გადაწყვეტილება №22448/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22448/2/2024
06 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 3.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22448/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ნაღდი ფულის დანაკლისის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-317 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1559 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 13 610 228,17 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 7 889 020
დღგ - 4 313 828
საშემოსავლო გადასახადი - 3 567 478
ქონების გადასახადი - 7 714
ჯარიმა - 3 988 700
საურავი - 1 732 508,17
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა სს -------- იჯარით აღებული სასტუმროს (----------) ტერიტორიაზე, საოფისე ფართების მოწყობა, ტექნიკური აღჭურვა-უზრუნველყოფა, მათ შორის, საოფისე ფართებში მომუშავე პირების სასტუმროს ოთახებით და კვებით უზრუნველყოფა.
აუდიტის დეპარტამენტის 23.122.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 4.03.2021 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ზემოაღნიშნული მომსახურებების მიწოდება შესამოწმებელ პერიოდში ხდება ძირითადად არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე და ჯგუფებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სასტუმროს ნომრების გაქირავება ტურისტული მიზნებისთვის ამ პერიოდში არ ხდებოდა, სასტუმრო ოფისში მომუშავე პირების გარდა სხვა გარე პირებს არ იღებდა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის, ასევე, ადგილზე საქმიანობის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირები ეწეოდნენ კაზინოებისთვის კლიენტების (აზიის ტერიტორიაზე მცხოვრები) მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. ვინაიდან გადამხდელის მიერ არ ხდებოდა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული გადამხდელების მონაცემებით განისაზღვრა საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტრო სიმძლავრეების დანახარჯი და კოეფიციენტი მიღებული შემოსავლების მიხედვით.
აღნიშნული კოეფიციენტით და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე განისაზღვრა მომჩივნის მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. გარდა ამისა, შემოწმებით განისაზღვრა ოფისში მომუშავე პირებისთვის კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფის მიწოდებიდან მიღებული შემოსავლები საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების საფუძველზე განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის მიხედვითაც გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შეპირისპირებით, გაანალიზდა ნაღდი ფულის მოძრაობა. ვინაიდან სალაროში ნაღდი ფულის არსებობა არ დადასტურდა, საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლებით ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-317 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19961 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 16.11.2023 წლის №20713/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19961 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 16.11.2023 წლის №20713/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1559 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის, ასევე, ადგილზე საქმიანობის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ „შპს ---------“ მიერ დასაქმებული ფიზიკური პირები ეწეოდნენ კაზინოებისთვის კლიენტების მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. საწარმო ახორციელებდა, ასევე, ოფისში დასაქმებული პირების სასტუმროს ოთახებით და კვებით უზრუნველყოფა. ვინაიდან, გადამხდელის მიერ არ ხდებოდა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა, შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული გადამხდელების მონაცემებით. კერძოდ, განისაზღვრა საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტრო სიმძლავრეების დანახარჯი და კოეფიციენტი მიღებული შემოსავლების მიხედვით. აღნიშნული კოეფიციენტით და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე განისაზღვრა შპს ---------- მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. გარდა ამისა, როგორც აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, კომპანია ახორციელებდა დასაქმებულების კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საწარმოს შეძენის დოკუმენტების მიხედვით იკვეთება, რომ შპს ----------- მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია 72 ცალი ლეპტოპი და 110 ერთეული მობილური ტელეფონი, პრინტერები და სხვა საქონელი. გარდა ამისა, ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია იყენებდა გაძლიერებული ინტერნეტის შესაბამის მოწყობილობას.
ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება კრიპტო ვალუტაში თანხის მოძრაობა, რომლის შინაარსი უცნობია.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს ---------- კამერალური საგადასახადო შემოწმების 2022 წლის 23 დეკემბრის აქტიდან ირკვევა, რომ საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა განსაზღვრა შედარების მეთოდითა და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (საგადასახადო კოდექსის 49.1.ე და 73.5 პუნქტების საფუძველზე). საგადასახადო შემოწმების აქტი სრულად დაფუძნებულია არასწორ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, „ფაქტობრივი გარემოება, აუდიტორის შეფასება და დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლების“ გრაფაში აღწერილი გარემოებები არ შეესაბამება შპს ----------- რეალურ საქმიანობას, უფრო მეტიც ჩვენს კომპანიას არავითარი კავშირი არ აქვს აქტში მოყვანილ მსჯელობასთან. მეტი სიცხადისთვის განმარტავს, რომ 2021 წლის 8 აპრილს შპს ----------- „-----------“ შემავალ სხვადასხვა კომპანიებთან - სს ------------, სს ------------, სს ----------- და სს --------------, ასევე 2021 წლის 29 ივნისს - სს -------------, სს----------- და სს ---------- - გააფორმა იჯარის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც შპს --------- როგორც მოიჯარეს, 15 წლის ვადით დროებით სარგებლობაში უნდა გადასცემოდა საიჯარო ფართები. ამ ხელშეკრულებათა მოქმედების ფარგლებში შპს --------გეგმავდა ---------საქმიანობის განხორციელებას სასტუმრო, კაზინო, სარესტორნე, სავაჭრო ცენტრის ოპერირებისა და ასევე ფართების იჯარით (ქვეიჯარით) გაცემის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების, ასე მაგალითად 2021 წლის 8 აპრილის იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, შპს ---------- შეიძინა სხვადასხვა ინვენტარი სასტუმროს, კაზინოსა და სარესტორნე საქმიანობის განსახორციელებლად და დაიწყო იჯარით აღებული ფართების სარემონტო სამუშაოებიც თავისი ბიზნეს საქმიანობის განვითარებისათვის. შემდგომში კი სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე დაიწყო ფართების ქვეიჯარით გაცემა, რაზეც კომპანია იხდიდა კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადს.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში შპს ---------- ძირითადად ხარჯების გაწევით იყო დაკავებული, ცალსახად განვმარტავთ, რომ იგი დეტალურად ახდენდა მის მიერ მიღებული ნებისმიერი შემოსავლისა თუ დანახარჯის ზუსტ აღრიცხვასა და შესაბამის საგადასახადო დეკლარირებას. მეტი სიცხადისთვის, ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან არიდების მიზნით, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შპს---------- არასდროს ჰყოლია „სასტუმრო ოფისში მომუშავე პირები“ და შესაბამისად, არანაირი კავშირი არ გააჩნია ამგვარი ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ რაიმე შესაძლო საქმიანობის პროცესთან („კაზინოებისთვის აზიის ტერიტორიაზე მცხოვრები კლიენტების მოძიება, დაკავშირება და მოზიდვა “, როგორც ეს აქტის მე-9 გვერდზეა აღნიშნული) და მით უფრო, მათ მიერ მიღებული შესაძლო შემოსავლებთან. შპს ---------- დასაქმებული ჰყავდა 100-მდე პირი საშტატო განრიგისა და შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთაც ჯეროვნად უხდიდა სახელფასო განაკვეთს და უკავებდა შესაბამის გადასახადებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ყოველგვარი ჰიპოთეტური დაშვება და „მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემებით“ ხელმძღვანელობა სრულიად არარელევანტურია იმ პირობებში, როდესაც შპს ---------- ყოველთვის აწარმოებდა სააღრიცხვო დოკუმენტაციას, საგადასახადო დეკლარირებას, რომელიც დოკუმენტალურად დადასტურებულია და შესაბამისი პირველადი დოკუმენტები რამდენიმე ათეული ე.წ. „---------“-ს სახით გადაცემული იქნა შემოწმების ჯგუფისათვის, თუმცა მათ მიერ აღნიშნული პირველადი დოკუმენტები საგადასახადო შემოწმების დროს სრულად იქნა იგნორირებული. რაც შეეხება „საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტრო სიმძლავრეების დანახარჯს“ და „მიღებული შემოსავლების მიხედვით კოეფიციენტის განსაზღვრას“ ესეც სრულიად არ შეესაბამება რეალობას - მარტივად დადასტურებადია, რომ საიჯარო ფართის (სათანადო ნაწილის) სარგებლობაში მიღების პირველ თვეებში ფართის ჯეროვნად გამართვისა და განვითარებისათვის საჭირო სხვადასხვა საქმიანობისათვის (ასე მაგ. სარემონტო სამუშაოები, აუზის მოწყობა და ფუნქციონირება და ა.შ), ელექტრო მოხმარება/დანახარჯი მაღალი გახლდათ, განსხვავებით შემდეგი თვეებისაგან, როდესაც შპს ------------ დაიწყო ფართების გარკვეული ნაწილის მიზნობრივად გამოყენება და ამგვარი ხარჯი მინიმუმამდე შემცირდა.
