაწილში სალაროს ნაშთი (საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი) არც ერთ შემთხვევაში არ შეადგენს (696 079-278 600) 417 479 ლარს, მისი მონაცემებით (გაანგარიშებით) აღნიშნული თანხის ნაცვლად სალაროს ნაშთი უნდა იყოს 2 295 კგ ხორცის და 27 965 კგ ძვლის რეალიზაციით მიღებული თანხები, რომელიც უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით. უზუსტობაა დაშვებული სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დამატებით უნდა დავალებოდა სალაროს ნაშთის (417 479 ლარის) გაანგარიშების სიზუსტის შემოწმება.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/პოზიციები. კერძოდ აღნიშნა, რომ პირველი სადავო საკითხის ნაწილში ერთ-ერთი საკითხი იყო გამოსავლიანობის თემა, ხოლო მეორე სალაროს დანაკლისი. გამოსავლიანობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური დაეთანხმა და საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აღნიშნულ ნაწილში, მაგრამ ამჟამად დავა შეეხება შემოწმების მიერ სალაროს ნაშთის 417 479 ლარის ოდენობით განსაზღვრას. გაუგებარია სალაროს დანაკლისი მხოლოდ გამოსავლიანობის შედეგია, თუ არასწორი გაანგარიშების, შემოწმების მიერ გამოყენებული 77%-იანი გამოსავლიანობის პირობებში მიიღება საქონლის ისეთი რაოდენობა რაც არ ქონია, არ არის დეკლარირებული და შედეგად შემოსავალის მიღება იმ ოდენობით, რასაც ეუბნება შემმოწმებელი. მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გაანგარიშების უზუსტობას აქვს ადგილი და არა მარტო გამოსავლიანობის გამო.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გამოყენებული იქნა სხვა პირის აუდირებული, გამოსავლიანობის მონაცემი 77%, სხვაობა 11 ტონით მეტი, ანუ 230 000 ლარი გამოვიდა და ამან გამოიწვია განსხვავება, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა, შედეგი ჯერ არ იცის, მაგრამ აღნიშნული გავლენას მოახდენს საგადასახადო ვალდებულებებზე. საიდან დათვალა მომჩივანმა 417 479 ლარი გაუგებარია, 1 კილოგრამ ხორცზე საშუალო ფასი აღებული იქნა 23.50 ლარი და გამოსავლიანობიდან გამომდინარე, სალაროს ნაშთმა შეადგინა 550 000 ლარი.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინოს დავის განხილვის პროცესში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ხორცისა და ძვლის გამოსავლიანობის შესახებ და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, პირველ სადავო საკითხის ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს ამ ნაწილში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის სასაკლაოზე, შესამოწმებელ პერიოდში, დაკლული ცხოველების იმ რაოდენობას, რომელიც მითითებული იყო სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ ინფორმაციაში, გამოაკლდა შესყიდვის აქტებითა და სასაქონლო ზედნადებით განსაზღვრული საქონლის ოდენობა და დარჩენილი რაოდენობა დაკვალიფიცირდა მესამე პირებისთვის გაწეული დაკვლის მომსახურებად. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად, მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლის მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 100 ლარი, ხოლო წვრილფეხა პირუტყვის 40 ლარი. დაკვლის მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა სრულ შესამოწმებელ პერიოდზე შეადგინა 278 600 ლარი.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ სადავო დარიცხვები ასევე, სასაკლაოს მომსახურებით მიღებული შემოსავლების არასწორად დათვლის შედეგია, აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებლის პოზიციას, რომ მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლის მომსახურების ღირებულებად განსაზღვრული იქნა 100 ლარი, ხოლო წვრილფეხა პირუტყვის 40 ლარი, არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ შემოწმების ეტაპზე, შემოწმების მხრიდან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია თუ რა რაოდენობის ცხოველი იყო დაკლული კომპანიის სასაკლაოზე შესამოწმებელ პერიოდში, რაზეც პასუხად იქნა მიღებული თვეების მიხედვით ჩაშლილი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლისა და ღორის დაკვლის ოდენობა