გადაწყვეტილება №21079/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.02.2024
№ დოკუმენტი 21079/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21079/2/2023

28 თებერვალი 2024

გადაწყვეტილება

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------" -ის 17.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21079/2/2023).

დავის საგანი:

საწარმოს მიერ ხანდაზმულ პერიოდში განხორციელებულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და წილის სანაცვლოდ გადაცემული/გადასაცემი ბინების ღირებულების საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-304 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23761 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 336 310 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 128 473

დღგ - 604 391

მოგების გადასახადი - 40 652

საშემოსავლო გადასახადი - 483 451

ქონების გადასახადი - (-392)

ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) - 371

ჯარიმა - 629 197

საურავი - 578 640

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

2018 წლის 5 აპრილს საჯარო რეესტრში გაფორმებულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, 25% - იანი წილის მფლობელმა "------"-მ თავისი წილი მიყიდა მეწილეებს "------"-ს (25%) და "------"-ს (25%) 36 868 დოლარად, 2018 წლის 27 სექტემბერს "------"-მ მიყიდა (37.5%) თავისი წილი "-----"-ს (25%-იანი წილის მფლობელი), ხოლო 2018 წლის 16 ოქტომბერს "------"-მ (37.5%) მიყიდა თავისი წილი "------"-ს 83 486 დოლარად. წილის ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, სანაცვლოდ წილის მყიდველები წილის გამყიდვლებს გადასცემენ "------"-ში ,ფართებს (ბინებს). ჯამში "------"-ის მიერ წილის გამყიდველებზე მისაცემმა თანხამ შეადგინა 344 945 ლარი. აღნიშნული ოპერაცია შემოწმების მიერ განხილულ იქნა დამფუძნებელზე "------"-ზე გაცემულ უპროცენტო სესხად. შესამოწმებელ პერიოდში, პერიოდების მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების, ასევე „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების საფუძველზე, "------"-ის სარგებლად მიჩნეული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32825 ბრძანება და №081-304 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23761 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შემოწმების მიერ სამეურნეო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა, კერძოდ საწარმოს მიერ წილის სანაცვლოდ გადაცემული/გადასაცემი ბინების ღირებულების სესხად განხილვა დაუსაბუთებელია. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეესწავლა აღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23761 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, მე8-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ საწარმოს მიერ ბინების გადაცემა/რეალიზაცია პარტნიორებზე განხორციელდა 2018 წელს, რომელიც წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს და მასზე კვალიფიკაციის შეცვლა დაუსაბუთებელია აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან. ამასთან, ოპერაციის სესხად განხილვას გავლენა ექნება უვადოდ შემდგომ საანგარიშო პერიოდებში და გაუგებარია, აღნიშნული რატომ არ იქნა მიჩნეული უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წელს მიღებულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში შემოწმების მიერ სამეურნეო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა, კერძოდ, საწარმოს მიერ წილის სანაცვლოდ გადაცემული/გადასაცემი ბინების ღირებულების სესხად განხილვა დაუსაბუთებელია. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეესწავლა აღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განცხადებით, კომპანია კეთილსინდისიერად საქმიანობს ქართულ სამშენებლო ბაზარზე, შესამოწმებელ პერიოდში ქ. "------"-ში აშენებული აქვს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტი იყო ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის.

საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით . ასევე, საგადასახადო ორგანო ვალდებულია დაიცვას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედოს ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, დაიცვას გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები; საგადასახადო შემოწმებისას, საგადასახადო ორგანო აკონტროლებს საგადასახადო ვალდებულების შესრულების სისწორეს, თუმცა საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი და 2 ნაწილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მუხლით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან. შესაბამისად ხანდაზმული პერიოდის ოპერაციის შემოწმება, არაპირდაპირი მეთოდით ოპერაციის კვალიფიკაციის განსაზღვრა აღემატება საგადასახადო ორგანოს - აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოწმების აქტის მე-10 საკითხად განხილული თემის დაკვალიფიცირება, ისე როგორც აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა არ მიაჩნია სწორად. არ ეთანხმება 2018 წლის, ხანდაზმულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას, რისი უფლებაც საგადასახადო ორგანოს არ ქონდა. ბინების გადაცემა/რეალიზაცია პარტნიორებზე განხორციელდა 2018 წელს და მასზე კვალიფიკაციის შეცვლა და მითუმეტეს უპროცენტო სესხად განხილვა არამართლზომიერია და კანონმდებლობის დარღვევაა. ამ ეტაპზე არ შედის ოპერაციის კვალიფიკაციის განხილვაში, რამეთუ აღნიშნული ქმედება ცალსახად მიაჩნია უფლებამოსილების გადამეტებად აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან. მაგრამ ესეც საინტერესოა, რატომ დაკვალიფიცირდა ზემოთ აღნიშნული ოპერაცია სესხად, რასაც გავლენა ექნება უვადოდ შემდგომ საანგარიშო პერიოდებში და არა უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წელს მიღებულ ხელფასად და 20%-ით დასაბეგრად.

ითხოვს, დავების განხილვის საბჭომ კიდევ ერთხელ შეისწავლოს საჩივარში დასმული საკითხები და დაკორექტირდეს დარიცხული გადასახადები. საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის საფუძველზე,დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით. ყველა ამ პრინციპიდან გამომდინარე ელოდება დავების განხილვის საბჭოს სამართლიან გადაწყვეტილებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23761 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შემოწმების მიერ სამეურნეო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა, კერძოდ საწარმოს მიერ წილის სანაცვლოდ გადაცემული/გადასაცემი ბინების ღირებულების სესხად განხილვა დაუსაბუთებელია. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეესწავლა აღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23761 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივნის არ ეთანხმება 2018 წლის, ხანდაზმულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას, რისი უფლებაც საგადასახადო ორგანოს არ ქონდა.

ითხოვს, დავების განხილვის საბჭომ კიდევ ერთხელ შეისწავლოს საჩივარში დასმული საკითხები და დაკორექტირდეს დარიცხული გადასახადები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

განხორციელებული ოპერაცია შემოწმების მიერ განხილულ იქნა დამფუძნებელზე გაცემულ უპროცენტო სესხად. შესამოწმებელ პერიოდში, პერიოდების მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების, ასევე „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების საფუძველზე, დამფუძნებლის სარგებლად მიჩნეული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეესწავლა აღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23761 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),982,101,154.