საგადასახადო შემოწმების აქტში ნორმატიული საფუძველი მითითებულია საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი: „საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: ე) დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“
შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა საგადასახადო ორგანოს მხოლოდ უფლება და სულად იქნა იგნორირებული, აღნიშნული პუნქტის მოთხოვნა, თუ რა შემთხვევაში შეუძლია აღნიშნული უფლების გამოყენება, რადგან საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი იქნა სრული საბუღალტრო დოკუმენტაცია, ხოლო საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები საერთოდ არ იქნა მითითებული საგადასახადო შემოწმების აქტში ასეთის არარსებობის გამო. შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა აგრეთვე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტით მინიჭებული უფლება: „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე): ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა; ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.“
ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს კანონთან ცალმხრივ მიდგომასთან, კერძოდ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი საგადასახადო ორგანოს უფლებას აძლევს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით მხოლოდ გარკვეული, კონკრეტული შემთხვევების არსებობისას (როგორც აღინიშნა), რომელთაგანაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, პირიქით, პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაცია სრულად იქნა წარდგენილი შემმოწმებლებისათვის და აღნიშნული დოკუმენტაციით თუ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული საგადასახადო შემოწმების აქტში, თუმცა აღნიშნული პირველადი დოკუმენტებით სრულადაა შესაძლებელი დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით ყოველგვარ კანონიერ საფუძველსაა მოკლებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შპს ---------- საქმიანობას წარმოადგენს სს ----------- იჯარით აღებული სასტუმროს (------------) ტერიტორიაზე, საოფისე ფართების მოწყობა, ტექნიკური აღჭურვა-უზრუნველყოფა, მათ შორის, საოფისე ფართებში მომუშავე პირების სასტუმროს ოთახებით და კვებით უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნული მომსახურებების მიწოდება შესამოწმებელ პერიოდში ხდება ძირითადად არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე და ჯგუფებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სასტუმროს ნომრების გაქირავება ტურისტული მიზნებისთვის ამ პერიოდში არ ხდებოდა, სასტუმრო ოფისში მომუშავე პირების გარდა სხვა გარე პირებს არ იღებდა. ფიზიკური პირები ეწეოდნენ კაზინოებისთვის კლიენტების (--------ტერიტორიაზე მცხოვრები) მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. შემოწმებით განისაზღვრა შპს---------ს მიერ -----------არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის და ნაღდი ფულის დანაკლისის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1559 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარულიდღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ნაღდი ფულის დანაკლისის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შპს საქმიანობას წარმოადგენს სს-სგან იჯარით აღებული სასტუმროს ტერიტორიაზე, საოფისე ფართების მოწყობა, ტექნიკური აღჭურვა-უზრუნველყოფა, მათ შორის, საოფისე ფართებში მომუშავე პირების სასტუმროს ოთახებით და კვებით უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნული მომსახურებების მიწოდება შესამოწმებელ პერიოდში ხდება ძირითადად არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე და ჯგუფებზე.
სასტუმროს ნომრების გაქირავება ტურისტული მიზნებისთვის ამ პერიოდში არ ხდებოდა, სასტუმრო ოფისში მომუშავე პირების გარდა სხვა გარე პირებს არ იღებდა. ფიზიკური პირები ეწეოდნენ კაზინოებისთვის კლიენტების მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. შემოწმებით განისაზღვრა შპს-ს მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის და ნაღდი ფულის დანაკლისის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);101(1);