გადაწყვეტილება №23806/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.11.2024
№ დოკუმენტი 23806/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23806/2/2024

08 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ----------ი (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------ის 26.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23806/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;

2. საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №249-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 7 აგვისტოს №18229 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 72 323,3 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 43 532

დღგ - 34 803

საშემოსავლო გადასახადი - 8 451

ქონების გადასახადი - 278

ჯარიმა - 19 015

საურავი - 9 776,3

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა შერეული საქონლით (ტანსაცმელი, ტექსტილი, სასტუმროს აქსესუარები) ქ, ----ში და -----ში ბაზრობის ტერიტორიებზე. აგრეთვე, საბუღალტრო პროგრამით უფიქსირდება ონლაინ ვაჭრობით მიღებული შემოსავალი. მომჩივანს რეგისტრირებული აქვს სამი საკონტროლო სალარო აპარატი. რეგისტრაციის მისამართებია: ----ის რაიონი, სოფ, -----ა; ქალაქი ----ი და -----ის ბაზრობის ტერიტორია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 17 აპრილის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 10 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 17 ივნისს გამოსცა №14092 ბრძანება და №249-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 7 აგვისტოს №18229 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შემოწმებისთვის საჭირო პირველადი დოკუმენტაცია, აგრეთვე, საბუღალტრო პროგრამა ორისი, რომელშიც არასრულად არის აღრიცხული საქონლის მოძრაობა, კერძოდ, საქონელი ჩამოწერილია წლის ბოლოს, შესაბამისად, ვერ ხერხდება საცალოდ და საბითუმოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების იდენტიფიკაცია.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ საქონლის რეალიზაცია ძირითადად ხორციელდება დოკუმენტის გარეშე (2021 წელს დოკუმენტურად რეალიზაციის წილი მთლიან ბრუნვაში შეადგენს 9%, 2022 წელს-7%, 2023 წელს 33%), გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული წლიური ფასნამატი ჩამორჩება ი/მ ------ის 2021-2023 წლების დოკუმენტურ ფასნამატს, აგრეთვე, ანალოგიური საქონლის რეალიზაციისას გამოყენებულ სხვა აუდირებულ ფასნამატს. გადამხდელს არ გააჩნია მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან/და რეალიზაციისათვის უვარგისი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით. ასევე, არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ვინაიდან, მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" და "ბ.გ" ქვეპუნქტების მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. შედეგად, გაიზარდა, როგორც 2021-2024 წლებში მიღებული შემოსავალი, ასევე 2021 წლის პირველი დეკემბრიდან დადგენილი შემოსავლის დაბეგვრისას გადასახადის გადამხდელს წარმოექმნა საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება.

შემოწმების პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №8932 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ ბუღალტერიაში არსებულ და ფაქტობრივად არსებული საქონლის ნაშთებს შორის. შემოწმების მიერ აღნიშნული საქონელი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, საგადასახადო კოდექსის მე-100 და 159-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშდა და გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 165-ე მუხლზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებულ არაპირდაპირ მეთოდს. შემმოწმებლის მიერ განსაზღვრულ ჯგუფებში არასწორად არის მითითებული დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაც თავის მხრივ იწვევს საქონლის მაღალ ფასნამატს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად: საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა. საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა შემდეგი:„საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა ფინანსთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შემოწმებისთვის საჭირო პირველადი დოკუმენტაცია. მომჩივნის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა შერეული საქონლით (ტანსაცმელი, ტექსტილი, სასტუმროს აქსესუარები) ქ. ---ში და -----ში ბაზრობის ტერიტორიებზე. აგრეთვე, საბუღალტრო პროგრამით უფიქსირდება ონლაინ ვაჭრობით მიღებული შემოსავალი. რეგისტრირებული აქვს 3 სსა. რეგისტრაციის მისამართებია: ----ის რ-ნი, სოფ, ----ა, ----მი და ----ის ბაზრობის ტერიტორია. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საბუღალტრო პროგრამა ორისი, რომელშიც არასრულად არის აღრიცხული საქონლის მოძრაობა, კერძოდ საქონელი ჩამოწერილია წლის ბოლოს, შესაბამისად, ვერ ხერხდება საცალოდ და საბითუმოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების იდენტიფიკაცია. შემმოწმებლის მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული ბაზები.

ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება ძირითადად არადოკუმენტურად (2021 წელს დოკუმენტურად რეალიზაციის წილი მთლიან ბრუნვაში შეადგენს 9%, 2022 წელს-7%, 2023 წელს 33%), გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული წლიური ფასნამატი ჩამორჩება ი/მ ------ის 2021-2023 წლების დოკუმენტურ ფასნამატს, აგრეთვე, ანალოგიური საქონლის რეალიზაციისას გამოყენებულ სხვა აუდირებულ ფასნამატს. გადამხდელს არ გააჩნია მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ, სმფ-ის ინვენტარიზაცია და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 2021-2023 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, ხოლო დანარჩენ საქონელზე შესაბამისი საანგარიშო პერიოდების სხვა აუდირებული ფასნამატი.

აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელისგან არაერთგზის იქნა მოთხოვნილი დოკუმენტით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემდგომ შემოწმების მიერ დოკუმენტით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა მსგავსი საქონლის ერთეულის შეძენის მაქსიმალური ფასი სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წონის ერთეულის შესაბამისად, მაგალითად, „ცალის“ რეალიზაციისას საქონელი ჩამოიწერა საბუღალტრო პროგრამა ორისში აღრიცხული „ცალის“ თვითღირებულებით, ხოლო „შეკვრა“ ჩამოიწერა „შეკვრის“ (6 ან 12 ცალი).

აღნიშნული ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში. შემოწმების მიერ თითოეული წლის საწყისი და საბოლოოო ნაშთად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები, საცალო რეალიზაციით მიღებული შემოსავალი დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის წილის პროპორციულად ჩაიშალა ჯგუფების მიხედვით (სულ 19 ჯგუფი).

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა რომ არის შემთხვევა როდესაც 5 ლარიანი ბალიში არის 32 ლარად გაყიდული (გამოდის 442 პროცენტი), საბანი 12 ლარიანი - 60 ლარად (324 პროცენტი), თეთრეული 20 ლარიანი 60/70 ლარში გაყიდული, რაც გამოდის ძალიან დიდი ფასნამატი 300, 400 პროცენტის ოდენობით, რაც მნიშვნელოვნად ცვლის სურათს.

მომჩივნის აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ მომჩივანთან რამდენიმეჯერ არის გაგზავნილი დოკუმენტური რეალიზაციის ცხრილი, რათა მომჩივანს თვითღირებულებები თავად მიეწერა. 400 პროცენტიანი ფასნამატი ჯამურ ცხრილში შესაძლოა იყოს, მაგრამ ფასნამატის გაანგარიშებაში ეს კომპონენტი არ იღებს მონაწილეობას.

საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანი უახლოეს პერიოდში მტკიცებულების სახით წარმოადგენს ცხრილს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია. შესაბამისად, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №249-16 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 19 015 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 და 22 ნაწილებზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს განთავისუფლდეს საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან (ჯარიმა - 19 015 ლარისგან).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;

2. საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 17 აპრილის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №14092 ბრძანება და №249-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №18229 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია. შესაბამისად, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან,საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“ და „ბ.გ“); 100(3 „ბ“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“ ); 269(7); 282(1);