გადაწყვეტილება №21272/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21272/2/2023
22 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 8.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21272/2/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი;
2. განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №006-368 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26236 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 305 345 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 167 935
დღგ - 53 237
საშემოსავლო გადასახადი - 114 698
ჯარიმა - 85 751
საურავი - 51 659
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით. საწარმო საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში, რომელიც მდებარეობს ქ. ----. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მარტის №5118 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №17477 ბრძანება და №006-368 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 305 345 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 11 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 ოქტომბრის №26236 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. წარდგენილია მხოლოდ ამონაწერები ----ბანკის ანგარიშებიდან. ინფორმაცია სმფ-ების ნაშთების ოდენობის შესახებ ასახულია 2020-2021 წლის მარტის მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წლის 16 მარტის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში შეადგენს 0 ლარს. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის სმფ-ების ფაქტობრივი აღწერა და საკონტროლო შესყიდვა /შეთავაზება, რომლის მიხედვით სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 15 685 ლარს თვითღირებულებით. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები და საგადასახადო ვალდებულებები, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საწარმოს მიერ დეკლარირებული სმფ-ების ნაშთების, განხორციელებული იმპორტის და დეკლარირებული რეალიზაციის მონაცემების გათვალისწინებით, განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება წლების მიხედვით, რამაც შეადგინა 2020 წელს - 47 604 ლარი (დღგ-ის გარეშე), 2021 წელს - 393 758 ლარი და 2022 წელს - 10 498 ლარი. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი 2020-2022 წლებზე 67%. დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების წილის პროპორციულად გაიზარდა დღგით დასაბეგრი ბრუნვები 2020-2021 წლების პერიოდზე, ხოლო 2022 წელს გათვალისწინებულია საკონტროლო-სალარო აპარატის მიხედვით მიღებული თანხების ოდენობები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, საწარმოს 2021 წლის 4 მარტის თარიღით განესაზღვრა დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, სავალდებულო რეგისტრაციის თარიღისთვის ნაშთად არსებულ საქონელზე შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა კუთვნილი ჩასათვლელი დღგ-ის თანხა - 26 148 ლარი, ასევე გათვალისწინებულია 2021 წელში განხორციელებული იმპორტისას გადახდილი საბაჟოს დღგ-ის თანხები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 73-ე, მე-8, 145-ე, 158-ე, 165-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 174-ე, 101-ე, მე-12, 154- ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გამოყენება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, ხოლო დადგენილი განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაუგებარია შემოსავლების სამსახურის პოზიცია. ნუთუ არა აქვთ უფლება იცოდნენ რომელი აუდირებული კომპანიის ფასნამატი გამოიყენა აუდიტის დეპარტამენტმა? დარიცხული თანხა თითქმის 3-ჯერ მეტია ვიდრე საწარმომ შემოიტანა სარეალიზაციოდ. სარევიზიო პერიოდისთვის საწყისი ნაშთის ობიექტურად განსაზღვრისთვის წარმოადგენს გაანგარიშებას ცხრილის სახით. საბედნიეროდ, საგადასახადო პორტალ RS.GE-ზე არსებობს ყველა მონაცემი, რომ მინიმუმ ობიექტურობა იყოს დაცული. თუმცა, ამ გაანგარიშებაზე შემოსავლების სამსახურმა პასუხის ღირსადაც არ ცნო. ალბათ იმის გამო