ბრძანება N 18341

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.08.2024
№ დოკუმენტი 18341
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18341

08 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 28 ნოემბრის და 14 დეკემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 და 25 ივლისის (ოქმები №78 და №80) სხდომებზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 ივნისის №22401/2/2024 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „---ს“ (ს/ნ ---) №201356/01 და №213197/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ნოემბრის №006-559 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ შემოსავალს და აღნიშნული თანხის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორი) გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარში მითითებულია შემდეგი არგუმენტები:

 გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის სააფთიაქო ფილიალებში, სამუშაო დღეების რაოდენობა საგამოძიებო სამსახურის მიერ არასწორად არის განსაზღვრული. კერძოდ, ---- ში მდებარე აფთიაქში საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ დათვლილია 162 სამუშაო დღე, მაშინ როცა საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციით დასტურდება, რომ აფთიაქი მუშაობდა 140 დღე, რაც შემოწმების მიერ განსაზღვრულ შემოსავალს ამცირებს 88 000 ლარით. გადამხდელი განმარტავს, რომ იგივე სიტუაციაა --- ის N----ში მდებარე აფთიაქშიც, სადაც ობიექტმა დაიწყო მუშაობა 7 მარტს, აუდიტის დეპარტამენტს, კი სამუშაო დღეები დათვლილი აქვს 2 თებერვლიდან, სხვაობა შეადგენს 33 დღეს და შემოსავალი გაზრდილია 46 200 ლარით. ასევე ერთ-ერთ ფილიალში კომპანიამ საქმიანობა დაიწყო 28 მარტს, ნაცვლად შემოწმებით განსაზღვრული 23 მარტისა, რამაც გამოიწვია შემოსავლის 10 875 ლარით გაზრდა. აღნიშნულიდან გამომიდინარე გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების მიერ განსაზღვრული შემოსავლის შემცირებას;

 გადამხდელი განმარტავს, რომ ყველა ფილიალში დღეგამოშვებით მუშაობდა ორი ფარმაცევტი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო დეპარტამენტზე მიცემულ ჩვენებებში ფარმაცევტების ჩვენებები დღიურ ნავაჭრ პროდუქციასთან დაკავშირებით საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან (აღნიშნავს, რომ მაგალითად --- მომუშავე ფარმაცევტებიდან ერთი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ დღიური ნავაჭრი შეადგენდა 3000-4000 ლარს, ხოლო მეორე ფარმაცევტი კი 350 ლარს). გადამხდელი განმარტავს, რომ მისთვის გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლის განსაზღვრისას რატომ მოხდა მხოლოდ ჩვენებაში მითითებული მაქსიმალური დღიური ნავაჭრის ოდენობის გაზიარება და რატომ მოხდა მეორე ფარმაცევტის მიერ ჩვენებაში მითითებული თანხის (350 ლარის) უგულებელყოფა. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, კერძოდ ყველა ჩვენება. ამ შემთხვევაში დარიცხვა უნდა მომხდარიყო ორივე მოწმის მიერ დასახელებული თანხის საშუალო შეწონილი მეთოდით;

 გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ხარჯების განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯებში უნდა მომხდარიყო მიღებული შემოსავლის 75%-ის გათვალისწინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №10677 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2023 წლის 2 თებერვლიდან 2023 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 13 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 ნოემბრის №27649 ბრძანება და ამავე თარიღის №006-559 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 349 432 ლარი, მათ შორის, გადასახადი 226 109 ლარი, ჯარიმა 115 257 ლარი, საურავი 8 066 ლარი. ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 12 თებერვლის №2663 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 19 ივნისის №22401/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 თებერვლის №2663 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ----- ში, იჯარით აღებულ ფართში, მედიკამენტების, მათ შორის პირველ ჯგუფს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. კომპანია არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხდება საქონლის ჩამოწერა. ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა და საქონლის საბოლოო ნაშთი, არ ხდება ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის საქმის მასალები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები, რომლის შედეგადაც დათვლილ იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი. კერძოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატი (53%), ხოლო პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრაში შემოწმება დაეყრდნო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოგზავნილ თემატური რევიზიის აქტს. შედეგად შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა 943 017 ლარი (მათ შორის პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტები 893 473 ლარი). აღნიშნული შემოსავალი შემცირდა იმ პერიოდისთვის საწარმოს მიერ გაწეული დანახარჯებით და საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთის გათვალისწინებით.

ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, 2023 წლის აპრილის ბოლოს გამოვლინდა 900 270 ლარის ნაღდი ფულის დანაკლისი. შემოწმებით აღნიშნული დანაკლისი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით განხილულ იქნა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

სააფთიაქო ფილიალების სამუშაო დღეების განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელი მიერ საჩივარში და საკითხის ზეპირი განხილვის დროს წარმოდგენილ არგუმენტებზე, სადაც გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის სააფთიაქო ფილიალებში, სამუშაო დღეების რაოდენობა საგამოძიებო სამსახურის მიერ არასწორად არის განსაზღვრული. კერძოდ, ----ში მდებარე აფთიაქში საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ დათვლილია 162 სამუშაო დღე, მაშინ როცა საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციით დასტურდება, რომ აფთიაქი მუშაობდა 140 დღე. ----ში მდებარე აფთიაქმა მუშაობა დაიწყო 7 მარტს, აუდიტის დეპარტამენტს, კი სამუშაო დღეები დათვლილი აქვს 2 თებერვლიდან. ასევე ერთ-ერთ ფილიალში კომპანიამ საქმიანობა დაიწყო 28 მარტს, ნაცვლად შემოწმებით განსაზღვრული 23 მარტისა. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ეკონომიკური საქმიანობის დაწყება/დასრულების პერიოდის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის კომუნალური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელი მიერ საჩივარში და საკითხის ზეპირი განხილვის დროს წარმოდგენილ არგუმენტებზე, სადაც გადამხდელი განმარტავს, რომ ყველა ფილიალში დღეგამოშვებით მუშაობდა ორი ფარმაცევტი. საგამოძიებო დეპარტამენტში მიცემულ ჩვენებებში ფარმაცევტების ჩვენებები დღიურ ნავაჭრ პროდუქციასთან დაკავშირებით საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. მისთვის გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლის განსაზღვრისას, რატომ მოხდა მხოლოდ ჩვენებებში მითითებული მაქსიმალური დღიური ნავაჭრის ოდენობის გაზიარება და რატომ მოხდა მეორე ფარმაცევტის მიერ ჩვენებაში მითითებული თანხის უგულებელყოფა.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ერთი და იმავე ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების (ფარმაცევტი) მიერ გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული დღიური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ღირებულების ოდენობით და აღნიშნულიდან გამომდინარე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელი მიერ საჩივარში და საკითხის ზეპირი განხილვის დროს წარმოდგენილ არგუმენტებზე, სადაც გადამხდელი განმარტავს, რომ ხარჯების განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯებში უნდა მომხდარიყო მიღებული შემოსავლის 75%-ის გათვალისწინება.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ეკონომიკური საქმიანობის დაწყება/დასრულების პერიოდის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის კომუნალური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები);

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ერთი და იმავე ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების (ფარმაცევტი) მიერ გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული დღიური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ღირებულების ოდენობით და აღნიშნულიდან გამომდინარე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ შემოსავალს და აღნიშნული თანხის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორი) გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმების მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატი (53%), ხოლო პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრაში შემოწმება დაეყრდნო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოგზავნილ თემატური რევიზიის აქტს.

ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, 2023 წლის აპრილის ბოლოს გამოვლინდა 900 270 ლარის ნაღდი ფულის დანაკლისი. შემოწმებით აღნიშნული დანაკლისი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით განხილულ იქნა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ხოლო ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ერთი და იმავე ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების (ფარმაცევტი) მიერ გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული დღიური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ღირებულების ოდენობით და აღნიშნულიდან გამომდინარე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154; 72; 105.