ბრძანება N 20663
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20663
22 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2022 წლის 5 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2022 წლის 5 ოქტომბრის №75289/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 აგვისტოს №001-156 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი ნაშთის დირექტორზე ხელფასად განხილვას. ასევე, არ ეთანხმება გამოქვითული საწვავის ხარჯის ოდენობას. განმარტავს, რომ შემოწმებით განსაზღვრული 30 ლიტრის ხარჯი 100 კილომეტრზე არ შეესაბამება ნორმებს. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს, საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 ივნისის №20522 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. 2019 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მაისამდე შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 3 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 18 აგვისტოს №21816 ბრძანება და 19 აგვისტოს №001-156 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 72 346 ლარი, მათ შორის, გადასახადი 38 460 ლარი, ჯარიმა 19 230 ლარი, საურავი 14 656 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 20 თებერვალი №3133 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 26 აპრილის №1904/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 თებერვალი №3133 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის №1904/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოწმების პროცესში არ ჰქოდათ და შემდგომ, შემოსავლების სამსახურში დავის პროცესში მოიპოვეს ------- დასკვნა სატრანსპორტო საშუალებების წვის ნორმების შესახებ. ამასთან, კომპანიის დირექტორთან გასაუბრების შემდგომ დადგინდა, რომ არსებობს კიდევ სხვა ისეთი თემები, გარემოებები, რომელიც ზრდის ვალდებულებებს, მაგრამ დოკუმენტების არ არსებობის გამო ვერ ამტკიცებენ გარკვეული ხარჯების გაწევას. სატრანსპორტო გადაზიდვებისას ხშირად ადგილი ქონდა მანქანების დაზიანებას, შესაბამისად წარმოიქმნებოდა შეკეთების საჭიროებები, მაგრამ პრაქტიკულად ვერ მოხდა დოკუმენტაციის ჩამოტანა იმ ქვეყნებიდან სადაც გაეწიათ მომსახურება, ანუ რეალურად გაწეული ხარჯი უფრო მეტია, ვიდრე დოკუმენტურად ჩანს. მანქანები პრაქტიკულად დატვირთული დადიოდა, ხდებოდა მალფუჭებადი საქონლის გადაზიდვა და ამიტომ, სამაცივრე დანადგარები სულ ჩართული, მუშა პროცესში იმყოფებოდა, იმედი აქვთ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა იქნება გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ------- დასკვნაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით დარიცხული თანხების შესაძლო კორექტირებასთან დაკავშირებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საერთაშორისო გადაზიდვები. კომპანია გადაზიდვებს ძირითადად ახორციელებს რუსეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. გადააქვს მალფუჭებადი სახის საქონელი, როგორიცაა: ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი, ასევე ღვინო. კომპანია აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა „ორისში“. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც სრულად არ იქნა წარმოდგენილი. ასევე, ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისგან და მესამე მხარეებისგან. ვინაიდან, გადამხდელის მხრიდან მოწოდებული არ იყო სრული სააღრიცხვო ინფორმაცია, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლით და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ერთმანეთს შედარდა გადამხდელის მიერ გადმოგზავნილი ინვოისები, ბუღალტრულ პროგრამაში არსებული ინფორმაცია, ცმრ, საბაჟო კვეთებისა და საბაჟო დეკლარაციების შესახებ ინფორმაცია. შემოწმების დროს ერთმანეთს შედარდა გადამხდელის მიერ ინვოისში დაფიქსირებული თარიღები და ავტომობილის ნომრები, საბაჟოს ცხრილში არსებულ იმავე მაჩვენებელთან. საზღვრის კვეთის მიხედვით, შემოწმებით დადგენილი მონაცემები განსხვავდებოდა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციისგან და აღემატებოდა მის მიერ შესრულებული რეისების რაოდენობას. შესაბამისად, არსებული სხვაობა დამატებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვებით მიღებულ შემოსავალზე და ფასი განსაზღვრული იქნა შესაბამისი მიმართულების ქვეყნისა და გადამხდელის მიერ ინვოისში დაფიქსირებული რეისის ფასის მიხედვით (მინიმალური ღირებულება).
რაც შეხება ხარჯის ნაწილს, მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა საწვავის, მივლინების, ამავე გადაზიდვის დროს სამაცივრე მოწყობილობის ჩართვის დროს გახარჯული საწვავის ოდენობა. კერძოდ: საწვავის ხარჯის შემთხვევაში გამოთვლილ იქნა მანძილი კონკრეტული ქვეყნის მიხედვით, რომელიც გამრავლდა გადამხდელის მიერ პროგრამაში დაფიქსირებულ საზღვარგარეთ შეძენილი საწვავის მინიმალურ ფასზე და გათვალისწინებული იქნა 100 კილომეტრზე 30 ლიტრი საწვავის ხარჯვა. ხოლო საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში, მანძილი დაწყების ადგილიდან საქართველოში არსებულ საზღვაო პორტამდე, შემდგომ საქართველოდან უკრაინის (ჩერნომორსკის) პორტამდე სამაცივრე მოწყობილობის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა, უკრაინის პორტიდან დანიშნულების ადგილამდე არსებული მანძილი და პირიქით. მივლინების შემთხვევაში გადამოწმდა თითოეული ავტომობილის მიხედვით საბაჟოზე კვეთის დროს შემოსვლისა და გასვლის თარიღები, გაანგარიშდა დღეების რაოდენობა და გამრავლდა შესაბამისი ქვეყნისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის №220 ბრძანებით განსაზღვრული მივლინების თანხის ოდენობაზე. დამატებით არსებული ფულადი ნაშთი „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
ხოლო, ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი რეისებით განსაზღვრული თანხები ზუსტად იმავე ოდენობით მიღებული აქვს კომპანიას, ხოლო აღნიშნული თანხები გაცემულია ხელფასად და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. ასევე, არ ეთანხმება გამოქვითული საწვავის ხარჯის ოდენობას. განმარტავს, რომ შემოწმებით განსაზღვრული 30 ლიტრის ხარჯი 100 კილომეტრზე არ შეესაბამება ნორმებს. მიუთითებს, რომ აღნიშნულის თაობაზე არსებობს ------- დასკვნა სატრანსპორტო საშუალებების წვის ნორმების შესახებ, რომლის მიხედვით განსაზღვრული წვის ნორმა მნიშვნელოვნად აღემატება შემოწმების აქტში შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულ წვის ნორმას, რაც ამცირებს შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს ------- დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს ------- დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი ნაშთის დირექტორზე ხელფასად განხილვას, გამოქვითული საწვავის ხარჯის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 ივნისის №20522 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ორგანიზაციის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 18 აგვისტოს №21816 ბრძანება და 19 აგვისტოს №001-156 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 2023 წლის 20 თებერვალი №3133 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. 2023 წლის 26 აპრილის №1904/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 თებერვალი №3133 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 105(2); 101; 154; 304