რომ ამ მონაცემების მოსაპოვებლად 2014 წლიდან დაიწყეს გაანგარიშება. ამჯერადაც იგივეს გაკეთება მოუწიათ ფასნამატის დასადგენად. გამოიყენეს საგადასახადო პორტალ RS.GE-ზე დაფიქსირებული დოკუმენტურად დადასტურებული გაყიდვების ფასნამატი და მიიღეს 40%-მდე. თუმცა, ამისთვისაც მოუწიათ წარსული წლებიდან ამოღება. ეს ფასნამატიც არ ასახავს რეალობას და გაცილებით დაბალი იყო, რადგან ამ ფასნამატს იყენებდა იმ დროს, როდესაც არ იყო პანდემია და ლოქდაუნი. სვამს მარტივ კითხვას, რომელი მეთოდი უფრო რეალურად ასახავს ჭეშმარიტებას, აუდიტის დეპარტამენტის მითიური აუდირებული კომპანიის ფასნამატი თუ მომჩივნის მიერ გაანგარიშებული, მართალია წინა წლების, თუმცა საწარმოს მონაცემებზე დაყრდნობილი? იმის შემდეგ, რაც აუდიტის დეპარტამენტმა შეამოწმა საწარმო, მომჩივანმა მიიწვია დამოუკიდებელი აუდიტორი და შეძლებისდაგვარად შეზღუდულ დროში განსაზღვრეს დასაბეგრი ბაზა, რასაც წარმოადგენენ: განსაკუთრებით კი ეს შეეხება საზოგადოების 2020 და 2021 წლის მარტის ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ ნაშთებს, რომელიც ჩაწერილია მომჩივნის მიერ, რადგან შემოსავლების სამსახურიდან იყო ნაშთების ჩაწერის მოთხოვნა. აღნიშნულის შესახებ გადასახადის გადამხდელმა კონსულტაციისთვის მიმართა ნაცნობ ბუღალტერს, რომელმაც უთხრა, რომ ამ ციფრს ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა და მიახლოებით ჩაეწერა ციფრი, როგორც შეძლებდა მის გამოყვანას. მომჩივანმა აიღო შეძენა, დაუმატა ფასნამატი და მიღებული ჯამი ჩაწერა დეკლარაციებში. თუმცა, როგორც მიწვეულმა აუდიტორმა აუხსნა, ამან უდიდესი გავლენა იქონია კომპანიაზე დამატებით დარიცხულ თანხებზე. რეალობა კი ასეთია: საწარმოს მიერ ბოლო 6 წლის (2015- 2020) განმავლობაში მთლიანმა შესყიდვამ შეადგინა 224 448 ლარი, ხოლო რეალიზაციამ 5 წელში (2015- 2019) - 446 947 ლარი. შემოწმების მიერ გავრცელებული ფასნამატის მიხედვით რომ გავყვეთ 2016 წლის შემდეგ შესყიდვა რეალიზაციის შედეგებს, შეუძლებელია 2020 წლის დასაწყისში არსებული ნაშთი ყოფილიყო 228 450 ლარი, რაც მითითებულია 2020 წლის მარტის დეკლარაციის დანართში. 2020 წლის მარტში ქვეყანაში პირველად გამოცხადდა ლოქდაუნი და მთლიანად პარალიზებული იყო გადაადგილება. არსებულ პირობებში ვერ მოხერხდა ნაშთების რეალური ღირებულების აღრიცხვა და შეფასება, რომელიც როგორც საგადასახადო აქტის მიხედვით ირკვევა, გამოყენებულ იქნა აუდიტორების მიერ. მითუმეტეს რომ, არსებული გრაფის შევსება არ იყო ვალდებულება და ატარებდა ინფორმაციულ ხასიათს.
შესაბამისად, მომჩივნის მიერ არ ყოფილა რაიმე მნიშვნელობა მინიჭებული არსებული ციფრის ჩაწერას. წარმოადგენს ცხრილს, რომლის მიხედვითაც გაშიფრულია რეალიზაცია და შესყიდვა წლების მიხედვით, რაც ადასტურებს იმას, რომ არსებული ციფრი არ არის სწორი. ამ გაანგარიშებაში 67%-იანი ფასნამატითაც კი ნაშთი 2020 წლის დასაწყისში 176 934 ლარს შეადგენს და არა 228 450 ლარს. ცალკე თემაა ფასნამატი.
კომპანიას ევროპიდან შემოჰქონდა ძვირადღირებული ტანსაცმელი, რომელიც არ იყო გათვლილი მასიურ მყიდველზე, რომლის სწრაფად რეალიზაციას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ბიზნესში, ვინაიდან თუ ის სწრაფად ვერ გაიყიდებოდა, მასზე იმოქმედებდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა იმ დროისთვის არსებული მოდის ტენდენციები, სეზონურობა და შესაბამისად, მყიდველის პრეტენზიულობა. ანუ, აუდიტორების შეხედულებით, შესაძლებელი იყო 2015-2016 წლის ნაშთის რეალიზაცია, ანუ 5 წლის უკან შესყიდული საქონელი გაიყიდოს 2021-2022 წლებში 67%-იანი ფასნამატით, მაშინ როდესაც გარდა ზემოაღნიშნული ფაქტორებისა, პროდუქცია უჟანგავი ფოლადისაგან ხომ არ იყო დამზადებული?! ისაა ნაზი ქსოვილისგან, განიცდის ცვეთას ტემპერატურის ცვლილების, გარემო პირობების გამო და კარგავს პირვანდელ სახეს გარკვეული დროის შემდეგ. ასე იყო მოცემულ შემთხვევაშიც. ცნობილია, რომ ლოკდაუნის გამო დაიკეტა სავაჭრო ობიექტები, ადამიანები კარანტინში აღმოჩნდნენ. აუდიტორების აზრით კი, სწორედ მაშინ „აყვავდა“ ბიზნესი, სწორედ ლოკდაუნის დროს ვირტუალურად გაუყიდეს არარსებული საქონელის ნაშთი, თან ყურით მოთრეული 67%-ით.
