ბრძანება N 27453

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.11.2023
№ დოკუმენტი 27453
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27453

07 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ - ის “ (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.: "------")

2023 წლის 2 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „------- ის “ (ს/ნ "------") საჩივარი №82807/1/2023, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №021-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით, ფიზიკური პირებისგან შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესაძენად გადახდილ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლი არ ითვალისწინებს ფიზიკური პირების იდენტიფიკაციის ვალდებულებას საქონლის შემძენის მიერ. ჯართის ფიზიკური პირებისგან შეძენის პროცესი არის სპეციფიკური, თითოეული პირისგან შეძენილი ჯართის ღირებულება არის ძალიან მცირე, რისთვისაც ურთულდებათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მოძიება. მომჩივანი აცხადებს, რომ კანონდარღვევა მოხდა კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, მისი მიზანი არ ყოფილა გადასახადისგან თავის არიდება და ითხოვს ჯარიმის შემცირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სსიპ „----- სგან “ შეძენილ შავი ლითონის ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირებას და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხის, მათ შორის ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მარტის №5057 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 24 ივნისიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 4 ივლისის №15738 ბრძანება და ამავე თარიღის №021- 47 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 99 700 ლარი, მათ შორის გადასახადი 61 901 ლარი, ჯარიმა 31 211 ლარი და საურავი 6 588 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე შავი და ფერადი ლითონის ჯართის შეძენა-რეალიზაცია. წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით, საწარმოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს შავი და ფერადი ლითონის ჯართი, რომლის შეძენაზე გადახდილი თანხა არ არის წარმოდგენილი შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ ზემოხსენებული თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. კომპანიას 2021 წლის ივლისის პერიოდში სსიპ "------"-სგან შეძენილი აქვს შავი ლითონის ჯართი, რომელზეც მიღებული აქვს ჩათვლა. სსიპ "------"-სგან შესყიდული საქონელი გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო და წარმოადგენს ჯართს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საწარმოს დღგ-ის ჩათვლა გაუუქმდა, ასევე, განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს შავი და ფერადი ლითონის ჯართი, რომლის შეძენაზე გადახდილი თანხა არ არის დეკლარირებული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციით. აღნიშნულზე შემოწმებით დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ამასთან, გადამხდელს არც დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გამოიწვევდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ივლისის პერიოდში სსიპ "------"-სგან შეძენილი აქვს შავი ლითონის ჯართი, რომელზეც მიღებული აქვს ჩათვლა. სსიპ "------"-სგან შესყიდული საქონელი გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო და წარმოადგენს ჯართს. აღნიშნულის საფუძველზე შემოწმებით გაუქმებას დაექვემდებარა ჩათვლილი დღგ-ის თანხა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, პირს შეძენილი აქვს საქონელი (შავი ლითონის ჯართი), რომელზედაც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ამასთან, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

ამასთან, საგადასახადო სანქციასთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ხოლო, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩაიდიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, სსიპ "------"-სგან შეძენილ საქონელზე გამყიდველის მიერ ფასი განსაზღვრულია დღგ-ის ჩათვლით, შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც გამორიცხავს იმ მომენტს, რომ აღნიშნული ოპერაცია არ იყოს დაბეგრილი გამყიდველი მხარის მიერ და შესაბამისი თანხა არ იყოს გადახდილი ბიუჯეტში. გადასახადის გადამხდელის მიერ სადავო დღგ-ის ჩათვლის შედეგად სახელმწიფოს არანაირი ზარალი არ მიუღია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა შეაფასა და გაანალიზა გადამხდელის მიერ განხორციელებული ქმედებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგი და მიიჩნია, რომ პირი განსახილველ შემთხვევაში, მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, შპს „-------“ (ს/ნ "------") საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს შემოწმებით სსიპ „"------"-სგან შეძენილ შავი ლითონის ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №021-47 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შპს „-------“ (ს/ნ "------") საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს შემოწმებით სსიპ "------"-სგან შეძენილ შავი ლითონის ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №021-47 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით, ფიზიკური პირებისგან შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესაძენად გადახდილ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.ითხოვს ჯარიმის შემცირებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილ შავი ლითონის ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირებას და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხის, მათ შორის ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე შავი და ფერადი ლითონის ჯართის შეძენა-რეალიზაცია.საწარმოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს შავი და ფერადი ლითონის ჯართი, რომლის შეძენაზე გადახდილი თანხა არ არის წარმოდგენილი შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ ზემოხსენებული თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა .

2. კომპანიას 2021 წლის ივლისის პერიოდში სსიპ -სგან აქვს შავი ლითონის ჯართი, რომელზეც მიღებული აქვს ჩათვლა.შესყიდული საქონელი გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის,მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო და წარმოადგენს ჯართს. აღნიშნულიდან გამომდინარე,საწარმოს დღგ-ის ჩათვლა გაუუქმდა, ასევე, განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

2.შემოსავლების სამსახურმა შეაფასა და გაანალიზა გადამხდელის მიერ განხორციელებული ქმედებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგი და მიიჩნია, რომ პირი განსახილველ შემთხვევაში, მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, შეძენილ შავი ლითონის ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №021-47 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან უნდა გათავისუფლდეს მომჩივანი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

1333,164,172,174,176,269(7),270,272.