თვის ჭრილში, ხოლო ამ ინფორმაციაში არ არის ჩაშლილი საქონლის წონები, რაზეც დაკვლის მომსახურების საფასური იყო დამოკიდებული, შესაბამისად ამ ნაწილში აღნიშნული არის არასრული ინფორმაცია. გარდა იმისა, რომ არ დადგენილა/არ შესწავლილა თუ რა წონის საქონლის დაკვლის (სასაკლაოს) მომსახურება იქნა გაწეული, სასაკლაოს მომსახურების თანხაც არასწორად იქნა გაანგარიშებული, რის გამოც დაბეგვრის ობიექტი არასწორად იქნა დადგენილი. შემოწმებას ასევე უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია, თუ როგორი წონის საქონლის დაკვლის მომსახურება ხდებოდა და ამ ინფორმაციით და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული მომსახურების ფასებით უნდა ეხელმძღვანელა. ის, რომ თითქოს სასაკლაოს მომსახურების საფასური ზედნადებებში გაიწერებოდა, არასწორია. შემმოწმებელი დაუკავშირდა გადასახადის გადამხდელს და მომსახურების ფასები ჰკითხა, რაზეც გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ მსხვილფეხა საქონლის დაკვლის ფასი არის 100 კილოს ზემოთ 40 ლარი და ქვემოთ 20-25 ლარი. თუ რა წონის საქონლის დაკვლის მომსახურება ხდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ სასაკლაოზე, ამ ინფორმაციას სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ექიმი აღრიცხავდა სპეციალურ ჟურნალში, რომელიც წარდგენილი იქნა შემმოწმებლისათვის, ასევე საჩივრის განხილვის ეტაპზეც შემოსავლების სამსახურში, თუმცა უშედეგოდ. დაახლოებით 20-30%-ის ფარგლებში იყო საქონელი, რომლის წონაც აღემატებოდა 100 კგ-ს და ამ ნაწილში დაკვლის მომსახურების საფასური შეადგენდა 40 ლარს, ხოლო სხვა დანარჩენი საქონლის დაკვლის მომსახურება შეადგენდა 20 ლარს, რადგან მათი წონა 100 კგ-ზე გაცილებით ნაკლები იყო. უხეში დათვლით სასაკლაოს მომსახურებით მიღებული შემოსავალი, შესამოწმებელ პერიოდში, 40 000 ლარამდე შეადგენდა. საჩივრის განხილვის დღეს აღმოჩნდა, რომ შემმოწმებლის მიერ მოძიებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ გაწერილი ერთადერთი სასაქონლო ზედნადები (ელ. №„-------“ 8.06.23), სადაც მითითებულია, რომ ერთი ერთეული ბუღას დაკვლის ფასი არის 100 ლარი, რაც საფუძვლად დაედო სასაკლაოს მომსახურებიდან შემოსავლის გაანგარიშებას. 2023 წლის 6 სექტემბერს შპს „-------“-მა შეუკვეთა, რომ სამი დღის განმავლობაში უნდა ესარგებლათ გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაკლაოთი მასში შემავალი ინვენტარით, აღჭურვილობით, ხარჯებით და ასევე, მომსახურე პერსონალით, სადაც დაკლეს 18 მსხვილფეხა ბუღა და 30 ცხვარი. სამი დღით დაიხურა სასაკლაო და ამ მომსახურებაში მთლიანობაში გადაიხადეს 3 000 ლარი. სასაქონლო ზედნადებში ფასი გაწერილია სიმბოლურად, თუმცა ფასი 3 000 ლარი იყო მთელი სამი დღის განმავლობაში, სასაკლაოს მომსახურების ფასი და არა მასში მითითებული საქონლის დაკვლის ფასი. საქონლის დაკვლის მომსახურების ფასი მთელი საქართველოს მასშტაბით არის 100 კგ-ზე მეტი წონის საქონლის შემთხვევაში 40 ლარი, ხოლო 100 კგ-ზე ნაკლები წონის საქონლის შემთხვევაში (წვრილფეხა საქონლის. ხბო-ცხვარი) არის 20-25 ლარი, რა ინფორმაციაც მიწოდებული იქნა შემმოწმებელზე თავის დროზე. მაშინ, როცა გადასახადის გადამხდელისაგან გამოთხოვილი იყო ინფორმაცია სასაკლაოს მომსახურების ფასებზე შედარების მიზნით, შემმოწმებელს სხვა, ანალოგიური საქმიანობის მქონე გადამხდელებისაგან ინფორმაცია არ გამოუთხოვია. ამ ნაწილში, არც სასაკლაოს დოკუმენტებით (ჟურნალის ჩანაწერებით) უსარგებლია, სადაც საქონლის წონები იყო მითითებული, რომლის გათვალისწინებითაც უნდა გაანგარიშებულიყო სასაკლაოს მომსახურებით მიღებული შემოსავლები. სასაკლაოს მომსახურების ფასებთან დაკავშირებით შემმოწმებლის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც კი, მათი გაანგარიშებით უფრო ნაკლებია, ვიდრე როგორც ეს შემოწმების აქტშია დაფიქსირებული 278 600 ლარი. მიიჩნევს, რომ ამ ნაწილშიც გაანგარიშებების უზუსტობას აქვს ადგილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შემცირდეს სასაკლაოს მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისად უნდა შემცირდეს სალაროს ნაშთი ამ ნაწილში.

