გადაწყვეტილება №28251/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2026
№ დოკუმენტი 28251/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28251/2/2026

03 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 29.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 07.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 28251/2/2026).

 

დავის საგანი:

დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 01.09.2026 წლის N EL325996 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 30.09.2026 წლის N 21451 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 35 140.04 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

10.08.2026 წელს შპს „-----“ (ს/ნ 404630841) მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით, N ----- კონტეინერით შემოტანილია ამწე კოშკის სათადარიგო ნაწილები. აღნიშნული საქონლით დატვირთულ N ----- კონტეინერზე, რომელიც განთავსებული იყო N ----- სატრანსპორტო საშუალებაზე, იმავე დღეს, 10.08.2026 წელს გამოიწერა N -----/----- აღრიცხვის მოწმობა და შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით N ----- სატრანსპორტო საშუალება დაილუქა საბაჟო ლუქით და გაიგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ დანიშნულებით. შპს „-----“ 14.08.2026 წლის N ----- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო N -----/----- (10.08.2026წ.) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა. მითითებული განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა დაათვალიერა საწყობში განთავსებული საქონელი (დათვალიერების აქტი N -----/----- 27.08.2026წ.), რის შედეგადაც საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

შპს „-----“ 27.08.2026 წლის N ----- განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტს ასევე ეცნობა, რომ N -----/----- (10.08.2026) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი ეკუთვნის არა შპს „-----“, არამედ შპს „-----“ და აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტები.

საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 01.09.2026 წლის N EL325996 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 35 140.04 ლარის ოდენობით. ამასთან, საბაჟო კოდექსის 49-ე და 64-ე მუხლების, ასევე საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, ამავე დღეს, 01.09.2026 წელს გამოიცა N EL11111/68 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც კომპანიას დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელები 35 140.04 ლარის, მათ შორის დღგ 33 682.04 ლარის და იმპორტის გადასახადი 1 458 ლარის ოდენობით, ასევე საურავი 91.25 ლარის ოდენობით.

საბაჟო დეპარტამენტის 01.09.2026 წლის N EL325996 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.09.2026 წლის N 21451 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 172-ე მუხლზე.

კანონმდებლობა პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება, აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო N -----/----- (10.08.2026წ.) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა. დადგენილია ასევე, რომ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა დაათვალიერა საწყობში განთავსებული საქონელი (დათვალიერების აქტი N -----/----- 27.08.2026), რის შედეგადაც საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. მომჩივნის არგუმენტზე, რომ ქმედება გამოწვეულია გადამზიდი კომპანიის დაუდევრობითა და ინფორმაციის არასრულად მიწოდებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიზანია საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, ამ ნორმის გამოყენება შესაძლებელია, თუ პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში - თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევით კი არ დასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

12.08.2026 წელს კომპანიამ მის კუთვნილ საწყობში მიიღო ----- მის სახელზე გამოგზავნილი ტვირთი. კომპანიას აღნიშნულ ტვირთზე სრულ მომსახურებას უწევდა გადამზიდი კომპანია, რომლის ვალდებულებაშიც შედიოდა როგორც ტვირთის საწყობამდე ტრანსპორტირება, ასევე მისი საბაჟო პროცედურების გავლა და კომპანიის საწყობში განბაჟებული ტვირთის მოტანა. აღნიშნულ თარიღში, გადამზიდი კომპანიის მიერ, საწყობში შეცდომით იქნა მიტანილი აღნიშნული ტვირთი, რადგან აღნიშნული ტვირთი იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ საბაჟო კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა და არ იყო მოქცეული შესაბამის საბაჟო პროცედურაში.

აღნიშნული ინფორმაცია არ იყო მიწოდებული გადამზიდი კომპანიის მხრიდან, შესაბამისად კონტეინერის საწყობში მიტანის შემდეგ გაიხსნა მისი პლომბი და საქონელი გადაიტვირთა საწყობში. როგორც ცნობილი გახდა აღნიშნული კონტეინერი ჯერ კიდევ იმყოფებოდა საბაჟო კონტროლის ქვეშ და მისი გახსნა და გადმოტვირთვა უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ საბაჟო პროცედურის გავლის შემდეგ, კომპანიამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება, მიმართა საბაჟო ორგანოებს და დაწერა შესაბამისი განცხადება. ზემოაღნიშნულის შედეგად კომპანია დაჯარიმდა ჯამში 35 140,04 ლარით.

კომპანია არის გადასახადის კეთილსინდისიერი გადამხდელი, მას არ უფიქსირდება არანაირი დარღვევა წარსულ პერიოდში, როგორც საბაჟო, ასევე საგადასახადო მიმართულებით. აღნიშნული ფაქტი გამოწვეულია გადამზიდი კომპანიის დაუდევრობით და ინფორმაციის არასრულად მოწოდებით. შესაბამისად, უმორჩილესად ითხოვს ზემოაღნიშნული გარემოების და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით კომპანია გათავისუფლდეს აღნიშნული სანქციისგან.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო N -----/----- (10.08.2026წ.) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერების შედეგად საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

მომჩივანი მიუთითებს, რომ სადავო ფაქტი გამოწვეულია გადამზიდი კომპანიის დაუდევრობით და ინფორმაციის არასრულად მიწოდებით. შესაბამისად, უმორჩილესად ითხოვს ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით კომპანია გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების, საჩივრის დაკმაყოფილების და დაკისრებული ჯარიმისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

ნომჩივანი ითხოვს, დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივანმა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი ნებართვის გარეშე გადმოტვირთა საკუთარ საწყობში. შემოწმების შედეგად საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რის გამოც კომპანიას დაეკისრა ჯარიმა და გადასახადები. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დავა გაგრძელდა დავების განხილვის საბჭოში

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების, საჩივრის დაკმაყოფილების და დაკისრებული ჯარიმისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172; 163(11);.