გადაწყვეტილება №23785/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.10.2024
№ დოკუმენტი 23785/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23785/2/2024

15 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 23.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23785/2/2024).

 

დავის საგანი:

ბანკიდან გატანილი სესხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №070-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აგვისტოს №18051 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 36 280 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 23 105

დღგ - 2 835

საშემოსავლო გადასახადი - 20 270

ჯარიმა - 11 382

საურავი - 1 793

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა მინერალური სასუქებით, აგროქიმიური პროდუქტებით, სამურნეო მასალებითა და საღებავებით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8584 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 11 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს არ აქვს საბუღალტრო პროგრამა. შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა გაანგარიშდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად. საკასო შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 101 353 ლარის ოდენობით, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვის სალაროს გონივრული ნაშთი და ახსნა-განმარტების საფუძველზე წარდგენილი ინფორმაცია კრედიტორდებიტორების შესახებ, ხოლო დარჩენილი თანხა, რომლის სალაროში არსებობაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №14064 ბრძანება და №070-4 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 36 280 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 15 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 5 აგვისტოს №18051 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აგვისტოს №18051 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 49-ე, 73-ე, 101-ე, მე-12, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, კომპანიას ბანკიდან გამოტანილი აქვს მიზნობრივი სესხი (ფერმის მშენებლობისთვის) 120 000 ლარის ოდენობით, ხოლო 2024 წლის იანვრიდან 2024 წლის 15 ივლისის განმავლობაში აღნიშნული თანხიდან შეძენილი აქვს 55 185 ლარის სამშენებლო მასალები, საიდანაც 33 445 ლარი 2024 წლის 1 აპრილის შემდგომ პერიოდში დირექტორმა უკან დააბრუნა და შემდეგ მოხდა აღნიშნული თანხით სხვადასხვა მასალების შეძენა. ითხოვს 33 445 ლარის სესხის დაბრუნებად განხილვას, ხოლო დარჩენილი თანხის დირექტორზე გაცემულ სესხად/სარგებლად დაკვალიფიცირებას. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული შეძენები და საქონლის რეალიზაცია (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), რომლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სამშენებლო მასალები, ჯამში 21 739 ლარის ოდენობით, რომელთა დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდება. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, კომპანიის დირექტორმა სრულად გაანაღდა სესხის თანხა (120 000 ლარი), შესაბამისად, შემოწმებამ აღნიშნული სესხის თანხა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულ შემოსავლად ჩათვალა, ხოლო სესხის ის ნაწილი, რომელიც გადახდილი ჰქონდა გათვალისწინებულ იქნა ხარჯებში სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას. შესაბამისად, დანარჩენი ნაწილი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი დამატებით აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით კომპანიის სახელზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი, რომელიც კომპანიის დამფუძნებელმა შეიტანა საწესდებო კაპიტალში, ხოლო შემოწმების მხრიდან გადასახადის გადამხდელისთვის შეთავაზებულ იქნა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ოდენობით საწარმოს კაპიტალის შემცირება, თუმცა გადასახადის გადამხდელმა აღნიშნულზე უარი განაცხადა. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის დირექტორმა სრულად გაანაღდა სესხის თანხა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმების მიერ სესხის თანხის გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულ შემოსავლად ჩათვლა, სესხისთვის გადახდილი თანხის ხარჯებში გათვალისწინება, ხოლო დარჩენილი ნაწილის, რომელიც არ იყო დაფარული, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტთან, საგადასახადო შემოწმების აქტში კომპანიის წარმომადგენლად ---- ნაცვლად --- ის მითითებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად შემმოწმებლებმა ვერ მიიღეს ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხები, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტში დირექტორის და დამფუძნებლის გრაფებში აღნიშნულია როგორც ---, ასევე ----, ხოლო ხელმომწერ პირად ---ის დაფიქსირება წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც დარიცხვაზე გავლენას არ ახდენს. მიწოდებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა დირექტორის - ----ის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაცია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პროცესში საინვენტარიზაციო კომისიის წარმომადგენლების მიერ მოხდა მხოლოდ მაღაზიაში არსებული საქონლის და ნავაჭრი თანხის ინვენტარიზაცია. არ გაუმახვილებიათ ყურადღება ბანკიდან გამოტანილი სესხის თანხის ხარჯვაზე და არც დარჩენილი თანხა არ დაუფიქსირებიათ. ფერმის მშენებლობაც არ უნახიათ. ბანკიდან მიზნობრივად გამოტანილი სესხი - 120 000 ლარი გაცემული იყო ანგარიშვალდებულ პირზე - ---ზე, რომელიც ნაღდი ანგარიშსწორებით იძენდა ფერმის მშენებლობისთვის საჭირო სამშენებლო მასალებს. 1 აპრილამდე შეძენილი ჰქონდა 21 739 ლარის, რომელიც აუდიტორებმა შეძენებში დააფიქსირეს. დარჩენილი თანხა - 98 261 ლარი ხელზე ჰქონდა --- ს და ეტაპობრივად იძენდა დღემდე სამშენებლო მასალებს ნაღდი ანგარიშსწორებით.