აღსანიშნავია, რომ საჩივრის განხილვის ეტაპზე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი იქნა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის 11.06.2026 წლის №-------- წერილი, რომლითაც გადასახადის გადამხდელს მისი წერილის პასუხად ეცნობა, რომ 2023 წლის მარტიდან 2024 წლის 18 ივნისამდე, კომპანიის მიერ გაცემულია 3119 ვეტერინალური მოწმობა (ფ. 2), დაკლულია 2 901 მსხვილფეხა საქონელი, 159 წვრილფეხა საქონელი და 56 ღორი, მათ შორის 100 კგ-ზე მეტი 962 ტანხორცი, 100კგ-ზე ნაკლები 1 778 ტანხორცი.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/პოზიციები. ამასთან აღნიშნა, რომ მიმართეს სურსათის ეროვნულ სააგენტოს აჭარის დეპარტამენტს კითხვით, კომპანიის მიერ რა საქონელი დაიკლა და რა წონის იყო, რაზეც მიიღეს პასუხი და წერილი წარმოდგენილია. შემმოწმებელმა აუდიტორმა სასაკლაოს მომსახურების ფასები 100 ლარი და 40 ლარი ისე გამოიყენა, რომ არ გამოუთხოვია მეორე, სხვა პირისაგან ინფორმაცია, არ მოუძებნია აუდირებული მონაცემი. ციფრები რომელიც ეხლა გამოითხოვა გადასახადის გადამხდელმა და წარმოადგინა საჩივარზე დამატებით, აუდიტორსაც შეეძლო გამოეთხოვა, ჟურნალიც წარუდგინეს მაგრამ, არ იქნა გათვალისწინებული. ითხოვს წარდგენილი დოკუმენტებით საკითხის შესწავლას, თუ კვლავაც მიიჩნევს შემმოწმებელი, რომ 100 კგ-ზე მეტი წონის საქონლის შემთხვევაში 40 ლარი, ხოლო 100 კგ-ზე ნაკლები წონის საქონლის შემთხვევაში 20-25 ლარი არ არის სწორი, მაშინ გამოითხოვოს რა იყო სასაკლაოს მომსახურების ფასები, თუ ამჟამად წარმოდგენილი წერილიც არ იქნება საკმარისი, სხვა აუდირებული სასაკლაოს ფასები იქნეს მოძიებული.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად, მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლის მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 100 ლარი, ხოლო წვრილფეხა პირუტყვის 40 ლარი, რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ სააღრიცხვო ჟურნალს, მისი გაანალიზება შეუძლებელია, რადგან წარდგენილ სააღრიცხვო ჟურნალში შეუძლებელია მონაცემების იდენტიფიცირება, მონაცემები არასაკმარისია, ხოლო ამჟამად წარმოდგენილი სურსათის ეროვნულ სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის წერილს გაეცნო, მაგრამ შესასწავლია.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საქონლის დაკვლის მომსახურების ღირებულების ოდენობის საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამდენად, მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, საქონლის დაკვლის მომსახურების ღირებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით და მის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2025 წლის №081-329 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 70 711 ლარი და განესაზღვრა საურავი 18 059.85 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის მიმართ, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2025 წლის №081-329 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 70 711 ლარი და საურავი 18 059.85 ლარი. თუ სანქციის სახით კიდევ დამატებით 88 000 ლარზე მეტი თანხების გადახდაზე მოედავებიან კომპანიას, იგი მომავალში ვეღარ შეძლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც კიდევ უფრო მეტ ახალ გაუგებრობას და პრობლემას წარმოშობს მომავალში. ტვირთი საკმაოდ დიდია და აღნიშნული საქმიანობის პარალიზებას იწვევს კომპანიაში ყველა თანმდევი შედეგით. სანქციის ნაწილში სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა თუ არა პირი, მარტო ამ მიდგომით მსჯელობა არ არის საკმარისი. სანქციის გამოყენების/არ გამოყენების თაობაზე მსჯელობისას მიზანშეწონილობის უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. რამდენად მოიტანს სიკეთეს სანქციისგან გადასახადის გადამხდელის გათავისუფლებაზე უარი, ხომ არ მოხდება კომპანიის საქმიანობის პარალიზება, დაიკარგება სამუშაო ადგილები, დაიწყება და გაგრძელდება წლების განმავლობაში სასამართლო დავები თანხების გადახდის/დაკისრების მოთხოვნით და ამ ნაწილში იქნება დამატებით სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯები, რომ არაფერი ვთქვათ დავის პერიოდში გასაჩივრებული აქტებით გადასახადის გადამხდელზე დამატებით დარიცხული, კუთვნილი თანხების გადახდის შეჩერებაზე, იმის გამო, რომ სახელმწიფომ დამატებით, სანქციის სახით მიიღოს თანხები გადასახადის გადამხდელისაგან. ფიქრობს, ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები დაუსაბუთებელია და არასწორია და მისი მიღების დროს არ არის გათვალისწინებული ის, თუ რა იქნება ასეთი ქმედების შედეგები მომავალში. მიაჩნია, რომ ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ეს საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი/გამოკვლეული გასაჩივრებული აქტების მიღების დროს.

მოითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, კომპანიის გათავისუფლებას გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციებისაგან (ჯარიმისგან და საურავისგან).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად

ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.05.2026 წლის №10708 ბრძანება;

3. მე-2 სადავო საკითხის ნაწილში:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, საქონლის დაკვლის მომსახურების ღირებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით და მის საფუძველზე განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ სადავო დარიცხვები შემოსავლების არასწორად დათვლის შედეგია.

2.მომჩივანი მიიჩნევს,რომ უნდა შემცირდეს შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ სასაკლაოს მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისად უნდა შემცირდეს სალაროს ნაშთი.შესაბამისად თვლის, რომ გასაჩივრებულ ნაწილში სადავო აქტები არ არის სწორი და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

3.მომჩივანი ითხივს,სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, კომპანიის გათავისუფლებას გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციებისაგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით.

გაანგარიშდა საქონლის ძვლის გამოსავლიანობა, როგორც საქონლიდან ასევე, საქონლის ტანხორციდან და რადგან მიღებული ოდენობა აღემატებოდა დოკუმენტურ რეალიზაციას, აღნიშნული მიჩნეულ იქნა ნაშთად/დანაკლისად. შესაბამისად, საქონლის ხორცისა და ძვლის დანაკლისი შემოწმების მიერ გაიყიდა დოკუმენტური რეალიზაციიდან გამოყვანილი ფასნამატით და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი პერიოდების მიხედვით, დირექტორების შესაბამისად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს, სსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2.დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში

3.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა და განესაზღვრა საურავი.

 

გადაწყვეტილება

მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება,ხოლო წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, საქონლის დაკვლის მომსახურების ღირებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით და მის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

მე-3 სადავო საკითხის ნაწილში,საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154,269.