სინამდვილე კი შემდეგია: პირველ რიგში, ნაშთი არასწორადაა დაანგარიშებული, ამ ლოკდაუნმა კი მძიმე დღეში ჩააგდო საწარმო, საქონლის გარკვეული ნაწილი განადგურებული იქნა მღრღნელების მიერ და უმეტესმა ნაწილმა კი დაკარგა როგორც აქტუალურობა მოდის გამო, ასევე მთავარი, ქსოვილმა დაკარგა ის ელასტიურობა და გარეგნული ფორმა, რაც მნიშვნელოვანია მისი რეალიზაციის დროს. 67% ფასნამატი კი არა, ნაცნობ თუ უცნობ მყიდველს გადახდილ ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად სთავაზობდნენ, როგორმე რომ გადაერჩინათ ბიზნესი, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. მომჩივნისთვის საკმარისი იყო 20%-იანი ფასნამატიც კი, ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ახალი მიღებული ჰქონდა, რადგან მოთხოვნა ძირითადად ახალ, მოდურ საქონელზე იყო და არა მოდიდან გასულ საქონელზე. ერთ წლის შემოტანილ საქონელზე ფასნამატს 10%-მდე ამცირებდნენ. შესაბამისად, ყოველ 6 თვეზე 5%-ით ამცირებდნენ ფასნამატს. ეს პროცესი ღია და გამჭვირვალე იყო, ე.წ. სეილებს ყოველ სეზონზე და საახალწლო ვაჭრობის დროს იყენებდნენ. საინტერესოა აუდიტორებმა რომელი ქვეყნის მაგალითზე აიღეს აუდირებული ფასნამატი. მომჩივნის სიმართლეს ადასტურებს იმ საქონლის ნაშთი, რომელიც შემოწმებამაც დაადასტურა (15 685 ლარი, თუმცა ნაშთი გაცილებით მეტი დარჩა, 29 000 ლარამდე. გასაოცარია საიდან მოიტანეს ეს ციფრი - 15 685 ლარი). საქონელი რომ აქტუალური (გაყიდვადი) ყოფილიყო ნაშთი დარჩებოდა?!
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.
2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს. საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ამასთან, დეკლარირებული სმფ-ების ნაშთების, განხორციელებული იმპორტის და დეკლარირებული რეალიზაციის მონაცემების გათვალისწინებით განსაზღვრულ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მართებულად გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს მართლზომიერად დაერიცხა დღგ.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან და არ წარუდგენია დოკუმენტაცია. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. შესაბამისად, გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, ფასდაკლებების გათვალისწინებით. ამასთან, მომჩივანს დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და საბანკო ამონაწერების დამუშავებით შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების ანალიზი. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით დადგინდა გამოყენებადი თანხა, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბრის 6 მდგომარეობით შეადგენს 65 188 ლარს, 2021 წლის მდგომარეობით - 378 913 ლარს, ხოლო 2022 წლის მდგომარეობით - 14 696 ლარს. შემოწმებით დადგენილი გამოყენებადი თანხა ჩაითვალა დაქირავებულ პირზე - დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნულის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
პირველი საკითხიდან გამომდინარე, აბსურდულია შემმოწმებლების მიდგომა, ანუ მათი აზრით, საწარმომ მიიღო კოლოსალური მოგება. შესაბამისად, დირექტორმა ისეთი ხელფასი მიიღო, რომ ჯამში საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერსაც კი არ აქვთ მიღებული. მომჩივანი ითხოვს, რეალურად დადგინდეს 2020 წლის საწყისი ნაშთი, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოადგინა ძალიან რეალური და სწორი გზა ნაშთის დასადგენად და არ იქნას გამოყენებული ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციაში არსებული საინფორმაციო ჩანაწერი, რაც არარეალურია, მით უმეტეს იმ ჩანაწერში მომჩივანი გულისხმობდა სარეალიზაციო ღირებულებას და არა თვითღირებულებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების ანალიზი შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით და გაანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შესაბამისად, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი;
2. განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №17477 ბრძანება და №006-368 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 305 345 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 11 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 ოქტომბრის №26236 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5,9); 165; 159; 163; 164; 101; 154.