1.04.2024 – 23.08.2024 წლის პერიოდში შეძენილი აქვს 55 369 ლარის მასალები (დანართი - შეძენილი სამშენებლო მასალების ამონაკრები). ფერმის მშენებლობა კვლავ მიმდინარეობს და ბუღალტრულად ასახულია როგორც დაუმთავრებელი მშენებლობა. აქვთ ბანკის მიმართ ვალდებულებები სესხის ხარჯვასთან დაკავშირებით და წარსადგენი აქვთ აუდიტის შეფასების დასკვნა ფერმის მშენებლობაზე.

დროის სიმცირის გამო ვერ ასწრებენ აუდიტის შეფასების დასკვნის გამოგზავნას, რადგან ფერმის მშენებლობა კვლავ მიმდინარეობს. წარმოადგენს ფერმის მშენებლობის ფოტო მასალას, ადგილზე მისვლითაც შეიძლება შემოწმდეს მშენებლობის მიმდინარეობა.

მომჩივანი ითხოვს თავიდან მოხდეს ამ საკითხის განხილვა და აუდიტორების მიერ ხელფასად აღიარებული თანხა, რაზეც მოხდა საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმების დარიცხვა, განხილულ იქნას როგორც ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 29.08.2024 წლის №83903-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ საწარმო რეგისტრირებულია 2019 წლის 28 ოქტომბერს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 2 დეკემბრიდან. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა მინერალური სასუქებით, აგროქიმიური პროდუქტებით, სამეურნეო მასალებით და საღებავებით. საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივად, საბაჟო ოპერაციები არ აქვს. კომპანიას არ აქვს საბუღალტრო პროგრამა. აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8511 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და სალაროს ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვის პროცედურა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანიის სავაჭრო ობიექტზე, 2024 წლის 15 აპრილის მდგომარეობით, აღრიცხულ იქნა 365 788 ლარის თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 72 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს საბუღალტრო პროგრამა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი სისტემაში ასახული მონაცემები. შესაბამისად, მშენებლობისთვის საჭირო მასალის შეძენის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/სასაქონლო ზედნადები გათვალისწინებულია ხარჯების ნაწილში (ჯამში 21 739 ლარი). დარჩენილი თანხის მოძრაობა გაურკვეველია, რადგან სს „---ის“ (საიდანაც გადასახადის გადამხდელს სესხი აქვს აღებული) ამონაწერში სესხის თანხა ჩარიცხვისთანავე მთლიანად არის მომჩივნის მიერ განაღდებული.

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ დაუფიქსირებია, რომ არსებობს ბანკისთვის წარსადგენი აუდიტის შეფასების დასკვნა ფერმის მშენებლობაზე. რაც შეეხება სალაროს ინვენტარიზაციის საკითხს, გადასახადის გადამხდელი საჩივარში აფიქსირებს, რომ დარჩენილი სესხის თანხა ჰქონდა ----ს, მაგრამ მომჩივნის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ბუღალტრული პროგრამა, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა თანხის საქვეანგარიშოდ გაცემის ფაქტი. თუმცა, წარდგენილია დებიტორ-კრედიტორული დავალიანების შესახებ ცნობა, სადაც ---- დებიტორად დაფიქსირებული არ არის. შესაბამისად, არც თანხის საქვეანგარიშოდ გაცემა დასტურდება.

გადასახადის გადამხდელი აქტის გამოცემამდე ინფორმირებული იყო დარიცხვასთან დაკავშირებით და პრეტენზია არ დაუფიქსირებია. აღნიშნული მიზეზების გამო, შემოწმების მიერ სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა გაანგარიშდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად. საკასო შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 101 353 ლარის ოდენობით, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვის სალაროს გონივრული ნაშთი და ახსნა-განმარტების საფუძველზე წარდგენილი ინფორმაცია კრედიტორ-დებიტორების შესახებ, ხოლო დარჩენილი თანხა, რომლის სალაროში არსებობაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში საინვენტარიზაციო კომისიის წარმომადგენლების მიერ მოხდა მხოლოდ მაღაზიაში არსებული საქონლის და ნავაჭრი თანხის ინვენტარიზაცია. არ გაუმახვილებიათ ყურადღება ბანკიდან გამოტანილი სესხის თანხის ხარჯვაზე და არც დარჩენილი თანხა არ დაუფიქსირებიათ. ფერმის მშენებლობაც არ უნახავთ.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, განაცხადა, რომ ბანკიდან აქვთ გამოტანილი მიზნობრივი სესხი 120 000 ლარის ოდენობით. ფული სახლში ჰქონდა საწარმოს დირექტორს, რადგან მაღაზიაში შენახვა არ იყო უსაფრთხო. აღნიშნული თანხით ახდენენ ფერმის მშენებლობას და არ გამოუყენებიათ პირადი მიზნებისთვის. დღეის მდგომარეობით გახარჯულია 87 069 ლარი, რაზეც არსებობს შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ამასთან, 34 220 ლარი უკან შეიტანეს ბანკში. მოთხოვნის შემთხვევაში, მზად არიან წარმოადგინონ მტკიცებულებები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აგვისტოს №18051 ბრძანება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

ბანკიდან გატანილი სესხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა გაანგარიშდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად. საკასო შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 101 353 ლარის ოდენობით, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვის სალაროს გონივრული ნაშთი და ახსნა-განმარტების საფუძველზე წარდგენილი ინფორმაცია კრედიტორდებიტორების შესახებ, ხოლო დარჩენილი თანხა, რომლის სალაროში არსებობაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9);101;154.