ბრძანება N 21443

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.10.2025
№ დოკუმენტი 21443
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21443

06 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (პ/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 13 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „------“ (ს/ნ ------) 2025 წლის 13 სექტემბრის №97975/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 აგვისტოს №021-93 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა პროგრამა ORIS-ში, რომელშიც ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი ყველა ოპერაცია ასახულია სრულად და იდენტიფიცირდება შესაბამისი დასახელებების მიხედვით (საქონლის შეძენა, საქონლის ჩამოწერა, რეალიზაცია, სალაროს ოპერაციები, საბანკო ოპერაციები, ხელფასები). აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები. მიუთითებს, რომ მოცემული ჩანაწერებით სხვა საკითხებთან ერთად სრულად ხდება იდენტიფიცირება სმფ-ების შეძენა სახეობების მიხედვით და აგრეთვე მათი ჩამოწერა ყოველთვიურად, შესაბამისი ოპერაციების მიხედვით. აქედან გამომდინარე მიაჩნია, რომ შემოწმებას არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი.

ფასნამატთან დაკავშირებით კი მიუთითებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებითაც კი ფასნამატი სწორად არ არის გაანგარიშებული. კერძოდ, 30 იდენტიფიცირებული საქონლიდან შემოწმებამ გამოიყენა მხოლოდ 13 ან 15 საქონლის საშუალო ფასნამატი და არა თითოეულის შეძენებიდან და რეალიზაციებიდან გამომდინარე. მიუთითებს, რომ მის მიერ დამუშავებულ იქნა ფასნამატის გაანგარიშება შედარების მეთოდით, კერძოდ, შედარებულ იქნა შეძენისა და რეალიზაციის მონაცემები და აღნიშნულის საფუძველზე მოხდა ფასნამატის გაანგარიშება. აცხადებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შემთხვევაშიც კი შემოწმებას უნდა გამოეყენებინა იგივე მეთოდი, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ იქნა გამოყენებული. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ივნისის №13144 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 8 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 15 აგვისტოს №18430 ბრძანება და ამავე თარიღის №021-93 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 74 607 ლარი, მათ შორის, გადასახადი 43 158 ლარი, ჯარიმა 23 768 ლარი, საურავი 7 681 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს ,,------“ დარეგისტრირდა 2010 წლის 4 ოქტომბერს, 2010 წლის პირველი დეკემბრიდან კი გახდა დღგ-ის გადამხდელი. 2022 და 2023 წლებში საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა ელექტრონული ნაწილებით ვაჭრობა, როგორიცაა ლედ ნათურები, კაბელები და ა.შ. აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს ქ. ------. კომპანია სარეალიზაციო საქონლის 90%-ის შეძენას ახორციელებს ------ და -------. 2024 და 2025 წლებში პირის ძირითადი საქმიანობა შეიცვალა და გახდა ბალანსზე არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა. აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. ბუღალტრულ პროგრამაში სმფ ჩამოწერილია თვის ჭრილში ჯამურად, შესაბამისად, ვერ ხდება კონტროლი ოპერაციის მიმდინარეობაზე. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 255 382 ლარს. უფიქსირდება როგორც საცალო, ისე დოკუმენტური რეალიზაცია. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს სრული რეალიზაციის დაახლოებით 65%-ს. საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 4%-ს. შემოწმების შედეგად ჩატარდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის ანალიზი, შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოწმებით დადგენილმა ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2022 წელს 29,9%, ხოლო 2023-2025 წლებში 26,2%.

ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლებით დადგენილი წესით (საქონლის ჩამოწერა არის ჯამური და არაიდენტიფიცირებადი), შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებით დადგენილი ფასნამატი გავრცელდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, შესაბამისი სახეობების მიხედვით. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, გაიზარდა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აქედან გამომდინარე, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად (არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად) ნაშთად დარჩენილი თანხა მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელი პირის, საწარმოს დირექტორის მიერ გატანილად. ასევე, დირექტორის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხა, რომელმაც შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 85 156 ლარი, შემოწმების მიერ ჩაითვალა კაპიტალის შემცირებად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სრულყოფილად არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, სმფ-ები ჩამოწერა ხდებოდა თვის ჭრილში, ჯამურად, შესაბამისად ვერ ხდებოდა კონტროლი ოპერაციის მიმდინარეობაზე. შემოწმების მიერ ჩატარდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის ანალიზი, შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოწმებით დადგენილმა ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2022 წელს 29,9%, ხოლო 2023-2025 წლებში 26,2%. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებით დადგენილი ფასნამატი გავრცელდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, შესაბამისი სახეობების მიხედვით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ასევე, ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად ნაშთად დარჩენილი თანხა, საწესდებო კაპიტალის გათვალისწინებით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ გატანილად, რაზეც პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად, დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე გაანგარიშებულ ფასნამატს. მიუთითებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებითაც კი ფასნამატი სწორად არ არის გაანგარიშებული, კერძოდ, 30 იდენტიფიცირებული საქონლიდან შემოწმებამ გამოიყენა მხოლოდ 13 ან 15 საქონლის საშუალო ფასნამატი და ფასნამატი არ განსაზღვრა თითოეულის შეძენებიდან და რეალიზაციებიდან გამომდინარე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფასნამატის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშებულ ფასნამატს.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ს საქმიანობას წარმოადგენდა ელექტრონული ნაწილებით ვაჭრობა. პირის ძირითადი საქმიანობა შეიცვალა და გახდა ბალანსზე არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 255 382 ლარს. უფიქსირდება როგორც საცალო, ისე დოკუმენტური რეალიზაცია. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს სრული რეალიზაციის დაახლოებით 65%-ს. საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 4%-ს. შემოწმების შედეგად ჩატარდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის ანალიზი, შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოწმებით დადგენილმა ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2022 წელს 29,9%, ხოლო 2023-2025 წლებში 26,2%. შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებით დადგენილი ფასნამატი გავრცელდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, შესაბამისი სახეობების მიხედვით. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, გაიზარდა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აქედან გამომდინარე, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);158(1);159(1);163(1);101(1);154(1)