ბრძანება N 20658
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20658
18 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------“-ის (ს/ნ -------------)
(მის.: -------------------------------)
2026 წლის 20 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) 2026 წლის 20 ივლისის №103537/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისის №005-130 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებს (დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებს). გადამხდელი აცხადებს, რომ მათთვის მიუღებელია დოკუმენტური ფასის გამოყენება, ვინაიდან საქმე მალფუჭებად პროდუქციას ეხება. ბოსტნეული დოკუმენტით იყიდება ძირითადად მსხვილი ქსელური მარკეტებისთვის, შემდგომ სარეალიზაციოდ, შესაბამისად ისინი ყიდულობენ მაღალი ხარისხის საქონელს შემოტანიდან მალევე, მაღალ ფასად და ამაზე იწერება შესაბამისი დოკუმენტი, სატრანსპორტო ზედნადები. პირველ ეტაპზე საქონლის მიწოდებისას ხდება ე. წ. „ნაღების“ მოხდის პრაქტიკა, ხოლო შემდგომ საცალოდ იყიდება ძირითადად საშუალო და დაბალი ხარისხის პროდუქცია ფიზიკურ პირებზე, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, რადგან ეს პროდუქცია უკვე გაფუჭების საფრთხის წინაშეა. კომპანიის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი მიეწოდება მსხვილ სავაჭრო ქსელებს, მათ შორის „---ს“, „---ს“, „---ს“ და სხვა ანალოგიურ კომერციულ ობიექტებს, რომლებიც, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იძენენ მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას. აღნიშნული პროდუქცია, როგორც წესი, რეალიზდება საქონლის შემოტანიდან მოკლე პერიოდში და შედარებით მაღალი ფასით. მეორე მხრივ, ხილი და ბოსტნეული წარმოადგენს მალფუჭებად პროდუქციას, რომლის ხარისხი დროთა განმავლობაში სწრაფად იცვლება. პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი შემდგომ ეტაპზე კარგავს თავდაპირველ ხარისხობრივ მახასიათებლებს, რის გამოც მისი რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ მნიშვნელოვნად დაბალ ფასად ან ზოგ შემთხვევაში საერთოდ ვერ ხერხდება. გადამხდელი მიიჩნევს, რომ დოკუმენტურად რეალიზებული მაღალი ხარისხის საქონლის ფასის მექანიკური გავრცელება მთლიან საქონელზე, მათ შორის, იმ პროდუქციაზე, რომელიც შემდგომ პერიოდში დაბალი ხარისხით ან საცალოდ რეალიზდება, ეწინააღმდეგება როგორც ეკონომიკურ ლოგიკას, ისე საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად მიჩნეული საქონლის ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულია შესაბამისი თვის განმავლობაში დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის საშუალო სარეალიზაციო ფასი. აღნიშნული მიდგომა არ ასახავს კომპანიის საქმიანობის რეალურ ეკონომიკურ შინაარსს და არსებითად ამახინჯებს საგადასახადო ბაზას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებამ გამოიწვია როგორც ერთობლივი შემოსავლის ცვლილება, ასევე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა არარეალურ მონაცემებამდე, ამ ორივე ფაქტორის გათვალისწინებით კი მოხდა ფულადი სახსრების დაუსაბუთებელი ზრდა. გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 მარტის №6098 და 8 მაისის №10230 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 27 მარტიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 18 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 22 ივნისის №13615 ბრძანება და ამავე თარიღის №005-130 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 14 753 775 ლარი, მათ შორის, გადასახადი 9 498 031 ლარი, ჯარიმა 4 748 567 ლარი, საურავი 507 177ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
● საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 33 193 472 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს წარმომადგენლების მიერ სრულად არ არის მოწოდებული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, წარმოდგენილია მხოლოდ ბრუნვითი უწყისი (აღნიშნულ უწყისით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა), აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე შემოწმებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, რის გამოც საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებული იქნა, საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი/რეალიზებული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ნებართვით ვადაგასული საქონლის ჩამოწერების შესახებ განცხადება არ ფიქსირდება) კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. ხოლო ისეთ საქონელზე რომელზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, გავრცელებული იქნა სხვა საქონლის დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასებით რეალიზებული საქონლის შესაბამისად გაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატი, აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რაც შეადგენს 39 690 802 ლარს (დღგ-ის გარეშე), რომელსაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი 13 630 658 ლარი (დღგ-ის გარეშე), შედეგად შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად განისაზღვრა 53 321 460 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე).
შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა 20 127 988 ლარი (დღგ-ის გარეშე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს, ასევე, დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
● შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 23 500 000 ლარის ოდენობით (საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ის გათვალისწინებით). შემოწმების მიმდინარეობისას შესამოწმებელ პერიოდში ნაღდი ფულის ნაშთის ცვლილებაზე (ზრდა/შემცირება) გავლენის მქონე დამატებით დოკუმენტაცია/ინფორმაცია საწარმოს უფლებამოსილ პირს არ წარმოუდგენია, ასევე, არ დასტურდება თავისუფალი ფულადი სახსრების ნაშთის სალაროში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე, 101-ე, 154-ე და 81-ე მუხლების და აღნიშნულ საკითხზე არსებული შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების თანახმად, შემოწმების შედეგად დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი - 23 500 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ამავე კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში 2026 წლის 10 სექტემბერს --:-- სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებული იქნა, საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი/რეალიზებული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ნებართვით ვადაგასული საქონლის ჩამოწერების შესახებ განცხადება არ ფიქსირდება) კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. ხოლო, ისეთ საქონელზე რომელზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, გავრცელებული იქნა სხვა საქონლის დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასებით რეალიზებული საქონლის შესაბამისად გაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს დარიცხული გადასახადების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №6098 და №10230 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 27 მარტიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №13615 ბრძანება და №005-130 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 14 753 775 ლარი, მათ შორის, გადასახადი 9 498 031 ლარი, ჯარიმა 4 748 567 ლარი, საურავი 507 177ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 33 193 472 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს წარმომადგენლების მიერ სრულად არ არის მოწოდებული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, წარმოდგენილია მხოლოდ ბრუნვითი უწყისი , აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე შემოწმებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, რის გამოც საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა 20 127 988 ლარი (დღგ-ის გარეშე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს, ასევე, დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან,შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 23 500 000 ლარის ოდენობით . შემოწმების მიმდინარეობისას შესამოწმებელ პერიოდში ნაღდი ფულის ნაშთის ცვლილებაზე (ზრდა/შემცირება) გავლენის მქონე დამატებით დოკუმენტაცია/ინფორმაცია საწარმოს უფლებამოსილ პირს არ წარმოუდგენია, ასევე, არ დასტურდება თავისუფალი ფულადი სახსრების ნაშთის სალაროში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე, 101-ე, 154-ე და 81-ე მუხლების და აღნიშნულ საკითხზე არსებული შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების თანახმად, შემოწმების შედეგად დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი - 23 500 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ამავე კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1„ა“.2 „ა“ და „ბ“.3 „ა“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1);