ბრძანება N 30194

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.12.2023
№ დოკუმენტი 30194
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 30194

04 .12. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ის“ (ს/ნ --------------)

(მის .: -------------------------------)

2023 წლის 24 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) №84323/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 სექტემბრის №006-453 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას და განმარტავს, რომ საწვავი, რომლის ჩათვლაც განახორციელეს სრულად იყო გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში.

2. მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აღნიშნავს, რომ დარიცხული თანხის შემცირებისათვის დამატებით შეუძლია წარმოადგინოს დოკუმენტები.

 

ფაქტების აღწერა:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ივლისის №20081 ბრძანების საფუძველზე შპს „--------ს“ (ს/ნ --------------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 12 აგვისტოდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 6 სექტემბრის №21781 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-453 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 182 142 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 101 353 ლარი, ჯარიმა 69 754 ლარი და საურავი 11 035 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „--------ი“ (ს/ნ --------------) გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 12 აგვისტოს. გადამხდელის საქმიანობის საგანს შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს საამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. გადასახადის გადამხდელს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი აქვს საწვავზე გადახდილი დღგ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, შპს „კ--------ის“ სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის, ამასთან არც ავტოსატრანსპორტო საშუალების იჯარის აღების ფაქტი დასტურდება. შესაბამისად, ჩათვლილი დღგ-ს თანხა დაექვემდებარა გაუქმებას. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო მომსახურებას უწევს შპს „---------ს". ბუღალტრულ პროგრამა „ორისის“ მონაცემებზე დაყრდნობით, შპს „-------ს“ შპს „---------ის“ მიმართ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2022 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, უფიქსირდება დებიტორული დავალიანება 346 259.88 ლარის ოდენობით. მაშინ როდესაც შპს „-------ის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის (ბუღალტრულ პროგრამაზე დაყრდნობით) მიხედვით აღნიშნული თანხა კრედიტორული დავალიანების ნაშთად არ ფიქსირდება. შესაბამისად, შპს „-------ის“ კრედიტორული დავალიანება 2022 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით შპს „-------ის“ მიმართ შეადგენს 0 ლარს. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დებიტორული დავალიანება შპს „----------ის“ მიმართ შეადგენს 49 850.7 ლარს. გადამხდელის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით აღნიშნული თანხა მიღებული აქვს დირექტორს პირად ანგარიშზე. აღნიშნული ინფორმაციისა და ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა ფულის ნაშთი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ პირს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი აქვს საწვავზე გადახდილი დღგ-ის თანხა, თუმცა საწარმოს სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის, ამასთან არც შესამოწმებელ პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალების იჯარის ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში არ უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, მათ შორის არ დასტურდება არც იჯარის ფაქტი, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ კომპანიის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

ბუღალტრულ პროგრამა „ორისის“ მონაცემებზე დაყრდნობით, საწარმოს შპს „-------ის“ და შპს „-----------ის“ მიმართ უფიქსირდება დებიტორული დავალიანება, თუმცა შპს „------ის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული თანხა კრედიტორული დავალიანების ნაშთად არ ფიქსირდება, ხოლო გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს „-------ის“ მიერ გადახდილი ანაზღაურება მიღებული აქვს საწარმოს დირექტორს პირად ანგარიშზე. შემოწმების მიერ აღნიშნული ინფორმაციისა და ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის გათვალისწინებით, გაანგარიშდა ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს .

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №20081 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 12 აგვისტოდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №21781 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №006-453 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 182 142 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 101 353 ლარი, ჯარიმა 69 754 ლარი და საურავი 11 035 ლარი.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ პირს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი აქვს საწვავზე გადახდილი დღგ-ის თანხა, თუმცა საწარმოს სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის, ამასთან არც შესამოწმებელ პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალების იჯარის ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას.გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან,ბუღალტრულ პროგრამა „ორისის“ მონაცემებზე დაყრდნობით და ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა ფულის ნაშთი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 154(1 „ა“ ,2 „ა“ „ბ“); 173(1,2 „ა“); 174(1 „ა“,2 „ა.ა“,3); 175(1 „ა“ბ“,2);